x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138485
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512156
კანის დავადებების მკურნალობის ხალხური მეთოდები იმერეთში

imageიმერეთში კანის ინფექციურ დაავადებათაგან გავრცელებული იყო სირსველი (Irichophytia), სატკბური, საწერელი (Panaritium). პირველი წერილობითი ცნობა სირსველის შესახებ გვხვდება ი. ცურტაველის თხზულებაში „შუშანიკის წამება“, სადაც ვკითხულობთ: „სირსველმან საძოვარი პოოს შენ თანა“ (ხუცესი 1982, 9). სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით - „სირსველი არის ხორცთ მძოარი, ხოლო მძოარი მუწუკი თმათ მაცვინებელი“ (სულხან-საბა ორბელიანი, 1993). საყურადღებოა, რომ ძველ ქართულ სამედიცინო ხელნაწერ წიგნებშიც აღწერილია ეს დაავადება უსწორო კარაბადინის მიხედვით „სირსველი, წვრილი, მსხმო, მღერი, იგივე სირსველა, ან სირსვილი, კანის დაავადება“ (ქანანელი 1940, 638).

სირსველი კანის ინფექციური დაავადებაა, ემართება როგორც ადამიანს, ასევე ცხოველს. ხშირად დაავადებული ცხოველისაგან ადამიანსაც გადაედება. მთხრობელთა ინფორმაციით, სირსველი მარცვლისოდენა წყალჩამდგარი ბუშტუკია, მრგვლად გამოაყრიდა, გაწითლდებოდა და ქავილი იცოდა, ექერცლებოდათ, ემართებოდათ გაციების ან ჭუჭყის (ინფიცირების) შედეგად, შეიძლებოდა საქონლიდანაც გადადებოდათ. სირსველს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში სენცეცხლს უწოდებენ, დანაყილი ნივრის, კარაქის და თაფლის ნაზავით მკურნალობენ (მინდაძე, 1961 65).
სირსველს სხვადასხვანაირად მკურნალობდნენ: „ნიორს დაჩეჩქვავდნენ, დაალბობდნენ, წითელ აყალო მიწას შეურევდნენ, ერთ ჭიქა ძმარს დაუმატებდნენ. ეს ყველაფერი აფუშფუშდებოდა, გაქნიდნენ და წაუსვამდნენ. ეს წამალი მოაშორებდა, მოახმობდა და არჩენდა დაწყლულებულ კანს, ან თუთუნის „ყლარტს“ (ჩიბუხში დროთა განმავლობაში დარჩენილი ჭვარტლი) წაუსვამდნენ. სირსველის დროს ცდილობდნენ ბავშვს გარკვეული დიეტა დაეცვა, არიდებდნენ კვერცხს, ცხვრის ხორცს, მწარეს და ცხარეს. კვაწარახს, შაბიამანს, თოფის წამალს და ღორის ქონს ერთმანეთში შეურევდნენ და სირსველის მალამოს დაამზადებდნენ (ხაჭაპურიძე 2006, 24).

მარილწყალში მოხარშული არყის ფოთლებით მკურნალობდნენ ავადმყოფ საქონელს. სირსველზე დანაყილი ნივრის კარაქის და თაფლის ნაზავის, ღორის ქონის, შაბის ჭვარტლის, კვაწარახის და თოფის წამლისა და კვაწარახის ნაზავის წასმა იმერეთში დადასტურებული აქვს რ. კაშიას (კაშია, რ., 2010: 63) სირსველზე დანაყილი ნივრის წასმა ცნობილი იყო მთელ საქართველოში, ამასთან ერთად, აღმოსავლეთ საქართველოში იცოდნენ სხვადასხვა ზეთის, აგრეთვე მოხარშული ღვალოს ძირების, შაბისა და ძმრის ნაზავის წასმა. სამეგრელოში სირსველს ქარცეცხლს უწოდებდნენ. სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და გურიაში სირსველთან ერთად მოწმდება ტერმინი სიწვილიც. სამცხე-ჯავახეთში ამზადებდნენ სპეციალურ მალამოს. ყანაში მოძებნიდნენ წითელი ფერის შავწინწკლებიან ჭიას, მოაცილებდნენ თავს, ამოზელიდნენ რძეში, მაწონში ან კარაქში და ბავშვს მტკივნეულ ადგილზე დაადებდნენ.
იმერეთში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, სირსველის მკურნალობის დროს იცოდნენ შელოცვა.

