საქართველო კოსოვოს სახიფათო პრეცედენტის გავლენა საქართველოზე 2024, 18 ნოემბერი, 1:04
კოსოვოს პრობლემის მიმართ ნატოს დამოკიდებულება გარკვეული სირთულეებითა და წინააღმდეგობებით ხასიათდებოდა. საერთოდ, ამ პრობლემამ უდიდესი გავლენა იქონია ალიანსის ევოლუციაზე და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მისი მიზნებისა და ფუნქციების თანამედროვე რეალობასთან მისადაგებას. კოსოვოში ნატოს მოქმედებამ დიდი როლი შეასრულა თანამედროვე საერთაშორისო სამართლისა და პრაქტიკის ახლებურად გააზრების საქმეში. ეს იყო პირველი შემთხვევა უახლეს ისტორიაში, როდესაც დემოკრატიული ქვეყნების ალიანსმა არსებულ საერთაშორისო ნორმებზე მაღლა დააყენა ზნეობრივი ფასეულობები და განახორციელა სამხედრო ოპერაცია სუვერენული სახელმწიფოს (იუგოსლავია) წინააღმდეგ, რომელიც კოსოვოელის ალბანელების ეთნიკურ წმენდას ატარებდა.
სამართლებრივი თვალსაზრისით, ამ ოპერაციის ყველაზე საგულისხმო მომენტი ის იყო, რომ იგი განხორციელდა ფაქტობრივად გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე. ამით განსხვავდებოდა კოსოვოს ოპერაცია ბოსნია_ჰერცოგოვინაში სამხედრო აქციისაგან, სადაც ნატოს ეგიდით სამშვიდობო ძალები გაეროს შესაბამისი რეზოლუციების საფუძველზე მოქმედებდნენ. კოსოვოში ვითარების გართულების საწყის ეტაპზევე ნატოს წინაშე წარმოიშვა დილემა, რომელიც დასავლეთის საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების ფართო განხილვის საგნად იქცა: როგორ უნდა მოქცეულიყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკური ზეწოლა იუგოსლავიის ხელმძღვანელობაზე შედეგს არ გამოიღებდა და ეს უკანასკნელი გააგრძელებდა კოსოვოელი ალბანელების დევნასა და რეპრესიებს. ნათელი იყო, რომ ამ შემთხვევაში, რაღაც ეტაპზე, დადგებოდა სამხედრო ძალის გამოყენების საკითხი. მაგრამ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან რუსეთი, სერბების მიმართ სიმპატიურობის გამო, უთუოდ გამოიყენებდა ვეტოს უფლებას უშიშროების საბჭოში. ამ შემთხვევაში ნატო საერთაშორისო სამართლის "მძევალი" გახდებოდა და იძულებული იქნებოდა ეცქირა, თუ როგორც იგდებდა აბუჩად იუგოსლავიის ხელისუფლება იმავე სამართლის ელემენტარულ ნორმებს, რომლის ამოსავალი წერტილი დღევანდელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვაა. მოვლენათა ასეთი განვითარება უაღესად დიდ, და შესაძლოა გამოუსწორებელ, ზიანს მიაყენებდა ნატოს, რომელიც სულ უფრო გამოკვეთილად იმკვდრებდა ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების გარანტის მთავარ ფუნქციას. ეს ალიანსში კარგად ესმოდათ.
ნატოს ავტორიტეტის შელახვის გარდა, კოსოვოში დაძაბულობის გაღრმავება, როგორც უკვე აღინიშნა, დამანგრეველი დეტონაციით ემუქრებოდა მეზობელ ქვეყნებსა და შესაძლოა, მთელი ბალკანეთის ნახევარკუნძულს, რომლის სტაბილურობაც ამ რეგიონის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა მეტად ფაქიზ ბალანსზეა დამყარებული. ბელგრადის აგრესიული პოლიტიკის გამო ნატო ვერ დაუშვებდა ამ ბალანსის დარღვევას და საერთაშორისო კრიზისის წარმოქმნას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამისათვის ძალის გამოყენება დასჭირდებოდა. მეორე მხრივ, დასავლეთში ნათლად აცნობიერებდნენ იმ საშიშროებასაც, რასაც უქადდა ნატო-რუსეთის ურთიერთობებს კოსოვოში ნატოს შესაძლო სამხედრო ოპერაცია.
