2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მსახურის ცხედარი იდენტიფიცირებულია. კაპრალი, რეზო ალავერდაშვილი დღეს მშობლიურ სოფელში, ნიჩბისში დაკრძალეს. ჯარისკაცი აქამდე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე უცნობ ჯარისკაცთა შორის იყო დასაფლავებული. მისი იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზის შედეგად მოხერხდა. ზაფხულში ასევე შესაძლებელი გახდა აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურის - სერჟანტ ზურაბ ტურაშვილისა და უფროსი სერჟანტის, გელა თიგიშვილის იდენტიფიცირება. დაკრძალვის ცერემონიას ნიჩბისში ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.