x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
სირიის საკითხი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში
image
ხანგრძლივი ისტორიისა და მდიდარი კულტურის გამო არაბები სირიას „არაბული სამყაროს გულად“ მიიჩნევენ. დამასკო ოდესღაც იყო უმაიანთა სახალიფოს – მსოფლიო დონის იმპერიის – სატახტო ქალაქი. სირიას საკვანძო მდებარეობა აქვს დასავლეთ აზიაში. მასზე ისტორიულად გადიოდა და ახლაც გადის მრავალი სატრანსპორტო კომუნიკაცია, რომელთაც სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა და დღესაც ენიჭება. სირიის არაბული რესპუბლიკა (ალ ჯუმუჰურიია ალ არაბია ას სურიია) – ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოა. ძველი და თითქმის მთელი შუა საუკუნეების ისტორიის მანძილზე პრაქტიკულად არ არსებობდა მოთხოვნილება შექმნილიყო ახლო ან შუა აღმოსავლეთის რეგიონის აღმნიშვნელი ტერმინი, ვინაიდან ის, რასაც ჩვენ დღეს შორეულ აღმოსავლეთს ვუწოდებთ, ასევე ნაწილობრივ ინდოეთიც, ევროპელთათვის პრაქტიკულად უცნობი იყო. ამდენად, ევროპელები აღმოსავლეთში გულისხმობდნენ იმ რეგიონს, რომელიც გეოგრაფიული თვალსაზრისით ევროპასთან ყველაზე ახლოს იყო და შესაბამისად, ნებისმიერი სახის კომუნიკაციები მასთან უფრო მარტივად ხორციელდებოდა.

შუა საუკუნეებში არსებობდა სხვა ტერმინიც, რომელიც დღემდე შემორჩა: „ლევანტი“ (შინაარსობრივად შეიძლება ითარგმნოს, როგორც მზის ამოსვლის მხარე), რომელიც XIII საუკუნეში შემოიღეს იტალიელმა ვაჭრებმა (მეორე თვალსაზრისით, ფრანგებმა). ევროპულ ენებში ლევანტი აღნიშნავდა და აღნიშნავს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს. ევროპისა და ოსმალეთის იმპერიის ინტენსიური ურთიერთობების პირობებში (XVI-XVIII სს.), „აღმოსავლეთი“ ეწოდებოდა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიებს ბალკანეთიდან დაწყებული სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით. „შორეული აღმოსავლეთი“ კი – იმ დროს ახლადაღმოჩენილ ჩინეთს, იაპონიასა და ინდოჩინეთს. მოგვიანებით, XIX საუკუნეში, სპარსეთსა და ინდოეთში ევროპელთა დამკვიდრების შემდეგ, „ახლო აღმოსავლეთი“ გახდა ოსმალეთის აღმნიშვნელი ტერმინი (ბალკანეთის ჩათვლით), ხოლო ინდოეთის მიმდებარე ტერიტორიები (მათ შორის სპარსეთიც) – აღმოსავლეთი. XIX საუკუნის შუა ხანებში, ხდება ტერმინის – „შუა აღმოსავლეთის“ გამოყენებაც.

„ახლო აღმოსავლეთის“ პირველი დეფინიცია 1902 წელს წარმოადგინა ბრიტანელმა არქეოლოგმა დ. ჯ. ჰოგართმა. მისი შეხედულებით, „ახლო აღმოსავლეთი“, როგორც გეოგრაფიული რეგიონი, აერთიანებდა ალბანეთს, მონტენეგროს, ბულგარეთს, საბერძნეთს, ეგვიპტეს, სერბიის სამხრეთს, მთლიანად ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიას და ირანის ორ მესამედს. თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცავს ძირითადად დასავლეთ აზიას და აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეს – ეგვიპტეს, რომელიც თავისი სინას ნახევარკუნძულის წყალობით, ნაწილობრივ მაინც აზიას განეკუთვნება: პირობითი საზღვარი ერთმანეთთან შეზრდილ აზიასა და აფრიკას შორის გაჰყავთ სუეცის არხზე, რომელიც სინას ნახევარკუნძულის დასავლეთი მიჯნაა. ეგვიპტეს ისტორიულად უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთ აზიასთან, ვიდრე აფრიკის მიმდებარე ტერიტორიებთან. რეგიონის შემადგენლობაში ჩვეულებრივ განიხილავენ 12 არაბულ სახელმწიფოს. ესენია: სირია, ლიბანი, ერაყი, ქუვეითი, იორდანია, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი, გაერთიანებული საამიროები, ომანი, იემენი, ეგვიპტე და ოთხ არაარაბულ სახელმწიფოს – ირანს, თურქეთს, კვიპროსსა და ისრაელს. რაც შეეხება თურქეთს, ევროპეიზაციის ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად, ევროპა მაინც არ მიიჩნევს თურქეთს თავის ორგანულ ნაწილად. მისი ტერიტორიის 97 პროცენტი დასავლეთ აზიაში მდებარეობს ევროპაში კი– სულ 3 პროცენტი.

სირია სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ლიბანსა და ისრაელს, სამხრეთით – იორდანიას, აღმოსავლეთით–ირანს, ჩრდილოეთით თურქეთს; დასავლეთით აქვს სანაპირო ხმელთაშუა ზღვაზე. ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს უძველესი სახელმწიფო ასირიის სახელწოდებიდან. ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ აქ ჩამოყალიბდა მძლავრი სახელმწიფო – სელევკიანთა სირიის სამეფო. ქრისტიანობის ისტორიაში სირიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ბიბლიის თანახმად, მოციქულმა პავლემ ქრისტეს რწმენა დამასკოში მიიღო, შემდეგ კი ცხოვრობდა ანტიოქიაში (ახლა ანტაკია – თურქეთის კუთვნილება), სადაც ქრისტეს მოწაფეებს პირველად უწოდეს ქრისტიანები. სირია მრავალი ცივილიზაციისა და კულტურის აკვანია. აქ შეიქმნა ფინიკიური დამწერლობა (ჩვ.წ.აღ. XIX საუკუნე). სირიელმა მეცნიერებმა და ხელოვანებმა უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ელინისტური, რომაული და ბიზანტიური კულტურის განვითარებაში. მათ შორის არიან მეცნიერი ანტიოქ ასკალონელი, მწერალი ლუკიანე, ისტორიკოსები – ჰეროდიანი, იოანე მალალა.

XIX საუკუნის სირიელმა მწერლებმა, რომელთა დიდი ნაწილი ეგვიპტეში გადასახლდა, უდიდესი როლი ითამაშეს არაბული კულტურის აღორძინებაში (ნაჰდა - ევროპული რენესანსის ანალოგი). მათ შორის იყვნენ ადონისი, გადა ას-სამანი, ნაზირ ქაბინი და ზაქარია თამერი. ძველი დამასკო იუნესკოს მიერ მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. გავიხსენოთ, რომ დამასკო ოდითგანვე განთქმული იყო „დამასკური ფოლადისგან“ იარაღის დამზადებით. ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს ეროვნული მუზეუმი, ომეიადების დიდი მეჩეთი. საინტერესოა, რომ მეჩეთის აღმოსავლეთის მინარეთი იესოს მინარეთის სახელს ატარებს. ისლამის აღმსარებლები თვლიან, რომ განკითხვის დღეს იესო ქრისტე აქ დაეშვება ციდან. ასევე, ხალიფას სასახლე, არქეოლოგიური მუზეუმი, ეგვიპტისა და სირიის უდიდესი მხედართმთავრის, სალაჰ ად-დინის ქანდაკება – დამასკოში; ჯვაროსანთა ციხესიმაგრე კრაკ დე შევალიე – ჰომსთან; წმინდა მარიამის სახელობის მონასტერი სოფელ საიდნაიაში (27 კილომეტრი დამასკოდან), არქიტექტურული კომპლექსი ტეტრაპილანი – ქალაქ პალმირაში.

„სირიელისა“ და „ასურელის“ აღმნიშვნელი ეთნიკური ტერმინები ქართულში დიდი ხანია შემოსულია. ლეონტი მროველი ქართლის უცხო ეთნოსთა შორის ასურებსაც ასახელებს. დასახელებული ტერმინების გავრცელება საქართველოში უკავშირდება ქრისტიანულ სარწმუნოებას. როგორც ცნობილია, სწორედ ქრისტიანობის გავრცელებამ შექმნა ჩვენში პირობები მის მებაირაღტრეთა ქართულად თარგმნისა. ქრისტიანულ აღმოსავლეთში (სირია, მესოპოტამია, პალესტინა, ეგვიპტე, სომხეთი და საქართველო) ბერძნულზე ნაკლები მნიშვნელობა როდი ჰქონდა სირიულ ენას, ამ ენაზე შექმნილ ლიტერატურას. საყურადღებოა, რომ თვით ქრისტიანობის გავრცელებაც საქართველოში სირიელი საეკლესიო მოღვაწეების სახელებთანაა დაკავშირებული. ამიტომ სირიელთა და მათი ენის მოხსენიება ქართულ ლიტერატურაში მისი სათავეებიდანვე დაიწყო. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ქრისტიანობის დასაწყისში საქართველოში (IV-VI სს.) მონოფიზიტობა მნიშვნელოვნად იყო გავრცელებული, ხოლო მონოფიზიტობის კერად სირია ითვლებოდა, მაშინ სავსებით გასაგები იქნება ის მჭიდრო კავშირი ქართულ და სირიულ სამყაროთა შორის, რომელიც იმ ხანებში უნდა არსებულიყო.

„სირიელისა“ და „ასურელის“ აღმნიშვნელი ეთნიკური ტერმინები ქართული ლიტერატურის ისტორიის მთელ მანძილზეა დამოწმებული, დაწყებული ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერებით (X ს.). სათანადო მასალის შესწავლამ გამოავლინა ხსენებული ცნებების შემდეგი ტერმინებით გადმოცემა: ასური, ასურასტანელი, ასურელი, მათთან დაკავშირებული სახელები (ასურები, ასურასტანული, ასურული) და ქვეყნის სახელწოდებანი: ასური, ასურასტანი, ასურეთი, ასურია, სირია, არამ. ეთნიკური ტერმინი „ასურელი“ ასურის ნაცვალია და ქართულში გვიან შემოდის. იგი ჩვეულებრივ, XIX საუკუნეში ჯერ კიდევ ქრისტიანი არამეელის – სირიელის აღმნიშვნელი ტერმინია.

ტერმინი „ასურელი“ დადასტურებულია XVIII საუკუნის ძეგლებში ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, სადაც მას „აქადელის“ ძველი ასურეთის მკვიდრის მნიშვნელობა აქვს. მაგრამ „ასურელი“ დღეს ძირითადად „აქადელს“ ნიშნავს, რაც ასახულია ქართული ენის განმარტებით ლექსიკონშიც. „ასურელი“ ქართული და სომხური ტრადიციით „სირიელს“, ე. ი. ქრისტიან არამეელს ნიშნავს. დღეისათვის სირიის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორია 185, 2 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს (87-ე მსოფლიოში). მთათა სისტემა ანსარია ქვეყანას ორ ნაწილად ჰყოფს – ტენიან (დასავლეთი) და მშრალ (აღმოსავლეთი) ტერიტორიებად. სანაპირო ზოლზე 130 კილომეტრზეა გადაჭიმული ნაყოფიერი ველები. მთათა სისტემის ჩრდილოეთით მდებარეობს უდაბნო ჰამადი, სამხრეთით –ჰომსი. ქვეყანას აღმოსავლეთით კვეთს მდინარე ევფრატი (სიგრძე – 2700 კმ.). 1973 წელს ამ მდინარის ზემო წელში ააშენეს დამბა, რომელმაც წყალსაცავი წარმოქმნა. მას მოგვიანებით ასადის ტბა უწოდეს. თურქეთის საზღვართან, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, მიედინება ახლო აღმოსავლეთის მეორე დიდი მდინარე ტიგროსი (190კმ.).

