საქართველო კაცი, რომელიც 35 წელია დუმილს ამჯობინებს -გივი გუმბარიძე 22 მარტი, 12:15 ![]() 80 წლის წინ, 1945 წლის 22 მარტს დაიბადა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გივი გუმბარიძე, საბჭოთა საქართველოს უკანასკნელი ლიდერი.სსრკ-ს დაშლის შემდეგ მისი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ ფაქტობრივად არაფერია ცნობილი. გუმბარიძე დაიბადა თბილისში, მამამისი გრიგორი სამხედრო იყო. დედაზე არაფერია ცნობილი. ასევე თითქმის არ არსებობს ბავშვობის დროინდელი ფოტოსურათები, გარდა ერთისა, სადაც პირველკლასელი გივი თანაკლასელებთან ერთად 1950-იანი წლების დასაწყისშია გადაღებული. ის მარჯვნიდან მეორეა ქვედა რიგში. ![]() მეტიც, სკოლა რაღაცნაირად უცნაურია - მოსწავლეებიდან მხოლოდ ერთია ქართველი. ამიტომ, სავარაუდოს გუმბარიძე ან რუსულ სკოლაში სწავლობდა ან დიდი ალბათობით სწავლობდა საქართველოს სსრ-ს ფარგლებს მამამისის პროფესიიდან გამომდინარე. ფოტოს უკანა მხარეს კლასის მოსწავლეების სიაა ჩამოწერილი. ![]() 1966 წელს თსუ-ს დაამთავრა რუსული ფილოლოგიის განხრით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯარში წავიდა, საიდანაც 1967 წელს დაბრუნდა. სავარაუდოდ, სწავლის წლებში უკვე დაქორწინებული იყო, ვინაიდან 1967 წლის 15 ივლისს გუმბარიძეს და მის მეუღლეს ნათელას შეეძინათ ვაჟი თენგიზი, რომელზეც ქვემოთ მოგვიანებით ვისაუბრებთ. 1968 წელს ოცდასამი წლის გივიმ მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საარქივო განყოფილებაში. გადის ერთი წელი და საარქივო განყოფილებიდან გადადის საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოში, სადაც იკავებს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის თანამდებობას. უფრო მეტიც, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის იყო უპარტიო, რადგან იგი კომუნისტური პარტიის წევრი მხოლოდ 1972 წელს გახდა. ![]() გუმბარიძეს 1977 წლამდე ეკავა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის თანამდებობა, სანამ გადავიდოდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილებაში ინსტრუქტორის თანამდებობაზე. 1980 წლის იანვრიდან შემდეგ ხდება ამავე განყოფილების სექტორის უფროსი. მაგრამ გივი დიდხანს არ დარჩენილა სექტორის უფროსად - უკვე 1980 წლის აპრილში იყო ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების უფროსის მოადგილე. ანდროპოვის მოსვლის შემდეგ, 1983 წლის ივლისში, გუმბარიძე გადაიყვანეს ზესტაფონის რაიონის ცკ-ს პირველი მდივნად.. ![]() 1985 წლის 24 თებერვალს გუმბარიძე აირჩიეს საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოში ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარადან. საინტერესოა, რატომ არა თავად რაიონული ცენტრიდან? ![]() 1986 წლის ივლისიდან ის დანიშნეს საქართველოს კპ ცკ-ის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგედ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ის ხვდება არა მხოლოდ პარტიის წევრებს. ![]() 1987 წელს თბილისობაზე გივი უკვე პირველ რიგებშია. მის გვერდით არის საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პავლე გილაშვილი, ცკ-ს პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი და კოტე მახარაძე. ![]() ![]() ![]() 1988 წლის დეკემბერში საქართველოს სსრ კგბ-ს ხელმძღვანელი ალექსეი ინაური პენსიაზე გავიდა (უფრო გადადგა) მის ადგილს გუმბარიძე იკავებს. სწორედ ამ თანამდებობაზე შეხვდა 1989 წლის 9 აპრილს, დღე, რომელიც მისი კარიერის მთავარი პლაცდარმი გახდა. ![]() "წყნარი და ინტელეგენტური ადამიანი, გუმბარიძემ ვერ მოასწრო გამხდარიყო კაგებეს ნამდვილი უფროსი (ამ თანამდებობაზე რამდენიმე თვე მუშაობდა) და ვერც თავისი პარტიის ნამდვილი ლიდერი. ვერ მოასწრო თუ ვერ შეძლო? დღეს, როცა ყველაფერი უკვე მოხდა, ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ თავად გუმბარიძისთვისაა მნიშვნელოვანი ან იმ ისტორიკოსებისთვის, რომლებიც ჩვენი მშფოთვარე დღეების მოვლენებს გააანალიზებენ. სახალხო დეპუტატთა პირველ ყრილობაზე გ. გუმბარიძემ გამოვიდა სიტყვით, რომელიც ძირითადად თბილისის მოვლენებს მიეძღვნა. საუბარი იყო პოლიტიკურად არასწორ გადაწყვეტილებებზე და მათ მიღებაში მონაწილე ყველას პასუხისმგებლობაზე, მაგრამ გამოსვლის მთავარი პათოსი მიმართული იყო გენერლების „გაუმართლებელი სისასტიკისა და ზედმეტი გულმოდგინების წინააღმდეგ, რომელსაც არავინ მოითხოვდა“. არსებითად, ეს იყო პასუხი გენერალ ი.