საზოგადოება "საქართველოში არსებობს მხოლოდ ერთი ტელევიზია,ხოლო ყველა დანარჩენი არის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილება"-ბონდო მძინარაშვილი გუშინ, 20:19 ჟურნალისტის, საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის შეფასებით, კლასიკური გაგებით, საქართველოში არსებობს მხოლოდ ერთი ტელევიზია, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო ყველა დანარჩენი არის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილება.ამის შესახებ მან "დღის თემაში" ისაუბრა. „ამ მაუწყებელს ჰქვია საზოგადოებრივი მაუწყებელი, არა რომელიღაც ტელევიზიის მსგავსად რაღაც კონკრეტული სახელი, რომელიც შეიძლება დამფუძნებელმა ან ტელევიზიის თანამშრომლებმა შეარჩიონ, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებელი, და ის საქმიანობს კანონის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ყველა ტელევიზია ექვემდებარება მაუწყებლობის შესახებ კანონს, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელს იქ ცალკე, უზარმაზარი ადგილი აქვს დათმობილი და კონკრეტულად არის გაწერილი, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, როგორ უნდა გააკეთოს, რა პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს, რაზე უნდა გაამხვილოს ყურადღება, როგორ უნდა იმუშაოს სამეურვეო საბჭომ, რომელიც პარლამენტის მიერ მტკიცდება, როგორ უნდა იმუშაოს მენეჯმენტმა, რას აკეთებს გენერალური დირექტორი და.შ. ჩვენთან არის როგორც უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობის, აგრეთვე ომბუდსმენის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობები. არცერთი ტელევიზიის საქმიანობა ისე ზუსტად არ არის გაწერილი კანონმდებლობით, როგორც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის. მეორე საკითხია, რომ ყველა, ვინც თავის თავს უწოდებს ტელევიზიას, არ არის ტელევიზია. ჩემი აზრით, საქართველოში არსებობს მხოლოდ ერთი ტელევიზია, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, ასევე ვართ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეებიც და ამას განვიხილავ ერთიანად, როგორც ერთ ორგანიზმს. მხოლოდ ეს არის ტელევიზია კლასიკური გაგებით. ყველა დანარჩენი არის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილება. ნებისმიერ მათგანს დავუმტკიცებ, რომ არის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილება. ყველა ტელევიზია ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს კარგად გამოჩნდა, ვინ საიდან ვისთან ჩაასსხა უზარმაზარი ფული. მუდმივად როცა საუბრობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმიტომ იღებს დაფინანსებას, რომ გარანტირებული იყოს ჩვენი დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა 46 1-ს მოსწონს
|