x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
რა ტრაგედია დაატყდა თავს 9 წლის ასაკში ,,ნიჭიერის" გამარჯვებულ ნონა გიუნაშვილს

image2012 წლის კონკურს "ნიჭიერის" გამარჯვებული, როგორც იცით, ნონა გიუნაშვილია. მან ქვიშაზე ხატვის საოცარი ოსტატობითა და გულწრფელი გრძნობების გამოხატვით ყველა გააოცა. ნონა თბილი, გულღია და თავმდაბალი ადამიანია. მან საკუთარი ცხოვრების შესახებაც გვიამბო და სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა.
- 9 წლამდე ლამაზი და ლაღი ბავშვობა მქონდა. მოგვიანებით ჩემს ოჯახს ტრაგედია დაატყდა თავს. ჩემს 7 წლის დას სიმსივნე აღმოაჩნდა და მალე დაიღუპა... თითქოს აქ დასრულდა ჩემი ბავშვობა. მძიმე იყო შვილის სიკვდილით ტრავმირებული მშობლების ყურება, - საოცრად იტანჯებოდნენ. ის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ურთულესი გახლდათ. ხატვა პატარამ დავიწყე, ამის გამო ყველა აღფრთოვანებას გამოხატავდა. ძირითადად ფანქრით ვხატავდი. 7 წლის ვიყავი, როდესაც სამხატრო სკოლაში შევედი და ოთხწლედი დავამთავრე. იმის შემდეგ კი სამხატვრო ტექნიკუმშიც ვსწავლობდი. ადრე მომიწია ოჯახის შექმნამ. 16 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე დიდ პატივს სცემდა ჩემს საქმიანობას, ნაადრევმა გათხოვებამ კარიერულ წინსვლაში მაინც შემიშალა ხელი. შემეძინა შვილები და მოკლედ, დიდი შემოქმედებითი პაუზა გამომივიდა...
- ხშირად ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახი ინგრევა ხოლმე...
- კი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ მომხდარა... ალბათ, გახსოვთ, ერთი პერიოდი როგორ მოდაში იყო მოტაცება (იცინის). მაშინ მეც ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. ჩემი მომავალი მეუღლე, გაცნობიდან ორ თვეში გამომიტყდა სიყვარულში. მის მიმართ მეც მქონდა გრძნობა, მაგრამ გათხოვებაზე არც კი ვფიქრობდი. მან კი იცოდა, რომ თაყვანისმცემლები მყავდა და ოჯახის შექმნაც ამიტომ დააჩქარა... იმის გათვლა კი ძნელია, მეორე ნახევარი თანაცხოვრებაში ისეთი აღმოჩნდება თუ არა, როგორიც წარმოგედგინა, მაგრამ ჩვენ, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვენივრად აგვეწყო; ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. ჩემს მეუღლეს ვუყვარდი და დიდი სიყვარულითა და უამრავი დადებითი თვისებით მეც შემაყვარა თავი.
- ნონა, თავიდან ხომ ფანქრით ხატავდი?! რამ გადაგაწყვეტინა, ქვიშით ხატვა დაგეწყო?
- თავდაპირველად ქვიშით ხატვა ინტერნეტში ვნახე და ამ ხელოვნებით დავინტერესდი - მინდოდა, ქვიშით მეც დამეხატა. ვცადე საქართველოში ისეთი ადამიანის მოძებნა, ვინც იცოდა ეს საქმიანობა და ამის შესწავლაში დამეხმარებოდა, მაგრამ ვერავინ ვიპოვე და ხელი ჩავიქნიე. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გამახსენდა, თუ როგორ მინდოდა, ქვიშაზე ხატვა მცოდნოდა. თითქოს ომის დროს მიღებული ტკივილი აღმოჩნდა ბიძგი ამ საქმიანობის დასაწყებად. თავდაპირველად ხატვა ვცადე - ქვიშით, მანანის ბურღულით, მაგრამ ფიგურების გამოსახვა მიჭირდა, ვერაფრით ვაკეთებდი იმ ფიგურებს, რაც მინდოდა. ამისათვის მჭირდებოდა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მიღებული ქვიშა, რომელიც ძალიან რთულად მოსაპოვებელი და ძვირი იყო. გამოსავალი მაინც ვიპოვე, საჩხერეში ისეთ სამშენებლო ქვიშას მივაგენი, რომლითაც დავიწყე ხატვა. ხელოსანსაც სპეციალურად შევუკვეთე შუშის მაგიდა. პირველი, რაც ქვიშით გამოვსახე, 2008 წლის აგვისტოს ომი იყო, რომელიც შემდეგ "ნიჭიერის" შესარჩევ ტურზეც წარმოვადგინე.
