x
image
ჟანა გოგინაშვილი
როგორ გაუკეთეს სკოლის მოსწავლეებმა ერთ-ერთ სოფელს ბიბლიოთეკა

imageდღეს ხშირად გვესმის საუბარი იმაზე, რომ წიგნი კომპიუტერმა ჩაანაცვლა და არსებობს რეალური საბრთხე იმისა, საერთოდ აღარავინ გამოიყენოს ის. ჩვენი სტატიის გმირები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპტიმიზმს გვიბრუნებენ და გვარწმუნებენ იმაში, რომ წიგნი ნამდვილი „ცოდნის ლამპარია“.
ქალაქ გორის რაიონ სოფელ ტირძნისს ვეწვიეთ. ცოტა ხნის წინ, ტირძნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს პროექტი, მოიპოვეს დაფინანსება ქალთა საერთაშორისო ფონდ „ტასოსგან“ და მოპოვებული თანხით, სოფელს ბიბლიოთეკა გაუკეთეს. როგორც აღნიშნულის ორგანიზატორებმა: X კლასელმა - თათია გოგინაშვილმა და XII კლასელმა ანი ზერეკიძემ გვითხრეს დაბრკოლებები პროექტის განხორციელებას თან ახლდა, თუმცა მათ ყველაფერის გადავლახვა შეძლეს.
ანი: „პროექტის შესახებ გავიგეთ სკოლაში. ჩვენი მასწავლებელი მუშაობს ფონდ „ტასოში“. ფონდმა გამოაცხადა მცირე გრანტები სხვადასხვა რეგიონის მასშტაბით. მასწავლებელმა გვირჩია, რომ კარგი იქნებოდა თუ საინიციატივო ჯგუფი შევიკრიბებოდით და პროექტს დავწერდით.
როგორც უკვე იცით, ჩვენი პროექტი წიგნების შეძენას ითვალისწინებდა. შესაძლებელი იყო სხვა ნებისმიერი იდეა განგვეხორციელებინა, მაგრამ თავიდანვე ლიტერატურის შეძენისათვის დავიწყეთ მოძიება იმ მცირე გრანტისა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია გვთავაზობდა.
შევირიბეთ დაახლოებით 30-მდე მოსწავლე სხვადასხვა კლასებიდან. მე და თათია პროექტზე პასუხისმგებელი პირები ვიყავით. თუ რაიმე კითხვა გვიჩნდებოდა დამატებითი მუშაობის პროცესში, ფონდათან კავშირს სოფლიდან ინტერნეტის საშუალებით ვახერხებდით.
– რატომ გადაწყვიტეთ პროექტის დაწერა წიგნების შეძენასთან დაკავშირებით?
– სოფელ ტირძნისს, ჰქონდა როგორც სასკოლო, ისე სოფლის ბიბლიოთეკა. მოხდა ისე, რომ სოფლის ბიბლიოთეკები მიუერთეს სასკოლო ბიბლიოთეკებს. როგორც იცით სკოლა ზაფხულობით არ მუშაობს და ისედაც, მის ტერიტორიაზე უცხო პირებს შესვლის უფლება არ აქვთ. აქედან გამომდინარე ვერ სარგებლობდა მოსახლეობა. ჩვენ გვინდოდა, შეგვექმნა ისეთი ბიბლიოთეკა, რომელიც სოფლის თითოეული მოსახლესთვის ის ხელმისაწვდომი იქნებოდა.
– მუშაობის პროცესში ალბათ იყო დაბრკოლებები.
– კი დაბრკოლებები ნამდვილად შეგვხვდა. პირველი იყო ის, რომ მოცემულ დროში ვერ დავწერეთ პროექტი და ორი დღე კიდევ მოგვცეს ამ ყველაფრის შესასრულებლად. დაფინანსების მოპოვების შემდეგ, იდეის განხორციელებაშიც რამდენიმე პრობლემა შეიქმნა. უნდა შეგვერჩია ფართი, სადაც ბიბლიოთეკას გავაკეთებდით. ფონდ „ტასოს“ გაკეთებული აქვს ოფისები სოფლებში. მათ შორის ერთ-ერთი ოფისი ტირძნისშია. ნაყიდი წიგნებიც იქ უნდა მოგვეთავსებინა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა ტირძნისში ფონდის ოფისი, ერთ-ერთი თანასოფლელის სახლში მდებარეობა, რომელიც ბიბლიოთეკისთვის ძალიან მოუხერხებელი აღმოჩნდა. არ იყო საკმარისი ფართი იმ ღონისძიებების მოსაწყობად, რაც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა.
