x
image
მაკუნა
Mediator image
რაც მეტია მოლოდინი, მით მეტია იმედგაცრუება _ საქართველოს მოქალაქეების პოსტსაარჩევნო პორტრეტი
image არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებით გამოწვეულმა ეიფორიამ რამდენიმე კვირას გასტანა, საყოველთაო მხიარულება და გაღიმებული სახეები უწინდებურად დადარდიანდა. ყოველდღიური პრობლემებით დამძიმებული მოსახლეობის პოსტსაარჩევნო ფსიქოლოგიურ განწყობაზე ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ყიფიანი საუბრობს:


– ბატონო გიორგი, დამეთანხმეთ საზოგადოებას ქონდა მოლოდინი, რომ მალევე იცხოვრებდნენ ისევე კარგად, როგორც ჭორვილის მოსახლეობა . არჩევნების შემდეგ კი აშკარად შეცვლილია მათი განწყობა, როგორ ფიქრობთ ილუზიებში იყო მოსახლეობის დიდი ნაწილი?


– არჩევნების შემდეგ ჯერ მხოლოდ ორი თვეა გასული, გარკვეულ ჯგუფებში მართლაც შეინიშნება უკმაყოფილება, რომელიც მხოლოდ იმით არის გამოწვეული რომ, უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდათ. საერთოდ რაც მეტია მოლოდინი, მით მეტია იმედგაცრუება. ახლა რაღაც ისტერიული ფონი უფროა შექმნილი, ეჭვი მეპარება თავის დროზე, თუნდაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობას დაეჯერებინა, რომ ერთ თვეში გადაწყდებოდა ყველა პრობლემა. ამას მათ არავინ დაპირებია. არსებითი ცვლილებების მოლოდინი იყო ადამიანებში, რასაც სჭირდება დრო.
სხვა შემთხვევაა, როცა გამგეობებში შედიან ადამიანები, ისისნი ითხოვენ ცვლილებას. მიუხედავად იმისა, რომ მათ არჩევნებში პოზიცია დააფიქსირებს, ეს არ აისახება რაიონებში და ფაქტიურად მათ ისევ წაგებულის პოზაში უწევთ ყოფნა. რაც მჟღავნდება უკმაყოფილებაში.


– ბატონო გიორგი იმედგაცრუების პირველ ნიშნებს ატყობთ საზოგადოებას?



– იმის თქმა რომ, დღეს მასობრივი იმედგაცრუება, მღელვარება და დაძაბულობაა არ იქნება მართალი. შესაძლოა ბევრისათვის მთავარი აქცენტის დაჭერებზე გადატანა მიუღებელია და ფსიქოლოგიურად ცუდადაც მოქმედებს. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლების საჯარო-მედია პოლიტიკა სუსტია. ნაცვლად იმისა, გააზრებული ერთიანი ნაბიჯები დაგვანახონ, ხელისუფლებისგან მოდის გარკვეული ფრაგმენტები, თან არც თუ ისე სახარბიელოდ. ყოველ შემთხვევაში ასე აშუქებენ ტელევიზიები.
მძიმეა იმის ყურება, რომ ყოველ დღე ვიღაცას იჭერენ. ვინც სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, მათთვისაც კი ნეგატივს აღძრავს ამ დოზით დაჭერების ჩვენება.


მოსახლებამდე ვერ მიდის ინფორმაცია მთავრობისგან, თუ რა კეთდება მათი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კონკრეტულ პერიოდში. უკვე ორი თვე გავიდა და კონკრეტული გეგმები უნდა წარმოადგინონ, გარკვეულმა ჯგუფებმა, რისი მოთხოვნაცაა მოსახლეობისგან. ყველა სამინისტროში, რომ გაკეთდეს ბრიფინგი, სადაც წარმოდგენილი იქნება მოკლე პერიოდის გეგმა რა გადაწყვეტილებები იქნება მირებული, მაშინ საზოგადოება გაცილებით გაგებით მოეკიდება ყველაფერს და შედარებით მშვიდად დაელოდება მთავრობის მუშაობას.
ასევე პარლამენტში განსახილველი თემების შესახებ უნდა იყოს მეტი ინფორმაცია წინასწარ. როდესაც უამრავი კანონია მისაღები და პირველ თემად გამოგაქვს სექსუალური პროდუქციის თემა, რაც ამჟამად მოსახლეობას ყველაზე ნაკლებად ადარდებს, ეს პარლამენტის არასწორი პოლიტიკის შედეგია და შეიძლება ვილაპარაკოთ შეგნებულ პროვოკაციაზეც კი. ცინიზმია პირველ ეტაპზე განიხილონ საკითხი, რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტული არაა. კარგია რომ მუდმივად საუბარია ამინისტიაზე, რაც პატიმრებისთვის სიკეთის მომტანი იქნება, მაგრამ მოსახლეობამ უნდა იცოდეს კიდევ რაში იგრძნობს შვებას!


