საზოგადოება საშობაო ამბავი გუშინ, 16:47 -გითხარი, ნუ წავალთ, არავის გაუხარდება-მეთქი და არ დამიჯერე. -შენმა რძალმა როგორ აგვიბზუა ცხვირი, სუნიანი ინდაური რამ მოგაყვანინათო...
-მაგან რა იცის, როგორი სიყვარულით ვზრდიდით, რომ შობას შვილიშვილებისთვის გემრიელი საცივი გამეკეთებინა.
-ვის უნდა, ქალო, შენი გაკეთებული საცივი?!შენმა რძალმა ფეხიც არ შეგადგმევინა სახლში, ახლა დავასუფთავე იატაკიო.
-ხო, მეგონა გული გამიჩერდა... ბავშვები მაინც ეჩვენებინა.
-ჩვენი შვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი.
-ეჰ, მოგიკვდეს ბედშავი დედაშენი, შვილო.
-კაი ახლა, შობაა, ნუ იტირებ...
-ბერიკაცო, რა ვიფიქრე იცი?
-რა?
-ეს ინდაური და სოფლის ნობათი ქუჩის ბოლოს რომ ბავშვები მათხოვრობდნენ იმათ მივცეთ, მადლია.
-კარგად მოგიფიქრებია, ბარაქალა...
ბავშვებმა მხიარული ჟრიამული ატეხეს.
-თქვენხელა შვილიშვილები მყავს, ბებო შემოგევლოთ, ასე მგონია მათ ვეფერები, გენაცვალოთ ჩემი სიცოცხლე.
-ბავშვებო, სახლი თუ გაქვთ?
-არა, ბაბუ, ქუჩაში ვცხოვრობთ.
-მერე წამოდით ჩვენთან, მარტო ვართ მე და ეს დედაბერი.
-ხო, ბებო შემოგევლოთ, გულში ჩამეკარით შვილებო...
სოფელში შებინდებისას შევიდნენ. ბებიამ ძველთაძველი სკივრიდან ოთხი საბან-ბალიში ამოალაგა...
-ბაბუ გენაცვალოთ, მოდით პური ვჭამოთ და მერე მე და ჩემი დედაკაცი ზღაპრებს გავიხსენებთ თქვენთვისა... სოფელს ღრმა ძილით ჩასძინებოდა. მხოლოდ ერთ სახლში ენთო სინათლე.
პატარებს პირველად უყვებოდნენ ზღაპრებს, თან კეთილი მოხუცები და არავის უნდოდა დაძინება...
48 შეფასება არ არის
|