საქართველო როგორ მივედით 9 აპრილის ტრაგედიამდე - ქრონოლოგია 9 აპრილი, 11:31 ![]() 1989 წლის 18 მარტს აფხაზეთში ჩატარდა 30 ათას კაციანი ლიხნის კრება, რომელზეც ხელი მოეწერა ე. წ. ლიხნის მიმართვას. დეკლარაციის მთავარი არსი იყო აფხაზეთის ასსრ-ის საქართველოსგან გამოყოფა და მისთვის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა. სეპარატისტულ დოკუმენტს ერთ-ერთი პირველი ავტონომიური რესპუბლიკის კომპარტიის პირველი მდივანი ბორის ადლეიბა აწერდა ხელს. ბორის ადლეიბამ ხელი მოაწერა პეტიციას საბჭოთა კავშირისა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს სახელზე, რომელიც აფხაზეთისთვის საკავშირო რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას, ან მოსკოვის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადასვლას მოითხოვდა. ამ ფაქტმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია სოხუმშიც და თბილისშიც. 1 აპრილს დაბა ლესელიძეში „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ აქტივისტებმა ლიხნის კრების საპროტესტოდ ჩაატარეს ანტიიმპერიალისტური მიტინგი, რომლის მონაწილეთა ერთი ჯგუფი — მგზავრებით დატვირთული ორი სამგზავრო ავტობუსი დარბეულ იქნა აფხაზთა ეგზალტირებული მასის მიერ ბზიფსა და ახალ ათონთან, იყვნენ დაჭრილებიც — დაშავდა 10 ადამიანი. პროტესტის ნიშნად სოხუმის ქართველი სტუდენტობა მომხდარის გამო 3 აპრილის ლექციებზე არ გამოცხადდა. 2 აპრილს სოხუმში გაიმართა ქართული მოსახლეობის მიტინგები და მანიფესტაციები, რამაც შექმნა სიტუაციის უკიდურესად ესკალაციისა და გარკვეულწილად მისი უმართაობის საფრთხე. ![]() 3 აპრილს სოხუმის ცენტრში მოეწყო დიდი მიტინგი. მასზე სიტყვით გამოვიდნენ მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი, დიმიტრი ჯაიანი, ვოვა ვეკუა (რომელიც მალევე მოკლეს სოხუმში). მიტინგის დასრულების შემდეგ, ლიდერები შეთანხმდნენ 4 აპრილიდან დაწყებულიყო მასობრივი პოლიტიკური აქციები დედაქალაქში. აქციების მიზანი აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის სოლიდარობის გამოცხადება და ლიხნის შეკრების ორგანიზატიორების დასჯის მიღწევა უნდა ყოფილიყო. ასე დაიწყო თბილისის 1989 წლის 4-9 აპრილის აქცია. იგი აფხაზეთის კრიზისზე სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი რეაქციის დაფიქსირებით დაიწყო, მალე გადაიზარდა საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და დეოკუპაციის მოთხოვნის მქონე საპროტესტო მოძრაობა. ![]() 5 აპრილს თბილისი პარალიზებული იყო. გაიფიცნენ მუშები, დაიხურა სასწავლო დაწესებულებები. ქართულ მედიას იმ დღეს მიმდინარე აქციები არ გაუშუქებია. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. 6 აპრილს სოხუმში თბილისიდან დილით ჩაფრინდა ჯ. პატიაშვილი, სადაც მოწვეულ იქნა აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პლენუმი. ბიუროს სხდომაზე დაისვა ბ. ადლეიბას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი და მის მაგივრად რეკომენდაცია ვ. ხიშბას გაეწია. ”სოხუმში ჩავედი და კომპარტიის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ადლეიბა გავათავისუფლე, აფხაზეთის მთელი საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს გვერდით იყო, აფხაზი მწერალი ბაგრატ შინკუბაც კი” - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ჯუმბერ პატიაშვილი, რომელსაც 1989 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტი ეკავა. ადლეიბას