სხვათაშორის, ადამიანების ნაწილში არის განწყობა, რომ არც ერთი მთავრობა არ იქნება მათთვის, შეღავათების მოლოდინში მყოფი წვრილი მეწარმეები დააჯარიმეს, გარემოვაჭრეები აყარეს... ადამიანებს ისევ დაუცველობის შეგრძნება უჩნდებათ...


– პირველ რიგში ეს არასწორი პოლიტიკაა იმ სამინისტროების, ვინც გასცა ბრძანებები. საერთოდ კონკრეტული უწყებისგან ადამიანმა უნდა გაიგოს დადებითი სიახლე. ძირითადად ხალხი დასაქმებულია წვრილ ბიზნესში, დღეს წვრილმა ბიზნესმა დაინახა, რომ მათთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემა, დაჯარიმებები, თან საკმაოდ უხეში ფორმებით ისევ გრძელდება. გასაგებია, რომ ეს პრევენციისთვის გაკეთდა, მაგრამ პირველ ეტაპზე აღნიშნულ უწყებას უნდა ეთქვა რომ ამ ჯარიმის მიზანშეწონილობაზე იმსჯელებდა. გაიტანდა პარლამენტში მისი შემცირების კანონპროექტს, ამით მოიგებდა მეწარმეების გულს. ახალ მთავრობას უნდა ეგრძნობინებინათ ადამიანებისთვის, რომ მათი პრობლემის გადაჭრაზე ზრუნავენ. გარემოვაჭრეებთანაც სხვაგვარი მიდგომაა საჭირო, დაუცველობის განცდა არ უნდა ქონდეთ კვლავ ადამიანებს.


– ბატონო გიორგი, მოსახლეობასთან მსგავსი არასწორი მიდგომები, ხო მარ შეიძლება გადაიქცეს უკმაყოფილების ახალ ტალღად, მითუფრო რომ სწორედ ამისკენ აქეზებს ახალი “ოპოზიცია” ხალხს?


– კიდევ ვიმეორებ, ჯერჯერობით როგორც ხდება მთავრობის და პარლამენტის მუშაობის მიწოდება საზოგადოებისათვის, არის ძალიან სუსტი. რასაც გამოიყენებს რა თქმა უნდა ოპოზიცია, მათი ფუნქცია სწორედ შეცდომების “დაჭერა” და კრიტიკაა.


არ ჩანს ხალხმა როგორი ფორმით შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ კანონის მიღებაში. კავშირია დარღვეული პარლამენტსა და მოსახლეობას შორის. ადამიანებმა არ იციან როგორ დაუკავშირდნენ პარლამენტს, მიაწოდონ საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები.


– ეს ხომ არაა იგივე შეცდომები, რასაც უშვებდა “ნაციონალური” მოძრაობა თავის დროზე?


– ისინი საერთოდ არ ფიქრობდნენ მოსახლეობის აზრის გათვალისწინებაზე, პარლამენტი საერთოდ არავითარ კონტაქტში არ იყო მოსახლეობასთან. სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილებებს იღებდა. აბსოლიტურად იგნორირებული იყო ხალხის ინტერესები. სწორედ ამან გამოიწვია “ნაციონალთა” მარცხი, ისინიო ცალკე იყვნენ და დანარჩენი საქართველო ცალკე.
ახალ პოლიტიკურ რეალობაში ალხი და მთავრობა ერთ მხარესაა. დაუშვებელია რომ იგივე გააკეთონ, რადგან აღარავინ აპატიებს ხიდის ჩატეხვას.
ადამიანებმა დაინახეს რომ მათ აზრს გარკვეულწილად ითვალისწინებენ, მოხდა ხალხის მოთხოვნის თუ პროტესტის შემდეგ გარვეული საკადრო ცვლილებები. ამიტომ ახლა ყველა ცდილობს გააგებინოს თავისი სათქმელი ხელისუფლებას.
ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ სოციალურად დაუცველების პროტესტიც, მათ ჩათვალეს რომ შანსი გაუჩნდათ.


