ცოტა ხნის წინ, გორის რაიონის სოფელ ტირძნისში უბედური შემთხვევა მოხდა. სატელევიზიო გადაცემები და პრესაში გამოქვეყნებული მასალები იუწყებოდნენ იმის შესახებ, თუ როგორ გააჩინა სახლში შვილი მანანა მჭედლიძე _ ბუჟღულაშვილმა და საკუთარი შვილების დახმარებით როგორ დამარხა ის ცოცხლად საკუთარ ეზოში.
თუმცა, როგორც თავად მანანა მჭედლიძე _ ბუჟღულაშვილი ყვება: “რეალობა სულ სხვაა, როგორც ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგინდა ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა. რატომ დამწამეს ცილი საკუთარი შვილის ცოცხლად დამარხვისა? სამწუხაროდ ობოლი ვარ, არ მყავს მშობლები და არც და-ძმა. გავთხოვდი საკმაოდ ადრე, 16 წლის ასაკში გარიგებით. ჩემი მეუღლე მსმელი კაცი იყო და იმდენი სვა, ღვიძლი დაეშალა და 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ იმდენად გაჭირვებული ვიყავი, რომ მისი დაკრძალვის ხარჯებიც კი არ მქონდა. მისმა ძმამ, ჩემმა მაზლმა დაკრძალა. ძალიან ღარიბულად ვცხოვრობდით. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ჩემი ობოლი შვილები გამეზარდა. პენსია დაენიშნათ ბავშვებს უმამობისა. სოფელი მაინც ძლიერია, ვამუშავებდით ნაკვეთს, გვქონდა შინდის მოსავალი და ასე გაგვქონდა თავი. სამწუხაროდ სამსახური არ მაქვს.”
– ცოტა ხნის წინ თქვენს შესახებ გაზეთები და სატელევიზიო გადაცემები იუწყებოდნენ, რომ უკანონოდ გააჩინეთ ბავშვი და შემდეგ ის ცოცხლად დამარხეთ, რაშიც თქვენი უფროსი შვილი, 14 წლის ლიკა დაგეხმარათ. მომიყევით სინამდვილეში რა მოხდა?
– როდესაც გავიგე, რომ ორსულად ვიყავი გადავწყვიტე არავისთვის არაფერი მეთქვა, რადგან სოფელში პატივს მცემდა ხალხი და ამ ფაქტის აღიარების ძალიან მრცხვენოდა. მოგეხსენებათ მეუღლე დაღუპული მყავს. გეფიცებით ეკლესიაშიც კი ვერ ვბედავდი შესვლას, რადგან ძალიან დამნაშავედ ვთვლიდი თავს უფლის წინაშე და დახმარებასაც ვერ შევთხოვდი. მე ჩავიდინე ეს დანაშაული თუმცა მართლმადიდებელი ადამიანი ვარ, ბავშვობიდან ჩემი შვილები სულ ეკლესიაში დადიან და მათ ჩემი ამ მდგომარეობის გამო ძალიან ბევრი გადაიტანეს. ამის გამო მინდოდა, რომ ფსიქოლოგთანაც მემკურნალა მათთვის.