- საერთოდ, რატომ გადაწყვიტე კონკურს "ნიჭიერში" მონაწილეობა?
- ახლობლებმა გამაბედვინეს, - იქნებ გახვიდე კონკურსზეო... თან, მეც მინდოდა, ჩემი შემოქმედება ხალხს გაეცნო. ზოგადად არ ვარ გაბედული და თამამი ადამიანი, ამიტომაც მეშინოდა სცენაზე გასვლის. არ ვიცოდი, უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე როგორ გავუმკლავდებოდი ემოციებს, მით უფრო, არასდროს ვმდგარვარ სცენაზე...
- სხვა დროს თუ მონაწილეობდი გამოფენებსა და ღონისძიებებში?
- ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელი ვარ და ხატვის პედაგოგთა გამოფენებში ვმონაწილეობდი ხოლმე.
- ომის თემა იყო შენი მთავარი სათქმელი. ალბათ, მძიმედ გახსენდება ის პერიოდი...
- კი, ძალიან რთული გადასატანი იყო... ომი ჩემზე რთულად გადასატანი ალბათ მათთვის იყო, ვისაც ოჯახის წევრი ან უახლოესი ნათესავი დაეღუპა... ბავშვობიდან სიხარულსაც და ტკივილსაც ჩემი ნამუშევრების საშუალებით გამოვსახავდი. ასე მოხდა 2008 წლის ომის დროსაც: გორი პირველად რომ დაიბომბა, ქალაქში ვიყავი და მეზობლის სარდაფში ვიმალებოდით. ჩემი მეუღლე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ის გორის შს სამმართველოში მუშაობს და მისი იქ ყოფნა აუცილებელი იყო... როცა სიტუაცია დაიძაბა, თბილისში წამოვედით, თვე-ნახევრის განმავლობაში საბავშვო ბაღის შენობაში ვცხოვრობდით. ჩემი მშობლები გორში იყვნენ, ქალაქი კი მოგეხსენებათ, სისტემატურად იბომბებოდა... ახლაც, როდესაც დევნილების ჩასახლებებს ვუყურებ, გული მტკივა. ჩემი მშობლები იქ ცხოვრობენ... სამწუხაროდ, ომმა ბევრი ჩემი ნაცნობი და შორეული ნათესავი შეიწირა...
- შენს პირველ გამოსვლას "ნიჭიერში" ჟიურისგან და დარბაზში მყოფი დამსწრე საზოგადოებისგან ოვაციები მოჰყვა. სოციალურ ქსელში კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქვიშაზე ბევრი ხატავს და ამაში გასაოცარი არაფერიაო...
- სიმართლე გითხრათ, კრიტიკას ველოდი. მეგონა, კრიტიკა იმაზე მეტი იქნებოდა, ვიდრე იყო, მაგრამ ქართველი საზოგადოება ზუსტად მიხვდა, რომ ქვიშაზე ის გადავიტანე, რაც ყველას ერთად გვტკიოდა... შეფასებებით კმაყოფილი ვარ, რადგან უმეტესობამ მოიწონა.
- ახლობლებმა როგორ შეგაფასეს?
- მამაჩემი თავიდან ჩემმა გადაწყვეტილებამ შეაშინა; მეუბნებოდა, - შესაძლებელია, ისე არ იყოს ყველაფერი, როგორც გინდა და ფიქრობო, მაგრამ ვარწმუნებდი, რომ ყველანაირ წინააღმდეგობას გავუმკლავდებოდი. როდესაც კამერით ვაჩვენე ის, რაც კონკურსზე უნდა შემესრულებინა, გული აუჩქარდა და ცრემლები წამოუვიდა. მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან არ უყვარს ზედმეტად შექება. მამის ცრემლები, სიმართლე გითხრათ, გამიხარდა, რადგან ეს ჩემთვის პირველ შესარჩევ ტურზე მიღებულ შეფასებასაც კი უდრიდა. ომით გამოწვეული ტრაგედიის შემდეგ ჩემი შემოქმედებით სიხარული რომ მივანიჭე ჩემს მშობლებს, ბედნიერი ვარ!
- ქართველი კაცების უმეტესობას მეუღლე მხოლოდ სამზარეულოში წარმოუდგენია; ამიტომაც, დიდად არ ხიბლავთ ხოლმე ცილების წარმატება. შენს შემთხვევაში, მგონი, პირიქით არის, არა?

