x
image
თამილა გურაშვილი
მარინე თბილელი: უნდა გეტკინოს და უნდა გაიხარო კიდეც...

image
მსახიობის პროფესია რთულია, ყოველდღე გამოცდაა, მაყურებელი კომისიაა, რომელმაც შეიძლება მიგიღოს და შეიძლება არა. ძალიან რთულია, იმიტომ, რომ მსახიობი დამოკიდებულია ერთი კაცის სურვილზე.
მე არ მინდოდა ჩემი შვილი მსახიობი გამოსულიყო, მაგრამ თვითონ მოინდომა და წინ ვერ აღვუდექი...
რაც შეეხება პარტნიორს, ის შენი შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებაა. საოცარი პარტნიორი იყო ვასო გოძიაშვილი - უდიდესი მსახიობი და უაღრესად მრავალფეროვანი. იგი თვალებში უყურებდა მსახიობს, ყურს უგდებდა ინტონაციას. როგორც ეტყოდი, შესაბამისად გიპასუხებდა. სპექტაკლის მსვლელობისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სადავეები ეჭირა და ის მათამაშებდა.
პარტნიორის ყურის გდება უნდა შეგეძლოს. ძალიან კარგი პარტნიორი იყო გიორგი შავგულიძე. ვასო გოძიაშვილი და გიორგი შავგულიძე - ეს იყო დღესასწაული.
კაკო კვანტალიანი როგორი კეთილი იყო. მისთვის ყველა გზა ხსნილი იყო. როცა ვინმეს სიკეთეს უკეთებდა, საოცრად დიდ სიამოვნებას ღებულობდა.
რუსთაველის თეატრში კი შეუდარებელი პარტნიორი იყო ეროსი მანჯგალაძე. რა დღეს მაყენებდა სცენაზე...
მაშინ თეატრი ძალიან საინტერესო იყო. ვერიკო! სესილია! ვასო! შავგულიძე!.. ეს იყო სკოლა. მათ ბევრი რამ მასწავლეს.
სესილია როგორი თავდადებული იყო, საქმეში თუ ოჯახისთვის... დილიდან ღამემდე მუშაობდა...
მარჯანიშვილის თეატრში რომ მივედი, ბებო ლიზა ჩერქეზიშვილი ცოცხალი იყო. იგი მოესწრო ბრწყინვალე ქართულ თეატრს.
მარჯანიშვილის თეატრში 11 სათი იყო დღესასწაული. ამ დროს ნელ-ნელა იკრიბებოდნენ მსახიობები. მოდიოდნენ და ყველას თავისი ამბავი მოჰქონდა. აგერ, მორბის კაკო კვანტალიანი და ვიღაცას საქმიანად პასუხობს: “გავაკეთე ეგ საქმე, გავაკეთე ". აგერ, შავგულიძე და ღამბაშიძე მოდიან. შავგულიძე რაღაცას უყვება, ცდილობს გააცინოს ბატონი შალვა თავისი თავგადასავლებით.
მინდა, ამ ყველაფერს თავის მოვუყარო...
გასახსენებელი იმდენია, მაგრამ ძნელი ყოფილა წერა.
ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: სტუმრები გვყავდნენ მოსკოვიდან და საღამო მოვუწყეთ. სასტუმრო “ თბილისში " ვართ, მედუდუკეები უკრავენ საცეკვაოს. სესილია შავგულიძეს უყვირის: “ჟორა იცეკვე!" ყველგან მაგიდებია ჩახერგილი, ადგილი არ არის. გავიხედეთ და პატარა ჯირკო მოიტანა. შედგა ამ ჯირკოზე და იცეკვა. დაუვიწყარი სანახაობა იყო...
მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა... ახლა თეატრში აღარ დავდივარ, მაგრამ სულ თეატრში ვარ...
მაღაზიასა თუ ბაზარში მიყვარს სიარული, ხშირად დავდივარ. იქ ჩემი მაყურებელია, მე მათ ვხვდები და თუკი რაიმე წყენა შემხვედრია, მათთან შეხვედრის სიხარული ფარავს ხოლმე ყოველივეს. ბაზარში რომ მცნობენ, თავი კვლავაც მსახიობად წარმომიდგენია...
ცხოვრება საინტერესოა! უნდა გეტკინოს და უნდა გაიხარო კიდეც...
იცით, რა, ერთს გეტყვით: ამ ცხოვრებაში რაც რიგდებოდა, ყველაფერი მაქვს და ამიტომ, ბედნიერი ვარ". მარინე თბილელი.
1993 წელი.
0
44
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0