x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
ყირიმის კუთვნილების საკითხისათვის

imageბოლო წლებში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ფონზე, მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენ იყო მიმართული. მართალია, რუსეთის პრეზიდენტმა ეს თემა დახურულად გამოაცხადა, მაგრამ დიდია ინტერესი აღნიშნული ტერიტორიის ისტორიული კუთვნილების შესახებ.
ყირიმის ნახევარკუნძული 25, 5 ათ. კმ2 მოიცავს. დასავლელით და სამხრეთით აკრავს შავი ზღვა, აღმოსავლეთით - აზოვის ზღვა. ჩრდილოეთით პერეკოპის ვიწრო (8 კილომეტრამდე) ყელით უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპის ვაკეს. ყირიმის აღმოსავლეთ კიდეზე, შავსა და აზოვის ზღვებს შორის, მდებარეობს ქერჩის ნახევარკუნძული. დასავლეთით ყირიმი ბოლოვდება თარხანკუთის ნახევარკუნძულით. ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ აზოვის ზღვის წყალმარჩხი ყურეებია (სივაში), რომლებიც ზღვიდან გამოყოფილია ქვიშიანი არაბატის ცელათი. ყირიმის ჩრდილოეთის დიდი ნაწილი სტეპური ვაკეა, სამხრეთის მცირე ნაწილი უკავია ყირიმის მთებს, რომელთა ძირზე ყირიმის სამხრეთი ნაპირის ვიწრო ზოლია.

ყირიმის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების უძველესი კვალი განეკუთვნება პალეოლითის ეპოქას. ნახევარკუნძულის გეოგრაფიული მდებარეობა, ეკოლოგიური და ისტორიული პირობები უძველესი დროიდან გახდა სხვადასხვა ტომების, ხალხისა და კულტურების გადაკვეთის ადგილი. საუკუნეების განმავლობაში აქ ცხოვრობდნენ კიმერიელები, სკვითები, ბერძნები, რომაელები, გოთები, ჰუნები, ალანები, ხაზარები, ბიზანტიელები, ვენეციელები და გენუელები, სლავები. ერთი სიტყვით, არ არის ევროპაში ხალხი, რომელიც ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით პრეტენზიას არ აცხადებდეს ნახევარკუნძულის კუთვნილებაზე. და მაინც ყველაზე ძველი ბინადარი ტომი-ტავრები - იყვნენ. შემთხვევითი არ არის, რომ ანტიკური პერიოდის დასაწყისიდან ნახევარკუნძული ტავრიდის სახელით იწოდებოდა. უფრო მეტიც, რუსეთის შემადგენლობაში ყოფნის მეორე წელს (1784) ყირიმს ძველი სახელის მიხედვით ეწოდა „თავრიდის ოლქი“ (1787 წლიდან გუბერნია), ცენტრი ქალაქი სიმფეროპოლი.

ფაქტია, რომ ყირიმის აღსანიშნავად სამეცნიერო ლიტერატურაში და დოკუმენტურ წყაროებში XIX-XX საუკუნეებშიც კი, ზოგჯერ გვხვდება „თავრიდის ნახევარკუნძული“. ანალოგიურია „თავრიდის სასახლე“. ასევე, საინტერესოა ინგლისელი ჟურნალისტის ლაურენს ოლიფანტის მსჯელობა, რომელიც XIX საუკუნის შუა ხანებში ყირიმის ომის თვითმხილველია და საქართველოშიც იმყოფებოდა, აღნიშნავს, რომ „ყირიმი“ და „თავრიდი“ იდენტური ცნებებია. ოლიფანტის დასკვნით „ყირიმის გადაქცევა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უაზრობა იქნებოდა, რადგან თავრიდის ნახევარკუნძული რუსეთის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“. ანტიკური ავტორების ცნობებით ტავრები მრავალრიცხოვანი მომთაბარე ხალხი ყოფილა. ტავრებსა და ელინებს შორის ხშირი იყო შეიარაღებული დაპირისპირება.

სავაჭრო ნაოსნობის დროს ტავრები დიდ დაბრკოლებას უქმნიდნენ ბერძნებს. ამასთან დაკავშირებით ჰეროდოტე შემდეგს მოგვითხრობს: „ტავრები შემდეგ წესებს მისდევენ: ქალწულს (იგულისხმება არტემიდე) მსხვერპლად სწირავენ ყველა იმ ელინს, ვისაც ხომალდი დაეღუპება, ანდა ვისაც ისინი შეიპყრობენ და ამას შემდეგნაირად აკეთებენ: იწყებენ მსხვერპლშეწირვას და მას თავში კომბალს ურტყამენ. ზოგიერთები ამბობენ, სხეულს კლდიდან ძირს აგდებენ (ამ კლდეზე სალოცავია აგებული), თავს კი სარზე ჩამოაგებენ; ხოლო სხვები თავის შესახებ ამავე აზრისანი არიან, ხოლო სხეულზე ამბობენ, კლდიდან კი არ აგდებენ, მიწაში ფლავენო. ამ ღმერთქალის შესახებ, რომელსაც მსხვერპლს სწირავენ, თვითონ ტავრები ამბობენ, რომ იფიგენეია არისო, აგამემნონის ასული. ხოლო მტერს, რომელსაც კი ხელთ იგდებენ, ისინი ასე ექცევიან: ყოველი მათგანი სჭრის მტერს თავს და მიაქვს სახლში, შემდეგ ძალიან დიდ ჯოხზე დაარჭობენ თავს და დააყენებენ სახლს ზემოთ, მასზე ბევრად უფრო მაღლა, მეტ წილად საკვამურის ზემოთ, ისინი ამბობენ, რომ ესენი მთელი იმ სახლის მცველები არიან რომლის ზემოთაც დააყენეს. ტავრები ცხოვრობენ ყაჩაღობითა და ომებით“.
imageტავრები ასევე აღწერილია სტრაბონის, პლინიუსის, პტოლემეოსის და სხვათა ნაწარმოებებში. საინტერესო ცნობები შემოგვინახეს შუასაუკუნეების ბიზანტიელმა, არაბმა, იტალიელმა, თურქმა ისტორიკოსებმა. ისინი წერდნენ ხერსონესზე (ორსუნი), სუდაკზე და ყირიმის სხვა ქალაქებზე. ჩვ.წ. აღ-მდე I საუკუნის პირველ ნახევარში ტავრიდა პონტოს მეფის მითრიდატე VI-ის ვრცელი სამეფოს ჩრდილოეთ მხარეს მოიცავდა. რომაელთაგან დევნილი ევპატორი ფიქრობდა, რომ აქ მოიკრებდა ძალას და დაბრუნდებოდა მცირე აზიაში, სადაც კონტრშეტევას განახორციელებდა რომაელებზე. მოგვიანებით ეს ტერიტორია რომაელებმა დაიპყრეს. III საუკუნიდან აქ განსახლდნენ სხვადასხვა მომთაბარე ტომები. IV-V საუკუნეებში კი ბიზანტიის ექსპანსიის ობიექტი გახდა.

აღსანიშნავია, რომ III საუკუნეში მცირე აზიიდან ყირიმში ვრცელდებოდა ქრისტიანობა. IV საუკუნეში ბოსფორში უკვე მოქმედებდა დამოუკიდებელი ქრისტიანული საეპისკოპოსო. ხაზარების “ხაკანატი“, რომელიც VII-X საუკუნეებში არსებობდა, მომთაბარე ხალხთა შორის ყველაზე ძლიერ სახელმწიფო გაერთიანებად ჩამოყალიბდა. სხვა ტერიტორიების გარდა ხაზარები ყირიმსაც დაეუფლნენ, რომელთა გავლენა აქ IX საუკუნის შუა ხანებამდე გაგრძელდა.
X საუკუნის ბოლოს ყირიმის ნაწილი - ქერჩის ნახევარკუნძული ექვემდებარებოდა ტმუტარაკანის სათავადოს, რომელსაც მართავდნენ რიურიკოვიჩების ჩერნიგოვის შტოს წარმომადგენლები. აღნიშნულ პერიოდში რუსეთის გავლენა შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაწილზე იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ არაბი მოგზაურების რუქებზე შავი ზღვა მოხსენებულია “ბახრარ რუს“, ანუ რუსეთის ზღვად“.

