x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მთელი საბჭოთა კავშირი, მსოფლიოს ერთი მეექვსედი, ნიკიტა ხრუშჩოვმა შავ პურზე რომ დასვა, ის დროა..
image
სუფთა წერა
მთელი საბჭოთა კავშირი, მსოფლიოს ერთი მეექვსედი, ნიკიტა ხრუშჩოვმა შავ პურზე რომ დასვა ( მაშინ, უფროსები, ასე ამბობდნენ ), ის დროა.
მეოთხე კლასში ვიქნებოდი.
სოფლის ცენტრში, სასურსათო მაღაზიაში, რომელსაც, რატომღაც, „კოპერატივს“ ეძახდნენ, შავი პური უთენია მოჰქონდათ. მაღაზია რვა საათზე იღებოდა. პურს დილით თუ იყიდიდით, თორემ, შუადღემდე თავდებოდა. ათასში ერთხელ, თეთრი პურიც გამოჩნდებოდა, რომელიც შედარებით ძვირი იყო და ნოქრები ნაჭრებად ყიდდნენ. ერთი ნაჭერი თხუთმეტი კაპიკი ღირდა. უნდა გენახათ, რა ბედნიერები ვიყავით, როცა თეთრ პურს შევექცეოდით, თითქოს ტორტის ნაჭერი გვჭეროდა ხელში.
დილით ნაყიდ პურს, მასწავლებლები, გაკვეთილების დასრულებამდე, სკოლაში ინახავდნენ.
იმ დილითაც, რაისა მასწავლებელმა, გაზეთში გახვეული შავი პური, საკლასო ოთახში შემოიტანა. მასწავლებლის მაგიდის ზედა ნაწილი ჩვეულებრივი ყუთი იყო, რომელსაც ფეხები ჰქონდა მიმაგრებული, ხოლო ზემოდან, ოდნავ დაქანებული, სქელი ფანერის დაფა ეხურებოდა.
ახადა მასწავლებელმა მაგიდას სახურავი და პური შიგ ჩადო. გამოსწია სკამი და დაჯდა. კლასში მარტო მე ვიყავი, იმ დღეს ძალიან ადრე მივედი.
-შენ რატომ მოდი ასე ადრე? - მკითხა ღიმილიანმა - ა, ხომ ხედავ, პურს აქ ვდებ და არ დამავიწყო...
- არა, მას, არ დაგავიწყებ! - ვუპასუხე გახარებულმა იმით, რომ მასწავლებელს დავჭირდი.
მეორე გაკვეთილზე „სუფთა წერა“ გვქონდა. იყო მაშინ წერის ამნაირი სახე. ყველანი ვინდომებდით, როგორმე ლამაზად და კოხტად გამოგვეყვანა ასოები. ჩვეულებრივ, მასწავლებელი მერხებს შუა დადიოდა, ჩვენს გვერდით ჩერდებოდა და შენიშვნებს გვაძლევდა.
მე არ ვიყავი ცუდი მოსწავლე, მაგრამ ასოების მოხაზულობა არ მივარგოდა, ერთი სიტყვით - ვჯღაბნიდი!
მოვიდა ჩემთან, დახედა ჩემ ნაწერს და ეს ბავშვი გადამრევსო, საკმაოდ ხმამაღლა წამოიძახა.
- არ გრცხვენია, ბიჭო? რასაა რომ შვრები, ესაა სუფთა წერა?
მეწყინა... მეწყინა... თვალები ცრემლებით ამევსო. ჩემ უკან ჯანაშიას გოგო იჯდა, რომელსაც თავს ვაწონებდი და ახლა ეს დაუნდობელი შენიშვნა კატასტროფად მეჩვენა.
დანა პირს არ მიხსნიდა!
შემდეგი ორი გაკვეთილი ჯოჯოხეთად მექცა...
დაირეკა ბოლო ზარიც და გავცვივდით გარეთ.
ვხედავ, მოდის რაისა მასწავლებელი და პური არ მოაქვს.
გახარებული გავყევი უკან!
გადაუხვია ასფალტიან სამანქანო გზას და დაადგა შინისკენ მიმავალ გრუნტიან ქუჩას.
აწი არაა მომბრუნებელი, მორჩა, დაავიწყდა პურის არსებობა.