მოსკოვში გაძლიერებული ანტიდასავლური ტენდენციები იმაზე მიუთითებდა, რომ გაეროს გვერდის ავლით კოსოვოს პრობლემის მოგვარების მცდელობა "რუსეთის დაკარგვის" ტოლფასი შეიძლება გამხდარიყო. ყოველივე ამის გამო, ძალის გამოყენება_არგამოყენების შორის პრინციპული არჩევანის გაკეთებას დიდი პოლიტიკური ნება და მოკავშირეთა მტკიცე სოლიდარობა სჭირდებოდა.
კოსოვოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ბალკანეთისა და კერძოდ, სერბი ხალხის ისტორიაში. 1389 წელს აქ გადაწყდა ბალკანეთის ბედი, როდესაც ოსმალეთის იმპერიამ კოსოვოს ველზე დაამარცხა სერბთა, ბოსნიელთა და ალბანელთა გაერთიანებული ლაშქარი. ამის შემდეგ სერბეთის სამეფო ვასალად იქცა და თითქმის ხუთი საუკუნის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის ვილაიეთი, ანუ პროვინცია იყო. კოსოვო იქცა დაკარგული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული დამცირების სიმბოლოდ; ეს ისტორიული ფაქტორი განსაკუთრებულ დაღს ასვამდა და ასვამს სერბთა დამოუკიდებლობას ამ რეგიონის მიმართ, რომელიც მათი თვალსაწიერიდან, ჯერ მომხდურებმა დაიპყრეს, ხოლო შემდეგ, ისტორიული ბედუკუღმართობის გამო, საერთოდ ჩამოაშორეს დედასერბეთს.
საუკუნის მანძილზე კოსოვოს დემოგრაფიულმა შემადგენლობამ დიდი ცვლილებები განიცადა. XX საუკუნის დასაწყისისთვის იქ ცხოვრობდა ერთ მილიონამდე ადამიანი, 70% მუსლიმი გახლდათ, ხოლო 30% - ქრისტიანი. მუსლიმები უმთავრესად გამაჰმადიანებული ალბანელები იყვნენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები კი - სერბები.
იუგოსლავიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კოსოვოს ჰქონდა ავტონომიური ოლქის სტატუსი სერბეთის შემადგენლობაში. ბროზ ტიტოს ავტორიტარული მმართველობის დროს კოსოვოში იყო საპროტესტო გამოსვლები მოთხოვნებით, მიენიჭებინათ ამ პროვინციისათვის მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი. ტიტოს სიკვდილის შემდეგ კოსოვოელ ალბანელთა გამოსვლებმა უფრო აქტიური და მასობრივი ხასიათი მიიღო. საკუთრივ სერბეთში წლების მანძილზე ძლიერდებოდა განცდა, რომ სერბები კოსოვოში იჩაგრებიან და ამ რეგიონიდან მათ გაძევებას ცდილობენ. ცალკე განსჯის თემაა, თუ რაოდენ საფუძვლიანი ან უსაფუძვლო იყო სერბთა უკმაყოფილება. ფაქტია, რომ ამ განწყობას ხელს უწყობდა სერბი ნაციონალისტების, საზოგადოების დიდი ნაწილისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკული დამოკიდებულება ალბანელების მიმართ. "სერბებს კოსოვოდან ერეკებიან, მათ შველა სჭირდებათ!" - ასეთი იყო ბელგრადის ხელისუფლების მიმართ მათი მკაცრი მიმართვის პათოსი.
სერბები ფიქრობდნენ, რომ კოსოვოელი ალბანელების საბოლოო მიზანი იყო მეზობელ ალბანეთთან გაერთიანება და ე.წ. "დიდი ალბანეთის" შექმნა. სხვადასხვა მონაცემებით, 1980_იან წლებში კოსოვო დატოვა ათასობით სერბმა. ალბანელები კი ხმამაღლა ჩიოდნენ თავიანთი უფლებების დარღვევისა და შევიწროების, ფედერალური პოლიციისა და სპეცსამსახურების რეპრესიების გამო ეთნიკური ნიშნით. მათ უკმაყოფილებას ისიც აძლიერებდა, რომ კოსოვო იუგოსლავიის ყველაზე ღარიბ რეგიონად რჩებოდა. 1980_იანი წლებისათვის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე კოსოვოში შეადგენდა 795 დოლარს, მაშინ როცა საშუალო მაჩვენებელი იუგოსლავიაში 2635 დოლარი იყო. ფაქტია, რომ სლობოდან მილოშევიჩმა ამ თვალსაზრისით საკმაოდ არასახარბიელო მემკვიდრეობა ჩაიბარა.