1221 ან 1222 წელს თურქ-სელჩუკებმა მოაწყვეს საზღვაო ლაშქრობა ყირიმში და ხელთ იგდეს ქალაქი სოღდეა (სუდაკი). საერთოდ, XIII საუკუნემდე შავ ზღვაზე ბიზანტია ბატონობდა და მთელი ვაჭრობა არსებითად ბერძნების ხელში იმყოფებოდა. შავი ზღვა ჩაკეტილი იყო არაშავიზღვისპირა ქვეყნებისათვის. ჯვაროსანთა ლაშქრობებისა და ბიზანტიის დასუსტების შედეგად შავ ზღვაზე ვითარება თანდათანობით იცვლება. 1169 წელს გენუელებმა, ხოლო შემდგომ ვენეციელებმა სავაჭრო უბნები ჩაიბარეს კონსტანტინოპოლში. XIII საუკუნის 70-იანი წლებიდან შავ ზღვაზე გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვეს. მათი სავაჭრო ცენტრი გახდა კაფა (ყირიმში). აქ იმყოფებოდა გენუელების კონსული, რომელსაც ემორჩილებოდა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სავაჭრო ფაქტორიები. შავიზღვისპირეთის თითქმის ყოველ რეგიონში კი გენუელებს თავიანთი სავაჭრო კოლონიები ჰქონდათ გახსნილი. აღსანიშნავია, რომ ამ დროიდან ყირიმის ტერიტორიაზე ინტენსიურად მკვიდრდება ევროპული ეთნიკური ელემენტი. რაც შეეხება თავრიდის თანამედროვე სახელს - ყირიმი, მეცნიერთა ნაწილის აზრით ეწოდა XIII საუკუნეში. როგორც ცნობილია 1223 წელს თათარ–მონღოლებმა ყირიმი დაიპყრეს და დასახლდნენ კიდეც, რაც მათ ცხოვრების წესს არ შეესაბამებოდა. მათ აქ დააარსეს ქალაქი, რომელსაც ყირიმი უწოდეს.
image1243 წლიდან ქალაქი ყირიმი გახდა ოქროს ურდოს მბრძანებლის ნაცვლის (ულუსის) რეზიდენცია და თანდათანობით გავრცელდა ქალაქის სახელი მთელ ნახევარკუნძულზე. ყირიმის სახელის ფართო მნიშვნელობით გავრცელება გვხვდება XIV საუკუნის არაბი გეოგრაფის ალ ომარის თხზულებაში. უკვე XIII საუკუნეში ეს ტერიტორია თათარ-მონღოლთა ოქროს ურდოს შემადგენლობაში “ყირიმის ულუსის“ სახელით შევიდა. 1443 წელს ყირიმი გამოეყო ოქროს ურდოს და დამოუკიდებელი სახანო გახდა, რომლის სათავეებთან თათარ-მონღოლთა კლანი აღმოჩნდა.

XV საუკუნის შუა ხანებში ყირიმში დამკვიდრდა ლეგენდარული ჩინგის ხანის შთამომავალი, ლიტვაში დაბადებული ჰაჯი – გირეი. ის გახდა ყირიმის გირეების ფუძემდებელი, თუმცა ხელისუფლებას ევროპელთა დახმარებით დაეუფლა. მას შემდეგ, რაც ნოღაელმა სანდ - ახმედმა ის ყირიმიდან გააძევა, ჰაჯი-გირეი გაიქცა “ისტორიულ სამშობლოში“ – ლიტვაში, სადაც ყირიმის ხანად გამოაცხადეს. ნახევარკუნძულზე დაბრუნდა ლიტვის დიდი მთავრის კაზიმირ IV-ის ჯარით. შეიძლება ითქვას, რომ ჰაჯი-გირეის თავისი მფარველის გარეშე ერთი დღითაც არ შეეძლო შეენარჩუნებინა ხელისუფლება.

ყირიმის ხანის ცხენოსანი ლაშქარი საკმაოდ მრისხანე ძალას წარმოადგენდა. ყირიმელი ხანები გამუდმებით თავს ესხმოდნენ მეზობელ ხალხებს და მოსვენებას არ აძლევდნენ მათ. ხანების შემოსავლის ძირითადი წყარო ალაფი იყო. პრაქტიკულად ყოველ წელს სახანოს მოსახლეობის მესამედი ლაშქრობდა მეზობელ ტერიტორიებზე ნადავლის საშოვნელად. თათრები ძარცვავდნენ რეჩ პოსპოლიტასა და მოსკოვის რუსეთის ტერიტორიებს. ზოგჯერ ისინი მოსკოვამდე აღწევდნენ. სახანოს სამხედრო შესაძლებლობები ხელწამოსაკრავი არ იყო. გირეის ერთდროულად შეეძლო ბრძოლის ველზე გამოეყვანა 150 ათასამდე მხედარი. თუმცა ყაჩაღური თავდასხმების მოწყობას ჩვეულებრივ მცირე რაზმებით ამჯობინებდნენ. როგორც კალიები ისე ესეოდნენ უცხო ტერიტორიებს, ყველაფერს წვავდნენ და ანადგურებდნენ, რაც გზაზე გადაეღობებოდათ. ასეთი ლაშქრობების ძირითად მიზანს, როგორც აღვნიშნეთ წარმოადგენდა ნადავლი, და ყველაზე მთავარი კი - ტყვეები. თანამედროვეთა გადმოცემით, თათართა თავდასხმის შედეგად ყირიმში მიჰყავდათ 100 ათასამდე ტყვე. ბუნებრივია, ტყვეთა ბაზრამდე ყველა ვერ აღწევდა. სუსტებსა და ავადმყოფებს თათრები ხოცავდნენ.

ყირიმის მონათვაჭრობის მთავარ ცენტრში - ფეოდოსიაში (კაფა) ბაზრობაზე გამოჰყავდათ რჩეული ტყვეები. ზოგიერთი ისტორიკოსის გამოთვლით ორი საუკუნის მანძილზე გაიყიდა სამ მილიონზე მეტი ტყვე, ძირითადად უკრაინელები, პოლონელები და რუსები. მამაკაცები ხვდებოდნენ გალერებზე, ქალები - თურქი და არაბი ფაშებისა და ბეგების ჰარამხანებში. ყირიმელი ხანების სამხედრო ძლიერების მიუხედავად, რეჩ პოსპოლიტასა და მოსკოვის სამეფოს შეიარაღებულ ძალებს შეეძლოთ გასწორებოდნენ მონათმოვაჭრეების ბანდებს, რომ არა ერთი “მაგრამ“... საქმე იმაში იყო, რომ გირეებს ზურგს უმაგრებდა ოსმალეთის იმპერია, რომლის ვასალები იყვნენ ყირიმის ხანები. ამიტომ, ყირიმთან ომი მაშინვე გადაიქცეოდა თურქრთთან ომად. თურქეთი კი იმ დროს ევროპაში ითვლებოდა ძლიერ სახელმწიფოდ. თურქეთმა მიიტაცა უნგრეთი, ბალკანეთი, პოლონეთის ნაწილი და ორჯერ შეუქმნა საფრთხე რომის საღვთო იმპერიის დედაქალაქს - ვენას. ამდენად, ყაჩაღი ხანის “ბედკრულ“ მეზობლებს ისღა დარჩენოდათ დასჯერებოდნენ თავდაცვით ღონისძიებებს. აუთვისებელი სასაზღვრო მინდვრების გასწვრივ დაიწყეს ხის მასალისაგან სიმაგრეების მშენებლობა. მოგვიანებით ეს პატარა სიმაგრეები გადაიქცნენ მსხვილ ქალაქებად, როგორიც იყო ორიოლი, ბელგოროდი, ტამბოვი, ვორონეჟი.

თათართა თავდასხმებისაგან დაცვის მიზნით პოლონეთის მეფეები და მოსკოვის დიდი მთავრები ყოველ წელს ყირიმში გზავნიდნენ მდიდრულ საჩუქრებს, რაც სინამდვილეში წარმოადგენდა შეწერილი ხარკის გადასახადს. თუმცა გადასახადი დიდ შეღავათს არ წარმოადგენდა. თავდასხმები პერიოდულად მაინც გრძელდებოდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის განმავლობაში მათ შორის მოხდა სულ 12 ომი. პირველი იყო 1569 წელს, სადაც გაიმარჯვეს რუსებმა. მათ ერთ-ერთი დიდი მარცხი განიცადეს 1711 წელს პრუტის ლაშქრობის დროს. ტყვედ ჩავარდნილი პეტრე პირველის განთავისუფლების საზღაურად რუსებს მოუწიათ აზოვისა და ტაგანროგის დათმობა. გარდა ამისა, როგორც წინა ასწლეულში რუსეთმა კვლავ იკისრა ყირიმელი თათრებისათვის გადაეხადა ხარკი – წელიწადში 140 კილოგრამი ოქრო. როგორც დავინახეთ რუსები და ევროპელებიც ყირიმის მოსახლეობას თათრებს უწოდებდნენ. XVI საუკუნეში, როდესაც მონღოლთა „ნარჩენებმა“ ოქროს ურდოს დაშლილ სამფლობელოებზე სახანოები დააარსეს, აქ მცხოვრებ ხალხს ასევე თათრებად მოიხსენიებდნენ. მაგალითად, ივანე IV საჭიროდ თვლიდა ბრძოლას „ყაზანის, ასტრახანის, ყირიმისა და ციმბირის თათრებთან“.