სირიაში 22, 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს (53-ე მსოფლიოში) ძირითადად არაბები (90%). ქვეყნის ჩრდილოეთში ცხოვრობენ ქურთები (8%), აგრეთვე, – სომხები, ასირიელები, ჩერქეზები და იეზიდები. მუსლიმთა 82% სუნიტია, დანარჩენები – ალავიტები და შიიტები. ქრისტიანთა ნახევარი სირიელი მართლმადიდებელია, 18% – კათოლიკე. არიან სომხეთის სამოციქულო და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც. მოსახლეობის 3%-ს შეადგენენ დრუზები (ძირითადად ცხოვრობენ მუჰაფაზა ალ კუნეიტრაში – დაახლოებით 30 ათასი), რომლებსაც შიიტებს მიაკუთვნებენ. აღსანიშნავია, რომ სირია მსოფლიოში მესამე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ყველაზე მეტად დევნიან ქრისტიანებს. სირიის 1973 წლის კონსტიტუცია არ ახსენებს ისლამს, როგორც სახელმწიფო რელიგიას, მაგრამ კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი მუსლიმი უნდა იყოს, ხოლო კანონმდებლობის წყაროდ მიჩნეულია ისლამური კანონი – შარიათი. სირიის მმართველი ბაშარ ასადის რეჟიმი უპირატესად ეყრდნობა ისლამის შიგნით არსებულ განსხვავებულ სექტას – ალავიტებს.
imageალავიტობას საკმაოდ მრავალი მიმდევარი ჰყავს სირიაში. ალავიტები ავითარებენ აზრს, რომ ხალიფა ალი, მუჰამედის ბიძაშვილი და სიძე, მოციქულის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე იყო. სხვა შიიტებისაგან ალავიტებს განასხვავებს მათი რიტუალები, რომლებიც ზოროასტრულ და ქრისტიანულ ელემენტებს შეიცავს, მათი დოგმატებისა და რიტუალების ნაწილი სხვებისგან საიდუმლოდაა დაცული, რის გამოც ზოგიერთი სუნიტი ულამა ალავიტებს საერთოდ ისლამის „გარეთ“ ხედავს, თუმცა სირიაში ისინი ოფიციალურად ცნეს მუსლიმებად. მართალია, ალავიტობა შიიტობის ფორმაა, მაგრამ წმინდა პოლიტიკური მიზეზის გამო სირიელი ალავიტები ცდილობენ, არ გაუსვან ამას ხაზი. საქმე ისაა, რომ ალავიტებს განეკუთვნება სირიის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის საგრძნობი ნაწილი. ადრე დისკრიმინაციული რელიგიური უმცირესობის, ალავიტების ჩართვა სამხედრო სამსახურში დაიწყო ფრანგების ბატონობის დროს, 1920-იანი წლებიდან. 1940-იან წლებში, სირიაზე ფრანგული მანდატის დამთავრებისას, ბევრი ალავიტი აღმოჩნდა მაღალ თანამდებობაზე, განსაკუთრებით, არმიაში. ალავიტები აქტიურად ჩაერთვნენ პარტია „ბაას“-ის საქმიანობაში, რომელმაც 1963 წელს ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და ნახევარ საუკუნეზე მეტია, ერთპარტიული სისტემით მართავს სირიას. აბრევიატურა „ბაას“ ქართულად ნიშნავს „არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტიას“. ეს არის სეკულარული, არარელიგიური პოლიტიკური ორგანიზაცია. სირიის პრეზიდენტი ჰაფეზ ალასადი ალავიტი იყო, ისევე, როგორც მისი ვაჟი ბაშარ ალ-ასადი, 2000 წლიდან დღემდე მათ ნათესავებსა და კლანის წევრებს უჭირავთ მმართველი პოზიციები პარტიაში, არმიასა და სახელმწიფო ადმინისტრაციაში.

თანამედროვე სირიის სახელმწიფო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, როდესაც საფრანგეთმა ერთა ლიგისაგან მიიღო მანდატი სირიისა და ლიბანის, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა – პალესტინისა და ტრანსიორდანიის (დღევანდელი იორდანია) მართვაზე. ხოლო 1920 წლამდე „სირიის“ ცნება გაცილებით ფართო ტერიტორიით მოიაზრებოდა, სადაც შედიოდა ზემოაღნიშნული ოთხი ქვეყანა და თანამედროვე თურქეთის სამხრეთით და ერაყის ჩრდილო-დასავლეთით არსებული მცირე რაიონები.

პირველი მსოფლიო ომის დროს, 1916 წელს დაიდო შეთანხმება ოსმალეთის იმპერიის აზიური ნაწილის გაყოფის თაობაზე. შეთანხმება მოამზადეს ინგლისელმა დიპლომატმა მ. საიქსმა და ფრანგმა დიპლომატმა ფ. ჟორჟ პიკომ. ის გაფორმდა ნოტების გაცვლით საფრანგეთსა და რუსეთს შორის, და საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის. მოგვიანებით მას შეუერთდა იტალიაც. საიქს-პიკოს შეთანხმება ითვალისწინებდა ხუთი ზონის შექმნას: „ცისფერი“, რომელიც მოიცავდა დასავლეთ ნაწილს, გადიოდა საფრანგეთის უშუალო მფლობელობაში; „წითელი“ მოიცავდა სამხრეთ და ცენტრალურ ერაყს და პალესტინის პორტებს ხაიფასა და აქას, გადაეცემოდა დიდ ბრიტანეთს; „ყავისფერ ზონაში“, რომელშიც შედიოდა პალესტინის დასავლეთი ნაწილი, მყარდებოდა საერთაშორისო მმართველობა რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან შეთანხმებით. აღმოსავლეთი სირია და მოსულის ვილაიეთი (ზონა „ა“) შედიოდნენ საფრანგეთის, ხოლო ბაღდადის ვილაიეთის ჩრდილოეთი ნაწილი და ტრანსიორდანია (ზონა „ბ“) – დიდი ბრიტანეთის გავლენის სფეროებში. ამ ზონებში დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ჰქონდათ უპირატესი უფლება ევაჭრათ, გაეყვანათ რკინიგზები, შეეტანათ იარაღი, დაენიშნათ თავიანთი მრჩევლები და სხვა.
imageსაიქს-პიკოს შეთანხმებასთან შეერთებისათვის ანტანტის ქვეყნებმა აღუთქვეს რუსეთს, რომელსაც არ ჰქონდა პრეტენზია არაბულ ქვეყნებზე, ოსმალეთის სომხური ვილაიეთები და ჩრდილოეთი ქურთისტანი, დაადასტურეს მისი უფლებები კონსტანტინოპოლზე და პალესტინაში მართლმადიდებელ ქრისტიანთა უფლებების დასაცავად. ის ტერიტორიები, რომლებიც გადაეცემოდა რუსეთს, შექმნიდა „ყვითელ ზონას“. გერმანიის წინააღმდეგ ომის გამოცხადების შემდეგ (1917 წლის 20 აპრილი), ანტანტის ქვეყნებმა იტალიასთან დადეს სენჟან-მორენის შეთანხმება, რომლის შედეგადაც გაჩნდა „მწვანე ზონა“ (სამხრეთ-დასავლეთი ანატოლია) და ზონა „ც“ (დასავლეთი და ცენტრალური ანატოლიის ნაწილი), რომლებიც განეკუთვნებოდნენ იტალიას. 1917 წლის ნოემბერში რუსეთში, ხელისუფლებაში გადატრიალების გზით მოსულმა ბოლშევიკურმა მთავრობამ გამოაქვეყნა შეთანხმების ტექსტი და თან ამავე დროს გაუქმებულად გამოაცხადა. ომის დამთავრების შემდეგ ძალთა თანაფარდობა ანტანტის ქვეყნებში შეიცვალა. კერძოდ, სირიაზე, ისევე, როგორც ლიბანზე მანდატი მიიღო საფრანგეთმა, რასაც უფრო მეტი გართულება მოჰყვა. 1918 წლის ოქტომბერში ბრიტანულმა ნაწილებმა ამირ ფაისალის რაზმებთან ერთად დაიკავეს სირია. დამასკოში შეიქმნა არაბული მთავრობა.

1920 წლის მარტში ფაისალმა თავი სირიის მეფედ გამოაცხადა. მაგრამ, რადგან „საიქს-პიკოს შეთანხმების“ თანახმად, სირია ფრანგული ინტერესების სფეროში შდიოდა, ბრიტანელებმა სირიის საქმეები ფრანგებს შეატოვეს, რომელთაც დამასკოს ბრძოლით აღება და იქიდან ფაისალის გაძევება მოუხდათ. პარიზმა ჯერ ავტონომიურ ერთეულებად დაყო სირია: შეიქმნა დამასკოს, ალეპოს, ლათაკიას (სადაც ალავიტები ჭარბობდნენ), ჯაბალ-დრუზისა და ალექსანდრეტას „სახელმწიფოები“. მერე თანდათან დაიწყო სირიის გაერთიანება. 1930 წელს საფრანგეთის უმაღლესმა კომისარმა „გამოაცხადა“ კონსტიტუცია, რომლითაც ერთიანი სირია რესპუბლიკა ხდებოდა და იქ წარმომადგენელთა პალატა (პარლამენტი) შეიკრიბა, რომელიც საფრანგეთის მთავრობამ 1934 წელს დაითხოვა. 1936 წელს ხელმოწერილი იქნა შეთანხმება, რის საფუძველზეც საფრანგეთის მემარცხენე მთავრობა პირობას დებდა სამ წელიწადში სრული დამოუკიდებლობა მიენიჭებინა სირიისა და ლიბანისათვის და ხელი შეეწყო ორივე მათგანის ერთა ლიგაში მიღებისათვის. მაგრამ მალე პარიზში მთავრობა შეიცვალა და ეს შეთანხმება არ იქნა რატიფიცირებული საფრანგეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) მიერ.

1943 წლიდან სირია დე-იურე დამოუკიდებელი გახდა. 1944 წელს ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა, ხოლო 1945 წელს დიდმა ბრიტანეთმა ცნეს მისი დამოუკიდებლობა. 1946 წელს სირიიდან გაყვანილი იქნა უცხო ქვეყნების – საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის – უკანასკნელი სამხედრო ნაწილები. ამავე წელს სირიამ სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია. მისი პირველი პოლიტიკური აქტი იყო საფრანგეთის მიერ თავსმოხვეული დრუზებისა და ალავიტების რაიონების ავტონომიის გაუქმება და საფრანგეთის მიერ ალექსანდრეტას სანჯაყის დათმობის გარიგების ბათილად ცნობა. დიპლომატიური კავშირები სირიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1944 წელს დამყარდა. მას შემდეგ ურთიერთობა მოსკოვსა და დამასკოს შორის სულ უფრო უმჯობესდებოდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაწყებულმა „ცივმა ომმა“ ახლო აღმოსავლეთიც მოიცვა. კრემლი ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მოკავშირეებს ეძებდა და მიზანში სირია ამოიღო. 1945 წელს საბჭოთა კავშირმა მხარი დაუჭირა სირიის გაწევრებას გაეროში, რასაც ეწინააღმდეგებოდნენ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ. ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ (1948 წელი.)