გათავისუფლებით ლიხნის პეტიციის ავტორების ერთგვარი დასჯა მოხდა. ეს თითქოსდა უნდა გამხდარიყო რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე აქციის დაშლის საბაბი. აქციის ინიციატორები, ”ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” წევრები დაშლის მომხრეები იყვნენ კიდეც, მათ შორის თამარ ჩხეიძეც. მაგრამ ტრაგედიის წინ აქციას ”ილია ჭავჭავაძის საზოგადოება” უკვე ვეღარ მართავდა. გადაწყვეტილებებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სხვა და რადიკალურად განწყობილი ლიდერები იღებდნენ. მათ აფხაზების საკითხი გვერდზე გადაწიეს და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნა გამოიტანეს. ”აფხაზეთის პრობლემა საქართველოთვის არ არსებობს, აფხაზეთი იყო, არის და დარჩება საქართველოს განუყოფელ ნაწილად და მასზე კონტროლს განახორციელებს ქართველი ერი” - აცხადებდა ”ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი გიორგი ჭანტურია. ”აფხაზი ერი არ არსებობს”, აღნიშნავდა ზვიად გამსახურდია. ![]() ამ და სხვა ლიდერებმა მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ათასობით ადამიანს უთხრეს, რომ აფხაზეთი ეს იყო კრემლის მიერ შემოგდებული ხელოვნური თემა და აქციისა და მთელი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი ამოცანა საბჭოთა კავშირისგან საქართველოს გამოყოფა უნდა ყოფილიყო. ![]() უკვე ცნობილი იყო, რომ დაპირისპირება აღარ განიმუხტებოდა. მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული. სწორედ იმ დღეს თხოვნაზე ოპოზიციამ პატიაშვილს შეხვედროდა მათ, უპასუხა, რომ საქართველოს მარიონეტულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ აპირებს. ისინი ილაპარაკებდნენ მხოლოდ კრემლის წარმომადგენლებთან, გაეროს სპეციალური მდივნის წარმოადგენლის მეთვალყურეობით. დღის ბოლოს ჯ. პატიაშვილი გამოვიდა ტელევიზიით და მოუწოდა ხალხს დაშლისაკენ. ![]() ![]() მთავრობის სახლის წინ მოედნიდან მომიტინგეთა განდევნის ოპერაციის კონკრეტული გეგმის შემუშავება გენერალმა ი. როდიონოვმა დაავალა სსრკ შსს შინაგანი ჯარების შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსს, გენერალ ი. ტ. ეფიმოვს, 1989 წელს 9 აპრილს, გამთენიისას, 3 საათზე და 30 წუთზე, მაშინ, როცა მშვიდობიანი აქციის, მათ შორის მოშიმშილეების დასჯის გადაწყვეტილება მიღებული იყო, მომინტიგეების წინაშე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გამოვიდა, რომელმაც მოუწოდა მომიტინგეებს დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით გადაენაცვლათ ქაშუეთის ეკლესიაში.აქციის მონაწილეებმა და მით უფრო ორგანიზატორებმა არ მიიღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თხოვნა და მოწოდება - გადაენაცვლათ ქაშუეთის ტაძარში და ამით თავიდან აეცილებინათ საშინელი საფრთხე. ისმოდა შეძახილები: ”არა! ფიცი გვაქვს ნათქვამი!” "ღმერთს შევფიცეთ!” და “არა!” ![]() 4:00-ზე გენერალ- პოლკოვნიკმა ი. როდიონოვმა მომიტინგეთა განდევნის ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა. 4:05 საათზე რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლთან ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი გამოჩნდა. ისინი პროსპექტის მთელი სიგანეზე მოძრაობდნენ, ხალხმა დაუბრკოლებლად გაატარა ისინი. ნაწილმა მთავრობის სახლთან, ნაწილმა კი მხატვრის სახლსა და ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლა. ჯავშანტექნიკის კვალდაკვალ მოდიოდა ჯარისკაცთა