საქართველო
"ვაი თქვენს პატრონს მართლა”- ვის მიმართავს ნიკა გვარამია
დღეს, 11:50

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც იმ ადამიანების შესახებ წერს, ვინც ზელენსკის ტრამპთან გუშინდელი შეხვედრისას გამოვლენილი ზედმეტი ემოციურობისთვის აკრიტიკებს:
"არ შემიძლია ეს “დიპლომატია გვესმის” ქართველები, ფბზე ზელენსკის ემოციურობას რომ არჩევენ და რაღაც ამორალურ და ფსევდოპრაგმატულ ბოდიალობებს წერენ მისი ფსიკის სტაბილურობაზე.
ვაი თქვენს პატრონს მართლა"- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზელენსკისა და ტრამპს შორის ოვალურ ოფისში შელაპარაკება მოხდა. ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა, ხოლო ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი უპატივცემულობაში დაადანაშაულა. ზელენსკიმ ტრამპს ღიად უსაყვედურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ რბილი მიდგომების გამო. ტრამპი აცხადებდა, რომ პუტინს შეთანხმების გაფორმება სურს.
ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა არ წავიდეს "კომპრომისზე მკვლელთან" - რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინზე მინიშნებით. საუბარში ჩაერთო ასევე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც - მან ზელენსკის უთხრა, უპატივცემულობაა ოვალურ ოფისში თქვენი პოზიციის გასატარებლად მოსვლაო, რასაც ტრამპიც დაეთანხმა. მედიასთან საუბრის ბოლოს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ის "ძალიან მადლობელი" არ არის და ეს "დიდი სატელევიზიო მომენტი იქნება".