საბჭოთა კავშირმა სირიის არმიის გასაწვრთნელად საბჭოთა ოფიცრები მიავლინა. სირია ამ დროს უკვე ანტიდასავლური მმართველი ელიტის მიერ იმართებოდა, რომელსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა მოსკოვთან. იმის შიშით, რომ პროკომუნისტური სირია საფრთხეს შეუქმნიდა მიმდებარე იორდანიის, ლიბანისა და თურქეთის პრო-დასავლურ რეჟიმებს, ვაშინგტონმა გადაწყვიტა, ერთი მხრივ, სამხედრო დახმარება გაეწია ამ ქვეყნებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, ისრაელში გაეგზავნა დიდი ოდენობით ამერიკული იარაღი, ეგვიპტეში უხვად გაგზავნილი რუსული სამხედრო ტექნიკის დასაბალანსებლად. 1948 წელს სირიამ მონაწილეობა მიიღო ისრაელსა და არაბებს შორის მიმდიანარე პირველ დაპირისპირებაში. აშშ-ის მიერ ახლო აღმოსავლეთში გატარებული პოლიტიკის შედეგად, 1950 წელს სირია ჩართული იქნა „ცივ ომში“. 1955 წელს იგი შეუერთდა ეგვიპტეს ბაღდადის პაქტის ქვეყნების (თურქეთი, ერაყი, პაკისტანი) წინააღმდეგ ბრძოლაში. 1958 წელს ეგვიპტემ სირიასთან ერთად შექმნა „გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა“ (გარ). თითქმის იწყებოდა არაბული ქვეყნების გაერთიანება და ხორცი ესხმებოდა პანარაბიზმის იდეას. მაგრამ ადგილობრივი ელიტების ინტერესები მძაფრ წინააღმდეგობაში აღმოჩნდა პანარაბიზმის იდეალებთან. 1961 წლის სექტემბერში სირიელმა ოფიცრებმა, რომელთაც დაინახეს, რომ ერთიან სახელმწიფოში ეგვიპტელებმა გაბატონებული პოზიციები დაიკავეს, მათი როლი კი მეორეხარისხოვანი გახდა, ხელში აიღეს ძალაუფლება დამასკოში და გამოიყვანეს სირია გარ-ის შემადგენლობიდან. „გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის“ სახელს მარტო დარჩენილი ეგვიპტე 1971 წლამდე ინარჩუნებდა, იმ იმედით, რომ არაბული ქვეყნების გაერთიანება ისევ დაიწყებოდა. იმედი ამაო გამოდგა. მართალია, 1960 წელს არაბთა გაერთიანებას მხარს უჭერდა იმ დროს მონარქიული იემენი, ხოლო 1963 წელს გარ-ის აღდგენის სურვილი გამოთქვა ერაყმა, მაგრამ პრაქტიკული ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა.

არაბთა ხანმოკლე ერთიანობის ერთადერთ მოგონებად დარჩა ეგვიპტის, სირიის, ერაყის, იემენის და, აგრეთვე, სუდანის „პანარაბული“ დროშის ერთნაირი ფერები, რომლებსაც ერთმანეთისგან ასხვავებს მხოლოდ დამატებითი ნიშნები. ამავე დროს ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის ძირითადი ინტერესი ენერგო რესურსებისაკენ იყო მიმართული. ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, მრავალი წლის განმავლობაში ნავთობის მთავარი მწარმოებლები და მიმწოდებლები საერთაშორისო ბაზარზე, იყვნენ რუსეთი და აშშ. შეერთებულ შტატებში ორგანიზებულ იქნა როკფელერის ნავთობის ტრესტი „სტანდარტ ოილი“, ხოლო რუსეთში ნობელისა და როტშილდის ნავთობის კორპორაცია. როკფელერის ნავთობის ტრესტის დაპირისპირებამ რუსეთის ნავთობის მეპატრონეებთან, სათავე დაუდო „ნავთობის ომებს“ საერთაშორისო არენაზე, რამაც XX საუკუნეში კიდევ უფრო მძაფრი ხასიათი მიიღო. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აშშ-ს ინტერესები ახლო აღმოსავლეთის რაიონში, არ შემოიფარგლებოდა, მხოლოდ ნავთობის კონცესიებით: ადმინისტრაცია მიისწრაფოდა თავისი მომხრე არაბული ქვეყნების კონსერვატიულ რეჟიმებთან შეენარჩუნებინა პოლიტიკური კავშირები და
გაემყარებინა მათი პოზიციები რეგიონში.

კრემლი სირიას დაეხმარა 1955-1957 წლებში, როცა ეს ქვეყანა თურქეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდა. ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში დამასკომ დიდი სამხედრო და ფინანსური დახმარება მიიღო. საინტერესოა, რომ ვიდრე ნიკიტას „საპატიო პენსიაზე“ გაუშვებდნენ, 1964 წლის მაისში ეგვიპტეში ყოფნის დროს კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ჭკუათმყოფელობა. ეგვიპტის უმაღლესი ჯილდოს მიღების შემდეგ გამალ-აბდელ ნასერსა და ვიცე-პრემიერ ამერს საბჭოთა კავშირის გმირის წოდებები და ლენინის ორდენები გადასცა. ნასერი და ამერი მეორე მსოფლიო ომის დროს არა მარტო გამოვიდნენ ინგლისის წინააღმდეგ, არამედ შესაძლებლად სთვლიდნენ ჰიტლერის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. ამ დროს ეგვიპტეში კომპარტია ღრმა იატაკქვეშეთში იმყოფებოდა, მრავალი კომუნისტი დევნასა და წამებას განიცდიდა. კრემლი მხარს უჭერდა სირიას შემდგომ პერიოდშიც. კერძოდ, 1967 წლის ომის დროს, 1967-1968 წლებში ფინანსური დახმარება უფრო გაიზარდა. სავაჭრო ურთიერთობები კი საბჭოთა კავშირსა და სირიას შორის 1956 წლიდან დაიწყო. საბჭოეთი აფინანსებდა სხვადასხვა სამრეწველო ობიექტის, რკინიგზის ხაზების, სამხედრო ინფრასტრუქტურის, კაშხლების, წყალსაცავების, სამეცნიერო დაწესებულებათა და სხვა ობიექტების მშენებლობას. ფაქტია, რომ სირიაში 1961 წლიდან 1970 წლამდე მუდმივად მიმდინარეობდა შიდა კონფლიქტები და მთავრობის ცვლილებები. 1970 წელს კი ხელისუფლებაში მოვიდა პარტია ბაასის სამხედრო ფრთის წარმომადგენლობა, რომლის ხელმძღვანელიც იყო ჰაფეზ ალ-ასადი.
imageსირიის მომავალი პრეზიდენტი დაიბადა 1930 წელს ლატაკიის რეგიონის ქალაქ კარდაჰში (ჩრდილოდასავლეთ სირია), ღარიბ ალავიტურ ოჯახში. იგი ადრეული ასაკიდან დაინტერესდა პოლიტიკით და 16 წლისა არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტიის („ბაასის“) წევრი გახდა. 1951 წელს ალ-ასადი სირიის სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს. მომდევნო წელს კი ქალაქ ჰომსის სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც სამ წელიწადს ეუფლებოდა სამხედრო მფრინავის პროფესიას. როდესაც სირიამ და ეგვიპტემ 1958 წელს გაერთიანებული არაბული სახელმწიფო შექმნეს, ალასადი კაიროში გადაიყვანეს, სადაც მაღალი თანამდებობა ეკავა სამხედრო ავიაციაში. ცოტა ხანში ოპოზიციური მოსაზრებების გამო სამსახურიდან დაითხოვეს. მალე ალ-ასადი გახდა კაიროში შექმნილი საიდუმლო სამხედრო კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი და მხარს ბაასისტურ მოძრაობას უჭერდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჰაფეზ ალ-ასადი 1963 წლის სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობდა, რომლის შედეგად სირიის სათავეში ბაასის პარტია მოვიდა. ალავიტებმა ქვეყნის ხელისუფლებაში პოზიციები გაიმყარეს. იმავე წელს ალ-ასადი აირჩიეს ბაასის ხელმძღვანელობის წევრად, ხოლო 1964 წელს – სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურად.

მმართველი პარტიის შიგნით უთანხმოებამ მალე იჩინა თავი. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ზომიერი სოციალისტები (ლიდერები–პარტიის დამაარსებლები მიშელ აფლაკი და სალაჰ ად-დინ ბიტარი) და მარქსისტული სოციალიზმის მხარდამჭერი რადიკალები. ალ-ასადი ამ უკანასკნელთა ბანაკში იყო, როცა მორიგი გადატრიალება მოხდა. 1966 წლის თებერვალში ხელისუფლება სამხედროებმა იგდეს ხელთ და სამოქალაქო პირები ქვეყნის მმართველობას ჩამოაშორეს. მართალია, სირიის სათავეში ახალი პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი მოვიდნენ, თუმცა რეალურ ძალაუფლებას ალავიტური ტრიუმვირატი ფლობდა (სალიჰ ჯადიდი, იზათ ჯადიდი და ჰაფეზ ალ-ასადი). მართვის ბერკეტები ალავიტი ოფიცრების ხელში გადავიდა. სამხედრ-საჰაერო ძალების მეთაურების პარალელურად, 1966-1970 წლებში ჰაფეზ ალ-ასადი თავდაცვის მინისტრობასაც ითავსებდა. სწორედ მისი მინისტრობის დროს მოხდა გადამწყვეტი ომი ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის.

1967 წლის 5 ივნისს ისრაელმა ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანია წამოიწყო სირიის, ეგვიპტისა და იორდანიის წინააღმდეგ. ექვს დღეში არაბულმა ქვეყნებმა სასტიკი მარცხი განიცადეს: ეგვიპტემ დაკარგა სინაის ნახევარკუნძული, იორდანიამ–მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი, ხოლო სირიამ–ალ კუნაიტრა და გოლანის მაღლობები. ომმა გამოიწვია დაპირისპირება სირიის მმართველი ძალის შიგნით. ჰაფეზ ალ-ასადი სათავეში ედგა სამხედრო დიდმოხელეთა ჯგუფს, რომელიც ითხოვდა არაბულ ქვეყნებთან უფრო აქტიური და მჭიდრო კავშირების დამყარებას. ქვეყნის მმართველმა ავტორიტეტი დაკარგა. 1970 წლის 13 ნოემბერს ალ-ასადმა ბრძანა პრეზიდენტ ნურ ად-დინ ალ-ათასისა და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის, სალაჰ ჯადიდის დაპატიმრება. სირიის სათავეში მოვიდა ჰაფეზ ალ-ასადი, რომელიც 1971 წლამდე პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.

1971 წელს ჰაფეზ ალ-ასადი გახდა სირიის პრეზიდენტი და ქვეყანას 2000 წლამდე მართავდა. არმიასა და სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ალ-ასადმა დაასრულა არასტაბილურობის ეპოქა სირიის ისტორიაში, რომელიც ხასიათდებოდა მუდმივი გადატრიალებებითა და პოლიტიკური კრიზისებით. შიდა პოლიტიკური პრობლემების დარეგულირების შემდეგ ახალმა პრეზიდენტმა არაბულ ქვეყნებთან აქტიური კავშირის დამყარება დაიწყო. 1971 წელს ჰაფეზ ალ-ასადმა (სირია), ანვარ სადათმა (ეგვიპტე) და მუამარ კადაფიმ (ლიბია) ხელი მოაწერეს არაბულ რესპუბლიკათა ფედერაციის შექმნას. 1973 წლის აპრილში ეგვიპტე და სირია შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმოქმედებდნენ ისრაელის წინააღმდეგ. ამავე წლის 6 ოქტომბერს ეგვიპტემ და სირიამ ერთდროულად დაიწყეს ომი ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. სამხედრო მოქმედებები ისრაელისათვის მოულოდნელი იყო, ებრაელები ამ დროს აღნიშნავდნენ მთავარ რელიგიურ დღესასწაულს – იომ-ქიფურს („განკითხვის დღე“). სირიელებმა დაიკავეს გოლანის მაღლობები, თუმცა ისრაელმა მაინც მოახერხა დაკარგული პოზიციების აღდგენა და გოლანის მაღლობებზე კონტროლის შენარჩუნება.

