პოეზია "ოქროს ღილები" - ბესიკ ხარანაულის ახალი ლექსი, რომელიც რუსული რეჟიმის მიერ დაპატიმრებულ ახალგაზრდებს ეხება 2024, 28 დეკემბერი, 14:19
ო ქ რ ო ს ღ ი ლ ე ბ ი ეგ რა გაუბედეთ ჩემს გოგო-ბიჭებს, ცემა გაუბედეთ? ეგ რა შეჰკადრეთ, ციხეში შეყარეთ? სულ ზეპირად ვიცი, როდის ვიყავ უთავმოყვარო, და, მეჯავრება! ეგ რა გაუბედეთ საქართველოს, დააწყვიტეთ, ოქროს ღილები? ეგ რა ჩაიდინეთ, უჯრებში შეყარეთ? ბრჭყვიალებამ თვალები მოგჭრათ? გსურთ, საქართველოს სიშიშვლე უჩანდეს? ხახახა... რომ ვიყავი ახალგაზრდა, და, რომ ვბრჭყვიალებდი, დაკეტილი უჯრები ძლიერ მიზიდავდა, სულ ზეპირად ვიცი როდის ვიყავი საძაგელი, და, მეჯავრება! გახსენით სკები, რომ ფუტკარმა გამოიმღეროს, გააღეთ უჯრები, დამიბრუნეთ, ჩემი ღილები, უდიერად რომ დამაწყვიტეთ, მომიბრძანეთ. რომ სიშიშვლე ისევ შევიმოსო. ზეპირად ვიცი მტყუანი, მართალი, სირცხვილი რომ ვიცი, ამან შემინახა! იჩქარეთ, თორემ წამოვედი ჩემი სისრულით, ასაკით, კალმით, და, წმინდა სიშიშვლით! აქა ვზივარ, და მომართვით, ჩემი ოქროს ღილები, ძაფი ნემსს მიგია, და, მოლოდინში ვარ. ბესიკ ხარანაული
186 2-ს არ მოსწონს |