პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი მშვიდობიანი აქციის დროს, სპეცრაზმელების მიერ, უკანონოდ აყვანილ ახალგაზრდებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს და წერს:
"განსასჯელთა სკამზე მჯდომ, სისტემის მიერ ტყვედ აყვანილ ზვიად ცეცხლაძეს და სხვა ბავშვებს რომ ვუყურებ, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც ბრალმდებელი ბრალდებულად იქცევა და ბრალდებული ბრალმდებელად.
დარწმუნებული ვარ, რომ სისტემა გააფთრებით ცდილობს იპოვოს სუსტი რგოლი, რომელიც “მოინანიებს” და მოყვება, როგორ “თხრიდნენ გვირაბს ლონდონიდან ბომბეიმდე”. ვერც ერთი ვერ შეაშინა, ვერ მოისყიდა, ვერ დააჩოქა. ასე ამაყად, თავაწეული, ნადვილი ღირსებით შეაბიჯებს ჩვენი ახალგაზრდობა თავისუფალ, სიკეთით და სიყვარულით სავსე მომავალში.
ბოდიშს ვუხდი მათ ყველა იმ შეცდომის, თუ გადაცდომის გამო, რამაც ამ უბედურებამდე მოგვიყვანა. იმის გამო, რომ ვერ შევძელით მათთვის ნორმალური, ცივილიზებული გარემოს შექმნა ჯანსაღი განვითარებისთვის და მათ თვითონ უწევთ ამისთვის ბრძოლა.
ბოდიში უნდა მოიხადოს მათთან ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, რომელთაც ვერ შეძლეს მათი არჩევანის სათანადოდ დაცვა და ახლაც ვერ ახერხებენ ბრძოლის წინა ხაზზე გასვლას.
ბოდიში უნდა მოვუხადოთ მამებმა და დედებმა, ბაბუებმა და ბებიებმა, რომ არ ვიცნობდით, არ ვაფასებდით, როგორი ვაჟკაცი, განათლებული, პატრიოტი შვილები და შვილიშვილები გვყოლია.
ბოდიში უნდა მოვუხადოთ და ამასთანავე ვიამაყოთ მათით."- ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ "დაფიონის" ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე 4 დეკემბერს დააკავეს – უფლებადამცველი ამბობს, რომ ჩხრეკის დროს ის სახლში აბსოლუტურად მარტო იმყოფებოდა. ახალგაზრდას მობილური ტელეფონიც კი არ ჰქონდა, რომ მის სახლში მიმდინარე პროცესები გადაეღო.
ცნობისთვის, სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება ანტისამთავრობო პროტესტის დროს უკანონოდ დაკავებულ რევაზ კიკნაძეს, როგორც მან იზოლატორიდან დაწერა მას ტყუილის თქმას სთხოვდნენ, თითქოს ოპოზიციონერი ლიდერები აფინანსებდნენ და მათ დავალებებს ასრულებდა. რევაზ კიკნაძის თქმით, ის შიმშილობას იწყებს.