– მაგრამ პრემიერ ივანიშვილის სიტყვებმა, რომ “ახლა თქვენ თუ დაგაკმაყოფილებთ, ხვალ თქვენნაიარი უამრავი მოვა”, დათრგუნა სოც.დაუცველები და ფაქტიურად ეს შანსი არაფრის მომცემი აღმოჩნდა მათთვის...


– ეს სიტყვები არასწორად იქნა აღქმული, პრემიერს რომ დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნა ეს უფრო იქნებოდა შეცდომა. რადგან ყველაზე მკაცრად ვინც გამოხატა პროტესტი მხოლოდ ის არ უნდა დააკმაყოფილო, შესაძლოა მათზე მძიმე მდგომარეობაშია ვინმე. ჯერ უნდა გაირკვეს ვინ არის ყველაზე გაჭირვებული. კი შესაძლოა ვიღაცას შვიდი შვილი ჰყავს, მაგრამ ისისნი ჯამრთელები და შრომისუნარიანები არიან . ამ დროს შეიძლება სხვას მძიმე ავადმყოფი ყავს სახლში და აქციაზეც ვერ მივიდა თავისი ავადმყოფით. ამიტომ პრემიერის დიალოგი სოც. დაუცველებთან, რომ მათი მდგომარეობა შეისწავლება და მართლაც ყველაზე დაუცველებს სახელმწიფო დაეხმარება საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად გამართლებული იყო.


გასაგებია რომ სოციალური პრობლემები მალევე ვერ მოგვარდება, თუმცა სხვა საკითხია, როდესაც ე.წ. “ზონდერებს” აწინაურებს შ.ს.ს. ეს იმ ადამინების განწყობაზე ცუდსად არ აისახება, ვინც წლები ებრძოდა სწორედ მსგავს “ზონდერებს”?


– ძალოვანი სტრუქტურები კიდევ სხვა მომენტია. საერთოდ ქვეყანაში ძალოვანები იქცევიან ისე, რა პოლიტიკასაც ატარებს მთავრობა. ქვეყანაში ძალადობა და ზონდერობა რომ არ იყოს ძალოვანები შესაბამისად უნდა მოამზადო, წინა ხელისუფლება კი თავიდანვე დებდა ამ ადამიანებში დაუნდობლობას. საერთოდ ცივილიზებულ სამყაროში ძალოვანს ამზადებენ სპეცალურად ისეთი მეთოდებით, რომ აქციების დაშლისას ზიანი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. აქ ხდებოდა პირიქით, მაქსიმალურად ვლინდებოდა აგრესია, ძალადობა. ახლა თუ დავაყენებთ საკითხს, რომ ყველა დავიჭიროთ ვინც რაიმე ფორმით ძალადობდა, ეს შეიძლება გადაიქცეს დაუსრულებელ პროცესად. ეს მოსახლეობაზეც ცუდად იმოქმედებს და იმ ძალოვან სტრუქტურებზეც. მასიურად გააარაადამიანურებული იყო ეს სისტემა, ყველას გასვრა ხდებოდა და ჯგუფური იყო ძალადობაც. შესაძლოა რომელიმე მოძალადე დაწინაურდეს კიდეც, მაგრამ მისი დანაშაული ნაკლები იყოს, შემსრულებელი არაა იმდენად საშიში, რადგან ის ახალ პოლიტიკურ ნებას და ბრძანებას დაემორჩილება. ზემოდან არ უნდა მოდიოდეს სისასტიკე რაც მთავარია.


– სისასტიკეზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ ციხეებში არსებული უმძიმესი მემკვიდრეობა, რაც დაგვიტოვა “ნაციონალურმა” ხელისუფლებამ. მსგავსი არაადამიანური წამება მხოლოდ ძალის დემონსტრირება იყო თუ ფსიქოლოგიური გადახრაც?


