კონფლიქტები რამდენი ადამიანი შეეწირა უნგრეთის რევოლუციას?(მათ შორის ქართველები) 4 ნოემბერი, 10:01 1956 წლის 4 ნოემბერს საბჭოთა არმიამ დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია უნგრეთის რევოლუციის ჩასახშობად ბუდაპეშტში, რა უძღვოდა წინ ამ მოვლენებს?
იოსებ სტალინის გარდაცვალების (1953) შემდეგ საბჭოთა კავშირში დაწყებულმა ე. წ. დესტალინიზაციის პოლიტიკამ ევროპულ კომუნისტურ პარტიებში გარკვეული ლიბერალიზაცია მოიტანა. რაკოში, რომელსაც „სტალინის საუკეთესო მოსწავლეს“ უწოდებდნენ, უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარეობიდან გადადგა და ის რეფორმისტმა იმრე ნადიმ ჩაანაცვლა. გაჩნდა მეტი თავისუფლების განცდა; გამოცოცხლდა პრესა და სტუდენტური მოძრაობა, თუმცა რაკოში გარკვეული ხნით რჩებოდა პარტიის ხელმძღვანელად და მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევდა რეფორმებს, ხოლო 1955 წლის აპრილში მან ნადის გადაყენებას მიაღწია.
საბჭოთა კავშირში ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ დაწყებული ე. წ. დესტალინიზაციის პოლიტიკის პარალელურად უნგრეთში გაძლიერდა მოძრაობა თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით. საპროტესტო გამოსვლები 1956 წლის ოქტომბერში ბუდაპეშტის ქუჩებში უნგრეთის უშიშროების ძალებთან და საბჭოთა ჯარებთან შეტაკებებში გადაიზარდა. უნგრეთის ჯარის დიდი ნაწილი ხალხის მხარეს გადავიდა. რევოლუციურმა ტალღამ ქვეყანაში ახალი მთავრობა მოიყვანა რეფორმისტი პოლიტიკოსის, იმრე ნადის თავმჯდომარეობით. ახალმა ლიდერმა დადო მრავალპარტიული სისტემის შემოღების პირობა, 1 ნოემბერს უნგრეთი ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოაცხადა და გაეროს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. დასავლეთის ქვეყნებმა ახალი გლობალური დაპირისპირების შიშით უნგრეთის საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავეს. 1956 წლის 4 ნოემბერს საბჭოთა არმიამ დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია უნგრეთის რევოლუციის ჩასახშობად, რომელიც თვეზე მეტი გაგრძელდა
რამდენი ადამიანი შეეწირა უნგრეთის რევოლუციას?
სტატისტიკის მიხედვით, 1956 წლის 23 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აჯანყებასა და ბრძოლებთან დაკავშირებით დაიღუპა 2652 უნგრელი მეამბოხე, დაიღუპა 348 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა 19226 ადამიანი.
სოციალური შემადგენლობით, აჯანყებულთა მხარეზე მსხვერპლთა უმრავლესობა მუშები იყვნენ - 46, 4%. სამხედრო და პოლიცია - 16, 3%. ინტელიგენციის წარმომადგენლები - 9, 4%, სტუდენტები - 7, 4%. გლეხები, ხელოსნები, პენსიონერები, სხვა სოციალური და პროფესიული ჯგუფები - 6, 6%. უფრო მეტიც, 44% იყო 25 წლამდე ასაკის. ეს მონაცემები წარმოდგენილია, ნარკვევში 1956 წლის 8 ნოემბერს ბრძოლაში მოკლული 15 წლის მეამბოხე მედდა ერიკა სელესის შესახებ . ისტორიკოსი ლასლო იორსი განსაკუთრებულ კატეგორიად ასახელებს ბოშებს, რომლებიც, მისი გათვლებით, აჯანყებულთა 5-8%-ს შეადგენდნენ . ძირითადად ესენი იყვნენ დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან]. მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ ილონა საბო (დაიღუპა 1956 წლის 28 ოქტომბერს), იოჟეფ კოტე შიოროში (დახვრიტეს 1959 წლის 26 თებერვალს), გაბორ დილინკო (7 წლით თავისუფლების აღკვეთა).
საბჭოთა არმიის დანაკარგებმა, ოფიციალური მონაცემებით, შეადგინა 669 დაღუპული, 51 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, დაიჭრა 1251 .