„სირსველი ხნავდა ყანასა,
ნაფუძარსა და ჭალასა,
მგელი ება ხარადა,
გველი აპეურადა,
მგელს აპეური გაუწყდა
სირსველს ამოუვარდა ძირი!“

უნდა აღინიშნოს, რომ სირსველის მკურნალობის ხალხურ საშუალებებს მართლაც გააჩნდათ დადებითი მოქმედების უნარი, ვინაიდან ცხიმოვანი ნივთიერებების გამოყენება აღნიშნული დაავადების დროს თანამედროვე მედიცინაშიც მიღებულია. ამავე დროს, როგორც ჩანს, დადებით ფსიქოთერაპიულ ეფექტს ახდენდა შელოცვა, რომელსაც დაბალი მონოტონური ხმით წარმოთქვამდა მლოცველი, თან ბავშვს უალერსებდა და სირსველზე შინაურ წამლებსა და მალამოს უსვამდა.
იმერეთში გავრცელებული იყო ე.წ. სატკბურა. ის უჩნდებოდათ უმეტესწილად კიდურებზე, სახეზე და გადადიოდა მთელ ტანზე. ხალხური აღწერილობით: „სატკბური არის ჩირქოვანი მუწუკი, რომელიც უმეტესწილად პატარა ბავშვებს აწუხებდათ“. მთხრობელთა გადმოცემით, „სატკბური ბზუკები _ გამონაყარია, უსუფთაო ბავშვებმა იციან, გადამდებია, ჯერ გაჩნდება პატარა ფუთქები, თუ არ უმკურნალებდი, მერე გაჩნდებოდა დიდი ბზუკები, უფრო სახეზე იცოდა“.
სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, სატკბური გართხმული მუწუკია (ორბელიანი 1993), ხოლო ვ. ბერიძის მიხედვით, „სა-მ-ტკური, სა-ნ-ტკური, სატკბური ბავშვის ავადობაა: თავზე მრავალი მუწუკი ამოდის, რომელიც ყოველ ახალმთვარეზე თავს იჩენს და თხლამი მოდის, წამლობენ:
1) ფქვავენ თორნის ნატეხს და ღორის თბილ ქონში შეზავებულ მალამოს მუწუკებზე უსმენ.
2) ნაჭუჭყურას (აბრეშუმის დიდი პარკი, ) ისლისა და ღომის ჩალას სწვავენ მიწის კეცზე, ნაყავენ, სჭრიან, ძროხის რძით ერთგვარ მალამოს აზავებენ და მტკივანზე უსმენ“ (ბერიძე 1912, 53).

ჩვენ მიერ მოძიებული ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, იმერეთში სატკბურს მკურნალობდნენ აგრეთვე ხის მკილით _ ხის ჭიისაგან გამონახრავი მოყვითალო ფერის ფხვნილი (ღლონტი 1984, 367), უმარილო ღორის ქონში შერეული თეთრი შაბით. სატკბური საქართველოში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, მკურნალობდნენ სხვადასხვა საშუალებებით, მაგ: სამცხეჯავახეთში სატკბურის სამკურნალოდ იყენებენ ენდროს (ღუბია იბერიკა) ღეროდან გამონადენ წვენს, თაფლისა და წყლის ნაზავს, რომელსაც ავადმყოფს ბატის ფრთით წაუსვამდნენ. აღმოსავლეთ საქართველოში მუხის ქერქს ან ფოთლის ნამწვს (მუხის ქერქს ან ფოთოლს გახურებულ კეცზე დადებდნენ, დაწვავდნენ და სატკბურზე დაადებდნენ), აუდუღარ რძეში შეზავებულ შაბსა და სხვ. სატკბურის დროსაც იცოდნენ შელოცვა, რომლის ერთ-ერთი ვარიანტი ასეთია:

„ქრისტემ დაკლა თეთრი ფური,
დაპატიჟა ყველა სატკივარი სული,
არ დაპატიჟა სატკბური.
- მე რატომ არ დამპატიჟეო?
- შენ იმიტომ არ დაგპატიჟეო,
შეხვალ ადამიანის ტანში
სისხლის სასმელად,
ხორცის საჭმელად,
ძვლის სახრავადო.
არა, სულო წმიდაო,
არ შევალ ადამიანის ტანში,
არც სისხლის სასმელად,
არც ხორცის საჭმელადო,
არც ძვლის სახრავადო...“

შელოცვაში აღწერილია დაავადების სიმპტომები და მიმართულია ამ დაავადების სხეულიდან გამოდევნისაკენ. შელოცვას, როგორც აღვნიშნეთ, ფსიქოთერაპიული ზემოქმედება ჰქონდა და განსაკუთრებით ეფექტური იყო შინაური წამლებით მკურნალობის ფონზე. იმერეთში ბავშვებს ხშირად აწუხებდათ საწერელი (Panaritium). ეს დაავადება ფრჩხილების დაჩირქებით იწყება, ფრჩხილი ფორმას იცვლის და გართულების შემთხვევაში ძვალსაც აზიანებს. გადმოცემით, საწერელი ბავშვებს ინფიცირების შედეგად ემართებათ, მაგრამ თვით ამ დაავადების მკურნალები, რომლებიც იმერეთის თითქმის ყველა კუთხეში არიან, გამომწვევ მიზეზს ახალი თხილის და კაკლის შემოსვლას უკავშირებენ. ეს დაავადება ძირითადად აგვისტოში და სექტემბერში ვრცელდება, რადგან ამ დროს ახალი თხილი და კაკალი შემოდის. როგორც ამბობენ, ბავშვებისათვის მაწყენარია ბევრი თხილისა და კაკლის ჭამა, საწერელს აჩენსო. საწერელს იმერეთში დუდკოსაც უწოდებენ. „საწერელი იგივე დუდკოა, წეწკავს და წეწკავს, უცნაური ტკივილი იცის, “ _ გვიხსნიდნენ მთხრობელები.