რუსი მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ „ყირიმელი თათრების წარმოშობის საკითხი რთულ პრობლემას წარმოადგენს, რაც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი მეცნიერებაში. ისტორიულად ყირიმელი თათრები არა მარტო ყივჩაღებთან იყვნენ დაკავშირებული, არამედ, მხარის სხვა თურქულენოვან მოსახლეობასთან ...“ ვფიქრობთ, რუსი ავტორები საქმეს უფრო აბუნდოვანებენ, ვიდრე სინამდვილეშია. ყოველ შემთხვევაში მოსაზრება მაინც შეიძლება გამოვთქვათ.
imageეთნონიმი „თათარი“ პირველად გაჩნდა VII-IX საუკუნეებში ბაიკალის სამხრეთ-აღმოსავლეთით მომთაბარე მონღოლ ტომებში. XIII საუკუნეში თათარმონღოლთა შემოსევებთან ერთად სახელწოდება „თათარი“ ცნობილი გახდა ევროპაში. XIII-XIV საუკუნეებში ეს სახელწოდება გავრცელდა ოქროს ურდოში შემავალ ევრაზიის ზოგიერთ ხალხზე. XVI-XIX საუკუნეებში რუსულ წყაროებში „თათრად“ იწოდება მრავალი თურქულენოვანი და ზოგი სხვა ხალხი, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს განაპირა მხარეებში ცხოვრობდა (აზერბაიჯანელები, ჩრდილო კავკასიის, შუა აზიის, ვოლგისპირეთისა და სხვა ეროვნებანი). ზოგიერთი მათგანისათვის სახელწოდება „თათარი“ ეთნონიმად იქცა. თუ დავაკონკრეტებთ, XIII საუკუნის დამდეგს ცენტრალური აზიის ველებიდან გამოვიდნენ მომთაბარე თათარ–მონღოლთა ხალხმრავალი ურდოები, რომლებმაც შედარებით მოკლე დროში აზიისა და ევროპის ბევრი ქვეყანა დაარბიეს და დაიპყრეს და მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნიეს მათ შემდგომ ისტორიას.

XI საუკუნეში თანამედროვე მონღოლეთის ტერიტორიაზე მომთაბარეობდნენ მონღოლურ ენაზე მოლაპარაკე ტომები, რომელთაც ერთი საერთო სახელი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტომის, თათრების სახელი მეზობელმა ხალხებმა სხვა ტომებზე გაავრცელეს, ოღონდ საკუთრივ თათრებისაგან (ანუ თეთრი თათრებისაგან) განსხვავებით, მონღოლური მოდმგმის სხვა ტომებს „შავ თათრებს“ უწოდებდნენ. ტერმინი „მონღოლი“ ოფიციალურად შემოღებულ იქნა მხოლოდ XIII საუკუნეში და მონღოლთა გაერთიანებულ სახელმწიფოში შემავალი ყველა ტომის აღმნიშვნელი სახელი გახდა. XIV საუკუნის ქართველი ისტორიკოსი „ჟამთააღმწერელი“ შენიშნავს, რომ „ესენი ენითა მათითა უწოდიან თავად მათთა მანღოლ, ხოლო ქართველნი თათრად, რომელთა ვგონებ ერთსოფლელად“. ამდენად, თათარი მონღოლის ტომს გულისხმობდა, ხოლო როდესაც საილხანოში, სადაც საქართველო შედიოდა ყაზან-ყაენის (1295-1304) დროს ილხან–თათრებმა ისლამი სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს ქართველთა ცნობიერებაში თათარი მაჰმადიანის სინონიმად იქცა. საგულისხმოა, რომ მხოლოდ ერთ დღეში 200 ათასი მონღოლი გამაჰმადიანდა. ე.ი. ქართველებში სიტყვა თათარმა ეთნიკურთან ერთად მაჰმადიანის აღმნიშვნელი ტერმინის შინაარსი მიიღო, რაც საუკუნეები გაგრძელდა. თათარი, რომ ისლამის აღმსარებელს ნიშნავდა, დასტურდება ჩვენი დიდი ლექსიკოგრაფის სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით. კერძოდ, ლექსიკონში აღნიშნულია: „თათარი მოჰმადიანი“. ერთი ქართული ხალხური ლექსის თანახმად:

"წუთისოფელი რა არი – აგორებული ქვა არი,
რა წამს კი დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არი!
ყველა ადამის შვილი ვართ, თათარიც ჩვენი ძმა არი!...“

სადაც “თათარი“ არა ეროვნების, არამედ სარწმუნოების აღმნიშვნელია. XX საუკუნის 20-იან წლებში მესხეთში მცხოვრები გამაჰმადიანებული ქართველი კითხვაზე – თათარი ხარ თუ ქართველი? პასუხის შემთხვევაში თათარი ვარ ნიშნავდა ქართველ მაჰმადიანს. სხვებს კი უწოდებდა ქურთს, თარაქამას, თურქს და არა თათარს. ტერმინი - თათარი, რომ რელიგიის ან ზოგჯერ ეროვნების გამომხატველ ცნებას წარმოადგენდა, კარგად ჩანს “თურქეთის საქართველოს“ მოსახლეობის მაგალითზეც. კერძოდ, მთხრობელის გადმოცემით “ – შავშეთში იმიტომ დაიკარგა ქართული ენა, რადგანაც ძველად გათათრდნენ“. საინტერესოა, რომ ისტორიული და სხვა მიზეზებით ყირიმელი თათრები განსხვავდებიან ვოლგისპირეთის, ურალის, ციმბირის, ყაზანისა და ასტრახანის თათრებისაგან. ეს ფაქტი შეიძლება აიხსნას შემდეგი გარემოებით: ამ ტერიტორიაზე თათარ–მონღოლებს დახვდათ მრავალ ეთნიკური მოსახლეობა, რომლებთან შერევის შედეგად ჩამოყალიბდა ყირიმელი თათრების განსხვავებული ანთროპოლოგიური ტიპი ზნე-ჩვეულებითა და ყოფის თავისებურებებით.


კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ (1453 წლის 29 მაისი) ოსმალეთის სულთნის მეჰმედ II-ის თვალთახედვით, შავიზღვისპირა ქვეყნებს შორის ერთ-ერთ რეალურ სამხედრო ძალას ყირიმის სახანო წარმოადგენდა. ყირიმის ხანის დამორჩილება ამ ეტაპზე სულთნის გეგმებში არ შედიოდა. პირიქით, სულთანმა გადაწყვიტა ერთმორწმუნე ყირიმის ხანი თავისი ინტერესების სასარგებლოდ გამოეყენებინა და მისი დახმარებით ხელთ ეგდო ქალაქი კაფა, გენუელების მთავარი საყრდენი შავ ზღვაზე. ამ მიზნით მეჰმედ II-მ ურთიერთობა დაამყარა ჰაჯი გირეისთან, თავის მხრივ დაინტერესებული იყო, რომ ყირიმის სანაპიროზე მდებარე იტალიელთა სავაჭრო კოლონიები თავისი ხელისუფლებისათვის დაემორჩილებინა და ამით გაეზარდა შემოსავალი. სწორედ ამ ნიადაგზე მოხდა ოსმალეთისა და ყირიმის ხანის დაახლოება.

1454 წლის დასაწყისში სულთანსა და ჰაჯი გირეის შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ოსმალები გენუელების წინააღმდეგ კაფაზე იერიშს მიიტანდნენ, ხოლო ყირიმის ხანი კი - ხმელეთიდან. 1454 წლის ზაფხულის დამდეგს ოსმალეთის დიდი ფლოტი, რომელიც 56 გემისაგან შედგებოდა, ბოსფორიდან გავიდა. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი თავდასხმა ოსმალებმა სოხუმზე (სებასტოპოლისი) განახორციელეს და გაძარცვეს. ამ დროს სოხუმში გენუელებს გახსნილი ჰქონდათ სავაჭრო ფაქტორია. ფაქტიურად, ეს იყო ოსმალთა პირველი თავდასხმა საქართველოს მიწა-წყალზე. სოხუმიდან ოსმალეთის ფლოტი ყირიმისკენ გაემართა, 11 ივლისს ღუზა კაფას ნავსადგურის მახლობლად ჩაუშვა და ელოდებოდა ყირიმის ხანის ლაშქრის მოსვლას. 16 ივლისს ყირიმის ხანი 6000-იანი ლაშქრით მოვიდა და კაფას ხმელეთიდან ალყა შემოარტყა. ქალაქი კარგად იყო გამაგრებული და მიუხედავად არაერთი იერიშისა, მისი აღება ვერ შეძლეს. გენუელებს არსაიდან დახმარების იმედი არ ჰქონდათ და შექმნილ ვითარებაში გენუის კონსულმა ამჯობინა დაზავებოდა მტერს და მოლაპარაკება დაიწყო.

დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კაფას კონსული ვალდებული იყო ყოველწლიურად ყირიმის ხანის სასარგებლოდ გადაეხადა 600 სომი (რომელიც შეესატყვისება 1600 დუკატს ან 13 140 ლირას). მეჰმედ II უკმაყოფილო იყო საზღვაო ლაშქრობის შედეგებით. მან ბოსფორის სრუტე ჩაკეტა. გენუელები არც კი ცდილობდნენ საზღვაო გზით დაკავშირებოდნენ შავ ზღვაზე მდებარე თავის კოლონიებს. თავიანთ წარმომადგენლებს კაფაში სახმელეთო გზით გზავნიდნენ. ამ დროს კაფას შიმშილი ემუქრებოდა, 1455 წელი მოუსავლიანი იყო. კაფას მცხოვრებნი მოითხოვდნენ დახმარებას სურსათ-სანოვაგის სახით, რომელიც უნდა მოეწოდებინათ მათთვის ან საზღვაო გზით (ეს კი ნახევრად რეალური იყო), ან ხმელეთიდან უნგრეთისა და პოლონეთის გავლით. გენუიდან, კაფისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, გაიგზავნა 2 გემი 800 ჯარისკაცით. კაფაში ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. შექმნილ ვითარებაში კაფის კონსულმა გადაწყვიტა დაეწყო სულთანთან მოლაპარაკება და ამ მიზნით მას ელჩი გაუგზავნა. მეჰმედ II ამ დროს ადრიანოპოლში იმყოფებოდა. მოლაპარაკების შედეგად დადებულ იქნა შეთანხმება. ხელშეკრულებით კაფა ვალდებული იყო ყოველწლიურად სულთნისათვის გადაეხადა 3000 ვენეციური დუკატი, როგორც ხარკი (ხარაჯა). ქალაქი სამასტრა, რომელიც გენუელებს ეკუთვნოდა, ოსმალთა მფლობელობაში გადადიოდა.

შეიძლება ითქვას, რომ სულ რაღაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში გენუელთა სავაჭრო კოლონიები შავი ზღვის სანაპიროზე მოისპო ოსმალეთისა და მისი მოკავშირე ყირიმელი თათრების თავდასხმების შედეგად. დევლეთ ჰაჯი გირეის გარდაცვალების (1466 წ.) შემდეგ, რომლის სამფლობელოებშიც ქვემო დნეპრისპირეთიც შედიოდა ყირიმის ხანი გახდა მენგლი გირეი (1468-1515 წწ). მისი მმართველობის პერიოდში ყირიმში შეიჭრნენ ოსმალთა ჯარები, დაანგრიეს გენუელთა კოლონიები ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში და ყირიმის სახანო ოსმალეთის სავასალოდ აქციეს. ეს პროცესი შემდეგნაირად განხორციელდა; ტრაპიზონისა და ყარამანიის დაუფლების შემდეგ მეჰმედ II-მ 1475 წელს ახალი დამარცხება აგემა უზუნ ჰასანს და თეთრბატკნიანთა სამფლობელოების დასავლეთი ნაწილი თავის ტერიტორიებს შეუერთა. მიღწეული წარმატების შემდეგ სულთნის წინაშე დადგა მორიგი ამოცანა - გაბატონება შავიზღვისპირეთის ჩრდილოეთ რეგიონში. ამისათვის კი საჭირო იყო ყირიმის სახანოს დამორჩილება.

1475 წელს ოსმალეთის ფლოტი, რომელიც 300-ზე მეტი გემისაგან შედგებოდა, ყირიმის სანაპიროს მიადგა. ოსმალებმა ხელთ იგდეს კაფა, სუდაკი, ქერჩი, სხვა სანაპირო ქალაქები და ციხეები და გააუქმეს იქ არსებული გენუელთა სავაჭრო კოლონია. ყირიმის სამხრეთდასავლეთი სანაპირო ზოლი, კაფას (ფეოდოსია) ჩათვლით, შეუერთეს ოსმალეთის სახელმწიფოს. ამ ტერიტორიაზე დაარსებულ იქნა კაფის სანჯაყი, რომლის სანჯაყბეგი უშუალოდ დაემორჩილა სულთანს, ყირიმის ხანმა კი ასევე მორჩილება გამოუცხადა ოსმალეთის მბრძანებელს. ამის შემდეგ ოსმალებმა ხელთ იგდეს აზოვის ზღვის სანაპირო და ქალაქი აზოვი (ტანა). მათ ხელში გადავიდა აგრეთვე მდინარე ყუბანის შესართავთან მდებარე ქალაქი კოპა.

ამ რეგიონში მნიშვნელოვნად იქნა შეზღუდული გენუელ ვაჭართა საქმიანობა. რეგიონის მთელი ვაჭრობა ოსმალეთის კონტროლს დაექვემდებარა. ყირიმისა და აზოვის სანაპიროს დაპყრობით ოსმალეთმა შექმნა რუსეთისათვის სამხრეთისაკენ წინსვლის შემაკავებელი ბარიერი. ყირიმის ხანი ოსმალეთის სულთნის ვასალი გახდა. ამიერიდან ყირიმის ხანს (გირეების დინასტიიდან) ტახტზე ასვლისას სულთანი ამტკიცებდა. ყირიმის ხანმა შეინარჩუნა თავისი სახელით ფულის მოჭრის უფლება და მოიპოვა შიდაპოლიტიკური ავტონომია. გარდა ამისა მას ჰქონდა უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობის უფლება. ყირიმის ხანის უფლისწულები სტამბოლში ცხოვრობდნენ და სულთანს ყოველთვის ჰქონდა შესაძლებლობა ურჩი ხანის გადაყენებისა და მის ნაცვლად თავისი სასურველი კანდიდატის დასმისა. იყო შემთხვევები, როდესაც ყირიმის ხანები ცდილობდნენ რადიკალურად დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა გაეტარებინათ. ოსმალო სულთნები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს ყირიმის ხანის მოქმედებას. ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ევალებოდათ კაფის სანჯაყბეგებს. საჭირო შემთხვევაში კაფის სანჯაყბეგი სათანადო ზეწოლას ახდენდა ყირიმის ხანზე. ერთი სიტყვით, ყირიმის სახანო ნახევრად დამოუკიდებელი ქვეყანა იყო. ყირიმის სახანო, გარდა თავისი სტრატეგიული მნიშვნელობისა, ოსმალეთისათვის სხვა მხრივაც იყო საჭირო. ეს ქვეყანა, განთქმული თავისი სოფლის მეურნეობით, სტამბოლს ამარაგებდა სხვადასხვა პროდუქტებით. კაფას „ქუჩუქ ინსტაბულ“-საც (პატარა სტამბოლს) უწოდებდნენ.
image
აზოვის ზღვისპირა რეგიონი განსაკუთრებით მდიდარი იყო თევზეულით, ხიზილალით და სტამბოლის მთავარი მომმარაგებელი იყო. ამგვარად, XV საუკუნის დამლევისათვის შავიზღვისპირეთი, საქართველოს სანაპიროს გამოკლებით, ოსმალეთის ხელში გადავიდა და შავი ზღვა “ოსმალეთის ტბად“ გადაიქცა. ყირიმის ხანს ჰყავდა 20-30 ათასიანი ცხენოსანთა ლაშქარი, რომელიც იყო ოსმალეთის მთავარი დამრტყმელი ძალა - სამხრეთ – აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. აღსანიშნავია, რომ ყირიმის ხანს თავისი მოხარკე ქვეყნები ჰყავდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ რუსეთის მეფე ყირიმის ხანს უხდიდა ხარკს 1700 წლამდე. მიუხედავად ამისა, მხოლოდ XVII საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთიდან თათრებმა 200 ათასამდე ტყვე გაიტაცეს.