1976 წელს ჰაფეზ ალ-ასადი ჩაერთო ლიბანის სამოქალაქო ომში (1975-1990 წწ.) და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საომარ მოქმედებებში. შეიძლება ითქვას, რომ სირიას თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ მძლავრი ბერკეტები გააჩნია. მაგალითად, როცა საჭიროდ „ჩათვალა“, 1970 წლის მაისში სირიის მთავრობამ გადაკეტა ნავთობსადენი „ტაპლაინი“, რომლის საშუალებით ხმელთაშუა ზღვის ნავსადგურებში გადაიქაჩებოდა ყოველწლიურად 25 მილიონი ტონა ნავთობი, რამაც კიდევ უფრო გააუმჯობესა ლიბიის მნიშვნელობა დასავლეთ ევროპის ქვეყნების ნავთობით მომარაგებაში. ჰაფეზ ალ-ასადის გაპრეზიდენტების შემდეგ სირიასა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობები უფრო მჭიდრო გახდა. 1972 წელს ხელი მოეწერა მშვიდობისა და უსაფრთხოების პაქტს. ამავე წელს საბჭოთა კავშირმა სირიას 135 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო იარაღი გამოუყო.
image1971 წლიდანვე სირიის ქალაქ ტარტუსში ამოქმედდა საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ბაზა. მოსკოვმა დამასკოს იარაღი მიაწოდა იომ-ქიფურის ომის დროსაც. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, 1974 წელს სირიამ და ეგვიპტემ მიიღეს 4 მილიარდი დოლარის ღირებულების საბჭოური იარაღი. 1977 წლის შემდეგ, როცა ეგვიპტემ დიალოგი დაიწყო ისრაელთან და ერთმნიშვნელოვნად პროამერიკული ორიენტაცია აირჩია, ჰაფეზ ალ-ასადი რეგიონში საბჭოთა კავშირის მთავარი პარტნიორი გახდა. წლების განმავლობაში სწორედ საბჭოთა კავშირი აწვდიდა სირიას სამხედრო და საინჟინრო კადრებს. საბჭოთა კავშირს სირიის პრეზიდენტი ხშირად სტუმრობდა. მხოლოდ 1977 წლამდე ის ექვსჯერ ეწვია მოსკოვს. 1977 წლის 21 აპრილს ის თბილისშიც იყო. ნასერის სახელთან ასოცირებული უფრო ამბიციური მისწრაფება – არაბული ერთობის მიღწევა – კიდევ უფრო მიუღწეველ მიზნად იქცა, ვიდრე ოდესმე ნასერის სიკვდილის შემდეგ. მიუხედავად ენობრივი და რელიგიური მემკვიდრეობისა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის არაბ ხალხებს ერთმანეთთან აკავშირებდა, რეგიონის პოლიტიკური ფრაგმენტაცია პანარაბული იდეალის განხორციელებას ხელს უშლიდა. სეკულარულ იდეოლოგიებსა და (როგორიც იყო ბაასისტური მმართველი ელიტა სირიასა და ერაყში) და ისლამურ ფუნდამენტალიზმს შორის მკვეთრი კონტრასტი ამ გათიშულობის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. მეორე მიზეზი „ცივ ომში“ არაბული ქვეყნების მიერ დაკავებული პოზიციები იყო, როდესაც ეგვიპტე, იორდანია, საუდის არაბეთი და ომანი შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებდნენ. ხოლო სირია, ერაყი და სამხრეთ იემენი საბჭოთა კავშირისგან ელოდნენ და იღებდნენ სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას.

ისრაელის სახელმწიფოს არსებობისადმი წინააღმდეგობა და პალესტინის ნაციონალიზმის მხარდაჭერა არაბულ სახელმწიფოთა ერთობის ძირითადი მიზეზი იყო. ამავე დროს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს „წყლისათვის ომი“. სირიასა და ისრაელს შორის კონფლიქტის მოუგვარებლობა იმდენად ტერიტორიას არ უკავშირდება, რამდენადაც წყალს. 2000 წელს ისრაელ-სირიის მოლაპარაკება ისევ მიებჯინა წყლის პრობლემას და უშედეგოდ დამთავრდა. თურქეთი და სირია, თურქეთი და ერაყი, ისრაელი და ლიბანი, ისრაელი და სირია ვერ მორიგდებიან წყლის რესურსების გამოყენების საკითხზე. ასადის გარდაცვალების შემდეგ 2000 წელს მამის ადგილი დაიკავა ბაშარ ალ-ასადმა. ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ხელისუფლებაში სწორედ ამ დროს მოვიდა ვლადიმერ პუტინი. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობამ კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო. მანამდე, სანამ 2011 წელს სირიაში დაიწყებოდა სამოქალაქო ომი, მისი მოსახლეობის მრავალეთნიკურობა და მრავალკონფესიურობა პრობლემას არ ქმნიდა. სირიელების სამოქალაქო იდენტობა ძლიერი ჩანდა: ყველა სირიელი იყო, მიუხედავად სარწმუნოებრივი კუთვნილებისა. მაგრამ სამოქალაქო ომმა ბევრი რამ შეცვალა და ქვეყანა ჩიხში შეიყვანა.

როგორც კი სირიას გადაედო „არაბული გაზაფხული“, ის მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ნეგატიური თვალსაზრისით. ტერმინით „არაბული გაზაფხული“ დასავლეთის სამეცნიერო ლიტერატურასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, 2010 წლიდან მოიაზრება, როგორც ანტისახელმწიფოებრივი ტალღა არაბულ ქვეყნებში არსებული რეჟიმების წინააღმდეგ. აღნიშნულმა პროცესმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე. ზოგიერთ ქვეყანაში გამოსვლებს ხელისუფლების ცვლილება მოყვა, ზოგან კი დრამატულად განვითარდა. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ 2011 წლის 16 თებერვალს სამხრეთ სირიის ქალაქ დარაში მოზარდებმა სკოლის კედელზე გამოაკრეს შემდეგი შინაარსის წარწერა: „ახლა შენი ჯერია ექიმო“ (როგორც ცნობილია სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს სამედიცინო გაანთლება აქვს მიღებული). ამ ფაქტს სამართალდამცავი უწყებების მიერ მწვავე რეაქცია მოჰყვა.
imageწარწერის ავტორები დააპატიმრეს. ამავე წლის მარტიდან სირიაში არსებული რეჟიმის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციები დაიწყო. 2012 წლის 25 მარტს ჰომსის პროვინციაში სახელისუფლებლო ძალებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვები. 15 ივლისს წითელმა ჯვარმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა.
2011 წლამდე ანკარა და დამასკო ერთმანეთს ძმობას ეფიცებოდნენ. ხოლო, როდესაც ასადის მთავრობას დაუპირისპირდა სირიის სამთავრობო არმიის დეზერტირებით დაკომპლექტებული „სირიის თავისუფალი არმია“ და სხვადასხვა ისლამისტური დაჯგუფებები, თურქეთმა დაუყონებლივ დაუჭირა მხარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებულ ძალებს. ანკარა აიარაღებდა და წვრთნიდა სხვადასხვა ოპოზიციურ დაჯგუფებას და მოითხოვდა ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან წასვლას. ამან სირიის სამოქალაქო ომი გაახანგრძლივა. აღნიშნული მოვლენების საწყის ეტაპზე ევროკავშირს სათანადო რეაქცია არ გამოუხატავს. მხოლოდ მაშინ დაიწყეს დამასკოს დაგმობა, როდესაც ხოცვაჟლეტამ იქ ფართო მასშტაბები შეიძინა. ამავე დროს, სირიის რეჟიმის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სანქციების დაწესებას ბლოკავდნენ რუსეთი და ჩინეთი, რომელთაც თავიანთი ინტერესები ჰქონდათ და აქვთ სირიის ბაშარ ალ-ასადის მთავრობასთან.

2011 წლის თებერვალში დაწყებული დემოკრატიული გამოსვლების პირველ თვენახევარს ამერიკას გაურკვეველი პოზიცია ეჭირა ასადის რეჟიმის მიმართ, რომელიც ისლამისტურ ძალებს ებრძოდა. მაგრამ, საბოლოოდ, როდესაც ნათელი გახდა, რომ სირიის მმართველ რეჟიმს მხარს უჭერდნენ ირანი და ლიბანის „ჰეზბოლა“ (ამ უკანასკნელს ისრაელსა და აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებენ), ვაშინგტონის პოზიცია დამასკოს მმართველი რეჟიმის მიმართ მკვეთრად უარყოფითი გახდა და ასეთად რჩება. პარალელურად ამერიკელები და თურქები ადანაშაულებდნენ სირიის პრეზიდენტს სომხური ტერორისტული ორგანიზაციის „ასალას“ მფარველობასა და დაფინანსებაში. ოფიციალური დამასკო ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. ეჭვის საბაბს ქმნიდა ის გარემოება, რომ სირიის დაპირისპირება თურქეთსა და დასავლეთის ქვეყნებთან, მემარცხენე რადიკალებს აიძულებდა თავშესაფარი სწორედ სირიაში ეძებნათ. ამავდროულად, სირიის სომხური დიასპორაც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ძალას წარმოადგენდა და შესაბამისად, „ასალას“ მესვეურებიც ხშირად მათ იმედზე იყვნენ ხოლმე. არის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ოპოზიციის უკან სხვა ძალა იდგა და აღნიშნული მოვლენები მართული პროცესი იყო. ავღანეთსა და ერაყში განვითარებული პროცესების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ არაბულ ქვეყნებში არსებული რეჟიმების შეცვლა აშშ-ის და მთლიანად დასავლეთის ინტერესებში შედიოდა.

2011 წელს „არაბული გაზაფხულის“ სახელით დასავლეთმა ნაწილობრივ შეძლო „მუსლიმური საძმო“ ეგვიპტის ხელისუფლებაში მოეყვანა. მოძრაობამ გაიმარჯვა რამდენიმე არჩევნებში და პირველად ქვეყნის ისტორიაში დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი სწორედ მათი რიგებიდან გახდა. 2013 წლის ივლისში მუსლიმური საძმოს მმართველობას ბოლო მოეღო – პრეზიდენტ მურსის სამხედროები აუჯანყდნენ და გადააყენეს. იმავე წლის დეკემბერში ახალმა მთავრობამ მუსლიმური საძმო ოფიციალურად ცნო ტერორისტულ ორგანიზაციად და კანონგარეშედ გამოაცხადა. მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია დასავლეთს, და პირველ რიგში აშშ-სა და რუსეთს მათთვის არასასურველი ხელისუფლების ჩამოშორების მიზნით ოპოზიციის შესაქმნელად. დღეისათვის ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, რეჟიმის დიქტატურა და ანტიდემოკრატიული მმართველობა. თუ ასეთ შეფასებას გავიზიარებთ, ახლო აღმოსავლეთში საუდის არაბეთი ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი ანტიდემოკრატიული მმართველობით და ადამიანის უფლებების დარღვევით. მაგრამ ის ხომ აშშ-ს „მეგობარია“.