– ციხე ისედაც ძალიან რთული სამართავი დაწესებულებაა და მის ადმინისტრაციას სისასტიკეზე წახალისება აღარ სჭირდება. ფსიქოლოგიაშო ცნობილი ექპერიმენტია, როდესაც ადამიანების ნაწილი არიან პატიმრების, ნაწილი კი ციხის პერსონალის როლში. პერსონალის როლში შესულებში ხდება ფსიქიკური დეფორმაცია, ისინი იწყებენ წამებას და დაჩაგვრას პირობითი პატიმრების. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთა მომზადებას, რადგან მინიმუმამდე იქნას დაყვანილი უარყოფითი შედეგები. საერთოდ პროფესიული დეფორმაცია ყველა სფეროში ხდება, წინმდგომი ჩაგრავს დაქვემდებარებულს. მაგრამ რაც საზოგადოებამ იხილა ის აღარ იყო დაჩაგვრა. მოძალადე რომელიც აწამებს, აუპატიურებს მისთვის უკვე ეს ჩვეული საქმიანობაა, მეტიც ამაზე მოთხოვნა აქვს, ვნება და ჟინი უჩნდება. რა თქმა უნდა ეს არანორმალურია და გადახრაა. სხვათაშორის ჯარისკაცებს, რომლებმაც იომეს ხშირად ემართებათ ომის ნოსტალგია, აქვთ მოთხოვნილებ კვლავ წავიდნენ საომრად.


– რაც შეეხება საზოგადოებას, ციხის კადრების შემდეგ ადამიანების ფსიქიკა ერთგვარად შეირყა, ვხედავდი ქუჩაში გამოსულ ადამიანებს, რომელთაც არაადეკვატური გამომეტყველება ჰქონდათ... რა შეიცვალა ჩვენ ცნობიერებაში ამ კადრებიის ნახვის შემდეგ?


– სხვათაშორის უნდა აღვნიშნო, რომ მედიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა და ფაქტიურად იმ დღეებში ადამიანების დიდ ნაწილს მართლაც დაუნგრია ფსიქიკა. ხდებოდა ინტენსიურად, ნახევარ საათში ერთხელ კადრების კომპლექსურად, დეტალურად ჩვენება. არ ვამბობ რომ საზოგადოებას არ უნდა ეხილა ეს, მაგრამ მიწოდების რაღაც პრინციპი უნდა დაცულიყო. სტრესში ჩააგდო ადამიანები მიწოდების ინტენსივობამ.
საერთოდ ჩვენი საზოგადოება მედიამ დიდი ხანია მიაჩვია ძალადობას. ცივილიზებულ ქვეყნებში ძალადობის ჩვენება არის შეზღუდული, ჩვენთან კი რომ ნახოთ სამაუწყებლო კოდექსი, იქ პირდაპირ მითითებულია, რომ საქართველოში შეიძლება ტანჯვა-წამების სცენების ჩვენება 15 წამის განმავლობაში. ამიტომ მთელი წლებია საქართველოში აჩვენებენ მოჭრილ ფეხებს, თვითმკვლეობებს, გახსნილ იარებს, გახრწნილ გვამებს, ძვლებს, სისხლს. მოკლედ ყველა დეტალს. შესწავლილია, რომ ასეთი კადრების ხშირი ნახვა ფსიქოლოგიურად იწვევს ნეგატიურის მიმართ შეგუებას, ასეთი პროპაგანდა იძლევა სწორედ იმას, რომ თქვენ თანდათან ეჩვებით სისატიკეს და ნაკლებად მგრძნობიარე ხართ უკვე ახალი ძალადობის ფაქტების მიმართ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ციხის კადრებმა ყველაზე გამანადგურებლად იმოქმედა ცდება. საზოგადოების ნაწილი გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ საზოგადოების ნაწილს არც გამოუხატია ზედმეტად საკუთარი ემოცია, სწორედ იმიტომ, რომ შემგუებელი გახდა წლების მანძილზე. მაგალითად ავიღოთ პათ.ანატომი, რომელიც მუშაობს გვამთან, მას შეუძლია იმ ოთახში ისადილოს კიდეც, მაგრამ თქვენ იქ ვერც კი გაჩერდებით.


– და ბოლოს, ბატონო გიორგი, მზადდება ამინისტია, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ტრამვირებული ადამიანების რეაბილიტაციისთვის რა უნდა გაკეთდეს?


– რთული პროცესი იქნება, სამინისტროში მიდის მუშაობა ამაზე, მზადდება ფსიქოლოგების კადრები და ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში შესაბამისი გამოცდიელებაც არსებობს, იმედია საკმარისი რესურსი იქნება ამ პრობლემის დასაძლევად. მათ რეაბილიტაციას რიგითმა ადამიანებმაც და ხელისუფლებამაც უნდა შეუწყოს ხელი, ისინი კი არ უნდა გაირიყონ, არამედ პირიქით დაუახლოვდნენ საზოგადოებას და ჩვენც არ უნდა აღვიქვათ პოტენციურ დამნაშავეებად!


მაკა დეკანოსიძე

0
93
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0