x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ერთი ჩვეულებრივი დღე,მაგრამ მაინც არაჩვეულებრივი...

"მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა"...
მაინცდამაინც, ჩემს ფანჯარას და მაინცდამაინც, მე შემომაჭყიტა თვალებში. თვალები ვჭყიტე, მაგვიანდება უნი-ში. ჩემმა ბუძელნიკმა ისევ "გადამაგდო" და არ დარეკა, უფრო სწორედ, ეტყობა მე თვითონ გამოვრთე. ვერ ვისწავლე, რომ ტელი ოდნავ მოშორებით დავდო საწოლიდან, რომ სანამ იქამდე მივალ გამოვფხიზლდე და აღარც დამაგვიანდეს.
მიყვარს დილის ძილი, თუ გინდა მთელი ღამე არ დავიძინებ, ოღონდ დილით ნუ გამაღიძებთ, მაგრამ ახლა "თავს ზევით ძალა არა არის" და უნდა ავდგე .სასწრაფოდ ვდგები, პირს ვიბან, ვიცმევ, ვემზადები, ჩაი, კარაქიანი პური და ჰერი-ჰერი უნისკენ.
გაჩერებაზე ჩემს გარდა არავინაა. მშვიდად ვუცდი ჩემი ოცნების ავტობუსს - 39 ნომერს, რაღა მშვიდად 9 სთ. დაიწყო, ლექცია 9-ზე მაქვს, მაგრამ არ ვიმჩნევ...
აი, 39-ც გამოჩნდა. ხალხი არაა . ავდივარ ავტობუსში და ჩემს ადგილას - მძღოლის გვერდით ვჯდები.მძღოლი მიღიმის. ახალი დაწყებული აქვს მუშაობა და ეყობა ჯერ არ დაღლილა. მეც ვუღიმი და წიგნებს ვიმარჯვებ.(იმდენი დრო მაქვს უნიში მისვლამდე, რომ ერთ სემინარს გზაში ვსწავლობ
) .მძღოლი კარგი მოლაპარაკე ჩანს, წამდაუწუმ, ჩემკენ იხედება, ეტყობა საუბრის დაწყებას ცდილობს. ბოლოს მომიბრუნდა და მკითხა:
-სტუდენტი ხარ?
-დიახ !
-ალბათ, იურიდიულზე სწავლობ.
(დავხედე გადაშლილ სისხლის სამართლის კოდექსს და რაღა ალბათ-თქო გავიფიქრე )
-კი, იურიდიულზე ვსწავლობ
-მერე რას იტყვი, ეშველება ქვეყანას?
-აბა ჩვენ რისთვის ვართ?უნდა ეშველოს ) (რაც შემიძლია ვიღიმები, თუმცა სულაც არ მეღიმება).
-ღმერთმა ქნას შვილო, თქვენი იმედი გვაქვს, -ამბობს და ყურებამდე იკრიჭება.
მეც ვუღიმი და კითხვას ვაგრძელებ.
-მეგრელი ხარ?
(ღმერთმა დამიფაროს, რა შემატყო ერთი, ისე ყველა მეგრელია და... )
-არა, თქვენ ალბათ კი?
-კი, მეგრელი ვარ.
-ეგ არაფერი, - ვამბობ და ახლა მე ვიკრიჭები ყურებამდე.
-რატომ ეგრე, მეგრელებმა რა დაგიშავეს?
-არა, არაფერი, ვხუმრობ, თორემ ბევრი კარგი მეგობარი მყავს მეგრელი.
-კარგი და ცუდი ყველგანაა .
-რა თქმა უნდა.
-ზოგი კია აფერისტი მაგრამ...
"ზოგიიი?"- ვფიქრობ და ვუცინი.
ამასობაში, კოლმეურნეობაზეც მოვედით.
-ჩადიხარ?
-რა აქ ბოლო გაჩერება არაა?-გაკვირვებული ვუყურებ და ვუცინი. თვითონაც იცინის.
ალბათ, იფიქრებთ მოეწონეო, მაგრამ რა მოწონებაზეა საუბარი ჩემი ხნის შვილიშვილი უნდა ყავდეს, არა ვიტყუები - შვილი .
ჩამოვდივარ და ყველასთვის ნაცნობი ფრაზები მესმის : "აბა, ბილეთები წარმოადგინეთ", "ქალბატონო, თქვენი ბილეთი ", "გოგონა, ბილეთი ! ".
