პოეზია "ბო@ი იქნებოდაო"-ირონიით უპასუხა ტიციანმა გალაკტიონს 17 ნოემბერი, 10:57 17 ნოემბერი დიდი ქართველი პოეტის, გალაკტიონის დაბადების დღეა, ამ თარიღთან დაკავშირებით ამჯერად მისი და ტიციან ტაბიძის ურთიერთობის შესახებ მოგითხრობთ. როგორც ცნობილია გალაკტიონ და ტიციან ტაბიძე ალალი ბიძაშვილები იყვნენ, გალაკტიონი სამი წლით უფროსი იყო ტიციანზე, ორივე ბავშვობიდანვე ერთად იზრდებოდნენ, ერთმანეთში თბილი ურთიერთობა ჰქონდათ და ორივემ ბავშვობიდანვე დაიწყო ლექსების წერა. თუმცა ზრდასრულ ასაკში ეს სიახლოვე გაუცხოებაში გადაიზარდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ტიციანი "ცისფერყანწელთა" მოძრაობის წევრი გახდა.იყო უთანხმოებაც, კონფლიქტიც, მაგრამ სიყვარული და ურთიერთპატივისცემა მაინც შეინარჩუნეს.მათი ურთიერთობის დეტალები სხვადასხვა მოსაზრებისა და მიზეზის გამო საზოგადოებისთვის დღემდე ცნობილი არ არის. დღეს გაგაცნობთ ერთ ისტორიას. ბიძაშვილებს ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული ხასიათი ჰქონდათ, ფაქტებსა და მოვლენებს სხვადასხვაგვარად აღიქვამდნენ. გალაკტიონი მეოცნებე იყო, რომანტიკული ბუნების, ტიციანი უფრო რეალისტურად აღიქვამდა გარემოს. 1918 წელს მოსკოვში, კინოში ახალგაზრდა გალაკტიონს გვერდით ძალიან ლამაზი ქალი მიუჯდა და პოეტს არშიყობა დაუწყო: ხელზე ხელი მოჰკიდა, მაგრად მოუჭირა. დიდხანს ისხდნენ ასე. გალაკტიონის წარმოდგენაში ამ გარემოებამ რომანტიკული ელფერი მიიღო: ღამე, კინო, უცნობი ლამაზი ქალი. ალბათ ძალიან მოვეწონეო, – ფიქრობდა. ეს ამბავი მოგვიანებით აღტაცებით უამბო ტიციანს, მან გაიღიმა და გულგამგმირავი ირონიით დაასკვნა, ბოზი იქნებოდაო... გალაკტიონს ძალიან ეწყინა, რადგან დარწმუნებული იყო, მოარშიყე უცნობი უსათუოდ იდეალური, მიუწვდომელი ქალი იქნებოდა; სწორედ ისეთი, რომანებში რომ მოგვითხრობენ. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბიძაშვილებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა მაინც ერთმანეთი უყვარდათ, მრავალი დოკუმენტური მასალაც არსებობს, ჩანაწერებიც. ყველაზე კარგად მურმან ლებანიძემ გააცოცხლა გალაკტიონის და ტიციანის უცნაური «სიყვარულის» ისტორია. ლეგენდად დარჩეს გალაქტიონი ტიციანთან ყოფილა უბრად, ტიციანს თავის პოეტებში ჰქონია სუფრა, და იჯდა თურმე ჩვენი დენდი საერთო ჯამთან - უხორცო იყო, ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა, გალაქტიონი შემოსულა დუქანში ამ დროს, მარტო დამჯდარა, მარტოსული, და უსვამს მარტოს; არ მიუხმია ის ტიციანს, არა და არა, და ასე უბრად, უხერხულად კარგა ხანს მსხდარან. უცებ… (მახლობლად პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი) გალაქტიონთან ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი: პოეტი მეფე ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, - უკადრებია რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის… აჰფეთქებია აქ ტიციანს უეცრად დენთი, წამოვარდნილა ჩვენი ლორდი და ჩვენი დენდი, დაუდგამს ჭიქა, შეუხსნია კისერზე ბანტი და უხეთქია რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი. და დარევიან პოეტები ერთპირად რეგვნებს და ჭახაჭუხი შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს; და როცა ჩვენი ლომკაცები ბრძოლით დამძღარან, დაუფრენიათ თხებივით და ომი დამცხრალა, - ტიტე, ძამიკო! – შეშლილივით აყვირებულა გალაქტიონი და ორთავე ატირებულა ორპირის ფშანზე გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული ამოსჯდომიათ, ხვევნა-კოცნა შექმნილა ძმური; გადმოსცვენია შვების ცრემლი ტიციანს მისით, რაც ექნებოდათ სამდურავი იციან, ვიცით! დიდი ბავშვები! ამდგარან და და დამსხდარან ერთად და პოეზია უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად. პაოლოს გარდა ამ საქმეში ყოფილა გოგლა, ყოფილა სმა და გადარევა ყოფილა ოხრად. ეს ყველაფერი მე მიამბო “არაგვში” გალამ და, თუ ვუმატებ, ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ, არამი იყოს ის წარწერა: “სულით და გულით!” იქ, იმ სარდაფში მიღებული ღვინო და პური! გული გულს იცნობს, ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს… ლეგენდად დარჩეს, მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს! 309 2-ს მოსწონს
|