1925 წლის 19 დეკემბერს არაბეთის ნახევარკუნძულის შუაგულში მდებარე ნაჯდის სულთანმა, საუდიანთა დინასტიის წარმომადგენელმა, აბდულაზიზმა (რომელმაც ირჩია სახელი იბნ-საუდი, რაც არაბულად „საუდის–ძეს“ ნიშნავს) დაიპყრო ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰიჯაზის სამეფო, აიღო მისი დედაქალაქი მექა და გააძევა იქიდან ჰაშიმიანთა დინასტიის წარმომადგენელი მეფე ალ იბინ ჰუსაინი.
ბრიტანეთის ფინანსური სუბსიდიებითა და ყოველწლიურად მექაში სალოცავად მუსლიმების ჩამოსვლის (ჰაჯი) შედეგად მიღებული სახსრებით, იბნ საუდმა 1932 წელს დააარსა საუდის არაბეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ერთი წლის შემდეგ ახალმა მთავრობამ შეასუსტა კავშირები მის ბრიტანელ ბატონთან და გააფორმა თანამშრომლობა შეერთებული შტატების ოთხ ნავთობკომპანიასთან. საუდის არაბეთის სამეფო გახდა და დღესაც რჩება მსოფლიოში ერთადერთ ქვეყნად, რომელსაც სახელი მისი დამაარსებლის პატივსაცემად დაერქვა. ქვეყნის ყველა მმართველი დღემდე იბნ საუდის 37 ვაჟიდან ერთ-ერთია, რომლებიც მის გარდაცვალებამდე (1953წ.) მას ოცდაორმა ცოლმა გაუჩინა.
1945 წლის 14 თებერვალს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული, სუეცის არხის შუაში მდებარე დიდ მწარე ტბაში (არაბულად ალ-ბურაიჰა ალ მურა ალ-ქუბრა) გაჩერებულ კრეისერ „ქუინზის“ გემბანზე პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ამერიკის პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი და საუდის არაბეთის მეფე – ეს იყო სამეფოს დამაარსებელი აბდულაზიზ იბნ-საუდი. ამ კრეისერზე შედგა საიდუმლო გარიგება (რომელიც ახლა აღარაა საიდუმლო!), რომლითაც ნავთობის სტაბილური მიწოდების სანაცვლოდ დემოკრატიის უმთავრესმა ბასტიონმა უსაფრთხოების გარანტია მისცა შუა საუკუნეების დესპოტიზმში ჩარჩენილ სამეფოს, სადაც 1962 წლამდე ოფიციალურად დაშვებული იყო მონობა, რომლის გაუქმებას პრეზიდენტ ჯონ კენედის ზეწოლას უკავშირებენ. ადამიანის უფლებათა ზოგიერთი წარმომადგენელი ამაში „ეშმაკისეულ გარიგებას“ ხედავს.

საუდის არაბეთში არა მხოლოდ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობა განიცდის შევიწროებას, არამედ შიიტი არაბებიც რელიგიურ დევნას განიცდიან: ისინი არ არიან თანასწორუფლებიანი მხარე შარიათის სასამართლოში, არ სარგებლობენ თანასწორი უფლებებით სუნიტებთან ნებისმიერ საქმიანობაში. მაგალითად, შრომის ანაზღაურებაში. არაბი ავტორის აბდალა მუჰამედის მონაცემებით „საუდის არაბეთში შიიტები განიცდიან შევიწროებას რელიგიური რიტუალების შესრულების დროს. მათ სთვლიან მეორე ხარისხის მოქალაქეებად. შიიტების სოფლები უყურადღებოდ არის მიტოვებული, ცენტრალური და შიდა სამიმოსვლო გზები პარალიზებულია. ყურადღება არ ექცევა შიიტი მოსახლეობის განათლებასა და სამედიცინო მომსახურებას. შიიტს ეკრძალება საქონლის დაკვლა და ხორცის გაყიდვა. სასამართლოში არ შიძლება მოწმედ გამოვიდეს. შიიტ გოგონას უფლება არა აქვს გახდეს პედაგოგიური სასწავლებლის სტუდენტი. შიიტი სწავლულების წიგნები, ყველა პუბლიკაცია, რაც კი შიიტურ მიმდინარეობას ეხება საუდის არაბეთის საბაჟოზე ლიკვიდაციას ექვემდებარება...“. თუმცა არც შიიტები გამოირჩევიან სუნიტებისადმი ლოიალური დამოკიდებულებით. გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ ხალიფატის პერიოდში „სუნიტური“ და „შიიტური ისლამური „საღვთო კონცეფციები განსაკუთრებული ურთიერთშეუწყნარებლობით გამოირჩეოდნენ. მაგალითად, შიიტ ბავშვებს, როგორც გოგონებს, ასევე ვაჟებს, ქუსლებზე ამოუსვირინგებდნენ ხოლმე მათთვის სამი „არაჭეშმარიტი“ ხალიფას, აბუბექრის, ომარისა და ოსმანის სახელებს, რათა მათ ისინი ყოველ დღე ფეხით გაეთელათ.

საუდის არაბეთის ოფიციალური რელიგია – ვაჰაბიზმია. როგორც ცნობილია მუჰამედ იბნ აბდალვაჰაბმა XVIII საუკუნეში ცენტრალურ არაბეთში დაარსა ახალი მაჰმადიანური რელიგიურ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც თავის მიმდევრებს მოუწოდებდა არაბების გაერთიანებისა და ოსმალეთის ბატონობის წინააღმდეგ მოქმედებისაკენ. ამ მიმართულებას ვაჰაბიზმს, მიმდევრებს კი ვაჰაბიტებს უწოდებდნენ. ვაჰაბიზმის მთავარი მოთხოვნა იყო აღედგინათ პირველადი ისლამი, უარი ეთქვათ ფუფუნების საგნებზე, გართობაზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე და სხვ. ვაჰაბიზმის ძირითადი დოგმატია – მკაცრი ერთღმერთიანობა, რომელიც მიმართული იყო ტომობრივი კულტების წინააღმდეგ, რაც ხელს უშლიდა ტომთა გაერთიანებას არაბეთის ნახევარკუნძულზე.

დღეისათვის ამ მოძრაობამ დაკარგა თავდაპირველი, პროგრესული ხასიათი და მაჰმადიანური სამყაროს განხეთქილების მიზეზად იქცა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, დასავლეთი თვალს ხუჭავს საუდის არაბეთში ანტიდემოკრატიულ მმართველობაზე. მაშინ ისმის კითხვა, რა ფარული მიზნები ამოძრავებდა ევროპა-ამერიკას, როდესაც აქცენტი სირიაში ბაშარ-ასადის რეჟიმის შეცვლაზე გაამახვილა? პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სირიის ადგილი და როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგორესურსების ტრანსპორტირების თვალსაზრისით. სირიის ტერიტორია იორდანიასთან ერთად გამოიყენებოდა ნავთობის ტრანზიტისათვის. 1950 წელს ექსპლოატაციაში შესული საუდის არაბეთის აღმოსავლეთ რაიონიდან წამოსული 1700 კილომეტრის სიგრძის ტრანსარაბეთის მილსადენი თავიდან გადიოდა სირიის გოლანის მაღლობზე, რომელიც 1967 წლიდან ისრაელის მიერაა ოკუპირებული. შემდეგ ის ლიბანის ნაპირისაკენ გადაამისამართეს. ამ მილსადენის გამოყენება შეწყვეტილია. სირიაზე გადიოდა ნავთობსადენი ჩრდილოეთ ერაყის ქირქუკიდან სირიის ტერმინალ ბანიასამდე და ლიბანის ტერმინალ ტრიპოლამდე. მილსადენი ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან. 1956 წელს ის სირიამ დაკეტა (იმ დროს მილსადენი ერთ ტრანსნაციონალურ კომპანიას ეკუთვნოდა და ამ აქტით სირიას უნდოდა „დაესაჯა“ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ისრაელი ეგვიპტის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო). როდესაც ერაყმა მოახდინა „ერაყის ნავთობის კომპანიის“ ნაციონალიზაცია, სირიამ თავის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მონაკვეთის მფლობელად გამოაცხადა თავი. 1976-1979 წლებში ეს მილსადენი არ მუშაობდა ერაყსა და სირიას შორის ტრანზიტის ფასის შეუთანხმებლობის გამო.
image1980-1988 წლების ერაყ-ირანის ომის დროს, როდესაც სირია ირანს უჭერდა მხარს, ეს მილსადენი ისევ დაიხურა. 2000 წელს სირიამ აღადგინა იგივე მილსადენი და, ფაქტობრივად აძლევდა საშუალებას სადამ ჰუსეინს, აერიდებინა თავი გაეროს მიერ ერაყისათვის დაწესებული სანქციებისათვის. ახლა ეს მილსადენი ისევ არ მოქმედებს. რაც შეეხება მთავარს, არის ის, რომ პირველ რიგში ევროპის ბაზარს ყველაზე მეტად სჭირდება არაბული გაზი, რადგან მას არაფრისდიდებით არ სურს დამოკიდებული იყოს გაზპრომზე. რუსეთისათვის კი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია დასავლეთზე გავლენის შესანარჩუნებლად. საყოველთაოდ ცნობილია, რომ „საგარეო ენერგეტიკული პოლიტიკა“ გამიზნულია ისეთი ქმედებებისაკენ, რომ რუსეთმა, როგორც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ლიდერმა, შეინარჩუნოს და გაზარდოს პოზიციები, შეამციროს ევროპაში საწვავის ექსპორტის მონოდამოკიდებულების ალტერნატივა, ასევე შეამციროს სარეგულაციო და საბაზრო რისკები და გაზარდოს მოგება.

საყურადღებოა, რომ ევროკომისიის ოფიციალური მონაცემებით ევროპის კონტინენტი რუსულ გაზზე 35%-ითაა დამოკიდებული. თუმცა ცალკეული ქვეყნების დამოკიდებულება 100%-საც აღწევს. მაგალითად: ესტონეთი 100%; ფინეთი 100%; ლატვია 100%; სლოვაკეთი 98%; ბულგარეთი 92%; ჩეხეთი 77, 6%; საბერძნეთი 76%; უნგრეთი 76%. თურქეთი სანახევროდ ან მეტად დამოკიდებულია რუსეთის გაზის იმპორტზე.
დასავლელ პოლიტიკოსებს კარგად ესმოდათ, რომ უფრო ძვირია პოლიტიკური ფასი, რომელსაც ევროპა რუსეთს უხდის, ვიდრე ის ნებისმიერი პროექტები, რომლებიც ევროპულ ენერგეტიკულ უსაფრთხოების გარანტიებს ბევრად სტაბილურს გახდის. ამის მაგალითები ევროპას უკვე ჰქონდა, როცა „გაზპრომმა“ შანტაჟის მიზნით ონკანი ცალკეულ ქვეყანას რამდენჯერმე გადაუკეტა. შესაბამისად, დასავლელ პოლიტიკოსებს კარგად ესმით მსგავსი ალტერნატიული პროექტის ღირებულების და ეფექტის მნიშვნელობაც.

