x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512637
ქართული სამართლის ძეგლები

image

XI-XII_ე საუკუნეებში საქართველოში განვითარების მაღალ საფეხურებზე ავიდა იურისპუდენცია. მაგალითად, ექვთიმე მთაწმინდელის (955-1028) თარგმნილი "მცირე სჯულის კანონი", რომელიც საეკლესიო, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობის ენციკლოპედიას წარმოადგენს. მასში ასახულია როგორც ბიზანტიური, ასევე იმდროინდელი ქართული საეკლესიო სამართლებრივი კულტურა. მან გადაამუშავა, ქართული მასალა შეიტანა და შექმნა სრულიად ახალი ქართული რედაქცია სჯულის კანონისა. ძეგლს დართული აქვს ექვთიმეს მოძღვრება ბოროტმოქმედების შესახებ, მოცემულია მკვლელობების სხვადასხვა კვალიფიკაცია, იურიდიული ცნებების განმარტება – შემუშავებული ჰქონდა ცნება "ბრალი", ამისთვის საჭიროა გამოძიება და განკიცხვა კაცისა, ვიდრე ბრალს წაუყენებ. იგი განასხვავებს განზრახვასა და გაუფრთხილებელ მოქმედებას, ასევე შემთხვევას. მაგალითად, თუ კაცმა ხეს შეშა ან ქვა სტყორცნა და იგი მეორე კაცს უნებურად მოხვდა და მოკვდა, უნდა შეფასდეს როგორც განზრახვის გარეშე.
საქართველოში განვითარებულია პროცესუალური სამართალიც. ბაგრატ IV_ის ოპიზის სიგელში აღწერილია სასამართლო პროცესი, რომელიც ეხება ორ მონასტერს შორის მამულების შესახებ დავას. დაპირისპირებული მხარეებია ოპიზა და მიჯნაძორი. წარმოდგენილი სიგელების მიხედვით გაირკვა საკუთრების შესახებ და გადაეცა მიჯნაძორს.

XIII-XIV საუკუნეებში იქმნება ბექა-აღბუღას სამართალი. სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტებიდან განხილულია: საკუთრების უფლება, გირავნობა, ნასყიდობა, მიბარება, სესხი, ჩუქება, ქირაობა, თავდებობა, გათხოვება, საოჯახო სამართალი, მემკვიდრეობა. იმ დროს ქართული სამართალი იცნობდა როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის ინსტიტუტებს.

"ძეგლის დადება" გიორგი ბრწყინვალის სამართლის კანონთა კრებულია ქართლის მთიანეთისათვის შექმნილი. იგი 46 მუხლისაგან შედგება. აქედან 42 სისხლის სამართალს განეკუთვნება. ამ დროს საქართველო სამართლის განვითარების მაღალ დონეზე იდგა. ძეგლის მიხედვით, კვალიფიციურ (ანუ მძიმე) მკვლელობად ითვლება მამის და ძმის მოკვლა, მაგრამ თანამონაწილე ისე არ ისჯება, როგორც შვილი, რადგან მისთვის ეს ჩვეულებრივი მკვლელობაა.
"ხელმწიფის კარის გარიგება"გიორგი ბრწყინვალეს დროსაა შექმნილი. იგი აღმოაჩინა და გამოსცა ექვთიმე თაყაიშვილმა. მისი შემდგენელი მეფის კარისკაცია, მოხელე. შეიქმნა პრაქტიკული მიზნით, როგორც სახელმძღვანელო კარის კაცთათვის, ხელისუფალთათვის. ესაა კოდექსი სახელმწიფოს მართვა_გამგეობისა, რომელიც დაკანონებული იყო სხვადასხვა დროს მეფეთა მიერ და კანონად და ჩვეულებად იქნა შემოღებული.

დიდი სჯულის კანონი - არის თარგმანი IX საუკუნის მიწურულის ნომოკანონისა. ეს იყო მთელი მართლმადიდებლური სამყაროს ძირითადი კანონიკური კოდექსი. რუის-ურბნისის კრების "ძეგლისწერა!" დავით აღმაშენებლის ეპოქაში შემუშავებული კანონთა კრებულია. ორივე სამართლის ძეგლია, მათი შექმნა არსენ იყალთოელის სახელს უკავშირდება. პირველი თარგმნა და მეორე მისი ორიგინალური თხზულებაა. დიდი სჯულის კანონი თარგმნილია XI საუკუნის მიწურულს. ძეგლისწერა ხალხის ზნეობრივ განახლებას ისახავდა მიზნად. რუის-ურბნისის კრებას კათალიკოსი იოანე თავმჯდომარეობდა, მდივანი არსენ იყალთოელი იყო - ფილოსოფოსი, მწერალი, მანგანის აკადემიაში განსწავლული, ეფრემ მცირეს დამოწაფებული, დავითის სულიერი მოძღვარი. ძეგლისწერა ნიშნავს აქტს, დადგენილებას. იგი შედგება ოთხი ნაწილისაგან: შესავალი, კანონები, შესხმა, ქება დავითისა და სინოდიკონი (მოსახსენებელი ცოცხალთა და გარდაცვალებულთა). შესავალში თანმიმდევრულადაა ასახული შესაქმე, პირველცოდვა, ცოდვათა გამრავლება და სასჯელი.

ვახტანგ VI_ის სამართალი - ქართლის გამგებელი (ჯანიშინი), პოეტი, მთარგმნელი, ისტორიკოსი. მან ევროპული დონის სამართალი შეადგინა, ზოგ შემთხვევაში წინაც უსწრებდა მას. რუსი იურისტის ფრანკელის თანახმად, XVIII საუკუნეში შედგენილი სამართალი უფრო ჰუმანური იყო, ვიდრე იმდროინდელი ევროპის სახელმწიფოთა სამართლის კოდექსები. მას სამართლიანად უწოდეს "რჯულმდებელი!" დასტურლამალის სახელით ცნობილმა ამ დოკუმენტმა დიდი გავლენა მოახდინა სახელმწიფო ადმინისტრაციული წესრიგის დამყარებასა და მის შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე.

წყარო: ფეისბუქის გვერდი ზურაბ მარშანია
1
19
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
19
  
20 დეკემბერი, 23:49
აწრაფი კითხვა მიყვარს, მაგრამ ეს დინჯად წავიკითხე-მომეწონა.
0 1 1