მე პირდაპირ ვაწვდი ბილეთს.
-მადლობთ, მიბრძანდით!
ვაააა, რა ზრდილობიანი კონტროლიორია, მეღიმება, მაგრამ რა დროს ღიმილია, მაგვიანდება. 140 დავინახე და სწრაფად ავედი. ჯერ დილაა, ადგილებიც არის. ბილეთს ვიღებ და თავისუფალ სკამს "ვიპყრობ". მე-2 გაჩერებაზე უკვე არცერთი თავისუფალი ადგილი აღარაა, ეგეც შენი დილა . შემდეგ გაჩერებაზე კიდევ მოიმატა ხალხმა. ერთი მოხუცი ამოვიდა. ჩემს წინ ორი "ჯელტმენი" ზის და სულაც არ აწუხებთ სინდისი.მე ცოტა ხანი ვიცდი, იქნებ "ნამუსზე ავაგდო", მაგრამ "შეაყარე კედელს ცერცვი", ვდგები და მოხუცსს ვეუბნები:
-დაბრძანდით.
-გაიხარე შვილო, ღმერთმა დაგლოცოს...
რა სჯობს, დილით რომ დაგლოცავენ და ასე მიეშურები უნიში.ბედნიერი ვარ, ხასიათზეც მოვედი.
წინ ერთ-ერთ ბიჭს შეაწუხა სინდისმა და მომიბრუნდა:
-დაბრძანდით.
"სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს"-გავიფიქრე და გამეცინა.
-არა, მადლობთ, მალე ჩავალ.
-არა, დაბრძანდით.
გვერდზე ქალი დგას და იმას შევთავაზე. ქალი დაბრძანდა.ბიჭმა კი ისე შემომხედა, შუბლზე ეწერა, მე შენ დაგითმე ადგილი და ნეტავ რას ვდგებოდი საერთოდო. კიდევ კარგი მალევე ჩავიდნენ.
ხალხმა უფრო და უფრო მოიმატა. ავტობუსმა "გმირთა მოედანზე" აუხვია. ჩემ წინ 10-მდე კაცია ერთმანეთს მიკრული. ჩემ უკან, ვერც დავითვალე. სულ ასე სითბოთი და ჩახუტებით ვმგზავრობთ, ვფიქრობ და ნაძალადევად ვიღიმები. ნეტავ, როგორ ვაპირებ ჩასვლას?ფრთები მაინც მქონდეს, თუმცა ახლა ეგეც ვერ მიშველიდა... წინ კაცს მხარზე ხელი დავადე:
-უკაცრავად, ჩაბრძანდებით?
-არა, მაგრამ რომ გაჩერდება ჩაგატარებთ.
-კარგით .
სხვა რა გზაა? ვერც გაიწევა, რომ გამატაროს. მოკლედ, თქვენთვის ნაცნობი სიტუაციაა.
ავტობუსი გაჩერდა, როგორც იქნა, კარებთან მოვხვდი, მაგრამ რად გინდა, მძღოლი პირდაპირ ცხვირწინ მიხურავს კარს.
-უკაცრავად ჩავდივარ! - რაც შემიძლია განწირული ხმით ვყვირი.
-მერე აქამდე სად იყავი, ვერ გადმოხვედი?!-ამბობს და კარს მიღებს.
-ვერ გადმოვიდა, - სოლიდარობა გამომიცხადა უკნიდან ვიღაცამ.
"უხეში, უჟმური, თანამდებობისათვის შეუფერებელი..."-ამაზეა ნათქვამი, ვფიქრობ და ჩავდივარ.
რა კარგიააა, სივრცეეეეეე... თავისუფლებაააა..., "სუფთა" ჰაერიი..., ასე მეგონა ციხიდან გამოვედი.ახლა დიდი სიამოვნებით ვირბენდი, ვიხტუნავებდი, გავიქცეოდი, მაგრამ რა დროს ესაა, 9-ს 10 წუთი აკლია.ავრბივარ კიბეებზე.დაცვა მიღიმის, მიყვარს ჩვენი დაცვა, მეც ვუღიმი და გზას ვაგრძელებ.კომპიუტერები, როგორც ყოველთვის, სტუდენტებითაა გადაჭედილი და გარეთ რიგია.არვიცი რატომ, აქ ისეთი ინტერნეტია საღამომდე ვერსად შეხვალ, მაგრამ არასდროს არ განიცდის სტუდენტთა ნაკლებობას. მე ავრბივარ კიბეებზე და როგორც გოგოების უმრავლესობა, პირველ რიგში, საპირფარეშოში შევდივარ.იქ სარკე გვეგულება.არც შევცდი, ღირდა შესვლა, რადგან როცა სარკეში ჩავიხედე გული გამისკდა.თმები როკერივით ბოლო მოდაზე მქონდა აჩეჩილი.(გვარს ვამართლებდი ნამდვილად ).ძლივს დავივარცხნე, მერე ტელზე ლილუს ნომერი ავკრიფე:
-ლიი, სად ხარ, სამოქალაქოში, თუ სისხლში?
