***
ტელევიზორში რაღაც სისულელე იქნება...
დიდ სავარძელში მე და შენ ვისხდებით.
შენთვის ხელი მექნება გადახვეული და თითებს შორის შენს თმას ვასრიალებ. დროდადრო სიტკბო
მომეძალება, თავს ოდნავ შემოვატრიალებ და თავზე ტუჩებს მოგადებ. მერე შეიძლება გაგეხუმრო,
რომ შენს თმებს რომელიმე შამპუნის გემო აქვს. და ეს ხუმრობა არც ერთს არ მოგვეჩვენება
ბანალური. როცა რამის თქმა მომინდება, თმებს ფრთხილად გადაგიწევ, ყურის ნიჟარასთან
მივიტან ტუჩებს და ძალიან ხმადაბლა ჩაგჩურჩულებ... ალბათ იმას, რომ მიყვარხარ... შენ
ჯიუტად შეიფერთხავ თავს, თმებს ისევ ჩამოიყრი, მერე შემოტრიალდები და თვალებში მიყურებ,
სანამ არ გაგვეცინება... ზოგჯერ, გარედან შემოსული ხმაური ხელს შეგვიშლის, ხმადაბლა
მოლაპარაკე ტელევიზორის ხმა გავიგოთ... რომ მომბეზრდება და მივხვდები, რომ შენ არ აპირებ,
ავდგები და ოდნავ ხმაურით მივხურავ ფანჯარას... შენ მადლობას გადამიხდი და ჩაიჩოჩები,
რომ ჩემს ადგილზე დავბრუნდე... მე მივხვდები, რომ მიუხედავად იმისა, რას ვუყურებთ და
მომწონს თუ არა მისი ყურება, უნდა ვუყურო... და ისევ გვერდით ამეკრობი...
მაშინ, როცა დავწვებით, შენ იფიქრებ,
რომ რა მნიშვნელობა აქვს რას ვუყურეთ, მთავარია, რომ ჩემთან იყავი და მიხვდები...
***
გიყვარვარ...
და მელოდები. ამაზე ფიქრით დავბრუნდები
სახლში... შენ უკვე მელოდები, მოუთმენლად ვიტოკებ შუქნიშანთან და წამდაუწუმ საათს დავაჩერდები...
შენ არ გეცოდინება, მაგრამ იგრძნობ ჩემს მოახლოვებას. ზუსტად ისე, როგორც ბევრი რამე
არ იცი, მაგრამ გრძნობ... ამიტომ, როცა ზარს დავრეკავ, ზუსტად გეცოდინება ვინ არის.
არც დაფიქრდები, ისე გააღებ კარს და არც იმას მკითხავ, ჩემი გასაღებით რატომ არ გავაღე
კარი, ისე ჩამეხუტები... მე მაინც გეტყვი, რომ მინდოდა შენ გაგეღო...
ვახშმად შეიძლება სადმე წავიდეთ.
მაგრამ არა, დღეს მაინც ჩვენთან ჯობია. ვერანდიდან მთები გამოჩნდება. ჯერ მწვანე გორაკები,
ზოგჯერ რომ სასეირნოდ გავდივართ ხოლმე, ოდნავ შორს ლურჯი, ტყიანი მთები, რომელიმე უცნობი
მხატვრის ნახატს რომ გავს, უფრო შორს, ლურჯი გამუქდება, გამუქდება და ბოლოს თოვლიანი
მწვერვალებით დაბოლოვდება. ვახშამი, ვერანდაზე გასულებს, სულ დაგვავიწყდება და მოაჯირთან
მდგომები ხედებს გადავყვებით. ვერც შევამჩნევ, მოაჯირზე ნახევრად ჩამომჯდარს და შენზე
ჩახუტებულს, როგორ დამიღამდა... მზე ნელ–ნელა ჩამოეფარება მთებს და როცა ნათურები ტკაცუნით
აინთება, შენ ოდნავ შეკრთები... ფერმკრთალი გამოჩნდები და როცა ხელებს გაგიშვებ, ღიმილით
გეტყვი, რომ მეშინია არ წაიქცე... შენ გაგეცინება და მთებს მაინც არ მოწყვეტ თვალს...