ამავე პერიოდში შავ ზღვაზე გაბატონებული მდგომარეობა დონისა და უკრაინის კაზაკებმა მოიპოვეს. ისინი თავიანთი გემებით გამუდმებით თავს ესხმოდნენ ოსმალეთის სანაპიროს და საფრთხე შეუქმნეს ოსმალეთის დედაქალაქსაც კი. კონსტანტინოპოლში იმდენად შეშინებული იყვნენ, რომ სულთანმა ბრძანება გასცა, კაზაკებისაგან თავდაცვის მიზნით, ბოსფორის სრუტეში რკინის ჯაჭვი გაებათ. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმა კაზაკებმა მოაწყვეს 1625 წელს. ამის შესახებ რუსული წყაროები გვაცნობებენ: “გასულ (1625) წელს მარტის თვეში შავი ზღვით ცარგოროდიდან (კონსტანტინოპოლიდან) ნახევარი დღის სავალზე 300 ნავით ძალზე ბევრი ზაპროჟიელი, ჩერქეზი და დონელი კაზაკი მოვიდა, რომელთაც აიღეს და დაწვეს სამი თურქული სოფელი: ბოქუ, იენჩიკოი და ფანარი. ამის შემდეგ მოვიდნენ და აიღეს თურქეთის ქალაქები: ტრაპიზონი, სინოპი და უნია“.

ყირიმელ თათართა მუდმივი თარეშები და კაზაკთა საპასუხო ლაშქრობები “ფარული ომი“ თერგზე დასამკვიდრებლად, ხელს უწყობდა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის პერმანენტულ დაძაბულობას. რუსეთი კი მეტად სუსტი იყო თურქეთთან საბრძოლველად. აი, ეს “დამოკლეს მახვილი“ იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზთაგანი, რომელიც თავისებურ ელფერს აძლევდა მოსკოვის სახელმწიფოს ურთიერთობას თურქეთთან, რაც განაპირობებდა მოსკოვის ერთობ მოკრძალებულ პოზიციას ამ ურთიერთობაში. თუმცა, როგორც დავინახეთ, მოსკოვის სახელმწიფოს გააჩნდა თავისი ფარული, მაგრამ საკმაოდ მძლავრი კონტრიარაღი, დონისა და დნეპრის კაზაკების სახით. კაზაკების შეუპოვარი ლაშქრობები თურქეთის ტერიტორიაზე, თავისი ხასიათითა და მეთოდებით არც თუ ძლიერ განსხვავებული თათართა თარეშებისაგან, სერიოზულ მატერიალურსა და ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებდა სულთნის იმპერიას. კაზაკობის ისტორია სავსეა ამგვარი თარეშებითა და ლაშქრობებით. ხშირ შემთხვევაში კაზაკთა ლაშქრობები - თუმცა ისინი დიდ ზიანს აყენებდნენ თურქეთს და, ამდენად, ობიექტურად ხელს უწყობდნენ აგრესორთა შესუსტებას - არ იყვნენ სანქციონირებული მოსკოვის მთავრობის მიერ. უფრო მეტიც-კაზაკები, არაიშვიათად, ხელს უშლიდნენ მოსკოვის მთავრობას მოეგვარებინა თურქეთთან ურთიერთობა და სულთნისა და ყირიმის ხანის არმიები პოლონეთის წინააღმდეგ წარემართა. ამის მრავალრიცხოვანი დადასტურებაა მოსკოვ-დონის ურთიერთობის მასალები.

XVII საუკუნის ბოლოს რუსეთი ორჯერ შეეცადა ყირიმის დაუფლებას, თუმცა უშედეგოდ. 1686 წელს პოლონეთთან “სამუდამო ზავის“ დადებით რუსეთი შევიდა კოალიციაში (“წმინდა ლიგა“ - ავსტრია, ვენეცია და რეჩ პოსპოლიტა), რომელიც ებრძოდა ოსმალეთის სულთანს და მის ვასალს - ყირიმის სახანოს. 1687 წლის მაისში რუსეთის ჯარი (დაახლოებით 100 ათასი კაცი) ვ. გოლიცინის მეთაურობით უკრაინიდან დაიძრა. იქ მას შეუერთდნენ ზაპროჟიელი და დონის კაზაკები. რუსეთის ჯარებმა გადალახეს მდინარე “კონსკიე–ვოდი“, მაგრამ 17 ივნისს გადაწყვიტეს უკრაინაში დაბრუნებულიყვნენ, რადგან თათრებმა ველები გადაწვეს და ცხენებს საკვები არ ჰქონდათ. 1689 წლის ადრე გაზაფხულზე რუსები 150 ათასიანი ჯარით ხელახლა დაიძრა სალაშქროდ. 15 მაისს უკუაქცია ყირიმის ხანის ჯარები და 20 მაისს პერეკოპის სიმაგრეს მიადგა, მაგრამ მოწინააღმდეგის ძალების სიჭარბის გამო 21 მაისს დაიწყო უკანდახევა. ყირიმის ლაშქრობის წარუმატებლობა სოფიო ალექსის ასულისა და ვ.გოლიცინის მთავრობის დაცემის ერთერთი მიზეზი გახდა.

1700 წლის 3 ივლისს, 30 წლით სტამბოლში დაიდო სამშვიდობო საზავო ხელშეკრულება ოსმალეთსა და რუსეთს შორის. ხელშეკრულებით რუსეთმა მიიღო აზოვი, შემოგარენი მიწებით. ამის შემდეგ რუსეთმა შეუწყვიტა ხარკის გადახდა ყირიმის ხანს. ოსმალეთმა–აღკვეთა თათრების თარეში რუსეთის ტერიტორიაზე. პირველად ოსმალეთ-რუსეთის ურთიერთობის ისტორიაში რუსეთმა მიიღო უფლება ჰყოლოდა თავისი ელჩი სტამბოლში. 1702 წელს რუსეთის პირველი ელჩი პ.ა. ტოლსტოი სტამბოლში ჩავიდა.
imageყირიმის პრობლემამ ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ადგილი დაიკავა რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობაში XVIII საუკუნის მთელ მანძილზე. 1736 წლის აპრილში რუსეთმა ომი გამოუცხადა ოსმალეთს და მისი ჯარები შეიჭრნენ ყირიმში, დაიკავეს დედაქალაქი ბაღჩისარაი და შემდეგ უკან დაბრუნდნენ. ამავე წლის ზაფხულში რუსეთის ჯარებმა დაიკავა აზოვი. 1737 წლის ზაფხულში რუსეთმა ახალ წარმატებას მიაღწია ყირიმში და დაიკავა ციხე-სიმაგრე ოჩაკოვი, მნიშვნელოვანი დასაყრდენი პუნქტი და სავაჭრო ცენტრი შავი ზღვის სანაპიროზე და სიმაგრე კინბურნი. თუმცა ეს წარმატება ამ ეტაპზე დროებითი აღმოჩნდა. ყირიმისათვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო ეკატერინე II-ის მმართველობის წლებში. 1768 წლის 27 იანვარს 70 ათასიანი ჯარით კრიმ-გირეიმ გადაკვეთა რუსეთის საზღვარი. თათრებმა შეძლეს მიეღწიათ მხოლოდ ელიზავეტგრადამდე და ბახმუტამდე. ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ ისინი განდევნილ იქნენ "მალოროსიის“ გენერალ-გუბერნატორის პეტრე რუმიანცევის მიერ. თათრებმა შეძლეს სულ ორი ათასამდე ტყვის წაყვანა და გადავიდნენ დნესტრზე. ეს იყო ყირიმელი თათრების ბოლო თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე.

1770 წელს მოლაპარაკება დაიწყო ახალ ხანთან სელიმ გირეისთან, რომელსაც შესთავაზეს ყირიმის დამოუკიდებლობა თურქეთისაგან. მაგრამ ხანმა უარი განაცხადა. მისი თქმით თათრები კმაყოფილი იყვნენ სულთნის ხელისუფლებით და არ სურდათ დამოუკიდებლობა. 1771-1772 წლებში ყირიმის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის ჯარმა თავად ვასილი დოლგორუკოვის სარდლობით დაამარცხა ხანის არმია. რუსებმა ყირიმი დაიკავეს. სელიმ-გირეი გაიქცა თურქეთში. ეს იყო ყველაზე უფრო მძიმე დარტყმა ოსმალეთის იმპერიისათვის, რომელიც შავ ზღვას თვლიდა თავის შიდა ზღვად. პერიოდულად მიმდინარეობდა მოლაპარაკება ოსმალეთთან, სადაც რუსეთის მოთხოვნა იყო ყირიმს მინიჭებოდა დამოუკიდებლობა. ოსმალეთმა უარი განაცხადა ამ წინადადებაზე და მოლაპარაკება შეწყდა, თუმცა, საომარი მოქმედება არ განახლებულა. ახალი ხანი საჰიბ - გირეი რუსეთთან მეგობრობის მსურველი აღმოჩნდა. 1772 წლის 1 ნოემბერს “ყარსისბაზართან“ მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას დოლგორუკოვთან, რომლის მიხედვით ყირიმი გამოცხადდა დამოუკიდებელ სახანოდ რუსეთის მფარველობის ქვეშ. რუსეთის ხელში გადადიოდა შავი ზღვის ნავსადგურები: ქერჩი, კინბურნი, იუნიკალე.