-სამოქალაქოში, - ჩურჩულით მპასუხობს. ეტყობა ბიბლიოთეკაში ბევრი ხალხია.
მაგვიანდება, მაგრამ მაინც ჩავდივარ ბიბლიოთეკაში.ლილუ, რომ არ ვნახო არ შემიძლია. შევდივარ, ვკოცნი, ვეხუტები და ვეკითხები:
-ლი, მოდიხარ ლექციაზე?
-არა, მარტო ვარ ბიბლიში და ვერ დავტოვებ.
ჩემი შრომისმოყვარე, მინდა კიდევ ერთხელ ჩავეხუტო, ჩავყლაპო, მაგრამ ვუღიმი და ვეკითხები:
-ედი, იქაა?
-არ ვიცი, ალბათ კი.
-კარგი, ლექციის მერე გნახავთ .
გამოვრბივარ და ფდაში შევდივარ.აუდიტორია გადაჭედილია, სად
გინდა, რომ ედი ნახო. ალბათ სადაც ბევრს ლაპარაკობენ იქაა . არ შევცდი, მესმის ედის ხმა, ჩემთვის ადგილი შეუნახავს.ჩემი გოჭუნა, ყოველდღე ვნახულობ, მაგრამ მაინც მენატრება. ვკოცნი და ლექტორიც შემოდის.ლექცია დაიწყო.
პირდაპირ თვალებში ვუყურებ ლექტორს, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ მესმის.ალბათ, თქვენც დაგმართნიათ ასე. აზრი არა აქვს ჩემს ლექციაზე ყოფნას და ედის ვეუბნები:
-ეედ, მე მეორედან გავდივარ!
-მეც გამოვალ (სხვა პასუხს არც ველოდი )
ვიცოდით არც ერთი არ ვიყავით ლექციის მოსმენის ხასიათზე.მთელი ერთი სთ. ვმაიმუნობდით.ფურცელზე რაღაცებს ვწერდით ერთმანეთს, ვიცინოდით.თუმცა ლექციიდან საინტერესო ფრაზის ჩაწერაც მოვასწარით : ''თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება აბსოლუტურად ობიექტურია, ზედმეტი ზეწოლის, ქვეწოლისა და გვერდით წოლის გარეშე ვამბობ". ჩვენი სიცილი არ წყდებოდა, მერე კიდევ კარგი ზარი დაირეკა, თორემ ლექტორი გაგვაგდებდა .
გამოვედით და ლილუსაკენ გავეშურეთ. ლინდას შესვენება ჰქონდა და გვეხვეწებოდა "ორ ლულაში" წავიდეთო. პატარაა, მაგრამ სულ ჭამა-ჭამას გაიძახის.რა ქნას, მთელი დღე უნიშია და შივდება ხოლმე. უარს აზრი არა აქვს, მაინც წაგვათრევს. ამიტომ ვთანხმდებით და "ორი ლულასაკენ" მივეშურებით სამი მუშკეტერივით, ლინდას მოფიქრებული ლოზუნგი მახსენდება -"გაგვატარეთ, სამი გოჭი მოვდივართ ! "
გზაში ბევრს ვმაიმუნობთ და სიცილით "ორ ლულასაც" ვუახლოვდებით.გაგიკვირდებათ, მაგრამ ადგილები თავისუფალია, ერთ-ერთ მაგიდას "მსხვერპლად" ვირჩევთ და "ვიპყრობთ".მაგრამ აქ რაც არ მიყვარს ისაა, რომ შეკვეთას ერთი სთ. მაინც უნდა ელოდო.მივდივართ შესაკვეთად.მომუშავე გოგონა სიახლეს გვამცნობს- "ახალი სტუდენტური მენიუა: ლობიანი, ნამცხვარი და ჩაი, გირჩევთ გასინჯოთ".ჩვენც ვიღებთ, მოდით გავსინჯოთ ერთი რა არისო და მივირთმევთ. ამის შემდეგ სემინარისაკენ მივეშურებით.
