საქართველო
"ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ...."- რას წერს ირინა სარიშვილი
5 ნოემბერი, 10:34
პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც საზოგადოებას და ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს:
"ყოველგვარი პათეტიკის გარეშე – დღეს ყველა მოკავშირე უნდა ვიყოთ ერთად.
პოლიტიკურად გაკოტრებული რუსული ოცნება ჩვენი თუნდაც დროებითი ერთობის შიგნიდან გატეხვას ცდილობს ჩვენ შორის ინტრიგების, შურის და მტრობის ჩამოგდების გზით, უიმედობის და სასოწარკვეთის მორევში უნდა გამარჯვების გზაზე მდგომი ხალხის ჩათრევა. დიახ, გამარჯვების, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ, თუ ერთობა არ დაირღვევა. ასე ახლოს მიზანთან არასოდეს ვყოფილვართ და ყველაზე ფრთხილად სწორედ ახლა უნდა ვიყოთ – ფრთხილად ერთმანეთთან და ფხიზლად პროვოკატორებთან, რომლებიც ინტრიგების შემოგდებით ეცდებიან ჩვენს გათიშვას. დღეს ყველა ერთი ვართ – ხალხი, ოპოზიცია და სხვა არჩევანი არა გვაქვს. ეს უნდა გავიგოთ და ყველაფერი გამოგვივა.
უმძიმეს ბრძოლაში შევდივართ და ასეთ დროს უმოქმედობა, უიმედობა არაფრით არ შეიძლება. აბა, საღამომდე"- ვკითხულობთ ირინა სარიშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილმა მოქალაქეებმა არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და ოპოზიციცური პარტიის წარმომადგენლებისგან მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმის შესახებაც მოისმინეს. ახალი არჩევნების მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია მარჯანიშვილის მოედანზე დასრულდა.
ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ოპოზიცია ყოველდღიურად აპირებს აქციების ორგანიზებას. დღეს, 5 ნოემბერს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან მორიგი დემონსტრაციის ჩატარება იგეგმება.