![]() ქუჩის გამოსვლებს მოჰყვა "კანონების ომი". 1990 წლის ივლისში კოსოვოს ასამბლეამ, ალბანელი დეპუტატების უმრავლესობით, კოსოვოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა იუგოსლავიის შემადგენლობაში, ანუ კოსოვო ფედერაციის მეშვიდე სუბიექტად აცხადებდა თავს. საპასუხოდ, სერბეთის ასამბლეამ საერთოდ ბათილად ცნო კოსოვოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები და სერბეთის მმართველობა შემოიღო პროვინციაში. კოსოვოს ასამბლეამ უკანონოდ გამოაცხადა ეს გადაწყვეტილება. 1991 წელს კოსოვოელი ალბანელების მიერ ჩატარებულმა არაოფიციალურმა რეფერენდუმმა კოსოვოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.
სერბეთის ხელისუფლებამ მილოშევიჩის მეთაურობით გააძლიერა რეპრესიები კოსოვოელი ალბანელების წინააღმდეგ. კოსოვოში ნამდვილი პოლიციური რეჟიმი დამყარდა, რომლის მსხვერპლი გახდა უამრავი ადგილობრივი ალბანელი და მათი მხარდამჭერი. საკადრო "წმენდის" შედეგად 80 ათასამდე კოსოვოელი ალბანელი დაითხოვეს საჯარო სამსახურიდან და სასწავლებლებიდან. კანონების ომი და რეპრესიები ნამდვილი ომისაკენ მიაქანებდა კოსოვოს. თუმცა, კოსოვოელ ალბანელთა ლიდერის, იბრაჰიმ რუგოვას, არაძალადობრივი წინააღმდეგობის პოლიტიკამ, რაც ნაწილობრივ მაჰათმა განდის ხედვას ეყრდნობოდა, ერთხანს შეაკავა მასობრივი სისხლისღვრა. მაშინ, როდესაც სლოვენია, ხორვატია და შემდეგ ბოსნია ომის ქარცეცხლში აღმოჩდნენ, კოსოვო მეტ-ნაკლებად მშვიდობას ინარჩუნებდა.
მოუგვარებელმა პრობლემებმა და რეპრესიებმა გამოიწვია კოსოვოელი ალბანელების ერთი ნაწილის რადიკალიზაცია, მათ არაძალადობრივ წინააღმდეგობას შეიარაღებული ბრძოლა არჩიეს. 1996 წლიდან ინიციატივა კოსოვოს განთავისუფლების არმიამ მოიპოვა (KLA). ამ შეიარაღებული ორგანიზაციის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. ზოგადად, მიღებულია მოსაზრება, რომ მის შექმნაში ფინანსური და პოლიტიკური თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი შეასრულა კოსოვოელი ალბანელების დიასპორამ. პოლიტიკური კრიზისის შედეგად, 1997 წელს მეზობელი ალბანეთი ქაოსმა მოიცვა, გაიძარცვა იარაღის საწყობები. სწორედ ამ იარაღის დიდი ნაწილი ოპერატიულად აღმოჩნდა KLA_ს ხელში. დაიწყო თავდასხმები სერბეთის უშიშროების ძალებსა და თანამშრომლებზე. იუგოსლავიის ხელისუფლება KLA_ს ტერორისტებად მიიჩნევდა, კოსოვოელი ალბანელების დიდი ნაწილი კი - თავისუფლებისათვის მებრძოლებად.
