x
მეტი
  • 21.02.2025
  • სტატია:140408
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513278
"უკვე ყურებჩამოყრილი გავდიოდი გამოცდიდან, უკან რომ მიმაბრუნა და „კოჭლი“ სამიანიც გამატანა თან…" - გურამ ფირცხალავა
image

18 თებერვალი ქართული კინოს და თეატრის მსახიობის, გურამ ფირცხალავას დაბადების დღეა, მსახიობი მუშაობდა გორის გ. ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, შემდეგ კი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1972 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობია. მონაწილეობდა 71 ფილმში, მათ შორისაა "ჯვარცმული კუნძული", "მოლოდინი", "პირველი მერცხალი", "დათა თუთაშხია", "ბანდიტი აგურის ქარხნიდან", "დღეს ღამე უთენებია", "ბატონი ავანტურისტები, "ვალსი პეჩორაზე" და სხვა.



მსახიობ ასეთ ისტორიას იხსენებს:


„მათემატიკა არასდროს მეპიტნავებოდა და ამ საგანში ყოველთვის მოვიკოჭლებდი. მოუსვენარი ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ მათემატიკის გაკვეთილებზე კარგად ვიქცეოდი. მასწავლებლები სამიანს არ მამადლიდნენ და კლასიდან კლასში გადავყავდით. მეათე კლასში კი მათემატიკის მასწავლებლად ცნობილი ნოე ტაბაღუა დაგვინიშნეს. მასთან ჩაწყობა „არმოსული პონტი“ იყო. გინდა სულ გასუსული მჯდარიყავი მის გაკვეთილზე, გინდა ყირაზე გადასულიყავი, ბოდიში და, ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. იცოდი? – ხუთიანს დაგიწერდა, არა და – ნულიანს. მიუხედავად იმისა, რომ ნოეს გაკვეთილებზე სანიმუშო დისციპლინით გამოვირჩეოდი, ჟურნალი სულ ნულიანებით მქონდა გატენილი. ჩემი ძმაკაცი და თანაკლასელი გივი ჯახუა კი რას არ სჩადიოდა მათემატიკის გაკვეთილებზე – ყვიროდა, აბრახუნებდა, მღეროდა და ასე შემდეგ, მაგრამ მათემატიკა წყალივით იცოდა და სულ ხუთიანები ჰყავდა. მე და გივი საზღვაო სასწავლებელში ვაპირებდით ჩაბარებას. მსახიობობაზე სკოლაში არც კი მიფიქრია და „სამარეხოდკოდ“ საგანგებოდ ვემზადებოდით სპეციალურ დისციპლინებში.


გამოსაშვები გამოცდების დრო რომ მოვიდა, ყველა საგანი ჩავაბარე და ბოლოს მათემატიკა მქონდა დარჩენილი. უიმედოდ ვიყავი, რადგან ვიცოდი, ვერ ჩავაბარებდი და ვერც გადავიწერდი. ნოე არავის აკარნახებინებდა და ჩავფლავდებოდი. ატესტატიც გვერდზე დამრჩებოდა და „მარეხოდკაც“. ერთი სიტყვით, ყურებჩამოყრილი ვიყავი. ამ დროს გივი ჯახუას გონება გაუნათდა და მითხრა:

– ნუ გეშინია, გურამ, მოვიფიქრე შენი საშველი და გადარჩიო.

– როგორ-მეთქი?

– როგორ და, ჩვენ ხომ მორზეს ანბანი ვიცით? ჰოდა დაფასთან რომ გამოგიყვანს ნოე, კაკუნს დავიწყებ, ამგვარად გიკარნახებ და ჩააბარებო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მათემატიკის გამოცდაზე ჩემი ჯერი რომ დადგა, გივიმ კაკუნი დაიწყო. ის აკაკუნებს, მე ვწერ. ერთი სიტყვით, ყველაფერი სწორად დავწერე და ნოემ რომ დაფას შეხედა და შეფასება უნდა ეთქვა, უცებ მაგიდაზე ამოაკაკუნა – ნულიანი…

ნოე ტაბაღუა ძველი მეზღვაური ყოფილა, მორზეს ანბანი სცოდნია, ფანდს მიგვიხვდა და უკვე ყურებჩამოყრილი გავდიოდი გამოცდიდან, უკან რომ მიმაბრუნა და „კოჭლი“ სამიანიც გამატანა თან…“

0
247
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0