ყირიმის ქალაქებში დარჩნენ რუსი ჯარისკაცები. ომი თურქეთთან დასრულდა 1774 წელს ქუჩუკკაინარჯის სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომლის თანახმად ორივე მხარე სცნობდა ყირიმის დამოუკიდებლობას. რუსეთის მიწები ეხლა უკვე დაცული იქნა თავდასხმებისაგან, მაგრამ ყირიმის საკითხი ბოლომდე მაინც ვერ გადაწყდა. ნახევარკუნძულზე მიმდინარეობდა ბრძოლა თათართა კლანებს შორის. ნაწილი თურქეთის ორიენტაციისა იყო - ნაწილი რუსეთის. ოსმალეთი მომხდარ ფაქტს ვერ ურიგდებოდა. ამიტომ ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ შეეცადა ყირიმის დაბრუნებას. სულთნის წაქეზებით პრო-თურქულად განწყობილმა მურზებმა ჩამოაგდეს საჰიბ-ხანი და აირჩიეს დევლეთ - გირეი.

1775 წლის დამდეგს დევლეთ - გირეი ოსმალეთის ჯარით ყირიმში შევიდა. სულთანმა შეუჩერა რუსეთს კონტრიბუციის გადახდა, მოითხოვა კინბურნის დაბრუნება და დაიწყო მზადება ქერჩისა და იენიკალეს ხელში ჩასაგდებად. ოსმალეთის მიერ ხელშეკრულების დარღვევის საპასუხოდ 1776 წლის ნოემბერში რუსეთის ჯარებმა დაიკავეს პერეკოპი, შეიჭრნენ ყირიმის სიღრმეში და დაიკავეს მთელი ყირიმი. ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა სუვოროვი. დევლეთ-გირეი ოსმალეთში გაიქცა. ახალი ხანი გახდა რუსეთის მომხრე შაჰინ - გირეი, რომელმაც დაიწყო პეტრე პირველის მსგავსი რეფორმების გატარება, რასაც მოსახლეობის ამბოხება მოჰყვა. ამით ისარგებლა თურქეთმა. შაჰინ გირეი გამოაცხადეს არამართლმორწმუნედ, რომ ის “იძინებდა საწოლზე, იჯდა სკამზე და არ ლოცულობდა, როგორც მუსულმანს შეეფერებოდა“. სტამბულში ყირიმის ხანად დანიშნეს სელიმ - გირეი, რომელიც თურქების მხარდაჭერით შევიდა ნახევარკუნძულზე 1777 წლის ბოლოს. ყირიმში დაიწყო სამოქალაქო ომი. ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ნახევარკუნძულზე შევიდნენ რუსები და “წესრიგი დაამყარეს“. სულთანი ამ დროს ომისთვის მზად არ იყო, ამიტომ 1779 წლის 10 მარტს ხელი მოაწერა კონვენციას, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთი ცნობს ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობას, ხოლო შაჰინ-გირეის მის მმართველად. მიუხედავად ამისა ოსმალეთის იმპერია აგრძელებდა მხარდაჭერას ყირიმის აჯანყებული თათრებისადმი.

1781 წელს თურქეთმა შეძლო აჯანყების ინსპირირება ბაჰადირ - გირეი ხანის ძმის მეშვეობით. ამას მოჰყვა ახალი ამბოხი მაჰმუდ - გირეი ხანის ხელმძღვანელობთ. ყველა ეს გამოსვლა ჩახშობილ იქნა რუსების მიერ. თავად შაჰინ-გირეი მკაცრად გაუსწორდა თავის მოწინააღმდეგეებს. მიუხედავად ამისა ნათელი გახდა, რომ ასე მუდმივად გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. შაჰინ-გირეი აშკარად უძლური გამოდგა გაძღოლოდა თავის მოვალეობას. მას წინადადება მიეცა გადამდგარიყო და ყირიმი რუსეთისათვის გადაეცა. 1783 წლის თებერვალში შაჰინგირეი გადადგა. 1783 წლის 19 აპრილს გამოიცა ეკატერინე II-ის მანიფესტი რუსეთთან ყირიმის შეერთების შესახებ. ყირიმის სახანოს შეერთება რუსეთთან ნიშნავდა რუსეთის შავ ზღვაზე არა მარტო გამოსვლას, არამედ გაბატონებასაც, რადგანაც რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი ბევრად აღემატებოდა ოსმალეთისას. ამავე წელს პატარა “თათრულ“ სოფელ იჰთიართან რუსეთმა დაიწყო ახალი ნავსადგურის, სევასტოპოლის მშენებლობა, რომელიც უნდა გამხდარიყო შავ ზღვაზე რუსეთის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა.
imageეკატერინე II-ის ბრძანებით, ქალაქის შესასვლელთან გააკეთეს წარწერა: “კონსტანტინოპოლის კარი“. ეკატერინე II-მ ყირიმის დაპყრობის აღსანიშნავად მოაჭრევინა სპეციალური ოქროს მედალი. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთის შიდაპოლიტიკური მდგომარეობა ძალზე დაძაბული იყო, ოსმალეთის მმართველ წრეებს მაინც იმედი ჰქონდათ, რომ ძალით შეძლებდნენ 1768-1774 წლების შედეგად დაკარგული ტერიტორიების, განსაკუთრებით ყირიმის დაბრუნებას. ეკატერინე II ყირიმის “შეერთებას“ რუსეთთან იმით ხსნიდა, რომ ოსმალეთი ხშირად არღვევდა ქუჩუკ–კაინარჯის ხელშეკრულების პირობებს. საერთაშორისო მდგომარეობა რუსეთისათვის იყო მეტად ხელსაყრელი. ინგლისი დაკავებული იყო ამერიკაში საფრანგეთთან ომით, პრუსია დასუსტებული იყო ავსტრიასთან ომით. გაითვალისწინა რა ეს ყველაფერი, სულთანმა ოფიციალურად 1784 წლის 8 იანვარს აღიარა რუსეთის მიერ ყირიმის შეერთება.

იმპერატორის 1784 წლის 2 თებერვლის ბრძანებით შეიქმნა თავრიდის ოლქი, რომელშიც შევიდა ყირიმისა და ტამანის ნახევარკუნძული. 22 თებერვლის ბრძანების თანახმად თათარ მურზებს მიენიჭათ აზნაურის წოდება, შეუნარჩუნეს მიწის მფლობელობა, მაგრამ აეკრძალათ რუსი გლეხების დაყმევება. ამ ღონისძიებების შედეგად თათრების წარჩინებული წოდების დიდი ნაწილი რუსების მხარდამჭერი გახდა. ყირიმში რუსული ბატონყმობის კანონი არ განახორციელეს, რუსი ტყვეები გაათავისუფლეს, 1784 წელს რუსეთის ფლოტის ბაზა სევასტოპოლი გახდა. რუსეთ–ოსმალეთის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო მეტად მწვავდებოდა. ოსმალეთი განსაკუთრებით ვერ ურიგდებოდა ყირიმისა და საქართველოს დაკარგვას. ოსმალეთში ანტირუსული განწყობილების განმუხტვის მიზნით, პოტიომკინმა 1786 წელს სტამბოლში გაგზავნა გამოცდილი დიპლომატი სერგი ლაშქაროვი (ბიბილური). იგი ადრე სტამბოლში რუსეთის საელჩოში მსახურობდა, შემდეგ სხვადასხვა დიპლომატიურ სამსახურს ასრულებდა, კერძოდ, იგი იყო რუსეთის რეზიდენტი ყირიმში და მისი აქტიური მონაწილეობით მოხდა ყირიმის “შეერთება“ რუსეთთან. ლაშქაროვს, ეროვნებით ქართველს, რუსეთის სამსახურში მყოფს, უნდა დაესაბუთებინა დიდი ვეზირისათვის კოჯა იუსუფისათვის (წარმოშობით ქართველისათვის), რომ საქართველო და ყირიმი ისტორიულად ოსმალეთს არ ეკუთვნოდა. მართალია, ლაშქაროვმა ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა ოსმალეთ-რუსეთის (1787-1791 წწ.) ომი, მაგრამ მის დიპლომატიურ მისიას გარკვეული შედეგი ჰქონდა.