ამ დროს დაზიანებული თითის ადუღებულ წყალში ჩადებას ურჩევენ, ზოგჯერ კი, წყალში თუთქს (ნაცარი) ყრიდნენ, ან მრავალძარღვას მოხარშავდნენ და თბილს დაადებდნენ დაზიანებულ ადგილზე ბავშვს. საწერელი დაჩირქებამდე მტკივნეული იყო, დაჩირქების შემდეგ ტკივილი წყნარდებოდა. საწერელს უფრო რთული შემადგენლობის მალამოებითაც მკურნალობდნენ, მაგრამ მათი შემადგენლობა საიდუმლოდ ინახებოდა და დღესაც ინახება. ის კი იყო ცნობილი, რომ სხვა ინგრედიენტებთან ერთად, მათში მრავალძარღვა და ღვინის ძმარი აუცილებლად შედიოდა. საწერელის მკურნალობა აღწერილია იადიგარ დაუდში: „ ...თუ კაცს ფრჩხილები მრუდედ ესხას, მოიტანე შრეშის ბალახი, მარილის თვალი, ძმარი და ძმრის ტლე, ეს ოთხივე კარგად დანაყონ და ფრჩხილზედა დაადვან და შეუხვიონ, და უსათუოდ ფრჩხილსა გაუკეთებს“ (ბაგრატიონი, 1985, 512). აგრეთვე „თუ კაცსა ფრჩხილები წაუხდეს, ესე იცოდით, ამ რიგი ფრჩხილის წახდომა ცხელი ვარამისაგან იქნების, და ამა სენსა სახელად დახისი ჰქუიან. თუ ტკივილი არ ეშველოს, თბილსა და მოცხოს ერბოშიგა ჩაუყონ. და თუ არცა ამით ეშველოს, დასალბობი რამე დასდვან, რომე დაალბოს და დაამწიფოს და გამორწყოს“ (ბაგრატიონი, 1985, 513). იმერეთში საწერელის გართულების დროს შეულოცავდნენ.

„საწერელი მოდიოდა ჟამსა შუადღისასა,
წინ შემოეყარა მიქელ-გაბრიელ
მთავარანგელოზი, ჰკითხა:
საით მიხვალ, საით გამგზავრებულხარ?
მივალ ადამიანის ტანში,
სისხლის სასმელად,
ძვალის სატკენად,
რბილის საჭმელად.
აშავრაი რა ვთქვა თავისი ჭირი,
რა არის მისი წამალი:
ტირიფის ცილი, კვერცხის ცილი.“

უნდა აღინიშნოს, რომ კანის დაავადებათა მკურნალობის ზემოხსენებულ საშუალებებს მართლაც გააჩნდათ დადებითი მოქმედების უნარი, რადგან შეიცავენ უხვი რაოდენობით ვიტამინებს და ქსოვილის კვებისათვის საჭირო აუცილებელ ცხიმებს. ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, მკურნალობის ეფექტს აძლიერებდა ფსიქოთერაპიული ზემოქმედება შელოცვების სახით.


წყარო: ლელა ნებიერიძე – მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისთვის
3
122
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
122
  
9 ნოემბერი, 17:06
ჯადოქარი ბუნებრივია ვერ იქნებოდა, მაგრამ ადამიანის ანატომია, რომ ზედმიწევნით იცოდა აშკარაა.
დღეს ოპერაციის მერე ანთება ვითარდება ხშირად, თან მაღალი ტემპერატურით, მგელიკას მეთოდში ეს გართულება პრაქტიკულად გამოირიცხებოდა.
თავად ის, რომ ფზიზლად მყოფ ადამიანს ტრეპანაციას უკეთებდა, ეს უკვე საოცრებაა-დამეთანხმები...
9 ნოემბერი, 16:28
მგელიკა ჯადოქარი არ ყოფილა საერთო გაგებით, თუმცა მთაში ის ჯადოქარზე მეტიც იყო. დღეს ტრეპანაციის მგელიკას მეთოდით გაკეთება სიკვდილს უტოლდება :))
9 ნოემბერი, 13:44
რა საინტერეოა და რამდემი რამეა დაკარგული!
მარტო მგელიკა ლიქოკელი რად ღირს, მსოფლიოს მიერ აღიარებული თვითნასწავლი ქირურქგი, რომელსაც დადასტურებულად 440 ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული თავის ტრეპანაციით და აქედან 98% დარგი შედეგებით.
ჰიპნოზით აუტკივარებდა პაციენტის ტკივილსო-გრიგოლ რობაქიძეს აქვს აღწერილი. საიდან ამხელა ცოდნა ესაა საინტერესო..
0 1 3