x
image
გიო16
დემეტრე II თავდადებული(I ნაწილი,გამზრდელი დემეტრე II-სი)

imageდავით ულუ 1270 წელს მუცლის მოარული სენით გარდაიცვალა.ამავე სენით ადრევე გარდაიცვალა მისი უფროსი ვაჟი და მემკვიდრე გიორგი.დავით ულუს დარჩა მცირეწლოვანი დემეტრე, რომელიც მას გვანცა დედოფლისგან ჰყავდა.როგორც ვიცით, დავით ულუს აჯანყებისას მონღოლებმა დააპატიმრეს დედოფალი გვანცა დემეტრე უფლისწულთან ერთად და დედა-შვილი ურდოში წაიყვანეს.იქ დედოფალი სიკვდილით იქნა დასჯილი, ხოლო დემეტრე აღსაზრდელად ტარსაიჭ ორბელს გადასცეს.დავით ულუს გარდაცვალებისას დემეტრე II თორმეტი წლის ბავშვი იყო.აბაღა ყაენმა(1265-1282 წწ.)დემეტრე საქართველოს მეფეთა-მეფედ დაამტკიცა და მისცა მისი სამკვიდრებელი, როგორც ჟამთააღმწერელი აღნიშნავს, "თვინიერ სარგის ჯაყელისა" ე.ი. სარგის ჯაყელის სამფლობელოს გამოკლებით, რომელიც ხაინჯუდ იყო გამოყოფილი და უშუალოდ ყაენს ეკუთვნოდა.უამისოდაც საქართველოს სახელმწიფოებრივი სხეული მნიშვნელოვნად იყო შემცირებული და დანაწევრებული.დასავლეთი საქართველო უკვე დიდი ხანია ცალკე სამეფოდ იყო გამოყოფილი და აქ დავით ნარინი განმგებლობდა.საქრთველოს აღმოსავლეთის საზღვარი მდინარე თეთრწყალზე ანუ ჩალან-უსუნზე გადიოდა და მისი ყოფილი ყმადნაფიცი ქვეყნები:შარვანი, რანი, ხლათი, ვალაშკერტი, ალატაღი და სხვა უკვე მას აღარ ექვემდებარებოდნენ.თუმცა სომხეთის ტერიტორიის ნაწილი, ქალაქები ანისი და კარი მათ სანახებითურთ კვლავინდებურად საქართველოს ფარგლებში შემოდიოდა.

მცირეწლოვან მეფეს ქვეყნის დამოუკიდებელი განმგებლობა არ შეეძლო, ამიტომ მას მეურვედ დაუნიშნეს მონღოლთა ყაენის კარზე უკვე ნდობამოპოვებული და თავიანთ კაცად მიჩნეული სადუნ მანკაბერდელი.დემეტრე მეორემ სადუნს მონღოლთა კარნახით ათაბაგობა უბოძა.როგორც გახსოვთ სადუნი ტიპური მედროვე იყო, რომელიც კარგად შეეგუა მონღოლთა ბატონობას და დიდი სიმდიდრე და გავლენა მოიპოვა.იგი კვლავ დაუცხრომლად მეცადინეობდა, რომ თავისი სიმდიდრე კიდევ უფრო გაეზარდა და თავისი გავლენაც აემაღლებინა.ამ საქმეში მან დიდი ნიჭი და უნარი გამოიჩინა.მაგალითად, დემეტრეს მცირეწლოვნობის დროს მეფეს გამოსტყუა ქალაქები თელავი, ბელაქანი და სხვა მნიშვნელოვანი სამფლობელოები.როცა საქართველოს მეფეს მონღოლებმა დიდი თანხის გადახდა მოსთხოვეს, ამ ფულის გადახდა სადუნმა იკისრა, სამაგიეროდ თავისთვის მოითხოვა დმანისი და მისი სანახები.სადუნი დაეუფლა აგრეთვე ისეთ მნიშვნელოვან ციხე-ქალაქს, როგორიც იყო კარი(ყარსი).ეს ციხე-ქალაქი მან თავის რეზიდენციად აქცია.ამას გარდა, თავისი სიმდიდრის წყალობით ამ მედროვემ მრავალი ქვეყანა და სამფლობელო სყიდვით შეიძინა.მიწის სამფლობელოების ხელში ჩასაგდებად იგი სხვა საშუალებებსაც არ თაკილობდა.სადუნმა ცოლად შეირთო ახალციხელის ასული და მზითვად მიიღო კარის მახლობლად მდებარე ქვეყანა.ივანე ჯავახიშვილის დახასიათებით "სადუნ მანკაბერდელი თავისებური პიროვნება იყო:ის მონღოლს მონღოლად ეჩვენებოდა, ქართველთან ქართველი, სომეხთან სომეხი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ის მონღოლთა ზნე-ჩვეულებებს შეეგუა.მათი აზროვნება და საოჯახო წესები მისი უაღრესად მოჭარბებული მადიანობის დაკმაყოფილებას კარგად უწყობდა ხელს.მონღოლთა წაბაძვით მან სამი ცოლი შეირთო".ერთ-ერთი მისი ცოლი დემეტრე II-ის და, თამარი გახდა.თამარი არღუნ ნოინის შვილზე იყო დაქორწინებული, მაგრამ საქართველოს მეფის ქალს არაფრად მოსწონდა წარმართი მონღოლის ცოლობა და როდესაც მისმა ქმარმა თბილისში ჩამოიყვანა, თამარი მას გაექცა და მთიულეთს შეაფარა თავი.ამით ისარგებლა სადუნ მანკაბერდელმა, მონღოლური წესისამებრ მონღოლ ბატონიშვილს შეევაჭრა და მისი ცოლი ფულით შეისყიდა.მეფის სიძეობით სადუნს ყველაფერთან ერთად გარეგნული ბრწყინვალებაც მოემატა.სადუნის ხელთ იყო არა მარტო ქვეყნის მართვა-გამგეობა, არამედ "საქართველოს ლაშქრის საქმე და განგება".