ევროპისათვის ალტერნატივა გაჩნდა კატარის სახით. ეს პატარა არაბული სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებლობა 1971 წლის 1 სექტემბერს მოიპოვა, მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით. ტერიტორია 11, 4 ათას კვ. კმ.-ს შეადგენს. მოსახლეობა 600 000, დედაქალაქი – დოჰა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ქვიან უდაბნოს უჭირავს, მდიდარია ნავთობით და განვითარებულია ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის დარგები. ეს პატარა სახელმწიფო, რომლის ეკონომიკაც ნახევარი საუკუნის წინ ზღვის ფსკერზე მარგალიტის მოპოვებას ეფუძნებოდა და ძლივს ირჩენდა თავს, საოცრად გამდიდრდა ბუნებრივი გაზის მარაგით (რუსეთისა და ირანის შემდეგ) და გათხევადებული გაზის ექსპორტში მსოფლიო მოცულობის 28 პროცენტი 2018 წელს მასზე მოდიოდა. საჭირო იყო კატარის ევროპასთან დამაკავშირებელი გაზსადენი. ეს გაზსადენი კი, სირიის გარდა ვერსად გაივლის. ასადის რეჟიმი ამგვარი პროექტისათვის ძალზე შეუსაბამოს წარმოადგენდა, რადგან მოსკოვის გავლენაში მყოფი სირია დასავლეთისათვის მისაღებ ნაბიჯს არ გადადგამდა. ამიტომ, დემოკრატიისა და ადამიანური ფასეულობებისათვის მებრძოლთა ლოგიკით, საჭირო იყო ამ რეჟიმის შეცვლა. ამიტომ დაიწყო ის, რაც უნდა მომხდარიყო. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით სირიაში არ არსებობდა არანაირი ოპოზიცია. იყვნენ მხოლოდ დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც ქვეყნანაში ქაოსის შესაქმნელად და ძლიერი დამოუკიდებელი რეჟიმის მარიონეტული ხელისუფლებით შეცვლას ცდილობდნენ. მაგრამ სასურველი შედეეგი არ ჩანდა. ევროპას ისეთი სამხედრო ოპერაცია სჭირდებოდა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ჩართვა. ასეთი წონადი მიზეზი იქნებოდა ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე თავდასხმა, რათა ამოქმედებულიყო წესდების მე-5 მუხლი და შესაძლოა აღარც კი ყოფილიყო საჭირო უშიშროების საბჭოს თანხმობა. თურქეთი ამისათვის შესანიშნავი მაგალითი იყო. მართლაც, უხილავმა ძალამ 2012 წელს ბოევიკები თურქეთის საზღვრებს შეუსია. იყო მსხვერპლიც.

თურქებმა აწონ-დაწონეს და მიხვდნენ, რომ ბრიუსელისათვის საჭირო იყო მეტი სისხლისღვრა, რასაც მოჰყვებოდა ტურისტული ინფრასტრუქტურის განადგურება. ერდოღანი ამჯერად ბაშარ-ასადის ბოდიშით დაკმაყოფილდა, რომელმაც განაცხადა რომ სამთავრობო ძალები არ იყვნენ აგრესიის მონაწილენი. მაშინ დღის წესრიგში დადგა ისრაელის ჩართვა საბრძოლო ოპერაციებში. ბოევიკები უმალ გადაცვივდნენ თურქეთის საზღვრიდან ისრაელის მხარეს და ახლა იქ ატეხეს სროლა. ისრაელი არ აჰყვა პროვოკაციას. მან მართლაც დაიწყო ბრძოლა, ოღონდ ღაზის სექტორში. ეს იყო ნეთანიაჰუს პასუხი ახალ გამოწვევაზე, რომ მას სირიისათვის არ ეცალა.
ამის შემდეგ, კერძოდ, 2014 წლიდან ოთხიოდე წლის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა ახლო აღმოსავლეთში გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფო“, ანუ „დაიშ“-ი, რომელთანაც ბრძოლაში ლამის ნახევარი მსოფლიო ჩაერთო. ყველაზე მეტი გართულება კი ამ წარმონაქნმა შეუქმნა ერაყსა და სირიას.
image„დაიშ“-ი არის არაბული სახელის აბრევიატურა, რომელიც აღნიშნავდა „ერაყისა და შამის ისლამურ სახელმწიფოს“. „შამი“ არაბულად გამოითქმის „აშ-შამ“ და მოიცავს დასავლეთ სირიასა და ლიბანის – ტერიტორიას, რასაც ევროპულ ლიტერატურაში უწოდებდნენ ლევანტ-ს. „ისლამური სახელმწიფო“, როგორც რადიკალური სუნიტური, ისლამური, ტერორისტული ორგანიზაცია შეიქმნა 2006 წლის 15 ოქტომბერს 11 რადიკალური სუნიტური შეიარაღებული ფორმირებების შერწყმით და მისი მთავარი ბაზები სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე განლაგდა. როგორც ტერორისტული ორგანიზაცია ის აღიარეს აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში ავსტრალიაში, თურქეთში, ეგვიპტეში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ინდოეთში, ინდონეზიაში, რუსეთში და ა. შ. დაჯგუფება დაარსების დღიდან 2013 წლამდე ცნობილი იყო როგორც „ერაყის ისლამური სახელმწიფო“, რომელიც ერაყის „ალ-ქაიდას გარშემო გაერთიანებულ რადიკალურ სუნიტურ დაჯგუფებებს აერთიანებდა. სწორედ მაშინ იქნა მიღებული „კონსტიტუციის“ პროექტი და „კაცობრიობას ისლამური სახელმწიფოს შექმნაზე ეცნობა“.

„ერაყის ისლამურ სახელმწიფოს“ მიზნად ჰქონდა აშშ-ისა და საერთაშორისო კოალიციის ერაყიდან წასვლის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიის სუნიტური ნაწილის დაკავება და იქ გასამხედროებული ისლამური სუნიტური სახელმწიფოს შექმნა. 2010 წელს „ერაყის ისლამური სახელმწიფოს“ ამირა გახდა ერაყში „ალქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ ბაქრალ ბაღდადი . მალევე აშშ-მა ის განსაკუთრებით საშიშ ტერორისტთა სიაში შეიტანა და მისი თავი ათ მილიონ დოლარად შეაფასა.
2013 წლის 9 აპრილს „ალ-ქაიდას“ ერაყული „ფილიალის“ – ერაყის ისლამური სახელმწიფოსა და სირიულის – „ჯებჰათ ან-ნუსრას“ შერწყმით გაჩნდა ახალი დაჯგუფება სახელწოდებით „ერაყისა და ლევანტეს ისლამური სახელმწიფო“. მისი მიზანი სირიის, ერაყისა და ლიბანის ტერიტორიებზე ისლამური საამიროს შექმნა იყო. სწორედ არაბულ მედიაში ეწოდა მას შემოკლებით „დაიში“

ხაზგასასმელია, რომ სირიის კრიზისის დასაწყისში კატარი შეეცადა საკუთარი სცენარით მოვლენათა განვითარებას და ამ მიზნით პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეთა დაფინანსება დაიწყო. ასევე დააფინანსა ლიბიელი მოხალისე მებრძოლები, რომლებიც სირიაში გადადიოდნენ როგორც თურქეთის საზღვრის გავლით, ისე იორდანიის ტერიტორიიდან. ერთი შეხედვით ძნელი წარმოსადგენი იყო ასეთი სახელმწიფო რეგიონალური ლიდერის როლში; მაგრამ მიუხედავად ამისა, კატარი რეგიონალურ დომინანტად ჩამოყალიბდა და საუდის არაბეთისაგან ინიციატივა სრულად გადაიბარა. კატარის ფონდი „კარმა“ 2006 წელს აფინანსებდა ჯერ კიდევ ახლად შექმნილ ტერორისტულ ორგანიზაციას 300 მილიონი დოლარით.

2014 წლის ივნისში „დაიშ“-მა სახელად აიღო „ისლამური სახელმწიფო“, გამოაცხადა თავი „მსოფლიო სახალიფოდ“, ხოლო ხალიფად დასვა აბუბაქრ ალბაღდადი. ასე შეიქმნა ტერორისტული წარმონაქმნი, რომელსაც ტერიტორიული განზომილება ჰქონდა. პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ შექმნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როგორც საკუთარი სამხედრო ბაზა და დასაყრდენი. შემდეგ იძულებული გახდა, მოჩვენებითი ომი გამოეცხადებინა, რათა რეგიონში სამხედრო ყოფნა გაემართლებინა. მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფო პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა შექმნეს“.

კატარისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერების საქმეში თურქეთთან კავშირის განმტკიცება. დოჰამ და ანკარამ სირიის ტერიტორიაზე ერთობლივი მოქმედების გეგმა მოამზადეს. ასეთმა ალიანსმა, რა თქმა უნდა, შეცვალა ბალანსი ახლო აღმოსავლეთში. თურქეთის ეს გადაწყვეტილება დიდწილად განპირობა აშშ-თან მისმა დაპირისპირებამ, რაც გამოიხატა საუდის არაბეთის ახალი მთავრობის მკვეთრად გამოხატული პროამერიკული ზეგავლენით. ამასთან დაკავშირებით, თურქეთის ლიდერებმა გადაწყვიტეს შეეცვალათ საგარეო ორიენტირები სირიის მიმართულებით. ვაშინგტონის მხრიდან არასაფრენი ზონის შექმნაზე უარის თქმით, აგრეთვე პროთურქული სირიის თავისუფალი არმიის დახმარებაზე უარით უაღრესად გაფუჭდა ანკარა-ვაშინგტონის ურთიერთობა; ხოლო ბოლო წვეთი მათ დაპირისპირებაში აღმოჩნდა ამერიკის მიერ ქურთული პროამერიკული სირიის შეიარაღებული ძალების შექმნა. ამით აიხსნება თურქეთისა და კატარის დაახლოება, რაც სირიაში საერთო ინტერესებით იყო განპირობებული. ანკარას ცალკე დამოუკიდებლად არ შეეძლო შეექმნა სირიაში საბრძოლო ქვედანაყოფები, ხოლო კატარს ასევე არ შეეძლო თურქეთის ტერიტორიის გარეშე ისლამური სახელმწიფოს დახმარება. ანკარამ ორჯერ იხსნა „ისლამური სახელმწიფო“ სრული განადგურებისაგან; მან ხელი შეუწყო ისლამური სახელწმიფოს მებრძოლების გადასროლას თურქეთის ტერიტორიის გავლით ქურთული შენაერთების ზურგში.

