x
image
beko777
თურქეთში ქართველი დიზაინერის დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს

თურქეთში ქართველი დიზაინერის დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს

თურქეთში ქართველი დიზაინერი, რამაზ შამანაური, იგივე რამმაზო რომა დააკავეს, რომელიც ადამიანებით ვაჭრობდა და ახალგაზრდა გოგონებს პროსტიტუციას აიძულებდა - იუწყება თურქული პრესა, რომლის თანახმადაც სტამბულის ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გამოვლინდა მთელი დანაშაულებრივი ქსელი. დაკავებულია 20 გოგონა, რომლებმაც გამოძიებას დეტალურად უამბეს რამმაზო რომას საქმიანობის შესახებ.

უკვე დადასტურებულია, რომ შამანაური-რომა იზიდავდა გოგონებს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან და მათ სამოდელო ბიზნესში დასაქმებასა და ტელევარსკვლავის წარმატებულ კარიერას ჰპირდებოდა. თუმცა რეალურად, ის „სუტენიორი“ იყო და გოგონებს პროსტიტუციას აიძულებდა. რომა „მომსახურებას“ უწევდა საკმაოდ შეძლებულ ადამიანებს და ერთ გოგონასთან გატარებული ერთი ღამის სანაცვლოდ, მათგან 1000-დან 10000 დოლარამდე იღებდა. რამმაზოს სტამბულში მეტსახელიც აქვს „ახალი სტამბულელი მანუკიანი“, - როგორც სტამბულის „დედა როზა“ №1 მატილდა მანუკიანი, წერს აზერბაიჯანული გაზეთი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ დიზაინერი მხოლოდ გოგონებით ვაჭრობით არ იყო დაკავებული.

გამოძიებას აქვს საკმაოდ სკანდალური ფაქტები, რომლებშიც თურქეთის გავლენიანი ბიზნესმენებისა და შემოქმედებითი საზოგადოების წარმომადგენლები ფიგურირებენ, და არა მარტო ისინი. შესაბამისად, ზოგიერთი მათგანი რომას საქმიანობის გამოვლენის შემდეგ, ძალიან შეშფოთდა და ცდილობენ სხვადასხვა გზით გაარკვიონ, შეიტანეს თუ არა მათი სახელები იმ კლიენტთა სიაში, რომელიც ახლა თურქ სამართალდამცველებს აქვთ ხელთ. გავრცელებული ინფორმაციით, რამმაზო რომას მოქმედების სქემა ასეთი იყო: მან თურქეთში სამოდელო ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები გაიცნო და დაუახლოვდა და თავისი მოდის სახლი „რამმაზო რომაც“ დააარსა. კონკურსების დროს არჩევდა გოგონებს, მათ პასპორტებს ართმევდა, შემდეგ კი პროსტიტუციას აიძულებდა.

აზერბაიჯანული გაზეთების თანახმად, რამაზზო რომათი პოლიცია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სტამბულის პოლიციას აზერბაიჯანელმა მოდელმა გიუნაი მუსაევამ მიმართა და განაცხადა, რომ რამაზომ მისგან 10 ათასი დოლარი წაიღო და ცნობილ სააგენტოებთან დააკავშირებას დაპირდა, თუმცა ეს დაპირება „ბლეფი“ აღმოჩნდა. რამაზ შამანაური თურქეთში წლებია ცხოვრობს, თუმცა ის თბილისშიც კარგადაა ცნობილი. 90-იან წლებში მან დააარსა ქორეოგრაფიული ჯგუფი „ექსტაზი“, თუმცა შემდეგ სამუშაოდ აზერბაიჯანში წავიდა. საბოლოოდ კი სტამბულში აღმოჩნდა. გასულ წელს, თავისი საზაფხულო კოლექცია მან თბილისურ ჩვენებაზეც წარმოადგინა

0
98
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0