მოლა და მისი შვილი რომელიღაც სოფელში მიდიოდნენ. მამამ შვილი სახედარზე შესვა, თვითონ კი ფეხით გაჰყვა. გზაზე მგზავრები შემოხვდნენ და თქვეს:
- ახლანდელი ახალგაზრდობა არაფრად არ ვარგა, შეხედე თვითონ სახედარზე შემჯდარა და მოხუცი მამა კი ფეხით მისდევს.
მაშინ შვილმა უთხრა მოლას:
- მამა, აკი გითხარი, ასე არ ივარგებს-მეთქი. მოდი, მე ჩამოვალ და შენ შეჯექი.
მოლა სახედარზე შეჯდა.
ცოტა რომ გაიარეს, ახლა სხვა მგზავრები შემოეყარენ და უთხრეს:
- ამოდენა კაცი რომ სახედარზე შემჯდარხარ და ეს გამხდარი ბიჭი კი ფეხით მოგსდევს საკადრისია?
მოლამ შვილი უკან შემოისვა. ცოტა რომ გაიარეს უსაქმურების მთელი გროვა შემოხვდათ. სახედარზე გადამჯდარი მოლა და მისი შვილი რომ დაინახეს, დაუძახეს:
- ეს რა უსულგულო ხალხი ყოფილხართ, განა შეიძლება ერთ სახედარზე ორი კაცი იჯდეს?
მოლა გაჯავრდა, სახედრიდან ჩამოვიდა, შვილიც ჩამოიყვანა და სახედარი წინ გაიგდო.
ბევრი იარეს თუ ცოტა, რამდენიმე კაცი შემოეყარათ. ფეხით მიმავალი მოლა და მისი შვილი რომ დაინახეს, თქვეს:
- რა სულელები არიან, სახედარი ცარიელი მირბის, ესენი კი ამ სიცხეში ფეხით მიჩანჩალებენ.
ეს რომ მოლამ გაიგონა, ხელები მაღლა აღაპრო და თქვა:- ღმერთო, არა მგონია ქვეყანაზე იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც არ გაჭორონ.