საყურადღებოა, რომ 1998 წელს აშშ_ის სახელმწიფო დეპარტამენტმა KLA ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. ამერიკის პოზიცია მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც ნატომ 1999 წელს მიიღო გადაწყვეტილება იუგოსლავიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელების თაობაზე. თავდასხმებისა და მასობრივი შეტაკებების პროვოცირება აშკარად KLA_ს მხრიდან ხდებოდა. თუმცა, მილოშევიჩს უკვე იმდენად ჰქონდა მოპოვებული "ჰიტლერის რეპუტაცია", რომ საერთაშორისო საზოგადოების სიმპათიები მებრძოლ კოსოვოელ ალბანელთა მხარეზე აღმოჩნდა. მართლაც, სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობსო; მილოშევიჩის ბიოგრაფიაში რომ არ ყოფილიყო სლოვენიის, ხორვატიისა და ბოსნიის ტრაგედიები, კოსოვო შეიძლება დღემდე სერბეთის შემადგენლობაში ყოფილიყო. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა 2008 წლის აგვისტოს ომიც აგვეცილებინა თავიდან, რაც ნაწილობრივ რუსეთის პასუხი იყო დასავლეთისთვის ნატოს სამხედრო ოპერაციასა და შემდგომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
![]() 1998 წლის ოქტომბერში კოსოვოში მუშაობა დაიწყო ეუთოს "კოსოვოს ვერიფიკაციის მისიამ" (KVM). უიარაღო სამშვიდობოებმა ვერ შეძლეს ძალადობის შეჩერება. დაძაბულობამ განსაკუთრებული ძალით იფეთქა მას შემდეგ, რაც ეუთოს მონიტორებმა 1999 წლის იანვარში დაადასტურეს 45 ალბანელი გლეხის მკვლელობა. მილოშევიჩის ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო ამ ბარბაროსობაში მონაწილეობა. ე.წ. რაჩაკის მკვლელობას მოჰყვა KLA_ს მასშტაბური შეიარაღებული თავდასხმები და მორიგი მსხვერპლი. 1999 წლის თებერვალ_მარტში პარიზთან ახლოს (რამბუიე) გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელმაც შეიმუშავა ფორმულა კოსოვოს კონფლიქტის მოსაგვარებლად. შეთანხმების პროექტი ითვალისწინებდა კოსოვოს ავტონომიას იუგოსლავიის შემადგენლობაში, აგრეთვე ნატოს სამხედრო პერსონალის განთავსებას ამ რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად. მილოშევიჩის ხელისუფლებამ პროექტის ეს ნაწილი "ნატოს ოკუპაციის" მცდელობად შეაფასა და მტკიცე უარი განაცხადა მასზე.
1999 წლის 24 მარტს ნატომ დაიწყო საჰაერო_სამხედრო კამპანია იუგოსლავიის წინააღმდეგ, რაც იმავე წლის 11 ივნისამდე გაგრძელდა. საჰაერო კამპანიის შესაჩერებლად ნატომ მოითხოვა იუგოსლავიის ხელმძღვანელობისაგან შემდეგი ხუთი პირობის შესრულება:
- სამხედრო ოპერაციების შეწყვეტა კოსოვოში; - სამხედრო ძალების გაყვანა კოსოვოდან;
- კოსოვოში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგება;
- კოსოვოელი ლტოლვილების დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებისათვის მათი დახმარების საშუალების მიცემა;
- კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების მიზნით რამბუიეში დაწყებული პროცესის გაგრძელება.
![]() 11 კვირის განმავლობაში ნატომ მასშტაბური საჰაერო კამპანია განახორციელა. ათასამდე სამხედრო თვითმფრინავმა ამ პერიოდში ჩაატარა 38 ათასამდე (!) საბრძოლო მისია. ადრიატიკის ზღვაში განთავსებული აშშ_ის ხომალდები იუგოსლავიის სამხედრო ობიქტების წინააღმდეგ იყენებდნენ "ტომაჰავკის ტიპის" ფრთოსან რაკეტებს.
სამხედრო ოპერაციის პირველ ეტაპზე უმთავრესად დაიბომბა სამხედრო ობიექტები, მათ შორის, იუგოსლავიის დედაქალაქის ცენტრში. აშშ და ნატოს სხვა წევრი ქვეყნები კამპანის დროს სწორედ ამ წერტილოვანი დარტყმების სიზუსტესა და მნიშვნელობას უსვამდნენ ხაზს. თუმცა, იყო დრამატული გამონაკლისებიც, რასაც ზედმეტად კორექტული ტერმინი შეურჩიეს - თანმხლები ზიანი (Collateral damage). ასეთი ზიანის ნუსხაში აღმოჩნდა ბელგრადში ჩინეთის საელჩოს შენობა, რომელიც სარაკეტო დარტყმის შედეგად დაინგრა. ამ ფაქტსა და 3 ჩინელი ჟურნალისტის დაღუპვას პეკინის უმკაცრესი რეაქცია და ნატოს ოფიციალური ბოდიში მოჰყვა. ასევე დიდი რეზონანსი იქონია საჰაერო შეტევის შედეგად 50_მდე მშვიდობიანი კოსოვოელი ალბანელის განადგურებამ - ლტოლვილთა ნაკადი სამხედრო პილოტებმა შეცდომით იუგოსლავიის ჯარის ნაწილად ჩათვალეს.