ამავე დროს „დაიშ“-ის მხარეს თავი მოიყარეს ჯიჰადის მომხრეებმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკიდან და რუსეთიდან (ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიიდან და ვოლგისპირეთიდან, სადაც ისლამია გავრცელებული), ცენტრალური აზიის რესპუბლიკებიდან, ჩინეთის სინძიანიდან. დასავლეთ ევროპიდან მას შეუერთდნენ იქაური რადიკალიზებული ახალგაზრდა მუსლიმები და ისლამზე გადასული ადგილობრივი ევროპელებიც. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა ერაყის რამდენიმე ქალაქზე კონტროლის მოპოვებით, სადაც ბანკებში დიდძალი თანხა აღმოჩნდა. მარტო ქალაქ მოსულის ბანკებში ნაძარცვმა 377 მილიონი დოლარი შეადგინა. ნავთობით არალეგალური ვაჭრობით კი ყოველდღიური შემოსავალი, სხვადასხვა მონაცემებით 1-3 მილიონ დოლარს შეადგენდა. ადგილობრივი ბიზნესის რეკეტი ყოველთვიურად ტერორისტებს 8 მილიონ დოლარს, ხოლო ტყვეთა გამოსყიდვა წელიწადში 100 მილიონ დოლარს მატებდა. ასევე ბიუჯეტის შევსების წყაროს წარმოადგენდა მუზეუმების ძარცვის შედეგად სხვადასხვა არტეფაქტით ვაჭრობა შუამავლების მეშვეობით დასავლეთის არალეგალურ აუქციონებზე. შემოსავლის კიდევ ერთი წყარო იყო „ისლამური გადასახადი“, რომელსაც იხდიდნენ ის ისლამისტები, ვინც ისლამის სუნიტური მიმდინარეობის მიღებაზე უარს ამბობდნენ.
image2015 წლის შემოდგომაზე ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ დაიწყო ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების და სპეცდანიშნულების რაზმების გაგზავნა სირიის ქურთების წვრთნისა და კონსულტირებისათვის, რომლებიც „დაიშ“-ს ებრძოდნენ. ამერიკის ადმინისტრაციამ ეს გააკეთა დიდი ყოყმანით მას შემდეგ, რაც არაერთხელ უშედეგოდ სცადა, იმავე მიზნით შეეიარაღებინათ სირიის ოპოზიციური ძალები. თანდათან ამერიკელი სამხედროების რიცხვმა სირიაში ორი ათასს გადააჭარბა და ისინი წარმატებით თანამშრომლობდნენ ქურთებთან და საერთაშორისო კოალიციასთან. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ვაშინგტონს რთული დილემა აქვს ქურთებთან დაკავშირებით. 1990-იან წლებში ერაყის ქურთები უპირისპირდებოდნენ სადამ ჰუსეინს და სარგებლობდნენ აშშ-ის მხარდაჭერით.

2014-2018 წლებში ე. წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ის მეთაურობით მებრძოლ საერთაშორისო კოალიციას სირიის ქურთებმა უაღრესად ქმედითი დახმარება აღმოუჩინეს და დიდი მსხვერპლიც გაიღეს. ამერიკელმა სამხედროებმა ეს შესანიშნავად იცოდნენ. მაგრამ საქმეში „ჩაერია გეოპოლიტიკა“: ვაშინგტონს უხდებოდა ნატო-ში თავისი მოკავშირე თურქეთისა და, აგრეთვე, ერაყის მთავრობის მკვეთრად უარყოფითი განწყობის გათვალისწინება ქურთების თუნდაც კვაზი-სახელმწიფოებრიობის შექმნის მიმართ. ამ დროს „დაიშ“-ს უკვე ეკავა დიდი ფართობი დასავლეთ ერაყსა და აღმოსავლეთ სირიაში, სადაც 6-8 მილიონ ადამიანს მოუხდა შუა საუკუნეების შარიათის წესებით ცხოვრება. „მსოფლიო სახალიფოს“ სახელით და ათასწლეულის წინანდელი ველური წესების გამოყენებით (ქვით ჩაქოლვა, თავისა და კიდურების მოკვეთა, მონად გაყიდვა) „დაიშ“-ი ებრძოდა „ურწმუნოებს“ („ქაფირებს“, ანუ არამუსლიმანებს, და „მწვალებლებს“ – არასუნიტ მუსლიმებს) ფართოდ გახდა ცნობილი მის მიერვე ვიდეოზე გადაღებული ტყვედ აყვანილი ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პირების სიკვდილით დასჯის სხვადასხვა ფორმები.

ფანატიკოსებმა მოსპეს, როგორც „წარმართული“, სამი-ოთხი ათასწლეულის წინანდელი უძველესი ცივილიზაციის უამრავი ფასდაუდებელი ძეგლი, რომლებიც არქეოლოგებმა წინა ორი საუკუნის განმავლობაში აღმოაჩინეს და კაცობრიობას შემოუნახეს. მაგალითად, მიზანმიმართულად განადგურდა ძველი ასირიის დედაქალაქ ნინევიის ნაშთები, ანტიკური ქალაქი პალმირა, ქალაქ მოსულის მუზეუმის შესანიშნავი არქეოლოგიური ექსპონატები და სხვ. შეიქმნა ტერიტორიულად გიგანტური წარმონაქმნი, რომელიც თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს იყენებდა მსოფლიოში გაფანტული მომხრეების მოსაზიდად და სხვადასხვა ქვეყანაში ტერორისტული აქტების მოსამზადებლად. „დაიშ“-მა მსოფლიოს ამ ნაწილში დროებით შექმნა „ინტერნეტისა და მობილური ტელეფონის მქონე შუა საუკუნეები“. მრავალმა ქვეყანამ „დაიშ“-ი უკანონო ტერორისტულ წარმონაქმნად გამოაცხადა. მუსლიმურ ქვეყნებშიც კი ის არც „ისლამურად“ და არც „სახელმწიფოდ“ ოფიციალურად არავინ ცნო.

გაერო-ს 70-ე საიუბილეო წლისთავის (2015 წლის 28 სექტემბერს) აღნიშნულ ღონისძიებაზე, როდესაც დაწყებული იყო არნახული მასშტაბის მიგრაცია, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ისე, რომ სხვა გამომსვლელებს არ დაელოდა, სიტყვებით – „ახლა მაინც თუ ხვდებით, რა ჩაიდინეთ?!“ ხატოვნად თუ ვიტყვით, „კარი გაიჯახუნა“ და საკუთარ თვითმფრინავს მიაშურა. ამ ამბიდან მეორე დღესვე რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა პირველი იერიში მიიტანეს ისლამისტების კონტროლს დაქვემდებარებულ სირიის არაბთა რესპუბლიკაზე და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის ბედს გადაარჩინეს. ბაშარ ასადი, რომლის ჩამოსახრჩობი თოკი უკვე გასანთლული ჰქონდათ ამერიკელებს.
imageდამასკოში ასადის ოჯახის წევრებისა და სასახლის დაცვა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჩეჩნური სპეცდანიშნულების ბატალიონ „ვოსტოკის“ მებრძოლებს ჰქონდათ დავალებული. როგორც ჩანს, ვაშინგტონისა და ნატოს სტრატეგებს შექმნილი ჰქონდათ წარმოდგენა, რომ მოსკოვს შეეძლო თავისი აგრესიული ძალის გამოვლინება, მხოლოდ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა), მაგრამ უფრო შორს ვერ იმოქმედებდა. ამიტომაც იქცა მათთვის უსიამოვნო სიურპრიზად, როდესაც რუსეთის ფედერაცია 2015 წლის სექტემბრის ბოლოს თავისი საჰაერო-კოსმოსური ძალების მეშვეობით მოულოდნელად ჩაერთო სირიის სამოქალაქო ომში და, როგორც აღვნიშნეთ პრაქტიკულად გადაარჩინა ასადის რეჟიმი თითქმის გარდაუვალი კრახისაგან.

იმ მომენტისათვის ასადის ძალები სირიის ტერიტორიის მცირე ნაწილსღა აკონტროლებდნენ, ძირითადად დედაქალაქ დამასკოს და ლატაკიის მიმდებარე, ალავიტებით დასახლებულ რაიონებს. რუსეთი დაეხმარა ბაშარ ალ-ასადს სხვადასხვა მეამბოხე, მათ შორის ჯიჰადისტური ჯგუფების განდევნაში ქვეყნის უდიდეს ქალაქ ალეპოდან, ისტორიულ ქალაქ პალმირადან, სადაც „დაიშ“-ი ანადგურებდა ძვირფას ისტორიულ მემკვიდრეობას, ნავთობმოპოვების ცენტრ დეირ ეზ-ზორიდან და სხვ. ახლო აღმოსავლეთის ექსპერტმა სტივენ კუკმა ასე დააჯამა რუსეთის ქმედების მიმართ ამერიკაში და, ზოგადად, დასავლეთში შექმნილი ექსპერტული აზრი: ანალიტიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში რუსეთის ძალის დემონსტრაცია არის მკაფიო ინდიკატორი, რომ გლობალური მეტოქეობა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მხოლოდ წარსული კი არაა, არამედ აწმყოც და მომავალიც; მაგრამ ექსპერტების მცირე ნაწილი – რუსეთის მკვლევრები, ამერიკელი დიპლომატები, ჟურნალისტები – მიიჩნევს, რომ რუსეთი სუსტია, ფინანსურად შეზღუდული და სირიის პრობლემებში ჩაფლობა მას ცუდ შედეგს მოუტანს. თუმცა უმცირესობის აზრიც ხანდახან არაა რეალობას აცდენილი, სტივენ კუკი მაინც უმრავლესობის აზრს ემხრობა და მიაჩნია, რომ რუსეთს აქვს, როგორც სტრატეგია, ისე საკმარისი ძალაც: „სირიაში რუსებმა მოახდინეს პოლიტიკური ნებისა და გამძლეობის დემონსტრაცია. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მაგალითად, რუსეთის ეკონომიკის ზომა, რასაც იყენებენ მისი სისუსტის ინდიკატორად. იმის დაჯერება, რომ რუსეთის ძალა ეფემერულია, შეიცავს რისკს, შეგვექმნას ისეთი წარმოდგენა მსოფლიოს შესახებ, რომელიც თვითდამკვიდრებას წარმოშობს. რუსები არ აპირებენ წასვლას, მათ აქვთ დასავლეთის დასუსტების სტრატეგია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში იწყება“. რუსეთის ჩართვა სირიის კონფლიქტში, ბუნებრივია, არ იქნებოდა კრემლის მიერ სტიქიურად მიღებული გადაწყვეტილება. ამისათვის ის სერიოზულად ემზადებოდა.

არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ სირიაში სამხედრო მოქმედების დაწყებით რუსეთს უნდოდა, მსოფლიო ყურადღება გადაეტანა ერთი წლით ადრე უკრაინაში მის მიერვე განხორციელებული აგრესიისაგან (ყირიმის უკანონო ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატიზმის მხარდაჭერა). ფორმალურად, რუსეთი სირიაში მივიდა პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნით, ტერორისტულ წარმონაქმნ „დაიშ“-თან საბრძოლველად, რომელიც იმ დროს მართლაც წარმოადგენდა დიდ საფრთხეს მთელი ახლო აღმოსავლეთისა და არა მარტო ამ რეგიონისათვის. ამ საფრთხეს დასავლეთის კოალიციაც ებრძოდა. მაგრამ „დაიშ“-ის პოზიციების დაბომბვის პარალელურად და უფრო გადამეტებითაც კი, რუსულმა ავიაციამ გაანადგურა ასადის მოწინააღმდეგე ძალიან ჭრელი ოპოზიციის საგრძნობი ნაწილი, რომელსაც, თავის მხრივ, აიარაღებდნენ ამერიკა, თურქეთი, ყურის ზოგი არაბული სახელწმიფო. ფაქტია, რომ სირიის კონფლიქტში ჩართვა კრემლის შორსმიმავალი გეოპოლიტიკური მიზნის ნაწილად მოჩანს: მას უნდა სამხედრო-პოლიტიკურად დამკვიდრდეს ხმელთაშუა ზღვის აუზში.

სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, ბაშარ ალ-ასადმა რუსეთს უვადოდ დაუთმო ტარტუსის ნავსადგურის ნაწილი ხმელთაშუა ზღვაზე, სადაც თანდათან იქმნება რუსული სამხედრო-ბაზა და ხმეიმის აეროდრომი, სადაც უკვე დაფუძნდა და კეთილმოეწყო რუსული სამხედრო ბაზა. რუსეთის დიდ გავლენას სირიის რეჟიმზე მოწმობს ამ უკანასკენლის მიერ საქართველოს სეპარატისტული ნაწილის „დამოუკიდებლობის“ ცნობა 2018 წელს, რაც მხოლოდ კრემლის საამებლად (ან მისი ზეწოლის შედეგად) გადადგმული გაუაზრებელი ნაბიჯია. ის დამასკოს არავითარ ეკონომიკურ სარგებელს არ მოუტანს და პოლიტიკურადაც წამგებიანია იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო საწინააღმდეგო პოზიციაზეა. სირიის სამხედრო კონფლიქტში რუსეთს საშუალება ჰქონდა გამოეცადა თავისი ყველანაირი შეიარაღება (გარდა ბირთვულისა) და რეალურ საბრძოლო პირობებში გაეწვრთნა თავისი არმიისა და ფლოტის ოფიცრების და რიგითი შემადგენლობა.
image2018 წლის 22 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის ოფიციალურ არხზე განათავსა სირიაში თითქმის სამწლიანი სამხედრო ოპერაციის შედეგები. მონაცემები, რომელთა გადამოწმება შეუძლებელია, როგორც ჩანს, გათვლილი იყო საგარეო და შიდა პროპაგანდისტულ ეფექტზე: უცხოს უნდა შეშინებოდა, ხოლო რუსეთის მოქალაქეებს უნდა ერწმუნათ მათი „დერჟავის“ სამხედრო სიძლიერე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სირიის ოპერაციაში 2015 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტომდე მონაწილეობა მიიღო რუსეთის 63 013 სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის 434 გენერალმა და 25 738 ოფიცერმა (უმეტესობას სამთვიანი როტაცია ჰქონდა); რუსეთის ყველა სამხედრო ოლქის მეთაურმა და მათი შტაბის კოლექტივმა გაიარა წვრთნა სირიაში;

ოპერაციას ძირითადად სამხედრო-საჰაერო ძალები ახორციელებდნენ და ჯამში 39 ათას გაფრენაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის საარმიო ავიაციის ეკიპაჟების 91 პროცენტმა, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის – 97 პროცენტმა და სტრატეგიული ავიაციის – 60 პროცენტმა, ანუ რუსი მფრინავების უმეტესობამ გაიარა საბრძოლო წვრთნა სირიის ცაში (თუმცა მათ არ ჰქონდათ საქმე მოწინააღმდეგის ავიაციასთან, რომელიც არც „დაიშ“-ს და არც ისლამისტ მეამბოხეებს არა აქვთ); სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ხმელთაშუა ზღვაში და კასპიის ზღვაში მყოფი ხომალდებიდან; გამოიცადა შეიარაღების 231 ახალი სახეობა და ა. შ. რუსეთის ხელმძღვანელობა ცდილობდა, არ გამოეყენებინა სიტყვა „პოლიგონი“, მაგრამ რუსეთის არმიისათვის სირია რეალურად იყო სამხედრო პერსონალის წვრთნისა და ახალი იარაღის გამოცდის ადგილი, რასაც, ჩვეულებრივ, „სამხედრო პოლიგონს“ უწოდებენ ხოლმე! იმავე ცნობის თანახმად, სირიაში ლიკვიდირებული იქნა 86 ათასი „ბოევიკი“ (მათ შორის 4, 5 ათასი წასული რუსეთიდან და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან) და მათი 830 ლიდერი.

ჰაერიდან ალბათ ძნელი გასარჩევი იქნებოდა ვინ არის ამ ათეულ ათასობით ლიკვიდირებულთა შორის „ბოევიკი“ (კიდევ უფრო ძნელი – მათი წარმოშობის დადგენა) და ვინ – სირიის მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალი და ბავშვი! მაგრამ „მამაც“ რუს მფრინავებსა და ბაშარ ალ-ასადს ეს პრობლემა საერთოდ არ შეაწუხებდა! რუსეთი არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ სირიაში გავლენის მოპოვებით. ის რეგიონის სხვა ქვეყნებში ეძებდა და პოულობდა გარკვეული შეხების წერტილებს, თუნდაც დროებითი კავშირებისათვის. ამავე დროს სირიაში სამხედრო ყოფნა რუსეთს იძულებულს ხდის, მონაწილეობა მიიღოს სამხედრო ოპერაციებში, რომლებიც მას ნაკლებად სჭირდება. მაგალითად, პრესაში გახმაურდა 2018 წლის თებერვალში ბაშარ ალ-ასადის არმიის ნაწილებისა და რუს მოქირავნეთა უშედეგო მცდელობა, დაეკავებინათ მდ. ევფრატის მარცხენა ნაპირზე მდებარე, სირიელი ქურთების კონტროლის ქვეშ მყოფი, ნავთობსარეწები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ქურთების მხარემ სასწრაფოდ მიმართა ამერიკელებს, რომელთა სამხედრო ნაწილებმა სარაკეტო და საავიაციო დარტყმებით გაანადგურეს შეტევის მონაწილეთა დიდი რაოდენობა და მათი ჯავშანტექნიკა. კრემლმა გაასაიდუმლოვა დაღუპული რუსების რიცხვი (როგორც ჩანს, არც თუ მცირე), რადგან საბრძოლო დაპირისპირებამდე, ამერიკელებთან სატელეფონო საუბარში, რუსეთის არმიის წარმომადგენელი დაჟინებით უარყოფდა რუსეთის მოქალაქეების რაიმე სახით მონაწილეობას ამ ავანტიურაში.

რაც შეეხება თურქეთს, რეალურად თვითონაც გახდა სირიის სამოქალაქო ომის მსხვერპლი, რადგან ხუთ მილიონზე მეტმა ლტოლვილმა სირიელმა მის ტერიტორიას მიაშურა, რომელთაგან თითქმის 3, 5 მილიონი დღემდე რჩება თურქეთში. 2015 წელს დასავლეთ ევროპის ქვეყნებს მიაწყდა მილიონამდე სირიელი (მათ სხვა ქვეყნებიდანაც შეუერთდნენ ევროპული შეღავათებით სარგებლობის მსურველები), რამაც დიდი „მიგრაციული კრიზისი“ გამოიწვია. 2016 წელს ევროკავშირისგან გაფორმებულმა შეთანხმებამ შეამცირა სირიიდან მიგრანტების ნაკადი, რადგან თურქეთი შეუთანხმდა ევროკავშირს, რომ თავის ტერიტორიაზე ლტოლვილების დატოვებისათვის საგრძნობ ფინანსურ კომპენსაციას მიიღებდა. მაგრამ ეს ტვირთი თურქეთისათვის მაინც ძალიან მძიმეა.

ჯერ კიდევ 2016 წლის თებერვლაში „ჰუმან რაით ვოჩის“ მონაცემებით, სირიის სამოქალაქო ომის დროს 470 000 პირი დაიღუპა. გაეროს ინფორმაციით 6, 1 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი, ხოლო 4, 8 მილიონი სირიელი საზღვარგარეთ იმყოფებოდა ლტოლვილის სტატუსით. ამავე წელს დაახლოებით ერთი მილიონი სირიელი კი ალყაში იმყოფებოდა ჰუმანიტარული დახმარების გარეშე.
2018 წლის 19 დეკემბერს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი ადმინისტრაციისათვის მოულოდნელად განაცხადა, რომ „დაიშ“-ი დამარცხებულია და ამერიკელი სამხედროები დაუყონებლივ შინ უნდა დაბრუნდნენ. ასეთი გადაწყვეტილება იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა ამერიკის თავდაცვის მდივნის ჯეიმს მეტისისათვის, რომ ის თანამდებობიდან გადადგა. ასევე გადადგა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი „ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლ გლობალურ კოალიცია-ში“ ბრეტ მაკგერკი, რომელიც სულ ცოტა ხნით ადრე აცხადებდა, რომ „დაიშ“-ი დამარცხებული ბოლომდე არაა და ამერიკელები სირიელ ქურთებს არ მიატოვებდნენ. ტრამპმა მალევე გადათქვა ამერიკელი სამხედროების სირიიდან სასწრაფოდ გამოსვლა და ვადა აღარ დაუთქვამს. ცნობილმა დიპლომატმა ა. ვერშბოუმ 2018 წელს, ჯერ კიდევ ტრამპის 19 დეკემბრის განცხადებამდე, აღნიშნა: „რუსეთი, თურქეთი და ირანი განაგრძობენ სირიაში პოლიტიკური გადაწყვეტილების ძიებას აშშ-ის მონაწილეობის გარეშე".

აშშ-ის ახალი პრეზოდენტის ჯო ბაიდენის განკარგულებით, ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთ სირიაში, რომელშიც თითქოს პროირანული დაჯგუფებები მოქმედებდნენ. საავიაციო შეტევის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი. ეტყობა ამას გულისხმობდა ჯო ბაიდენი, როდესაც ამერიკის დაბრუნებაზე ლაპარაკობდა. როგორც ჩანს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური ქარიშხალი ჯერ არ ჩამდგარა. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მომავალი გვიჩვენებს.

წყარო: ავთანდილ სონღულაშვილი – ისტორია პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობები
3
86
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
86
  
12 დეკემბერი, 14:48
ზუსტად ამ მიზეზით თქვა რუსეთმა აფსუების დაფინანსებაზე უარი. ერდოღანს, მართლა მაგრად "აჭამეს", თან სირიაში ქურთების კარგად შეიარაღებული და ბრძოლებში გამოწრთობილი ერაყში მოქმედი "პეშმერგას" მოზრდილი ქვედანაყოფია მობილიზებული და ოსმალოებს დიდ თავსატეხს გაუჩენს.
12 დეკემბერი, 13:53
სირია დიდ პრობლემებში იყო გახვეული როგორც ეთნიკური ისე რელიგიური მრავალფეროვნებას ისიც ემატებოდა რომ "ქვეყანა" სამხედრო, ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ კატასტროფაში იყო – რუსეთს თავის პრობლემები ოხრად აქვს და დიდი ფინანსების აკუმულაციას ვერ მოახდენდა სირიისთვის, არც დასავლეთს უნდა სირია მაგათ ჰყავთ ისრაელის დიქტატორული და აპარტეიდული რეჟიმი და სახელმწიფო, ხოდა ვის ვის და :) გოიმი და ქაჯი თურქეთი, იმპერიის აღდგენის გვრემები აქვთ და ათოხლეს ოსმალიკებს ყველა ეგ კატასტროფა თურქების კისერზე გადავა , ქვეყანასაც ეგენი აღადგენენ და სირიის პატრონობით ბიუჯეტსაც გვარიანად შეითხელებენ :))
12 დეკემბერი, 13:18
ძალიან საინტერესო სტატიაა, კარგი რაკურსით დანახული რეალობით და ანალიზით. ერთი რამ ცხადია, ომებს ძირითადად ინსპირირებას უკეთებს აშშ და შემდეგ ამარაგებს იმ მხარეს, რომელიც რადიკალური გზით ცდილობს რეჟიმის დამხობას.
სხვათაშორის ლატაკიასთან "ვაგნერელებმა" ამერიკელ საზღვაო ქვეითებს "კუდით ქვა ასროლინეს" და აიძულეს რეგიონი დაეტოვებინათ.
ბაშარ ალ ასადი განწირული იყო რუსეთის დახმარების გარეშე, რადგან როცა მოსახლეობა არაა რეჟიმისადმი კეთილგანწყობილი, ჯარიც ვერ იქნება მოტივირებული ბრძოლიათვის.
ასადი დაიღუპაო ამბობენ, მაგრამ მეეჭვება, ვფიქრობ მან რომელიმე ქვეყანას შეაფარა თავი, რადარებიდან მისი რუსული წარმოების თვითმფრინავის გაქრობა, მარტივად შეიძლებოდა მისი მფრინავების მიერ სანავიგაციო სისტემის გამორთვით ყოფილიყო გამოწვეული.
0 1 3