ხაზგასასმელია, რომ 1853-1856 წლების რუსეთთურქეთის ომი, ყირიმის ომის სახელით არის ცნობილი. მართლაც, ამ სისხლისმღვრელ შეჯახებაში, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ ევროპის სახელმწიფოებიც ჩაერთვნენ, ერთ-ერთ “საჯილდაო ქვას“ ყირიმის ნახევარკუნძული წარმოადგენდა. 1854 წლის 1 სექტემბერს მოკავშირეთა არმიები ყირიმში გადასხდნენ. საფრანგეთის საექსპედიციო კორპუსი ითვლიდა 28 ათას ჯარისკაცს, ინგლისის – 27 ათასს, თურქეთისა – 7 ათასს. 9 სექტემბერს მოკავშირეთა 62 ათასიანი არმია დაიძრა სევასტოპოლისაკენ. ამ დროს ყირიმში განლაგებული იყო რუსეთის 35 ათასიანი არმია მენშიკოვის სარდლობით. მალე მოკავშირეები სევასტოპოლს მიუახლოვდნენ და დაიწყო მისი 11 თვიანი გმირული დაცვა. მას ხელმძღვანელობდნენ ადმირალი კორნილოვი, ვიცე ადმირალი ნახიმოვი, გენერლები ისტომინი და ტოტლებენი.

15 ივნისს მოკავშირეებს შეუერთდა სარდინიის სამეფოც. იტალიელებმა ყირიმში 15 ათასიანი საექსპედიციო კორპუსი გაგზავნეს. 1855 წლის იანვრის ბოლოს მოკავშირეთა არმია 120 ათას ჯარისკაცს ითვლიდა. ყირიმში სევასტოპოლისათვის განსაკუთრებით ცხარე ბრძოლები გაიმართა. 9 სექტემბერს დაიკავეს სევასტოპოლი. 1855 წლის ბოლოს პრაქტიკულად შეწყდა საომარი მოქმედებები, ხოლო 1856 წლის 18 თებერვალს დაიდო დროებითი ზავი. პარიზის კონგრესის გადაწყვეტილებით, 30 მარტს ხელი მოაწერეს პარიზის ტრაქტატს. ხელშეკრულებით რუსეთს დაუბრუნდა სევასტოპოლი. საბჭოთა რეჟიმის დროს, 1921-1941 წლებში არსებობდა ყირიმის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. 1941-1944 წლებში ყირიმი გერმანიას ჰქონდა ოკუპირებული, ხოლო 1946 წლიდან ყირიმის ოლქის სტატუსით რუსეთის ფედერაციაში შევიდა.

1954 წლის 26 აპრილს მაშინდელი საბჭოთა კავშირის ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის ინიციატივით ყირიმის ოლქი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის განკარგულებაში გადავიდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს, დამოუკიდებელი უკრაინის უმაღლესმა საბჭომ ყირიმს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიანიჭა. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პერიოდში მოსახლეობა 2 მილიონამდე მცხოვრებს შეადგენდა. აქედან 59% რუსი, 25% უკრაინელი და 12% ყირიმელი თათარი. სწორედ ეს გარემოება იქცა მთავარ “გამამართლებელ“ არგუმენტად იმისათვის, რომ მოსკოვს რუსი ეროვნების მოსახლეობის დაცვის მომიზეზებით დაებრუნებინა თავის შემადგენლობაში ყირიმის ნახევარკუნძული. დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე, 1991 წლის 24 ოქტომბერს, უკრაინამ არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსი მიიღო. ერთი წლის შემდეგ, 1992 წლის 23 მაისს, ლისაბონში უკრაინამ, ყაზახეთმა, ბელარუსმა, რუსეთმა და აშშ-მა მემორანდუმი გააფორმეს. მის საფუძველზე კიევმა, ალმა-ათამ და მინსკმა საკუთარ ტერიტორიაზე არსებული ბირთვული შეიარაღების განადგურების ან მისი რუსეთისათვის გადაცემის ვალდებულება აიღეს. შეთანხმების ფარგლებში მოსკოვმა პირველად ბელორუსიაში დარჩენილი “ტოპოლების“ 3 დივიზიონი დაიბრუნა. სტრატეგიული და ფრთოსანი რაკეტების ქობინები კიევმა მოსკოვს ატომური ელექტროსადგურების საწვავში გაუცვალა. ბირთვულ იარაღზე უარის თქმისა და ამავე ტიპის იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებასთან მიერთების სანაცვლოდ, დიდი ბრიტანეთი, აშშ და რუსეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების გარანტად გამოვიდნენ.
image1994 წლის 5 დეკემბერს ბუდაპეშტში 6-პუნქტიანი ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. მის საფუძველზე ლონდონი, ვაშინგტონი და მოსკოვი ვალდებულნი იყვნენ, პატივი ეცათ უკრაინის სუვერენიტეტისა და არსებული საზღვრებისათვის. ამავე დოკუმენტში გაწერილი იყო მხარეებზე დაკისრებული ვალდებულება, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის და ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობას გულისხმობდა. იმავდროულად, უკრაინაში აგრესიის შემთხვევაში მხარეებს კიევის დახმარების ვალდებულება დაეკისრათ. ყოველივე ზემოაღნიშნულს წინ უსწრებდა შემდეგი ვითარება: საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცეული უკრაინა მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული არსენალის მფლობელი იყო. ქვეყანაში არსებული ატომური იარაღის რაოდენობა იმ პერიოდისთვის ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ჩინეთის ერთად აღებულს აღემატებოდა. თუმცა მას შემდეგ მსოფლიოში ბირთვული პარიტეტი შეიცვალა. უკრაინის მაშინდელმა მთავრობამ კი ბირთვულ იარაღზე უარი თქვა. სწორედ ამიტომ იყო, რომ 2014 წელს მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენ იყო მიმართული. ქვეყანაში შიდა დაპირისპირებისა და ყირიმში რუსული აგრესიის ფონზე, დიდ ინტერესს იწვევდა უკრაინის ბირთვულ კლუბში შესაძლო გაწევრიანება. ქვეყნისთვის ბირთვული სტატუსის დაბრუნების მუქარამ რადაში არაერთხელ გაიჟღერა. თუმცა სიტყვიერი განცხადება ერთია, პრაქტიკული რეალიზაცია - კი მეორე.

მთლიანობაში რუსეთისათვის ყველაზე შემაშფოთებელ მომენტად იქცა უკრაინის დაკარგვა. უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაჩენამ არა მარტო აიძულა ყველა რუსი, ახლებურად გაეაზრებინა საკუთარი პოლიტიკური და ეთნიკური კუთვნილების ხასიათი, არამედ აღენიშნა კიდეც რუსეთის სახელმწიფოს დიდი გეოპოლიტიკური მარცხი. თითქმის 300 წლიანზე მეტი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე უარის განაცხადი ნიშნავდა პოტენციურად მდიდარი ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკისა და იმ 52 მილიონი ადამიანის დაკარგვას, რომლებიც ეთნიკურად და რელიგიურად ყველაზე ახლოს იყვნენ დაკავშირებული რუსებთან და შეეძლოთ რუსეთი ჭეშმარიტად დიდ და თავის თავში იმპერიულ „დერჟავად“ ექციათ. უკრაინის დამოუკიდებლობამ რუსეთს, ასევე ხელიდან გამოაცალა დომინირებული მდგომარეობა შავ ზღვაზე, სადაც ოდესა, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნავსადგური, ემსახურებოდა მას ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან და საერთოდ, მთელ მსოფლიოსთან ვაჭრობაში. უკრაინის დაკარგვა გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან მომენტად იქცა რუსეთის გეოსტრატეგიული არჩევანის არსებითი შეზღუდულობის გამოც. ბალტიისპირა რესპუბლიკებისა და პოლონეთის გარეშეც კი, რუსეთს, შეინარჩუნებდა რა კონტროლს უკრაინაზე, შეეძლო არ დაეკარგა ლიდერის ადგილი ენერგიულად მოქმედ ევრაზიის იმპერიაში, რომლის ფარგლებში, მოსკოვი, როგორმე შეძლებდა თავისი ნებისადმი დაემორჩილებინა ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის არასლავური მოსახლეობა.