მიუხედავად ამისა, ნატოს ოფიციალური მონაცემებით, 20 ათასამდე წერტილოვანი დარტყმის 99%_მა მიზანს ზუსტად მიაღწია. იუგოსლავიის სამხედრო ინფრასტრუქტურამ უდიდესი ზარალი განიცადა (ნატოს დანაკარგები მინიმალური იყო). თუმცა, იუგოსლავიის არმია და სერბეთის ძალები საკმაოდ მომზადებულნი აღმოჩდნენ ნატოს საჰაერო ოპერაციისათვის. სერბები ოსტატურად იყენებდნენ ე.წ. რადიოთამაშს, რასაც შეცდომაში შეჰყავდა ნატოს სამხედრო ავიაცია. სამხედრო ობიექტები და ჯარის ნაწილები ეფექტურად იყვნენ შენიღბულნი, ხშირად ნამდვილი ტანკებისა და არტილერიის ნაცვლად წერტილოვანი დარტყმებით ნატო ხის მაკეტებს ანადგურებდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 1999 წლის აპრილში კოსოვოს ალბანელ ლტოლვილთა რაოდენობამ 850 ათასს მიაღწია. აშშ_ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით კი "500 ათასამდე კოსოვოელი ალბანელი ითვლებოდა ლტოლვილად ან კონფლიქტის მსხვერპლად". პრეზიდენტმა კლინტონმა კოსოვოს მოვლენები და ალბანელთა წინააღმდეგ სერბების რეპრესიები გერმანელი ფაშისტების მიერ ებრაელთა ჰოლოკოსტს შეადარა. მომდევნო ეტაპზე ნატომ საგრძნობლად გააძლიერა საჰაერო კამპანია. "ორმაგი დანიშნულების" ობიექტებად გამოაცხადა და დაიბომბა ბელგრადის ცნობილი ხიდი დუნაიზე, ელექტროსადგურები, ქარხნები (მათ შორის, ზასტავის ავტოქარხანა), სერბეთის სახელმწიფო ტელევიზია და სხვა. შესაბამისად, იზრდებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლიც. იუგოსლავიის წყაროებით, დაღუპულთა რაოდენობამ 5 ათას კაცს გადააჭარბა, ნატოს მონაცემებით კი ეს ციფრი დაახლოებით 500 კაცს უტოლდებოდა.
ძალა აღმართს ხნავსო და მილოშევიჩიც საბოლოოდ იძულებული გახდა მიეღო ნატოს მოთხოვნები. იუგოსლავიის და სერბეთის ძალები გაიყვნეს კოსოვოდან, სანაცვლოდ იქ ნატოს ეგიდით კოსოვოს სამშვიდობო ძალებმა (KFOR) დაიწყეს განლაგება. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში კოსოვო დატოვა 160 ათასამდე ადგილობრივმა სერბმა, რომელთა უმრავლესობა დღემდე ვერ დაუბრუნდა თავის საცხოვრებელს. საერთაშორისო რეაქცია ნატოს სამხედრო ოპერაციაზე არაერთგვაროვანი იყო. მაგალითად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ განაცხადა, რომ ეს იყო აშკარა აგრესია სუვერენული იუგოსლავიის წინააღმდეგ. საკმაოდ კრიტიკული იყო ინდოეთის პოზიციაც. საბერძნეთის (ნატოს წევრია) მოსახლეობის 97% ნატოს კამპანიის წინააღმდეგი იყო. ასეთივე იყო მრავალი სხვა ქვეყნის დამოკიდებულებაც კონფლიქტის მიმართ. თუმცა, ნატოს მსოფლიოში ბევრი მხარდამჭერიც ჰყავდა.
განსაკუთრებით მწვავე რეაქცია ჰქონდა მოსკოვს. რუსეთის პრემიერ მინისტრმა ევგენი პრიმაკოვმა ნატოს სამხედრო კამპანიის დაწყების შესახებ 24 მარტს ჰაერში შეიტყო - იგი აშშ_ში მიემგზავრებოდა ოფიციალური ვიზიტით. პრიმაკოვი თვითმფრინავიდან დაუკავშირდა ელცინს და მიიღო მისგან თანხმობა, რომ თვითმფრინავი შემოეტრიალებინა. ატლანტიკის ოკეანის თავზე პროტესტის ნიშნად მიღებული სკანდალური გადაწყვეტილება ნატო-რუსეთის ურთიერთობებში "დიდი შემოტრიალების" ნიშნად იქცა. კრემლი განსაკუთრებით იმის გამო იყო აღშფოთებული, რომ ნატო სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებდა გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატის გარეშე. ეს, რუსეთის აზრით, საერთაშორისო სამართლისა და II მსოფლიო ომის შემდგომ შექმნილი მსოფლიო წესრიგის უხეში დარღვევა იყო.
