ჩოგბურთი მეტრეველი მესხის წინააღმდეგ 2012, 3 დეკემბერი, 19:57 საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია 6 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს. ბოლო 17 წლის განმავლობაში, ფედერაციის უცვლელი პრეზიდენტი ლეილა მესხი გახლავთ, რომელიც კიდევ ერთხელ შეეცდება უფლებამოსილების ოთხი წლით გახანგრძლივებას. მესხის კონკურენტი იქნება ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც ლეგენდარული ჩოგბურთელის, ალექსანდრე მეტრეველის შვილია.
სხვათა შორის, მეტრეველი-უფროსი ამჟამად რუსეთში ცხოვრობს და იქაურ "ნტვ+"-ის საჩოგბურთო კომენტატორია. რამდენიმე წლის წინ, იგი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, მაგრამ მესხს ვერ აჯობა. ნაარჩევნებს, მეტრეველმა მარცხი მაშინდელ სპორტის მინისტრ გოკა გაბაშვილს დააბრალა - დელეგატები იძულებული გახადა, რომ მესხისთვის მიეცათ ხმა და არჩევნები ფარსად იქცაო.
ამას გარდა, მეტრეველი-უფროსი ლეილა მესხსაც ხშირად უტევს. მისი აზრით, მესხის ხელში ქართულ ჩოგბურთს არანაირი პერსპექტივა არ აქვს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ მეტრეველი წლეულს "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანდა...
ამჟამად მეტრეველი-უფროსი უკვე 67 წლისაა და აღიარებს, რომ ქართული ჩოგბურთის გასაძღოლად საჭირო ენერგია აღარ აქვს. სამაგიეროდ, ამჯერად მისი ვაჟი სცდის არჩევნებში ბედს და თუკი გაიმარჯვებს, არაერთ სასარგებლო რჩევას მიიღებს მამისგან, რომელსაც უდიდესი საჩოგბურთო გამოცდილების გარდა, საკმაოდ სერიოზული საერთაშორისო კავშირები აქვს.
538 2-ს მოსწონს
|