სემინარზე ლექტორმა ერთ-ერთ საინტერესო და კურიოზული შემთხვევა გვიამბო.თურმე იმერეთის ერთ-ერთ სოფელში, მოხდა ქურდობა.ერთ გლეხს მოჰპარეს საქონელი.მეორე დღეს, როდესაც პოლიცია ჩხრეკას აწარმოებდა, საქონლის სადგომში დახვდათ ასეთი შინაარსის წერილი :"არ მეძებოთ, ჩემი ნებით წავყევი" . როგორც ჩანს, ჩვენი დამნაშავე იუმორს არ უჩიოდა . ამ შემთხვევის გამო, ბევრი ვიცინეთ და უფრო მხიარულად განვიხილეთ კაზუსი. სემინარის დამთავრების შემდეგ, ვცდილობ ლილუ დავითანხმო, რომ ჩემთან დარჩეს.
-მოდი რა, ლი და ხვალისათვის სისხლის კოლო ერთად ვიმეცადინოთ.
-უი, კი კარგი იქნებაა, გამოვაალ .
-რა კარგია მაშინ მე და ედი წავალთ და გელოდები .
ვკოცნით ლილუს და გაჩერებისკენ მივდივართ. გამოვიარეთ ყველასათვის ნაცნობი "პაძემკა" და გაჩერებაზე დავდექით.ველოდებით ჩვენი ოცნების ავტობუსს, მაგრამ რა შედარებაა ადრინდელთან, ახლა უფრო სწრაფად მოდიან. აი, 61-იც გამოჩნდა, მაგრამ იმდენი ხალხია, როგორ გინდა ახვიდე.
-მოდი ავიდეთ რა - მეუბნება ედი.
გაჩერდა...ედი ადის, უკვე შიგნითაა.მე ავედი და მომეხუტა კიდეც კარები. სარეკლამო პოსტერივით გავეკარი და ვფიქრობ, ნეტავ შემდეგ გაჩერებაზე არ გააჩეროს, თორემ გადავვარდები.მაგრამ სადა მაქვს ბედი, თან წესი წესია, ყველა გაჩერებაზე უნდა გააჩეროს და ყველა კარი გახსნას.
ავტობუსი გაჩერდა. ერთი კაცი ჩადიოდა, მაგრამ მანამდე 10 ჩავიდა, რომ ის ერთი ჩამოეტარებინათ.ხალხი ჩადის ავტობუსს კი არაფერი ეტყობა, ისევ ისე ვართ მიჭყლეტილები. M "თავისუფლების მოედანთან" უკვე შეცარიელდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი გაჩერება დაგვრჩა, მე და ედი, მაინც ვიკავებთ ცარიელ ადგილებს, "გულს უხარიაო" ნათქვამია და ჩვენც ვახარებთ.
კოლმეურნეობაზე ჩამოვედით.ედი თავის "43"-ს ელოდება, მე -"39".რა დრო იყო ედიც რომ "39"-ს მოყვებოდა, მერე "43"-ს მიაგნო და მიუხედავად იმისა, რომ საათში ერთხელ მოდის, მაინც გვიღალატა მე და "39"-ს . "39" გამოჩნდა.ედის ვტოვებ, თან არ მინდა დატოვება .ხალხი გარბის, მეც ავდივარ და ისევ მძღოლის გვერდზე ვიკავებ ადგილს, თან ფანჯრიდან ედის ვუყურებ, ისიც მიყურებს, მიღიმის და კოცნებს მიგზავნის.
მძღოლი ამოვიდა. აი, "ბედის ირონია", ისევ ის მძღოლი, შემომხედა და უკვე ნაცნობად იკრიჭება ყურებამდე.ამას რა გააჩუმებს ახლა, ვფიქრობ. არადა არც ვარ ლაპარაკის ხასიათზე.
-აბა, როგორი დღე იყო, დაიღალე?
-კი, ძალიან ( არც ისე ძალიან დავღლილვარ, თუმცა ისე ვთქვი, საკუთარი თავი შემეცოდა )
-რას იზამ. - მეუბნება და მიღიმის.
მეც ვუღიმი.
შემდეგ გაჩერებაზე კონტროლიორები ამოვიდნენ.მათ დანახვაზე ერთმა ქალმა ჩვენი პრეზიდენტის ლანძღვა დაიწყო.რა აღარ უწოდა ახლანდელ მთავრობას.კონტროლიორები ზრდილობიანად ითხოვდნენ ბილეთს.