უკრაინის გარეშე მოსკოვის ნებისმიერი ცდა, ხელახლა აღადგინოს ევრაზიული იმპერია, როგორც ჩანს, ხელს შეუწყობდა იმას, რომ მედიდურ მარტოობაში გახლართული რუსეთი აღმოჩნდება თავისი ეროვნული და რელიგიური ინტერესებისათვის აღმდგარ არასლავურ ძალებთან გაჭიანურებულ კონფლიქტებში; ომი ჩეჩნეთთან, ალბათ, ამის პირველ მაგალითს წარმოადგენდა. უფრო მეტიც, მხედველობაში თუ მივიღებთ რუსეთში შობადობის დონის დაქვეითებას და შუა აზიის რესპუბლიკებში, სიტყვის პირდაპირი გაგებით, შობადობის აფეთქებას, ნებისმიერი ახალი ევრაზიული სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებული იქნება უკრაინის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებაში ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლებად ევრაზიული და სულ უფრო მეტად აზიური გახდება. უკრაინის დაკარგვა იყო არა მარტო ცენტრალური გეოპოლიტიკური მოვლენა, ის იქცა გეოპოლიტიკურ კატალიზატორადაც. სწორედ, უკრაინის მოქმედებამ 1991 წლის დეკემბერში, დამოუკიდებლობის შესახებ მისმა განცხადებამ, ბელოვეჟის ტევრის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებისას, უკრაინის დაჟინებამ, რომ საბჭოთა კავშირი უნდა შეცვლილიყო უფრო თავისუფალი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობით და განსაკუთრებით, უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებულ საბჭოთა არმიის ნაწილებზე უკრაინის მთავარსარდლობის გადატრიალების მსგავსმა მოულოდნელმა დაწესებამ, უბრალოდ ხელი შეუშალეს დსთ-ს, ქცეულიყო უფრო ფედერალურ სსრკ-ს ახალ სახელწოდებად.

რუსეთის მიერ ბალტიის ზღვაზე წამყვანი მდგომარეობის დაკარგვა განმეორდა შავ ზღვაზეც არა იმიტომ, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობა მიიღო, არამედ იმიტომაც, რომ კავკასიის ახალმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკებმა - საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა გააძლიერეს თურქეთის შესაძლებლობანი ამ რეგიონში ოდესღაც დაკარგული გავლენის აღდგენაში. 1991 წლამდე შავი ზღვა რუსეთის სასტარტო ხაზს წარმოადგენდა ხმელთაშუა ზღვის რაიონზე თავისი სამხედრო-საზღვაო ძლიერების პროექციის თვალსაზრისით, მაგრამ 90-იანი წლების შუა ხანებში, რუსეთი დარჩა შავი ზღვის სანაპიროს მცირე ზონითა და ყირიმში, საბჭოთა შავი ზღვის ფლოტის ნარჩენების ბაზირების უფლებების შესახებ, უკრაინასთან გადაუჭრელი სადავო საკითხების ამარა. ის აშკარად გაღიზიანებული უთვალთვალებდა უკრაინის ნატოსთან ერთობლივ სამხედრო-საზღვაო და საზღვაო სადესანტო მანევრების განხორციელებას და აგრეთვე, თურქეთის, შავი ზღვის რეგიონში, როლის ზრდას. რუსეთი ასევე ეჭვიანობდა, თურქეთის მხრიდან ჩეჩნეთის წინააღმდეგობის ძალების ეფექტური დახმარების გაწევაში. სამხრეთ-აღმოსავლეთის მოშორებით გეოპოლიტიკურმა გადატრიალებამ ძირითადად გამოიწვია რუსეთის სტატუსის ანალოგიური არსებითი ცვლილებები კასპიის აუზისა და შუა აზიის ზონაში. საბჭოთა კავშირის კრახამდე კასპიის ზღვა, ფაქტობრივად, იყო რუსეთის ტბა, რომლის მცირე სამხრეთის სექტორი მდებარეობდა ირანის საზღვართან. დამოუკიდებელი და მყარად ნაციონალისტური აზერბაიჯანის გაჩენამ, რომლის პოზიციები გაძლიერდა ამ რესპუბლიკისკენ მიმავალი ხარბი დასავლელი სანავთობო ინვესტორებით და ასევე, დამოუკიდებელმა ყაზახეთმა და თურქმენეთმა რუსეთი აქციეს კასპიის ზღვის სიმდიდრის ხუთიდან მხოლოდ ერთ-ერთ პრეტენდენტად.

რუსეთს უკვე აღარ შეეძლო მყარად ევარაუდა, რომ საკუთარი შეხედულებით შეეძლო განეგო ეს რესურსები. დაარღვია თუ არა ხრუშჩოვმა 1954 წელს სამართლიანობის პრინციპი, როდესაც ყირიმი უკრაინას გადასცა, სხვა საკითხია. აქ მთავარი ამოსავალი ის არის, რომ რუსეთი, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე როგორ მოიქცა 2014 წელს? მოსკოვი სამხედრო ოპერაციების განხორციელების დროს ყირიმის ანექსიამდე ყოველთვის აპელირებდა საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და ჰუმანიტარული მოტივაციით. თუმცა ყირიმის ანექსიით მან დაარღვია საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული „თამაშის წესები“, რომლებიც აღიარეს სუვერენულმა სახელმწიფოებმა და რაც გამოიხატებოდა საერთაშორისო ხელშეკრულებებით. კერძოდ, რუსეთმა დაარღვია 1994 წლის აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის გარანტორობით მის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება უკრაინის საზღვრების ხელშეუხებლობის შესახებ, რითაც წყალი შეუყენა არსებულ მსოფლიო წესრიგს, ევროპის საზღვრების ურღვეობას და გააკეთა განაცხადი საკუთარი პოლიტიკური დომინაციის ღიად აღდგენისა და ახალ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ გახდომის შესახებ.

დღევანდელ ვითარებაში ყირიმის თემით თურქეთიც დაინტერესდა, კერძოდ, ყარაბაღის კონფლიქტის შეწყვეტის შემდეგ თურქეთმა დაიწყო უკრაინასთან კავშირის გაღრმავება. ვარაუდობენ, რომ ერდოღანს თვალი უჭირავს ყირიმზე და შეეცდება დონბასში სამხედრო ოპერაციის პროვოცირებას, რომელიც შეიძლება დაძაბულობის საბაბად იქცეს ყირიმის ნახევარკუნძულის გარშემო. ხაზგასასმელია, რომ ყირიმი მიმდინარე ეტაპზე არა მხოლოდ ერდოღანის ინტერესების ზონას წარმოადგენს. ნახევარკუნძულის მიმართ ინტერესს გამოხატავენ ბრიტანელებიცა და ამერიკელებიც. ერდოღანს კი მაშინაც არ უღიარებია ყირიმი რუსეთის კუთვნილებად, როდესაც მასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. ის ხშირად გამოთქვამდა საკმაო პროვოკაციულ მოსაზრებებს, ბოლოს კი სრულიად მოურიდებლად განაცხადა, რომ ყირიმი თანამედროვე თურქეთის ტერიტორია უნდა იყოს.

ყირიმის ანექსიით რუსეთმა შავ ზღვაზე გზა გადაუკეტა ნატოს და ეკონომიკურად დაბლოკა ნაციონალისტების მიერ მართული უკრაინა. ამით გადაუწურა ყველა იმედი დასავლეთს, რომ უკრაინას სატრანზიტო ტერიტორიად გამოიყენებდა. ე.ი. უკრაინა იმ მჭიდიდან ამოვარდა, რომლის გამოყენებასაც ცდილობდნენ ევროპელები და ამერიკელები. ახლა კი საქმე აქვთ რუსეთთან. ვერც ერთი სატრანსპორტო მაგისტრალი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ რუსეთის გარეშე ვერ იმუშავებს. როგორც დავინახეთ, ყირიმი, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია, სახანოს სახით ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა. 308 წელი (1475-1783) ოსმალეთის გავლენაში იყო, 171 წელი (1783-1954) რუსეთის შემადგენლობაში და 60 წელი (1954-2014) უკრაინის ნაწილს წარმოადგენდა. ისტორიული თვალსაზრისით არც ერთი ქვეყნის კუთვნილებად არ მოიაზრება. რუსეთს ძალა შესწევდა ქადილისა და 2014 წელს თავის შემადგენლობაში დააბრუნა. თანაც ეს საკითხი, როგორც აღვნიშნეთ პრეზიდენტმა პუტინმა გარე სამყაროსათვის დახურულ თემად გამოაცხადა.

წყარო: ავთანდილ სონღულაშვილი – ისტორია პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობები
3
210
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
210
  
7 დეკემბერი, 16:48
ავთო სონღულაშვილი ჩემი ლექტორი იყო, საკითხი არაა რომ არ იცოდეს :)) მეცნიერი "5 ვარსკვლავიანი" სამხედრო ენით რომ გამოვთქვა
7 დეკემბერი, 15:21
საკანდიდატო შრომაა სტატია კი არა...
0 1 3