![]() მიუხედავად დიდი უკმაყოფილებისა, რუსეთმა საბოლოოდ მაინც მიიღო გადაწყვეტილება კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის შესახებ. რუსმა სამხედროებმა ნატოსაგან დამოუკიდებლად დაიწყეს მოქმედება და ქალაქ პრიშტინას (კოსოვოს დედაქალაქი) საერთაშორისო აეროპორტიც დაიკავეს. იმ მომენტში ნატოსა და რუს სამხედრო პერსონალს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ ბრიტანელმა სარდალმა სერ მაიკლ ჯეკსონმა თავისი ცნობილი ფრაზა წარმოთქვა: "მე არ მყავს ჯარისკაცები III მსოფლიო ომის დასაწყებად". საბოლოოდ გადაწყდა, რომ რუსი სამშვიდობოები იმოქმედებდნენ როგორც KFOR_ის შემადგენელი ნაწილი, თუმცა ისინი არ დაექვემდებარებოდნენ ნატოს.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, 1998-2000 წლებში კოსოვოს კონფლიქტმა იმსხვერპლა 13421 ადამიანი, აქედან 10533 კოსოვოელი ალბანელი, 2238 სერბი, 100_მდე ბოსნიელი და სხვა.
ნატოს გადაწყვეტილება სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ იყო ახალი ეტაპის დასაწყისი ალიანსის 50_წლიან ისტორიაში. ამ ნაბიჯს თვისებრივი ცვლილება შეჰქონდა არამარტო ალიანსის ფილოსოფიაში, არამედ საერთაშორისო სამართალშიც. ნატო და მისი წევრი სახელმწიფოები პრაქტიკულ განაცხადს აკეთებდნენ იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი არ უნდა იყოს იმუნიტეტი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩასადენად. ამგვარად, ნატო გარკვეულწილად თავის თავზე იღებდა გაეროს უფლებას, მიეღო გადაწყვეტილება სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ.
ამგვარი გადაწყვეტილება ალიანსისათვის იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან გაერო (ასევე ეუთოც) უძლური აღმოჩნდა, გამოეყენებინა თავის ხელთ არსებული საშუალებები კრიზისის მოსაგვარებლად. ერთი შეხედვით, საქართველო გეოგრაფიულად საკმაოდ შორს იყო ამ მოვლენებისაგან, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენაა; ნატოს სამხედრო ოპერაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ გეოპოლიტიკურ რისკებთან, რომლებიც, სავარაუდოდ, სერიოზულ გავლენას მოახდენდნენ საქართველოს უშიშროებაზე. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებო იყო ნატოს სამხედრო კამპანიის გავლენა რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. მოსალოდნელი იყო, რომ ეს კამპანია რუსეთში გამოიწვევდა ნატოსა და საერთოდ, დასავლეთის მიმართ უარყოფით განწყობილებას, ე.წ. მოწითალო_მოყავისფრო ძალების კონსოლიდაციას, პოლიტიკურ სარბიელზე სამხედროთა და საერთოდ, ძალოვანთა გააქტიურებას, ზოგადად კი - ლიბერალური რეფორმების დამუხრუჭებას.
რაც შეეხება რუსეთის საგარეო პოლიტიკას, ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ პანსლავური კავშირების განმტკიცებას (რუსეთი-ბელორუსი-იუგოსლავია), "ახლო საზღვარგარეთის" ქვეყნებში რუსეთის ძალისმიერი ტენდენციების გაძლიერებას, ასევე დსთ_ის სივრცეში ერთიანი სამხედრო სტრუქტურების აღდგენის მცდელობებს. სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით კი, შეიძლებოდა იმის პროგნოზირება, რომ რუსეთი შეეცდებოდა ენერგეტიკული რესურსებისა და სატრანზიტო მაგისტრალების მონოპოლიზებას.