-წინ გოგონა, გაქვთ ბილეთი? - მომიბრუნდა ერთი მეც.
-კი, კი აქვს, - ჩემ მაგივრად უპასუხა მძღოლმა და თვალი ჩამიკრა.
თვალი ისე ჩამიკრა გეგონება ბილეთი არ მქონდა და გადამარჩინა.მე გავუღიმე...
შემდეგ კონტროლიორი გაცოფებულ ქალს მიუბრუნდა და ბილეთი მოთხოვა. ქალი ამაზე სულ გადაირია. კონტროლიორი შემეცოდა. რას ერჩიან, თავის სამუშაოს ასრულებენ და სამართლიანად ითხოვენ ბილეთს. როცა თანხა იყო ხო იხდიდნენ და რა განსხვავებაა? თუ მგზავრობ, კიდეც უნდა აიღო ბილეთი. კონტროლიორი ჩავიდა. ქალი კი ისევ აგრძელლებდა. მძღოლი მომიბრუნდა, რას ერჩიანო. ხო ისინი თავის საქმეს ასრულებენ-თქო და ნეტავ ხმა სულ არ ამომეღო, ახლა ქალი ჩემკენ მოტრიალდა, რა თავის საქმესო, სად წერია ეგო.ძალიან კარგად ვიცი კანონები და მაგათ მაგის უფლება არააქვთო. ნაძალადევად გავიღიმე.
-ეს იურისტია და კანონებს ნუ ასწავლიით - უთხრა ღიმილით მძღოლმა.
-ეგეთი იურისტები, რომ არიან იმიტომაა ჩვენი ქვეყანა აშენებულიო.
მოდი და რამე უთხარი შენზე უფროსს. არ მინდოდა შეპასუხება. ისე კი გავიფიქრე, ნეტავ ახლა კოდექსი მქონდეს, რომ თვალებზე ავაფარო-მეთქი. შემდეგ გაჩერებაზე ჩავიდა.მე კი მომიშალა ნერვები. არ ვიცი იმ გაჩერებაზე ნაცნობები დახვდა თუ არა, მაგრამ კიდევ აგრძელებდა ლაპარაკს.მძღოლმა შემომხედა და გაიცინა. მე გავუღიმე და გავიფიქრე ნეტავ ამ ქალს - ტვინი და მე - ფული-თქო, მაგრამ მაგას ტვინი, რომ ჰქონდეს სულ დაღუპავს ქვეყანას და კიდევ კარგი, რომ ეგრე არაა.
მძღოლი ისევ ლაპარაკის ხასიათზეა. რას ვერჩი, მთელი დღე გზაშია და სულ ჩუმად ხომ არ იქნება:
-იცი მე შენხელა ბიჭი მყავს, კარგი ბიჭია, ისიც სწავლობს
ოოოჰ, ბედი გამეხსნა, გავიფიქრე და:
-კარგია, სად სწავლობს?
-"ჭავჭავაძეში".
-ძალიან კარგი.
ამასობაში, ვარკეთილსაც მოუახლოვდით, როგორც იქნა, ნაცნობი გაჩერება. ჩასასვლელად ვემზადები და მძღოლის ხმა მესმის:
-შენი ნომერი დამიტოვე.
- არა, არ არის საჭირო.
-მაშინ ჩემი ბიჭისას ჩაგაწერინებ.
-არა, არც ეგაა საჭირო !