თათია: „ამ პრობლემის გადაჭრისთვის დახმარება, სოფელ ტირძნისის რწმულებულს ვთხოვეთ. გვიდოდა, რომ გამოეყო ბიბლიოთეკისთვის საკრებულოს შენობაში ფართი. ეს შენოდა სოფლის ცენტრში მდებარეობს და ვიფიქრეთ ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. გარდა ამისა სივრცეც მეტი გვექნებოდა. რწმუნებულმა მართლაც გამოგვიყო ოთახი ბიბლიოთეკის მოსაწყობად, მოგვცა წიგნების დასალაგებლად საჭირო თარო, მაგიდა და სკამები.
– როგორც ვიცი გამოკითხვის საფუძველზე შეიძინეთ ლიტერატურა. რომელი ჟანრი აღმოჩნდა სასურველი მოსახლეობისთვის ტირძნისში?image
ანი: „გამოკითხვის საფუძველზე დასახელდა მხატვრული ლიტერატურა, ასევე დეტექტივები, ბავშვებისთვის შევიძინეთ ზღაპრები. გარდა ამისა თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებები, რომელთა უმეტესობაც პრემია „საბას“ ლაურეატი იყო. ნებისმიერ მკითხველს შეუძლია ჩვენს ბიბლიოთეკაში შეარჩიოს სასურველი წიგნი. გარდა ამისა, გვაქვს ლექსიკონები. მოსწავლეებს და არა მარტო მათ, შეუძლიათ გაიტანონ და ისარგებლონ.
– რამდენად დიდი იყო ინტერესი სოფლის მოსახლეობის მხრიდან ახლადგახსნილი ბიბლიოთეკისადმი?
თათია: „ბიბლიოთეკის გახსნამდე, რამდენიმე დღით ადრე, დავბეჭდეთ ფლაერები და სოფელში დავარიგეთ. ყველას ვაცნობეთ ამბავი იმის, შესახებ რომ ლიტერატურა კვლავ ნებისმიერი მსურველისათვის ხელმისაწვდომი ხდებოდა.
მთელი ზაფხულის განმავლობაში, პროექტის მონაწილეები სამიდან ხუთ საათამდე ბიბლიოთეკაში ვმორიგეობდით და მოსახლეობას ვემსახურებოდით. ასეთ დიდ ინტერესს ნამდვილად არ ველოდით. საკრებულოს თანამშრომლებიც ხშირად გვსტუმრობდნენ წიგნის საკითხავად. მოხუცებიც მოდიოდნენ ხოლმე. ზოგირთ მათგანს უსინათლობის გამო ჩვენ ვუკითხავდით ლიტერატურას. გვქონდა შემთხვევა, როდესაც ქალბატონმა პატიმარ შვილს ჩვენგან წიგნები წაუღო გულის გადასაყოლებლად და შემდეგ უკან დაგვიბრუნა რა თქმა უნდა.“
ანი: „ჩვენ თავიდანვე დავგეგმეთ, რომ ბიბლიოთეკის გახსნასთან ერთად, უამრავი ღონისძიება უნდა გაგვეკეთებინა. მთელი ზაფხულის განმავლობაში ვკითხულობდით წიგნებს და შემდეგ ვაწყობდით მათ განხილვას, პრეზენტაციას.
საარჩევნო პერიოდში ცოტა ხნით მუშაობის შეწყვეტა მოგვიხდა, რადგან საარჩევნო უბანი საკრებულოს შენობაში მდებარეობდა და საჭირო იყო წინა მოსამზადებელი პერიოდი. არჩევნების დასრულების შემდეგ ბიბლიოთეკა ისევ აგრძელებს აქტიურად ფუნქციონირებას და ყველა მსურველს ვეპატიჟებით.
– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ პროექტების მხრივ?
თათია: „ევრაზიის ფონდმა“ ტირძნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახლახანს დაუფინანსა პროექტი, რის ფარგლებშიც, გამოყოფილი 800 ლარი მოხმარდება სკოლის ტერიტორიაზე გამწვანებას, ნაგვის ურნების დადგმასა და მოსასვენებელი სკამების შეძენას. ქალაქ გორსა და გორის რაიონში სულ ოთხი პროექტი დააფინანსა აღნიშნულმა ფონდმა და ერთ-ერთი ჩვენი სკოლის იყო. როგორც ხედავთ ძალიან აქტიურო სკოლა გვყავს (ეღიმება).“
ანი: „დასუფთავების აქცია გვქონდა ცოტა ხნის წინ. დავასუფთავედ სოფლის ცენტრალური ქუჩები და საკრებულოს ტერიტორია. კიდევ ვგეგმავთ ამ საქმიანობის გაგრძელებას. გარდა ამისა გვაქვს სხვა იდეები, რომელსაც ჯერჯერობით არ გაგიმხელთ. გეტყვით იმასაც, რომ ვაგროვებთ მაკულატურას, რომელიც უნდა ჩავაბაროთ და აღებული თანხით ჩვენი ბიბლიოთეკა გავამდიდროთ. მანამდე კი კვლავ ბიბლიოთეკაში გაგრძელდება პრეზენტაციები და სხვადასხვა აქტივობები.“
– სამომავლო გეგმებზეც მომიყევით. რა პროფესიის დაუფლებას აპირებთ?
აბიტურიენტი ვარ. ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს. მიუხედავად ამისა ვცდილობ დრო გამოვნახო ხოლმე პროექტებისათვის. გორის ერთ-ერთ გაზეთში მე და თათიას საკუთარი გვერდიც გვაქვს, რომელსაც „თინეიჯერი“ ჰქვია. ვწერთ მათ პრობლემებზე და მათთვის საინტერესო თემებზე. ვაპირებ, რომ ჩავაბარო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.“
თათია: „შესაძლებელია თქვენი კოლეგა ვიყო მომავალში, მაგრამ ეს ჰობის დონეზე იქნება. სამედიცინო უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას, ძალიან მინდა წარმატებული ექიმი ვიყო. სიზმარშიც კი თეთრ ხალათს ვხედავ.“
– წარმატებას გისურვებთ.

ირმა ლაბაძე - ტირძნისის საჯარო სკოლის პედაგოგი: „ქალთა არასამთავრობო ფონდმა - „ტასომ“ საინტერესო პროექტი დაუფინანსა ტირძნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. ბავშვები დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას. პროექტის ფარგლებში გამოიყო წიგნების შესაძენად 800 ლარი. მათ მოიარეს მთელი სოფელი, გამოიკითხეს ყველა ასაკობრივი ჯგუფი, ამის მიხედვით შეიძინეს ლიტერატურა. მოსწავლეების ამ ინტერესს აქტიურად დაუჭირა მხარი სოფლის რწმუნებულმა, რომელმაც გამოყო ფართი ნაყიდი წიგნების განთავსებისთვის.
მოსწავლეები კითხულობდნენ წიგნებს და ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს. გარდა ამისა წაკითხული ნაწარმოებებიდან მათ შექმნეს ნახატები და მოეწყო გამოფენაც. ერთმანეთის მიმართ იყვნენ მომთხოვნებიც და მეგობრულებიც.
იყო შემთხვევა, როდესაც ზაფხულში, ავადმყოფებთან სახლში მიდიოდნენ მოსწავლეები და წიგნებს უკითხავდნენ. ძალიან მომწონს ბავშვების ასეთი სერიოზული მიდგომა საკითხისადმი. უფრთხილდებიან თითოეულ წიგნს. დარწმუნებული ვარ ბოლომდე ერთგულები იქნებიან საკუთარი სოფლისა და სკოლის წინაშე.“

0
304
10-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0