ღამით, როცა უკვე მშობიარობა დამეწყო, მაშინ ვუთხარი ჩემს შვილს, რომ ორსულად ვიყავი და ამ მძიმე დროს უნდა დამხმარებოდა. მე სირცხვილის გამო ვერავის დავუძახე მოხმარებისთვის და ისევ ბავშვს გავუბედე თხოვნა. ჩემი თავი მთლიანად ღმერთს მივანდე. ვფიქრობდი თუ სიკვდილი მიწერია მოვკვდე მეთქი. აივანზე გავედი, საიდანაც გორიჯვარი მოსჩანს, ღმერთს მუხლებზე დაჩოქილი ვთხოვდი თუ სიკვდილი მეწერა მალე მოვმკვდარიყავი და ჩემი ტკივილი დიდხანს არ გაგრძელებულიყო. უფალმა შემიცოდა და სამშობიარო ტკივილებმა გადამიარა. ამ დროს ალბათ ბავშვი მუცელში მოიგუდა და აქედან გამომდინარე ძალიან გამიჭირდა მშობიარობა. ბავშვი რომ აღარ იბადებოდა ხელებს სიმწრისგან კედელს ვურტყამდი. მისი დაბადების შემდეგ კი სისხლისგან ვიცლებოდი, როდესაც მივხვდი, რომ ახალშობილი მკვდარი იყო, ჩემს უფროს შვილს ვუთხარი, ის სარდაფში რაიმე ყუთში ჩაეწვინა და შემდეგ მე დავკრძალავდი. ამ პერიოდში გონება დავკარგე და მეგონა იმ ქვეყნად მივდიოდი. ჩემმა შვილმა რომ დამატყო მე ასეთ მდგომარეობაში ვიყავი ბავშვი თავის ხელითვე ჩვენს ბაღში დამარხა. ამ ყველაფრის შემდეგ კი მეზობლებიც შემოვიდნენ, მაშინ ისინი ვერ მიხვდნენ, რომ მე ვიმშობიარე. მათ ასეთ მდგომარეობაში რომ მნახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გამოუძახეს და მათ სასწრაფოდ თბილისში, საავადმყოფოში გადმომიყვანეს. იყო საშიშიშროება, რომ მე გზაშივე გარდავიცვლებოდი, მაგრამ ღმერთმა გადამარჩინა. როდესაც შემდეგ ოპერაცია გამიკეთეს დაადგინეს, რომ უნაყოფო მშობიარობა მქონდა. ექიმმა მკითხა შენ გიმშობიარიაო და რატომ დამალეო. მე ავუხსენი, რომ ბავშვი მკვდარი დაიბადა და თქმას რაღა აზრი ჰქონდა. მათ ბუნებრივია სამართალდამცავებს შეატყობინეს და დაიწყო გამოძიება.
– ექსპერტიზამ კი დასკვნა გამოიტანა, რომ ბავშვი მართლაც მკვდარი დაიბადა?
– კი ასე იყო. გარდაცვლილ ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მართლაც ახალშობილი მკვდარი დაიბადა. ეს იყო უბედური შემთხვევა და არა წინასწარ დაგეგმილი რაიმე. რომ ვითომ ჩვენ ბავშვის “გაქრობა” გვინდოდა. სამართალდამცავები იმისთვის არსებობენ, რომ სიმართლე დაადასტურონ. მე თავს არ ვიმართლებ. ნამდვილად ვარ იმაში დამნაშავე, რომ ვერ გავიგე დროულად ორსულად რომ ვიყავი და ასე მოხდა. ჩემი მეზობლები მეუბნებოდნენ, რატომ არ გვითხარი შენი გულისტკივილიო, კიდევ გიმეორებთ, მე ძალიან მერიდებოდა და არ მინდოდა ჩემი პრობლემები სხვისთვის მომეხვია თავზე. ამდენი მძიმე დღეების გადატანის შემდეგ გული რომ არ გამისკდა მიკვირს.
– ბავშვის მამამ იცოდა თუ არა თქვენი ორსულობის შესახებ? თუ იცოდა არ გასჩენია სურვილი ფინანსურად, ან მორალურად დაგხმარებოდათ?
– ჩვენ არ გვქონდა დიდი ხნის ურთიერთობ, ერთჯერად ურთიერთობას უფრო დავარქმევდი. მას არაფერში ვადანაშაულე, რადგან ქალი ვარ და შეცდომა მე დავუშვი. მე ხომ პატარა გოგო აღარ ვიყავი არა. რაც შეეხება მის დახმარებას. მე ის არც არაფერში დამივალდებულებია. მხოლოდ ერთხელ შევეხმიანე და დახმარება ვთხოვე, მაგრამ მისგან უარი რომ მივიღე, მეორედ დაკავშირება აღარც მიცდია. აზრიც აღარ ჰქონდა.
– ინტერვიუზე თქვენი დათანხმება ძალიან გამიჭირდა.
