x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ანა კალანდაძე- 5 ცნობილი ლექსი
image

დღეს, 15 დეკემბერს, დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა, ქართული პოეზიის დედოფალს, ანა კალანდაძეს.ღირსების ორდენის კავალერს, შოთა რუსთაველის და გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატს და თბილისის საპატიო მოქალაქეს.


image

***მაგნოლია

როგორ მინდა შენთან, ჩემო მაგნოლია
ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,
ქარებს აჰყოლია
და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონვია,
ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ,
ჩემო მაგნოლია!
ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა
ტრფობა გაგვყოლია…
მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა,
რაღაც არ მგონია…
მაგრამ… გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
მე არ ვიცი რატომ… არც შენ იცი, რათა,
ჩემო მაგნოლია?
ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,
შენც ხომ არ გქონია?
დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,
შენც ხომ არ გგონია?
მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების
ტრფობა გაგვყოლია…
როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან,
ჩემო მაგნოლია!
1953.
ანა კალანდაძე
image
***სხვა საქართველო სად არის?
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?“
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა – არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი...
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?“
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში – ტყე დანაბინდები,
ტყეში – ქორბუდა ირმები...
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?“
ლურჯი ბალახი მხარამდი,
მწყერი გოგმანობს ბალახში...
თეთნულდზე – მზე და ბადაღში...
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?“
როს ვარსკვლავები ხმაურით
აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური
მეშვიდე ცაზე ატანილს...
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?“
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაჲ?
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
დაბლა შრიალებს მოლისებრ
ყანაი გაუყელავი...
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არი?“
ანა კალანდაძე
image
***თუთა
ლამის სახლში შემომეჭრას თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი. . .
დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტის ფერი. . .
რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა?
რა ჩურჩული?.. დამდაგველი, მწველი. . .
ლამის სახლში შემომეჭრას თუთა,
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი. .

image



***პაწაწინა რტო ვარ

მეფერება მზე ალერსის მთოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...
მე მიგალობს, როდი მიმატოვა,
თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...
ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად...
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდა!
მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო
საიდუმლო აშარსა და მსტოვარს?
მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,
მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!

image
***ო, მე კი არა, გული ხარხარებს
როცა ნამიან ველზე გავივლი
ნამი ბალღივით მართობს, მახარებს...
ქარო მოიტა ატმის ყვავილი,
ქარო, ფოთლებიც შემომაყარე...
როგორც გიჟი, ო როგორც გიჟი,
თმააწეწილი მოლი ხარხარებს...
ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით
და ხელუკუღმა შეშომაყარეს...
და მეც გავგიჟდი... ო მე კი არა,
გული ხარხარებს, გული ხარხარებს...
და შენ, ქუჩაში რომ გაიარო,
ფოთლები წაღმა შემომაყარე...
ანა კალანდაძე
0
179
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0