რუსეთთან დაკავშირებული პროგნოზები ნატოს სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე ნაწილობრივ გამართლდა. პრეზიდენტმა ელცინმა და ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა გააკეთეს უმწვავესი განცხადებები, რასაც მოჰყვა ცნობილი სამხედრო დემარშებიც, ხმელთაშუა ზღვაში რუსული სამხედრო_სადაზვერვო ხომალდის გაგზავნის ჩათვლით. 1999 წლის 24 მარტს ნატოში რუსეთის სამხედრო წარმომადგენელი გენერალი ვ. ზავარზინი გაიწვიეს მოსკოვში, ხოლო მომდევნო დღეებში ცნობილი გახდა რუსეთის გადაწყვეტილება ნატოსთან ურთიერთობების შეჩერების შესახებ. თუკი დასავლეთში საკმაოდ კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული რუსეთის მოსალოდნელი რეაქცია, თითქმის ყველასათვის მოულოდნელი იყო უკრაინის ხელისუფლების პოზიცია, რომლითაც ის ხაზგასმით გაემიჯნა ნატოს ქმედებას. როგორც "ინტერფაქსი" 24 მარტს იტყობინებოდა, სატელეფონო საუბრისას ბატონმა ბორის ელცინმა და პრეზიდენტმა ვ. კუჩმამ ერთობლივად დაგმეს იუგოსლავიის წინააღმდეგ დაწყებული ნატოს სამხედრო კამპანია. ჩვენი ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ისიც, თუ როგორ განხორციელდებოდა ნატოს სამხედრო ოპერაცია - წარმატებით თუ წარუმატებლად. ორივე შემთხვევაში საქართველოსათვის აუცილებელი იყო რიგი სპეციფიკური მომენტების გათვალისწინება. უპირველეს ყოვლისა, ნატოს სამხედრო წარმატება მეტად ძლიერი სიგნალი იქნებოდა ყველა ჯურის პოლიტიკოსისათვის, რომლებიც, იუგოსლავიის ხელმძღვანელობის მსგავსად, ცდილობდნენ ეთნიკური წმენდის შედეგად მიღწეული წარმატებებისა და დემოგრაფიული ცვლილებების დაკანონებას. ირღვეოდა მათი დაუსჯელობის სინდრომი და იმის შეგრძნება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მხოლოდ რეზოლუციების მიღება ძალუძთ და სხვა არაფერი. ამ თვალსაზრისით, ეს ნათელი ნიშანი იყო სოხუმის რეჟიმისთვისაც, რომ დრომ უკვე მის საწინააღმდეგოდ დაიწყო მუშაობა.
ამასთანავე, გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ნატოს მიერ კოსოვოელ ალბანელთა (როგორც ბელგრადის რეჟიმის მსხვერპლთა) მხარდაჭერასა და მათ წარმატებას შეიძლება სტიმული მიეცა სხვა სეპარატისტული ძალებისათვის. ამ კონტექსტში ნათელი იყო, რომ სამხედრო ოპერაციის წარმატების შემდეგ ძალიან ძნელი იქნებოდა, დაეთანხმებინათ კოსოვოელი ალბანელები დარჩენილიყვნენ სერბიის ან იუგოსლავიის ფედერაციის შემადგენლობაში. მოხდებოდა უკეთეს შემთხვევაში, კოსოვოს დე ფაქტო, ხოლო უარეს შემთხვევაში - დე იურე დამოუკიდებლობა, ან ალბანეთთან მისი მიერთება. როგორ იმოქმედებდა ეს სხვა სეპარატისტულ მოვლენებზე, კერძოდ, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე? მაგრამ, თუკი ნატოს სამხედრო ოპერაციის წარმატება გარკვეულ პრობლემებს შექმნიდა, მისი წარუმატებლობა კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. გარდა იმისა, რომ ყოფილი იუგოსლავიის მთელ ტერიტორიაზე სიტუაცია უაღრესად გართულდებოდა, რაც ბალკანეთის დესტაბილიზაციის ტოლფასი იქნებოდა, აქედან გამომდინარე გეოპოლიტიკური შედეგებით, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ნატოს ავტორიტეტსა და საერთოდ, ევროპის ახალი უშიშროების სისტემის მშენებლობის პერსპექტივას. ![]() 1999 წლის 10 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის შესაბამისად კოსოვოში გაეროს ეგიდით შეიქმნა დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაცია (United National Interim Administration Mission in Kosovo, UNMIK). რეზოლუციაში ნათქვამი იყო, რომ კოსოვო რჩებოდა იუგოსლავიის შემადგენლობაში ავტონომიის სახით, ხოლო მისი საბოლოო სტატუსის დასადგენად გაიმართებოდა საერთაშორისო კონსულტაციები. 2006 წელს კონსულტაციები დაიწყო და ამ პროცესს სათავეში ჩაუდგა გაეროს სპეციალური წარმომადგენელი, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი მარტი აჰტისაარი. მის მიერ მომზადებული წინადადებები 2007 წელს წარედგინა გაეროს უშიშროების საბჭოს, თუმცა რუსეთის მოთხოვნით რეზოლუციის პროექტი ოთხჯერ შეიცვალა. მოსკოვი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ისეთი ფორმულირებისა, რომელიც ეჭვის ქვეშ დააყენებდა იუგოსლავიის ტერიტორიულ მთლიანობას. იმავე წლის აგვისტოში შეიქმნა ე.წ. "ტროიკა" (ევროკავშირი-აშშ-რუსეთი), რომელმაც სცადა შეემუშავებინა როგორც ბელგრადის, ასევე პრიშტინასთვის მისაღები კომპრომისული ვარიანტი. ეს ძალიან რთული ამოცანა იყო, რადგან მხარეებს დიამეტრულად განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ: ბელგრადი ცდილობდა, შეენარჩუნებინა კოსოვო თავის შემადგენლობაში, ხოლო კოსოვოელები სრული დამოუკიდებლობის მოპოვებას გეგმავდნენ. პროცესი ჩიხში შევიდა. მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი სულ უფრო იხრებოდნენ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისაკენ.