– ჟურნალისტებმა ჩემზე და ჩემს შვილზე იმ მძიმე პერიოდში ისეთი რაღაცეები დაწერეს, რაც საერთოდ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. პირდაპირ მკვლელები გამოგვიყვანეს. ჩემს შვილს რაღას ერჩოდნენ? თქვენ რომ დამირეკეთ უხეშად იმიტომ გელაპარაკეთ, რომ ნდობა მაქვს დაკარგული ჟურნალისტების მიმართ. თავიდან, როცა ის ჟურნალისტი დამიკავშირდა მითხრა, რომ მე თქვენი დახმარება მინდა და თქვენს გარეშე ერთ სიტყვასაც არ დავამატებო, სჯობს სიმართლე დავწეროთ, რომ დამნაშავედ არ იგრძნოთ თავიო. სათაურშივე ცილი დამწამეს, სტატიაში დაწერილ მასალაზე რომ აღარაფერი ვთქვა. სათაური იყო ასეთი: “როგორ დაამარხინა დედამ შვილს ცოცხალი ბავშვი საკუთარ ეზოში”.
საუბარში ერთობა ქალბატონი მანანას შვილი _ ლიკა:
“ჟურნალისტები ჩემს შესახებაც აგროვებედნენ ინფორმაციას. ყველა ჩემს მასწავლებელს ჰკითხეს, როგორი ბავშვიაო. მათ ძალიან მაქეს. დადებითი სიტყვები, რაც ჩემს მინართ იყო ნათქვამი მათ საერთოდ არ დაწერეს. მაინცდამაინც უნდოდათ, რომ უარყოფითი დაეწერათ და ასეც მოიქცნენ. ალბათ ასე აწყობდათ და მაგიტომ. იმ მძიმე წუთებში მათ უარესად ცუდად გაგვხადეს. ერთხელ მოვიდნენ და არ გამოვედი სახლიდან. დამიძახეს და მომატყუეს არაფერს გკითხავთო, გამოვედი თუ არა ჩართული კამერებით დამხვდნენ.
ხვდებით ალბათ, რომ ამ ტრაგედიის გადატანა არ არის ადვილი. აღარც მინდა იმ ყველაფრი დეტალებში გახსენება, რადგან ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი მივიღე, თუმცა ეს მოხდა და რაღას ვიზავდით, ვცდილობდი ყველაფერი დამევიწყებინა. ჟურნალისტებმა ისე იმოქმედეს, რომ საერთოდ უარეს დღეში აღმოვჩნდი. მეგონა, რომ აღარც ერთი მეგობარი არ მოინდომებდა ჩემთან ურთიერთობას, ყველა ზურგს შემაქცევდა. მართლაც იყო ასეთი ფაქტი. რამდენიმე ჩემს ახლობელს მშობელმა აუკრძალა ჩემთან ურთიერთობა, თუმცა ჩემი ნამდვილი მეგობარი ვინც იყო ყველა გვერდში დამიდგა. დამეხმარნენ ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. ერთი რომ აჭორავდა ხალხი მერე რაღა არ თქვეს. ისიც გავიგე ვითომ მე გავაჩინე ბავშვი და დედაჩემმა დაიბრალა. სახლიდან აღარ გამოვდიოდი საერთოდ.
საბედნიეროდ ყველაფერი გადავლახე, ის სტრესი და ტკივილი დავივიწყე და ჩვეულებრივად ვაგრძელებ ცხოვრებას. დავდივარ ტაძარში, ვლოცულობ, აღსარებას ვაბარებ, ზიარებას ვიღებ და ა.შ.”
ქ-ნი მანანა: _ აღარ მინდოდა ხელმეორედ ამეტეხა აჟიოტაჟი, თორემ ნამდვილად ვუჩივლებდი იმ ჟურნალისტს. ურჩევნიათ არ ამალაპარაკონ, თორემ მე ყველაზე ყველაფერი კარგა ვიცი, გაცილებით სენსაციური. როგორია ამდენი ტყუილის და ცილისწამების მოსმენა საკუთარ თავზე? ამ ყველაფრისთვის ღმერთი გასცემს მათ პასუხს. მე რომ მართალი არ ვყოფილიყავი დღეს ციხეში ვიქნებოდი.
– თქვენი უკანონო ორსულობის ფაქტს როგორ შეხვდნენ თქვენი და გარდაცვლილი მეუღლის ნათესავები?
– ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემს მაზლთან. როდესაც მე მადანაშაულებდნენ და შვილის მკვლელობას მაბრალებდნენ ის ჩემს დაცვას ცდილობდა. სავადმყოფოში მირეკავდა და ჩემს მდგომარეობას იგებდა. მითხრა, რაც იყო იყო, ამის შემდეგ ჭკუა ისწავლეო. ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მულთანაც, ის ჩემს სანახავდ მოდიოდა მძიმე წუთებში და გვერდში მიდგა. მხარდაჭერა ვიგრძენი ჩემი ნათესარავებისგანაც. რასაც სიმართლე გითხრათ არ ველოდი. მეზობლებთანაც იგივე ურთიერთობა მაქვს, რაც ამ უბედურ შემთხვევამდე მქონდა. ისინი კარგად მიცნობენ და იციან, რომ ისეთიც არ ვარ, როგორიც გამომიყვანეს. თუმცა იყო ჭორებიც, ზოგი ამბობდა, რომ ვითომ ბავშვი ჩემმა შვილმა გააჩინა და მე დავიბრალე.
– დღეს როგორი მიდის თქვენი ცხოვრება?
– ძალიან მშვიდად, ძველებურად. ვცდილობთ დავივიწყოთ ყველაფერი რაც იყო.
მღვდელი მამა დავითი (თავაძე) _ “როდესაც ადამიანის მიმართ არის ცილისწამება, ყოვლად მიუღებელია. “ნუ განიკითხავ, რაითა არ განგიკითხონ” გვეუბნება უფალი. პიროვნებამ სულ რომ დააშავოს რაიმე, მაშინაც კი არ უნდა განვსაჯოთ მისი საქციელი, მითუმეტეს ამის საჯაროდ გამოტანა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში.
როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, თავადვე უნდა მოინანიოს
არ არის სწორი, როდესაც შენს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანს აყენებ ფსიქოლოგიურ სტრესს. არ აქვს აზრი ჟურნალისტი იქნება ის თუ საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი ყველას მიზანი უნდა იყოს ის, რომ არ დასწამონ ცილი არავის. დამნაშევენი დაისჯებიან თუ არ მოინანიებენ საკუთარ საქციელს.
იმ ადამიანს კი ვისაც ცილი დასწამეს, ამ შემთხვევაში თქვენს რესპონდენტს ვგულისხმობ, ვურჩევდი, რომ იაროს ტაძარში, სადაც ყველანაირად ვეცდებით სტრესი და შფოთი მოვუხსნათ. არსებობს აღსარება, ზიარება, ლოცვები. ადამიანი იმისთვის მიდის ეკელესიაში, რომ დამშვიდდეს და უფალმა მოუტანოს მას სულიერი მშვიდობა.
ადამიანს, რომელსაც სწამს უფალი და ეკლესია, მაშინ მისთვის არ უნდა იყოს რთული გასაგები ის ფაქტი, რომ სხვას არ დასწამოს ცილი, იჭორაოს, მიაყენოს ტკივილი და ა.შ. ყველას ვურჩევდი, რომ ტაძარი ყოფილიყოს მათი ცხოვრების წარმმართველი. მოვიდნენ ეკლესიაში და ჩაწვდნენ ქრისტიანობის არსს.
არ შეიძლება ადამიანის გრძნობებზე თამაში. ჟურნალიტისთვის თუ მთავარია მხოლოდ პოპულარობა ანდაც უფროსთან “ქულების დაწერა”, მან აუცილებლად უნდა წარმოიდგინოს თავი იმ ადამიანის ადგილას ვისაც ის ცრუ ინფორმაციით ცილს სწამებს. ხომ არსებობს ჟურნალისტური ეთიკა? Mმე ამ პროფესიას დიდ პატივს ვცემ და ვიცნობ ძალიან კარგ და პროფესიონალ ჟურნალისტებს, რომლებიც თავის საქმიანობას იყენებენ ძალიან სამართლიანად. ვურჩევდი ყველას, რომ ასეთი ჟურნალისტების გვერდში დამდგარიყვნენ.
რწმენა, რწმენა და ისევ რწმენა!”
რაც შეეხება ამ ქალს, ის იმაშია დამნაშავე რომ მალავდა, ხომ ასკარაა არ უნდოდა, საკიტხავია ცოცხლაი რომ დაბადებულიყო რას უზავდა, აი ეგაა საკიტხავი