ოფიციალური მონაცემებით, უნგრეთის სახალხო არმიის დანაკარგებმა შეადგინა 53 მოკლული და 289 დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე.
დაკარგული იარაღისა და სამხედრო ტექნიკის საერთო რაოდენობა უცნობია.
რამდენი ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეეწირა უნგრეთის რევოლუციას?
„განსაკუთრებულ საქაღალდეში“ ინახება საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ რაიონების მიხედვით მოძიებული დაღუპულ და დაშავებულ ადამიანთა სია და მათი საჭიროებები. ამ სიაში აღირიცხა 23 დაღუპული და 4 დაჭრილი 22 რაიონიდან და ქალაქიდან. ნიშანდობლივია, რომ ერთი გვარი, რომელიც მოსკოვიდან გამოგზავნილ სიაშია, არ იძებნება უკვე საქართველოში მომზადებულ სიაში.
1957 წლის 30 იანვარს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა და მინისტრთა საბჭომ გამოსცეს დადგენილება, რომლითაც უნგრეთის მოვლენების დროს დაჭრილ და დაღუპულ სამხედროებს და მათ ოჯახის წევრებს ურიგოდ მიეცემოდათ ბინები, მიწის ნაკვეთები და სახსრები რემონტისთვის. დაღუპულთა სამხედროების შვილებს უპირატესობა მიენიჭებოდათ სკოლა-ინტერნატებში მიღებისას. დადგენილება, ასევე, ითვალისწინებდა დაღუპულთა ოჯახის წევრების სამუშაო მოწყობასა და გადამზადებას.
დაღუპულები:
1. ვასილი ივანეს ძე ბურდული - ასპინძის რაიონი 2. მანაშა ერემის ძე ალელიშვილი - ახალქალაქის რაიონი 3. სტეფანე ანტონის ძე ზაზაშვილი - ადიგენის რაიონი 4. აიკაზ მელიტოსის ძე ვართაპეტოვი - ახალციხის რაიონი 5. ამაიაკ მარტიროსის ძე მარტიროსიანი - ბოლნისის რაიონი 6. სარდიონ ივანეს ძე გაბოშვილი - გურჯაანის რაიონი 7. ალექსი ბოგდანის ძე მათიჩაშვილი - გურჯაანის რაიონი 8. ვალერიან ღვთისოს ძე წიკლაური - დუშეთის რაიონი 9. გრიგოლ იოსების ძე მუჯიაშვილი - ქარელის რაიონი 10. გური უშანგის ძე დოლიძე - ლანჩხუთის რაიონი 11. ვალუმან ალექსანრეს ძე ჯანაშვილი - მცხეთის რაიონი 12. ავთანდილ იოველსის ძე შველიძე - ორჯონიკიძის (ხარაგაულის) რაიონი 13. ვალიკო ვლადიმერის ძე ჩუთლაშვილი - სიღნაღის რაიონი 14. უშანგი გიორგის ძე კუბლაშვილი - ტყიბულის რაიონი 15. არუთუნ ანდრონიკის ძე კიულიანი - გულრიფშის რაიონი 16. კრიკორ ოკსენის ძე კალაიჯანი - გაგრის რაიონი 17. (სახელი მითითებული არ არის) ედუარდის ძე სარიანი - გაგრის რაიონი 18. გივი რეზას ძე ვარშანიძე - ბათუმის რაიონი 19. გალუსტ ვართანის ძე აკოპიანი - სოხუმის რაიონი 20. ვაგარშაკ ტიგრანის ძე კალეიჯანი - სოხუმის რაიონი 21. ვასილი სოლომონის ძე ბეკოევი - სტალინირის (ცხინვალის) რაიონი 22. თენგიზ ილიას ძე გაბრაშვილი - ქ. თბილისი 23. ლევან ფრიდონის ძე ჯამაგიძე - თიანეთის რაიონი
დაჭრილები:
1. ავეტის არუთინის ძე ავეკიანი - ახალქალაქის რაიონი 2. გივი პარმენის ძე გოჩოლეიშვილი - აბაშის რაიონი 3. აბესალომ ვარდენის ძე ახპატელოვი - ქ.თბილისი 4. ნუგზარ სერგის ძე პატარაია - ქ. ქუთაისი 333 2-ს მოსწონს
|