წყება, რომელიც 4:07 საათზე შეჩერდა მიჯნაზე: მხატვრის სახლში შესასვლელი — მთავრობის სახლის წინ, მარჯვენა გაზონი. ამ დროს მომიტინგეთა ძირითადი მასა მთავრობის სახლის კიბესთან რჩებოდა. ![]() საწყის პოზიციაზე, ჯარის გასვლასთან ერთად, მომიტინგეებმა დაიწყეს მოედნის დატოვება, მაგრამ მათ არ მიეცათ საკმარისი დრო დაშორიშორებისთვის. ამასთან, არც ის იყო მიღებული მხედველობაში, რომ მოედნიდან თითქმის ყველა გასასვლელი გადაკეტილი იყო, ანუ ევაკუაციის გზები მკვეთრად იყო შეზღუდული. 3 წუთის შემდეგ გაგრძელდა მოედნიდან ხალხის განდევნის ოპერაცია. ![]() 9 აპრილს ტრაგიკული მოვლენების დროს ადგილზე დაიღუპა 16 ადამიანი, ხოლო მიღებული ტრავმის შედეგად 11 აპრილს საავადმყოფოში კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. 13 აპრილს გარდაიცვალა 1 ადამიანი ხოლო 17 აპრილს — 1 ადამიანი 9 აპრილის ტრაგედიის 21-ე მსხვერპლი — ვენერა მეტრეველი, რომელიც მუშაობდა თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში ექთნად, 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე მივიდა გაზით მოწამლული ხალხის დასახმარებლად და თავადაც გაზით მოიწამლა. გარდაიცვალა 12 მაისს საავადმყოფოში. არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით, ცხრა აპრილიდან 20 აპრილის 11 საათამდე, სამედიცინო დაწესებულებების სტაციონარებში მოთავსებული იყო 275 დაშავებული. დაზარალებულთა რიცხვში ასევე მოხვდა 90-მდე ჯარისკაცი. ![]() თბილისის პროკურატურის ცნობით, ქალაქში 9 აპრილს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც იძიებდა პროკურატურა. აღძრული საქმის გამო დაპატიმრებულ იყვნენ ხუხანაიშვილი, კოსტავა, ჭანტურია, სარიშვილი და გამსახურდია. რა ოფიციალური ვერსია გაავრცელა ცენტრალურმა ხელისუფლებამ? " თბილისში, მთავრობის სახლის მოედანზე, ექსტრემისტი, ანტისაზოგადოებრივი ელემენტების მიერ პროვოკაციულად გამოწვეულ უწესრიგობათა აღკვეთის დროს, ჭყლეტის შედეგად დაიღუპა 16 კაცი”. საბჭოთა გენერლები, ოპერაციის უშუალო ხელმძღვანელ იგორ როდიონოვის თაოსნობით, ამტკიცებდნენ, რომ ჯარისკაცები იყვნენ ისინი, ვინც თავს იცავდნენ მშვიდობიანი მომიტინგეებისგან. სსრკ-ს მთავარი სამხედრო პროკურორი ალექსანდრე კატუსევი ამბობდა, რომ “18 ადამიანის, მათ შორის, ქალების გარდაცვალების მიზეზი მხოლოდ ჭყლეტა გახდა”. აღსანიშნავია, რომ შინაგანი ჯარის სარდლობამ ცრემლსადენი გაზის გამოყენება ოფიციალურად მხოლოდ 13 აპრილს აღიარა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში უარყოფდნენ მესანგრეთა ნიჩბების გამოყენებასაც, თუმცა დეზინფორმაციულმა პროპაგანდამ მომიტინგეების “ჭყლეტაში დაღუპვის” შესახებ საბჭოთა კავშირშიც “არ იმუშავა”. როგორც საკავშირო, ისე რესპუბლიკური ორგანოების მიერ მიტინგის აღმკვეთი ღონისძიებების მომზადებისა და განხორციელების დროს დაშვებულ სერიოზულ შეცდომებსა და კანონდარღვევებზე, მათ შორის, ცრელმლსადენი გაზის სასიკვდილო რაოდენობით კონცენტრაციასა და დემონსტრანტებზე სასანგრე ნიჩბებით თავდასხმაზე მიუთითა თავად სსრკ-ს სახალხო დეპუტატების ყრილობის 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ. დეპუტატ ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით შექმნილ კომისიაში 24 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა შორის იყვნენ სახელმწიფო და სამოქალაქო მოხელეები, მწერლები, არმიისა და ეკლესიის წარმომადგენლები 9 მოკავშირე რესპუბლიკიდან. 72 2-ს მოსწონს
|