საზოგადოება როგორ შეუფასა გალაკტიონმა ტერენტი გრანელს ცნობილი ლექსი "Memento Mori" 16 იანვარი, 18:07 ტერენტი გრანელი მთაწმინდაზე ცხოვრობდა. იმ დღეს, როდესაც ყველასათვის ცნობილი ლექსი "Memento Mori" დაწერა, ძალზე გახარებული გამოვარდა სახლიდან და დაღმართზე დაეშვა, თითქოს მიფრინავდა სიხარულით... ოპერის თეატრთან შემთხვევით გალაკტიონი შეეჩეხა. გახარებულმა ტერენტიმ გამარჯობისთანავე მიახალა - გალაკტიონ, გალაკტიონ, იცი, რა მაგარი ლექსი დავწერეო?
გალაკტიონმა- ხო, ძამიკოო? მომიყევი აბაო, და გრანელმაც ერთი ამოსუნთქვით მოუყვა Memento Mori.
გალაკტიონი დაფიქრდა. ცოტა ხნის შემდეგ ეუბნება, კიდევ მომიყევი, აბა, ძამიკოო. ტერენტიმ უსიტყვოდ გაუმეორა "Memento Mori" და დიდი ინტერესით ელოდა, რას ეტყოდა გალაკტიონი.
ამ უკანასკნელმა კი ისევ იგივე პასუხი გასცა - მიდი, ერთხელ კიდევ მომიყევი ძამიკოო.
ტერენტის ცოტა არ იყოს ეს არ ესიამოვნა, გაუკვირდა და კიდევ აუსრულა სურვილი და მოუყვა ახალი ლექსი გალაკტიონს.
გალაკტიონისგან რაიმე შეფასებისმაგვარის ან ქების მომლოდინე ტერენტიმ კი ასეთი პასუხი მიიღო:
- "კაი, ძამიკო, კაი" - და გალაკტიონმა ჩაიარა.
გრანელს გაუკვირდა, არ ესიამოვნა და ბოლოს გაბრაზდა კიდეც გალაკტიონზე.
მეორე დილით როცა დაღმართზე დაეშვა გალაკტიონზე განაწყენებული პოეტი, ნატრობდა, ნეტა სადმე შემხვდეს გალაკტიონიო!
მართლაც, ოპერასთან ისევ შეხვდა გალაკტიონს, მივარდა და გალაკტიონმა არ დააცადა:
“ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს "Memento mori"-ა.
დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.
სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის.
ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.
რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.
ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს "MEMENTO MORI"-ია."
ასე მიიღო ტერენტი გრანელმა საუკეთესო კომპლიმენტი, MEMENTO MORI"-იმ კი საუკეთესო შეფასება.
ლექსი იმდენად კარგი იყო, რომ პოეზიის მეფემ ზეპირად დაისწავლა და ამგვარად მიესალმა ღირსეულ პოეტს.
ნინი კალანდაძე
113 შეფასება არ არის
|