მე ჩამოვალ მოაჯირიდან, მოწევა მომინდება და სახლში შევალ... როცა სიგარეტგაჩრილი ისევ
გამოვალ, შენ ისევ იქ დამხვდები, მთებისკენ მიტრიალებული და თვალებგაფართოებული. სიგარეტს
საფერფლეში ჩავაქრობ და შენკენ მომავალს რამდენიმე ნაბიჯი გამიათიათასდება... უკნიდან
შემოგხვევ ხელებს, ყელზე გაკოცებ და შენ ოდნავ, სიცილით შეიშმუშნები... მერე მოტრიალდები
და მაკოცებ...
ვერანდიდან დაბრუნებულები ჩაის
დავლევთ. აცივდაო, იტყვი და კარს დახურავ. მერე გაგახსენდება, შემოსასვლელში ნათურაა
გადამწვარი და გამოცვალე, მერამდენედ გთხოვოო, გაბრაზდები... უხმოდ ვიპოვი კარადის
სულ ბოლო უჯრაში ახალ ნათურას, შემოსასვლელისკენ წავალ და როცა ნათურას გამოვცვლი და
ოთახში დავბრუნდები, შენს კისკისს გავიგებ. მივხვდები, ვისაც ელაპარაკები ტელეფონით
და კომპიუტერს მივუჯდები... ვერც ვიგრძნობ, როგორ მომეპარები და მხოლოდ მაშინ მივხვდები,
როცა მკითხავ, თუ რას ვაკეთებ... არ ვიცი, უბრალოდ დროს ვკლავ...
მერე დავიძინებთ... მე უფრო ღრმად
ვისუნთქებ, შენ – უფრო ლამაზად. როცა გვერდს იცვლი, ოდნავ წაიწკმუტუნებ. მე ხელს გავიწვდი
და საბანს შემოგიჩურთავ... მერე ხელს შემოგხვევ და ვიგრძობ, როგორ გიცემს გული...
და დილით, მაღვიძარის დარეკვამდე
ზუსტად ხუთი წუთით ადრე გამეღვიძება და გამოვრთავ. მერე ჩუმად ავდგები, მძინარეს, კოცნას
გამოგიგზავნი და გავალ...
შენ როცა გაგეღვიძება, გაგიხარდება,
რომ მაღვიძარამ არ გაგაღვიძა, იმიტომ, რომ მიხვდები, რატომაც არ გაგაღვიძა. და გაგიხარდება...
***
ბოლომდე რომ შემიძლია ბრძოლა,
თორემ ხომ შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი...
ცეცხლის ხმა რაღაცით ემგვანება
ვარსკვლავიან ცას... ბუხარში ნაკვერცხლები ატკრციალდებიან და შენ ზოგჯერ შეკრთები,
შეგეშინდება აცელქებულმა ცეცხლმა ნაკვერცხალი არ შემოგვაყაროს... მე გამეღიმება შენს
ყოველ შეტოკებაზე და ხელს უფრო მაგრად მოგიჭერ... ასე ვისხდებით ბუხართან, სანამ რომელიმეს
არ გაგვახსენდება, რომ უკვე გვიანაა... მაგრამ მაინც არც ერთს არ მოგვინდება ადგომა
და ამიტომ მაინც დავრჩებით იქამდე, სანამ უკანასკნელი ნაფოტი არ ჩაიფერფლება და არ
გეტყვი: დავიძინოთ, არ გაცივდე... შენ დაგეზარება ადგომა, გაიზმორები და ყელზე შემომაჭდობ
ხელებს. თითები გრილი გექნება და მე ეს შემაშმუშნებს... მერე ავდგები, ისე, რომ შენს
ხელებს არ მოვიშორებ, აგიტატებ და გაღიმებულსა და პატარა ბავშვივით გაეშმაკებულს, თვალებზე
გაკოცებ... დავწვებით და შენ, ცოტა ხანში, ფეხშიშველი გაიქცევი სამზარეულოსკენ. ალბათ,
მოგწყურდა... უკან დაბრუნებისას თითები გადაჯვარედინებული გექნება სიცივისგან და ქვედა
ტუჩზე წყლის წვეთი იბრწყინებს... ცოტა ხანში ეგ წვეთი ჩემს ტუჩებს შეეხება...