image

- ჩემი მეუღლე ხელს მიწყობს კარიერულ წინსვლაში. როდესაც ვუთხარი, რომ "ნიჭიერში" მინდოდა მონაწილეობა, მკითხა, ვიყავი თუ არა საკუთარ ძალებში დარწმუნებული. რაკი დარწმუნებული ვიყავი საკუთარ შესაძლებლობებში, სხვებსაც ვარწმუნებდი, რომ კონკურსზე გამოსვლას შევძლებდი (იცინის), მათ შორის ჩემს მეუღლესაც. ჩემი წარმატებით დღეს ის ძალიან გახარებულია...
- გამარჯვებას ელოდი?
- არა. თავიდან მინდოდა, რომ უბრალოდ შემდეგ ტურში გადავსულიყავი... ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ბედნიერება მეწვეოდა. ოჯახის წევრებისთვისაც ჩემი წარმატება მოულოდნელი იყო. დღესაც ტირიან, ფინალის კადრებს რომ უყურებენ. როდესაც სცენიდან კულისებში გამოვედი, გული წამივიდა, წვეთებით მასულიერებდნენ. მთელი პროექტის განმავლობაში ჟიურის წევრებისგან თანადგომა ვიგრძენი, რაც დიდ სტიმულს მაძლევდა.
- მომავალში რა გეგმები გაქვს?
- გაჩერებას არ ვაპირებ. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. ამ პროექტში გამარჯვება იმას არ ნიშნავს, რომ აღარაფერი გავაკეთო და მოვდუნდე. ჩემი თანაქალაქელებისგანაც დიდი თანადგომა ვიგრძენი. დღეს ტაძარში ვიყავი და ჩემ მიმართ ისეთ სითბოს გამოხატავდნენ, რომ გული ამიჩუყდა, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. რაც შეეხება შემოთავაზებებს - მაქვს: მთხოვენ, რომ მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა ღონისძიებაში. რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვთანხმდები.
- გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციაში სტუმრად იყავი მიწვეული, ალბათ, გაგიხარდა პრეზიდენტისგან ასეთი ყურადღება.
- როცა დამირეკეს, პრეზიდენტის რეზიდენციაში უნდა მობრძანდეთო, ვერ ვიჯერებდი. მართლაც გულთბილი შეხვედრა იყო, ძალიან საინტერესო დღე გამოვიდა...
- შენი შვილები აცნობიერებენ დედის ამ წარმატებას?
- ჩემი შვილები არც ისე პატარები არიან (უფროსი 10 წლის, უმცროსი - 8-ის), რომ ეს ყველაფერი ვერ გააცნობიერონ. ძალიან უხარიათ. ყოფილა შემთხვევა, როცა მატერიალური მდგომარეობის გამო, მათთვის პატარა სურვილიც კი ვერ ამისრულებია. ბედნიერი ვარ, რომ უკვე შემიძლია, მათი ყველა სურვილის ასრულება.
- საჩუქრად - ბინა ბათუმში, ავტომობილი, თანხა გადმოგცეს. ხომ არ გიფიქრია ბინის სხვა ქალაქში გადაცვლაზე ან გაყიდვაზე?
- ბინას ნამდვილად არ გავყიდი და არც გადავცვლი. რაც შეეხება ავტომობილს, მართვას ვსწავლობ, რომ ვისარგებლო...

7
4292
10-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
4292
  
2012, 30 ოქტომბერი, 15:57
უამრავი სათაურის მოფიქრება შეიძლება რა თქმა უნდა :) გმადლობთ
2012, 30 ოქტომბერი, 2:07
შეიძლებოდა სხვა სათაურიც მოგეფიქრებინა, ისე საინტერესოდ გამოვიდა.
2012, 26 ოქტომბერი, 12:09
+++++++++++++++++++++
2012, 26 ოქტომბერი, 11:30
ისე, რატომ აგებენ ხოლმე,ტრაგიკულ ამბებზე მაინცდა მაინც თავიანთ ამბებს..თითქმის ყველას აქვს წარსულში, რაღაც ტრაგიკული, მაგრამ ამით თავს არ უნდა იბრალებდეს ადამიანი,რადგან შესაძლოა,სხვას უფრო მეტი სატკივარი აქვს. მაპატიოს ყველამ თუ ისე, არ გამომივიდა ნათქვაი.. მაგრამ არცერთი ბოლო დროს მიხწეული წარმატებული, ადამიანი არ მახსენდება,რომელსაც არ მოეყოლოს პროფილური ამბავი :)))
2012, 26 ოქტომბერი, 10:27
ასეთი სათაურები მაღიზიანებს ხოლმე მაგრამ გამართლებულია :D
+
2012, 25 ოქტომბერი, 22:30
მადლობა :))
2012, 25 ოქტომბერი, 22:18
+1
0 1 7