მისი ასეთი გაძლიერება და აღზევება არაფრად მოსწონდათ ქართველ დიდგვაროვან ფეოდალებს, მაგრამ სადუნის წინააღმდეგ ბრძოლა ძნელი იყო, რადგან ამ მედროვეს ზურგს მონღოლები უმაგრებდნენ.მანკაბერდელის ყოფა ქცევით და ზნეობით განსაკუთრებით აღშფოთებულები იყვნენ უმაღლესი საეკლესიო წრეები.საქართველოს კათალიკოსი ნიკოლოზი ცდილობდა მისთვის ჩაეგონებინა, რომ მოეშალა მრავალცოლიანობა და ქრისტიანული წესით, მხოლოდ ერთ ცოლს დასჯერებოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა.სადუნი ეკლესიის კეთილგანწყობის მოპოვებას გულუხვი ქველმოქმედებებით ცდილობდა.მაგალითად, "მან მისცა ყალანი და მალი ათორმეტთა უდაბნოთა გარესჯისათა და გაანთავისუფლა ქუეყანა გარეჯისა".ამას გარდა, სადუნი ყაენის კარზე თავის გავლენას და რეპუტაციას იყენებდა იმისათვის, რომ მონღოლთა მოხელეების უწესობა("თათართაგან ძალი და უსამართლობა")აღეკვეთა და ამით გამორჩენილიყო ქვეყნის ინტერესების დამცველად.სამართლიანად არის აღნიშნული, რომ "ის ძალი და უსამართლობა", რაც "დღეთა მისთა" ამ მედროვემ ჩაიდინა ქვეყანაში არათუ ჩამოუვარდებოდა თათართა მოხელეების ძალადობას, არამედ საეჭვოცაა, რომ რომელიმე მათგანს ამდენი სივერაგის ჩადენა შესძლებოდა.

სადუნი 1282 წელს გარდაიცვალა.დემეტრე II-მ სადუნის მემკვიდრეს ხუტლუ-ბუღას ათაბაგობა აღარ მისცა.ამ ამბავმა სადუნის ნაშიერი გაანაწყენა, რადგან მასაც მამასავით ქვეყანაში პირველკაცობა უნდოდა.მართალია ხუტლუ-ბუღას ამირსპასალარის თანამდებობა მისცეს, მაგრამ ამით მისი წყენა არ განელებულა და გულბოროტმა მედროვემ მწარედ გადაუხადა სამაგიერო თავის მეფეს.

11
527
19-ს მოსწონს
ავტორი:გიო16
გიო16
527
  
2012, 18 ნოემბერი, 23:19
:Dეს დაალაიქე?:D
2012, 18 ნოემბერი, 23:18
:D:D კაი ძმა ლაიქი ჩემზე იყოს:D:D
2012, 18 ნოემბერი, 23:14
:Dგაიხარე.ამაზე მეტი უნდა დავწერო მეორე ნაწილი:D
2012, 18 ნოემბერი, 23:12
ეუუფ რამდენი წერე ტოო:D საღოლ
2012, 17 ნოემბერი, 23:24
გაიხარე:)
2012, 17 ნოემბერი, 23:23
საღოლ ძმა საღოლ
2012, 17 ნოემბერი, 22:50
მადლობა:)
2012, 17 ნოემბერი, 22:48
კარგად გიმუშავია,ყოჩაღ
2012, 17 ნოემბერი, 22:46
კიი : )
2012, 17 ნოემბერი, 22:44
წაიკითხე?:D:D:D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10