x
არჩევანი

ხდება ისე, ზოგჯერ ვკარგავთ იმისი გარჩევის უნარს, თუ რა არის ჩვენთვის უკეთესი,
რა არის ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი. უფრო სწორად, კი არ ვკარგავთ, უბრალოდ გვიქვეითდება
სინამდვილის აღქმის უნარი და ფარსის, საკუთარი ილუზიებისა და კლიშეების ღრუბელში გვიჭირს ხოლმე იმისი გარჩევა, თუ
როგორ უნდა მოვიქცეთ.


შენ არჩევანს აკეთებ. და, ძალიან ძნელია, არ შეცდე ახლა. ზოგჯერ, მომავალში,
შეიძლება გეგონოს, რომ სწორად მოიქეცი. შეიძლება გეგონოს, რომ ბედნიერი ხარ, რომ „ეს“
გიყვარს და არა „ის“, რომ გაქვს ყველაფერი, რაზეც გიოცნებია, რაც გინატრია... მაგრამ
მთავარი იცი რა იქნება? ის, რომ ეს კმაყოფილება, ფარსი, რომელსაც შენ „ბედნიერ ცხოვრებას“
უწოდებ, შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე, თვეები, წლები და, მაინც, ამ ტყუილის შემდეგ
მოვა წამი, როდესაც გაიფიქრებ, რომ ცხოვრებაში ყველაზე გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვი.
იფიქრებ, რომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. ეს მიხვედრა მოგიწამლავს აზრებს
და სინანულისაც კი შეგრცხვება. არ აქვს მნიშვნელობა, თავის დროზე რატომ შეცდი. ეს შეიძლება
მომხდარიყო იმის გამო, რომ ირგვლივმყოფების შეგეშინდა, სტერეოტიპებს ვერ მოერიე, ვერ
გაბედე საკუთარი თავისთვის გესმინა და დაგეჯერებინა. მთავარი ისაა, რომ შენ შეცდი და მეორე შანსი აღარ
გექნება, ეს ცხოვრებაა. მის თითოეულ კვანძში თითო არჩევანი იმალება. შეიძლება გყავდეს
ცოლი/ქმარი, შვილები, ფიქრობდე, რომ გიყვარს ისინი სიცოცხლეზე მეტად, მაგრამ მთელ ამ
ბედნიერების გრძნობას სწორედ ის წუთი გააქარწყლებს, როდესაც მიხვდები, რომ თამაშობ
„ბედნიერობანას“, „სიყვარულობანას“, „ოჯახობანას“, „არაფერი მაკლიაობანას“. ყველა შენს შესაძლო, ჰიპოთეტურ
„სიყვარულში“ შენ ჩემს ძებნას დაიწყებ და შენს ქმარში/ცოლში სწორედ ის ნაწილი გეყვარება,
რომელიც მე მგავს. შენს ცხოვრებაში მხოლოდ ის ნაწილი იქნება ნათელი, რომელშიც მე, ან
ჩემი მსგავსი ვინმე იქნება. მაგრამ მე მხოლოდ ჩემშია და შენ მას სხვაგან ვერ იპოვი.
აუცილებლად მიხვდები, რომ მთელი ცხოვრებაა თამაშობ და მარტო იმიტომ, რომ თავის დროზე
შენს თავს ვერ გაუგე. ვერ იპოვე შენში დამალული ნამდვილი „შენ“, რომელიც გახელებული
ცდილობდა შენიდან გამოღწევას და დროდადრო ახერხებდა კიდეც. საკუთარი „მე“-სა და შენი
ყალბი ნაწილის ბრძოლისას, შენ გეგონა არ იცოდი რა გინდოდა. და შენ თუ მოახერხე ნამდვილი
„შენ“-ის მიჩქმალვა საკუთარ ნიღაბში, გამოდის, საკუთარ თავს უფსკრულისაკენ უბიძგე.
უფსკრულისაკენ, რომლის კიდეზეც მეორეჯერ ვეღარ დადგები, იმიტომ, რომ მხოლოდ ერთხელ
დაიბადე. ახლა უნდა შეამჩნიო, ახლა უნდა მიხვდე, რომ თუ ახლა შეცდი, მთავარი დაგაკლდება.
ეს შენ იქნები საკუთარი თავის გარეშე. შენ აღარ იქნები ბედნიერი, შენ აღარ იქნები
„შენ“ და, მარტოობისას, ძილის წინ, ბოლოს და ბოლოს, სიკვდილისას, ახლობლებით გარშემორტყმული,
გაიფიქრებ, რომ ისინი საერთოდ არ გიცნობენ და რომ შენი ცხოვრება ქვიშაზე დასხმული წყალივით
გაილია - უაზროდ, უკვალოდ და, რაც მთავარია, უშენოდ. გთხოვ, იპოვე შენი „მე“, იყავი
ბედნიერი ახლა, შენთვის გააკეთე ეს. სიცოცხლე ძალიან მცირეა იმისთვის, რომ გამოუსწორებელი
შეცდომები დაუშვა. გაბედე და ენდე საკუთარ თავს. შენ არ უნდა იყო თოჯინა, რომელსაც
მხოლოდ ინსტიქტები, მოვალეობები, პატივისცემა, ყალბი შეგრძნებები, შთაბეჭდილებები და
გრძნობები ამოძრავებს. შენ ბედნიერების ღირსი ხარ. და ამისთვის ის უნდა გააკეთო, რასაც
შენ, ნამდვილად შენ, ნამდვილად შენ, ნამდვილად შენ ისურვებ. მოუსმინე საკუთარ თავს,
მარტოობისას, შორიდან რომ გაწვდენს ხმას. ჯანდაბას ყველა და ყველაფერი. ეს შენი ცხოვრებაა.
იპოვე საკუთარი თავი შენში. ღირს, რომ გარშემოს მიაფურთხო და იმ შენს ნიღაბსაც, რომელიც,
შეიძლება, სულაც არ გგონია ნიღაბი, მაგრამ, სინამდვილეში, გახრჩობს. ეცადე მანამ მოიშორო
ის, სანამ სულს შეგიხუთავს, თორემ მერე მისი მოცილება ყველაფრის ფასად დაგიჯდება. მოგიწევს
ან სიკვდილამდე ატარო, ან მოიშორო და ყველაფერი დაკარგო. ეს ფილმი არაა და უკან ვეღარ
გადაახვევ. ეს ერთხელ ხდება და შენ უნდა მიხვდე როდისაა ის „ერთხელ“. და ის ახლაა.


გთხოვ.


მოუსმინე და მიაგენი შენს თავს.


შენ იყავი შენ.


ნამდვილად შენ.


ნამდვილად.


შენ.

2
60
3-ს მოსწონს
ავტორი:იბერი92ელი
იბერი92ელი
60
  
2012, 17 ნოემბერი, 21:42
დიიდი მადლობა, მე შენი სტატიები არ წამიკითხავს ჯერ (ახლა შევუყვები), მაგრამ სახელით მოვიხიბლე :)
2012, 16 ნოემბერი, 1:26
ძალიან ძალინ მომეწონა შენი სტატია :)
0 1 2