მივბრუნდი საკლასო ოთახში. ავხადე მაგიდის სახურავი და აგერაა ეს დალოცვილი! მშია, მშია, კუჭი მიხმება. ჩამოვციცქნი ცოტას-მეთქი, ვიფიქრე, შემოვაცალე გაზეთი, მაგრამ ხელის ხლება ვერ გავბედე. დავყურებ ზემოდან. ისევ ამეწვა კუჭი.
- მოდი, გვერდებიდან, გულს თხლად შემოვაფცქვნი, მაინც არ დააჩნდება! - ვფიქრობ და ვყლაპავ მუშტისხელა ნერწყვს. თან ჭიშკრისკენ ვიხედები, არ მობრუნდეს ის ქალი-მეთქი!
რაისა მასწავლებელი შორს ცხოვრობდა. ორი კილომეტრი მაინც იქნებოდა მის სახლამდი. ვზივარ და ვანგარიშობ, მივიდა ვითომ? არა, არა, ჯერ გზაშია! ა, ახლა, ალბათ, კიბეზე ადის, გააღო სახლის კარი... მარტო ცხოვრობს ჩემი მასწავლებელი, შინაბერაა... სულ მაქებდა და დღეს რა ეტაკა. ჰოდა იყოს ახლა ეგერ... ხვრიპოს ტყვილი სუპი უპუროდ...
ფიქრებიდან კუჭის წრიალმა გამომიყვანა... დავყურებ „ბუხანკას“ და გული მიმდის, ისე მშია!
- ა, გააცხელა სუპი, დაისხა თეფშზე და სადაა პური!
- გაახურა ტაფა, დაასხა ზეთი, დაატეხა სამი ცალი კვერცხი, გადააცურა“ გლაზუნიები“ თეფშზე და სადაა პური?
- დაისხა ლობიო, მიუდგა მჟავე, ახადა საპურე და სადაა პური!
- აუ, პური დამრჩა, - შეიცხადა! - რა წავა ახლა უკან, რამ გამომაშტერა, ძლივს მოვეთრიე სახლამდე!
- ასე მოგიხდება, მიძახე ახლა, რაფერაა რომ ჯღაბნიო, იყავი უპუროდ, დამიდგა დარდი!
ისევ წამძლია სულმა. ამოვიღე პური და ვუსუნე. აუ, რა გაუძლებს ამ სურნელს!
უცებ გამახსენდა, დედაჩემმა თქვა ერთხელ, რაისას შაქარი აქვს და თავის დროზე თუ არ ჭამა, გული შეუწუხდებაო!
წამოვხტი, წამოვიკიდე ჩანთა, გავახვიე პური ისევ, ამოვიღლიავე და გავრბივარ თავქუდმოგლეჯილი... ცუდადაა ვითომ?... მოვუმატე სირბილს... არ გაჩერდე, ბიჭო, გულიც რომ გაგისკდეს, არ გაჩერდე! ახლა ჰაერს შევიგუბებ, სანამ ოცდაათამდე დავთვლი, თუ არ ამოვისუნთქე, კარგად იქნება! ერთი, ორი, სამი... ოცდაათი...ოფლში ვარ გახვითქული!
კიდევ ერთხელ დავთვლი, ახლა ორმოცამდე ვცდი! მიდი, მიდი, შეძლებ, უნდა შეძლო, თორემ გული წაუვა რაისა მასწავლებელს! ე, შუშაბანდიანი ოდაც გამოჩნდა!
შევვარდი ეზოში. არავინ ჭაჭანებს, შეუწუხდა ვითომ გული? წინა აივანზე ავირბინე, ზალის კარი დაკეტილია, ჩამოვხტი და ახლა უკანა აივანზე ავვარდი... არ დამიკაკუნებია, კარი გულისფანცქალით შევაღე...
რაისა მასწავლებელი სკამზე იჯდა, მაგიდაზე იდაყვით დაყრდნობილ მარცხენა ხელზე თავი ჰქონდა ჩამოდებული. შევედი თუ არა, იმწუთას წამოდგა და შემომეგება.
- მოხვედი, ჩემო ჭკვიანო ბიჭო?
ჩაწეულ „კერასინკაზე“ ლობიოს აცხელებდა. მაგიდაზე კომბოსტოს მჟავე, ლიმონათი, ორი თეფში და ორი ჭიქა იდო.
მელოდებოდა!
ღმერთო, როგორ შემრცხვა!
ვასილ ბესელია
0
40
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0