ღამით ავბორგდები. შეიძლება მეორე
დილით აღარც მახსოვდეს, მაგრამ მძინარე ვიგრძნობ, როგორ შეშფოთდები, მაგრამ გაღვიძებას
მაინც ვერ გადაწყვეტ, ბეჭთან ჩუმად მაკოცებ, ხელს ჩამჭდებ და ცერა თითით მომეფერები,
სანამ არ დავმშვიდდები. მერე, როცა გვერდს ვიცვლი, შენ არ გეძინება, მაგრამ თავს მოიმძინარებ
და მე, იდაყვზე დაყრდნობილი, დიდხანს გიყურებ როგორ იმძინარებ თავს.
ღამით, როცა ყველაზე ნაკლებად
მინდა გაღვიძება, შეიძლება, დამირეკონ. ტელეფონს სწრაფად ვიპოვი, ხმას გამოვურთავ და
შეწუხებული გადმოგხედავ. არა, არ გაგეღვიძა. მერე ვუპასუხებ. ღამენათევი ხმა რაღაცას
მეტყვის და მეც მოგუდული ხმით ვუპასუხებ, რომ მოვდივარ...
უხმაუროდ გაპარულს კართან დამეწევი...
სინდისნაქენჯნი თვალებით შემოგხედავ და გაკოცებ...
მალე გნახავ...
მალე მიხვდი, რა...
***
უჩემოდ ხუთი წუთი ვერ ძლებ –
ნაძალადევი სიცილით დაგაყვედრებ, როცა რაღაცაზე გაბრაზებული მეტყვი, რომ მოგშორდე.
არა, ეს არ იქნება მორიგი კინკლაობა, არც უმიზეზო ჭირვეულობა. შენ მართალი იქნები და
ეს ყველაზე მეტად მე მეცოდინება. სიამაყე არ დამანებებს, ავდგე და მოგიბოდიშო.
თანაც, მერე რა, უბრალოდ გავერთე
და მორჩა – თავს დამშვიდებას შევეცდები, მაგრამ არ გამომივა. ამიტომ, ავდგები და დაუმშვიდობებლად
წავალ. საღამომდე ვიბორიალებ ჯიბეებში გირებჩაწყობილი და საღამოს, უნებურად, როცა სახლთან
ახლოს, ხის ძირას ჩამოვჯდები და სიგარეტის კვამლს გავაყოლებ თვალს, ფანჯარასთან შენს
ლანდს დავინახავ. შენ ვერ შემამჩნევ, ამიტომაც, დიდი ხანი გიყურებ როგორ დგახარ ფანჯარასთან
და დროდადრო ტრიალდები, რომ საათს შეხედო. გულში სინათლეჩაღვრილი შემოვაღებ კარს და
შენ არც შეიმჩნევ, არც შეირხევი ფანჯარასთან მდგომი. მე იქვე, ქოთნიდან ყვითელ ყვავლის
მოვწყვეტ და გვერდიდან მოგაწვდი. შენ გაგეცინება.
და ამითი დასრულდება ჩვენი ყველაზე
სერიოზული ჩხუბი.
და შენ გეცოდინება...
***
ამითი არაფერიც არ სრულდება...