მაგრამ ხელში რაღაც ფურცელს მაჩეჩებს. სხვა რა გზაა, გამოვართვი და ვემშვიდობები. ჩამოვედი ავტობუსიდან და ფურცელს პირველივე ურნაში ბილეთთან ერთად ვისვრი.მივდივარ და თან მეღიმება. უცებ, გზაზე 5 ლარიანს ვხედავ, ირგვლივ არავინაა. ისეთი ადგილია სახლებიც კი მოშორებითაა, მაგრამ მე მაინც ჩვეულებრივ ვაგრძელებ გზას. რა ვქნა აღება არ შემიძლია. 5 ლარიანი კი არა 100-იანიც რომ იყოს.ედი და ლილუ ალბათ ამაზე ბევრს იცინებენ, რა სულელი ხარო. იქნებ ვისაც დაეკარგა მობრუნდეს და ნახოს. გავიარე, არადა, მართლა როგორ მჭირდებოდა იმ წუთას ეგ 5 ლარი. იქნებ ჩემზე მეტად სხვას უფრო სჭირდებოდეს და იმას ეპოვა. მოკლედ, გზას ვაგრძელებ და სახლს ვუახლოვდები.მაღაზიაში შევიარე და პური ვიყიდე, იქნებ სახლში არაა და მერე სადარბაზოში შევედი, ლიფტი გამოვიძახე და ავედი. კარებზე დავაკაკუნე, არავინ გააღო. ეტყობა ჩემი ძმა სახლში არაა. გასაღები მოვძებნე და გავაღე. პირველ რიგში, კომპიუტერს ვრთავ.არ ვარ მასზე ძალიან მიჯაჭვული, მაგრამ ჩართული უნდა იყოს, facebook-ი და skype გახსნილი.სიახლეებს ვამოწმებ, შემდეგ magtifun.ge-დან ლინდას ვწერ, რას შვებითქო.მომწერა ერთ სთ-ში მანდ ვარო.მე მანამდე სახლს "მივკარი" ხელი და საჭმელები გავამზადე, რომ როგორც ედი ამბობს, ლინდას "გემრიელობები" დახვდეს . ერთ საათში კარებზე კაკუნია. მე, რასაც ქვია, მივფრინდი და კარები გავაღე. ჩემი "გოჭუნა" მოვიდა. ამ დროს ჩემმა ძმამაც მომწერა, რომ ძმაკაცთან რჩებოდა.კარგია რომ ლინდუსა ჩემთანაა, მარტო აღარ ვიქნები. მე და ლილუ სწავლას შევუდექით და შემდეგ მაგიდის გაწყობა დავიწყე. ამასობაში ლილუ, კომპს მიუჯდა. მოკლედ, face მაგის ნარკოტიკია, არც ერთი ნარკომანი არ იქნება ეგრე დამოკიდებული წამალზე, როგორც ლილუ face -ზე. რა ქნას უმაგისოდ არ შეუძლია და ... როგორც იქნა, მოვწყვიტე კომპს და სუფრას მივუსხედით. თან ლილუს ვანიშნე, არაყიც ხომ არ ჩავარტყათ-თქო.ის დამეთანხმა. მოკლედ სულ გავალოთე, გონება გავგვეხსნებაო და დილითაც გადავკრათ კოლოს წინო. ისე ჩვენ კარგად გვაქვს დაცდილი, რომელი გამოცდის წინაც დავლიეთ, სულ მაღალი შედეგები ავიღეთ .
ტრადიციულად მივყევით სადღეგრძელოებს. ბოლოს წარმატებები ვისურვეთ კოლოზე და ღმერთის წყალობა.ლილუ აკისკისდა, სულ კისკისებს, მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ, მთვრალი როგორ კისკისებს, მერე ბევრი ვიგიჟეთ, ვიცეკვეთ და საწოლებისაკენ გავეშურეთ.ლინდუსამ დადო თუ არა ბალიშზე თავი, ეგრევე ჩაეძინა. მე "ბუძელნიკი" დავაყენე და საწოლიდან რაც შეიძლება შორს დავდე...
მზე უკვე კარგა ხნის ჩასული იყო...


13
135
5-ს მოსწონს
ავტორი:te3e
te3e
135
  
2012, 8 დეკემბერი, 15:25
რამხელა
2012, 26 ნოემბერი, 0:15
:))) ხოო ვნანობ მეც:)
2012, 26 ნოემბერი, 0:13
გაიხარეეე... ისე ის ნომერი არ უნდა გადაგეგდო ;)
2012, 25 ნოემბერი, 23:59
მადლობა :)
2012, 25 ნოემბერი, 23:58
სასიამოვნო წასაკითხი იყო (Y)
2012, 13 ნოემბერი, 17:21
მადლობა.
2012, 13 ნოემბერი, 17:21
კარგი გოგო ხარ..
2012, 13 ნოემბერი, 12:22
რა კარგიააა :)) ჩემს ბედსაც ეშველა მაშინ :))
2012, 13 ნოემბერი, 12:14
დადია დადიან დღეს გვეშველა:D
2012, 13 ნოემბერი, 12:14
ყველა მაგას მეუბნება და გული მწყდება უკვე :)). უნდა ვნახო ის მძგოლი ისევ,მაგრამ სადღა ვნახავ,ავტობუსები აღარ დადიან და :(
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10