
სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე ბიზნესმენ, გიორგი ჩიკვაიძის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"გიორგი ჩიკვაიძე, რამდენიმე წლის წინ ითხოვდა ჩემი და ჩემი მეგობრების დაჭერას. ( ორგანიზაცია სირცხვილიადან). ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება რომ ამ ფაქტზე ვიყო დაბოღმილი დღემდე და მის წინააღმდეგ უკანონო ქმედებებზე, რეაქცია არ მქონდეს. პირადი მოტივაციით რევანშით სიამოვნების მიღება, ცალკე ქოცური მიმდინარეობაა რასაც მადლობა ღმერთს, არასდროს და ვერასდროს გავუგებ."- წერს მარიამ გეგუჩაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თანხების უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება - გირაო, პატიმრობით შეუცვალა. მის ბიზნესპარტნიორ, ირაკლი პაპიაშვილს კი გირაო ძალაში დაუტოვა.
ცნობისთვის, 38 წლის ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და საარჩევნო კამპანიაშიც ეხმარებოდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან რეკეტსა და "ბიზნესის ახევის" მცდელობაზე საუბრობდა.
ბიზნესპარტნიორების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე მათი ყოფილი კლიენტის, სამშენებლო კომპანია "ETS Building"-ის მფლობელის, ელგუჯა თურმანიძის მიმართვის საფუძველზე აღძრა. ბიზნესმენებს ფულის მითვისება-გაფლანგვას ედავებიან.