როდიონოვის გამოსვლაზე, რომელმაც ისაუბრა თბილისურ პროვოკაციაზე და პერესტროიკის ქართულ ვერსიაზე. გ. გუმბარიძემ სამხედროები ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულა თავად "თავად ოფიციალური ხელისუფლების წინაშეც მაინც რა როლი ითამაშა თავად გუმბარიძემ საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღებაში? ბოლოს და ბოლოს, როგორც რესპუბლიკური კგბ-ს უფროსს და საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრს შეუძლებელია მონაწილეობა არ მიეღო ტრაგიკული მოვლენების წინა დღეს შეხვედრებსა და თათბირებზე. მაგრამ გასაკვირი ის არის, რომ ამ შეხვედრების ვერცერთმა მონაწილემ ვერაფერი თქვა გუმბარიძის პოზიციაზე." 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ჯუმბერ პატიაშვილი გადადგა. თბილისში ჩამოსულმა რაზუმოვსკიმ (არა ედუარდ შევარდნაძემ, არამედ სწორედ რაზუმოვსკიმ - პოლიტბიუროში იგი კურირებდა საკადრო საკითხებს) გორბაჩოვს ურჩია გუმბარიძე დაენიშნა საქართველოს ხელმძღვანელად. გუმბარიძეს მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, - მოვლენები საქართველოში უკვე თვითდინებით ვითარდებოდნენ. ძველი ხელისუფლების, ძველი სისტემის დამარცხება გარდაუვალი იყო. გუმბარიძეს მხოლოდ იმ სისტემის შერბილება შეეძლო. მან, უპირველეს ყოვლისა, „ინტელიგენციასთან“ დაახლოება სცადა, მაგრამ ამაოდ, - კომუნისტური საზოგადოების ელიტა უკვე გრძნობდა, რომ ძველი სისტემა განწირული იყო და მომაკვდავ ხელისუფლებასთან ალიანსს გაურბოდა. ![]() ამგვარი ბრალდება გუმბარიძის მიმართ სრულიად უსამართლო და უსაფუძვლოა: 9 აპრილის შემდეგ კომუნისტურ ხელისუფლებას ფაქტობრივად ძალაუფლება აღარ გააჩნდა. ეს თუნდაც იქედან ჩანს, თუ რა ადვილად დაიკავა ირაკლი წერეთელმა „იმელის“ შენობა, გუმბარიძემ კი მისი იქედან გამოძევებაც ვერ გაბედა. იგივე გუმბარიძეს რომ მაშინ რაიმე ზომები მიეღო ზვიად გამსახურდიას და ირაკლი წერეთლის წინააღმდეგ, სწორედ ის, „ინტელიგენტები“ უკვე პირუკუ აუყვირდებოდნენ გუმბარიძეს „ზვიად გამსახურდიას და წერეთელს შეეშვიო". გუმბარიძემ 1989 წლის დეკემბერში სცადა „ეროვნული ქარიზმის“ მოპოვება, როდესაც მართლაც კარგი სიტყვა წარმოთქვა სსრკ სახალხო დეპუტატთა მეორე ყრილობაზე - 9 აპრილის მოვლენათა განხილვის დროს. მაგრამ ყოველივე ამაო იყო. კომუნისტურმა ისტებლიშმენტმა საქართველოში თავისი დრო მოჭამა, უფრო ზუსტად, მას უნდა გაეგრძელებინა არსებობა სხვა ფორმით. მიხეილ გორბაჩოვმა სწორედ ეს სიტყვა არ აპატია გივი გუმბარიძეს. გადადგომის შემდეგ, კომპარტიაში არსებული წესისამებრ, გორბაჩოვს იგი სამუშაოთი უნდა დაეკმაყოფილებინა. „დააკმაყოფილა“ კიდეც, - სოჭის ქალაქკომის მეორე მდივნობა შესთავაზა. ![]() სსრკ-ს დაშლის შემდეგ გუმბარიძე კვლავ მოსკოვში დარჩა, თუმცა ქართულ მედიაში ხანდახან ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ ის თითქოს თბილისში განდეგილივით ცხოვრობს და 1991 წლიდან (!)ფაქტობრივად სახლიდან არ გამოსულა. მისი ვაჟი თენგიზიც მოსკოვში ცხოვრობს, ის განათლებით იურისტია. ![]() ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციით, გუმბარიძე უმცროსი მშენებლობით არის დაკავებული. მისი კომპანია კუტუზოვსკის პროსპექტზე 24-ე კორპუსში არის რეგისტრირებული.ის ხელმძღვანელობს ორ ამერიკული სამშენებლო კომპანიის, შპს Augusta Marketing Company-სა და Pineridge Construction Company LLC-ის წარმომადგენლობას. რაც შეეხება თავად გივი გუბარიძეს, დღეს ის ნამდვილად უბრალო მოსკოველი პენსიონერია. მაგრამ არავინ იცის, რას აკეთებდა 1992 წლიდან პენსიაზე გასვლამდე. თავად გუმბარიძე აგერ უკვე თითქმის 35 წელია დუმილს ამჯობინებს. 1078 2-ს მოსწონს
|