2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მომდევნო დღეებში ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ_მა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობამ, თურქეთმა და სხვა. გაეროს უშიშროების საბჭოს 2 წევრი - რუსეთი და ჩინეთი დამოუკიდებლობის აღიარებას ხაზგასმით გაემიჯნა; პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, დასავლეთის ეს ნაბიჯი ძირს უთხრიდა საერთაშორისო სამართალს, მოსკოვი ამას უპასუხოდ არ დატოვებდა.
ასეც მოხდა. იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატოს სამხედრო ოპერაცია და შემდეგ დასავლეთის ქვეყნების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება გახდა ერთ ერთი საბაბი (და არა ერთადერთი) 2008 წლის აგვისტოს ომისა, ხოლო შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა.
რუსეთის ლოგიკა კოსოვოს გამო დასავლეთისათვის სამაგიეროს გადახდის თაობაზე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჯერ ერთი, იუგოსლავიის დაშლასა თუ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაში საქართველოს არანაირი წვლილი არ მიუძღვის, ამიტომ სხვის გამო ჩვენი დასჯის სურვილი სრულებით ალოგიკურია. ჩნდება ბუნებრივი კითხვა: ჩვენ რა შუაში ვართ? მეორე მხრივ, კოსოვოს სტატუსის შესახებ საერთაშორისო კონსულტაციები 9 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, ამ პერიოდში კი კოსოვოს გაერო მართავდა. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხი რუსეთმა ცალმხრივად, საერთაშორისო ნორმების თუნდაც ფორმალური პატივისცემის გარეშე გადაწყვიტა. გარდა ამისა, არსებობს ზნეობრივი ასპექტიც: განა ასე ექცევიან ერთმორწმუნე ხალხს, რომელიც 200 წლის განმავლობაში ერთგულად ედგა გვერდით რუსეთს ყველა დიდ გასაჭირში? ეს არ ნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირებაში საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პასუხისმგებლობა არ მოეთხოვება. ფაქტია, ჩვენი ხელმძღვანელობის მხრიდან დაშვებული იყო მძიმე შეცდომები, თუმცა ეს არ ამართლებს რუსეთის სამხედრო აგრესიას.
კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არ იყო სრულყოფილად გააზრებული და გაანალიზებული ნაბიჯი. თუკი 1999 წლის სამხედრო ოპერაცია იუგოსლავიის წინააღმდეგ დასავლეთისათვის იძულებითი ნაბიჯი იყო, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობდა და დღემდე არსებობს.
კოსოვოს აღიარება_არაღიარების საკითხის განხილვა დასავლეთის საექსპერტო წრეების მიერ ხდებოდა საკმაოდ შეზღუდულად. ყოველ შემთხვევაში ევროპაში, ახალი სახელმწიფოს წარმოქმნის დილემა გაცილებით მეტ ყურადღებასა და ღრმა ანალიზს საჭიროებდა.
![]() იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არ აღიარებენ კოსოვოს დამოუკიდებლობას, არიან ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, ბრაზილია (ასევე ლათინური ამერიკის სახელმწიფოთა უმრავლესობა), ინდოეთი (ასევე აზიისა და აფრიკის ქვეყნების უმრავლესობა).
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა მხოლოდ ბალტიის ქვეყნებმა.
წყარო: ფეისბუქის გვერდი ზურაბ მარშანია 145 1-ს მოსწონს
|