x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
დიადი ქართული ენა და მისი განვითარების პერიოდები

imageქართული ენა ერთი უძველესი სალიტერატურო ენათაგანია. ქართულ სალიტერატურო ენას მრავალსაუკუნოვანი მდიდარი ისტორია აქვს. უძველესი ჩვენს დრომდე შემონახული ძეგლები ქართული ლიტერატურისა აღწევს მეოთხე მეხეთე საუკუნემდე. ქართული სალიტერატურო ენა თავისი ისტორიის მანძილზე მეოთხე–მეხუთე საუკუნიდან მოკიდებული ახალ ეპოქამდე, თავისი ძირითადი ლექსიკური ფონდითა და გრამატიკული წყობით, ლინგვისტიკურად ერთ ენას წარმოადგენს. ამ ერთიანია ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ისტორიაში ჩვენ გვაქვს სამი საფეხური: პირველი – ძველი ქართული სალიტერატურო ენა, მეორე – საშუალო ქართული, მესამე – ახალი ქართული.

ძველი ქართული სალიტერატურო ენა წარმოდგენილია მეოთხე–მეხუთე– მეთერთმეტე საუკუნეთა ქართული მწერლობის ძეგლებში. ჯერ კიდევ მე 5 საუკუნიდან ჩვენს დრომდე მოღწეულია ისეთი სრულყოფილი ძეგლი ქართული მწერლობისა, ძველი ქართული სადიტერატურო ენისა, როგორიც არის იაკობ ცურტაველის მოთხრობა შუშანიკის შესახებ. მომდევნო საუკუნეებში ძველ ქართულ სალიტერატურო ენაზეა შექმნილი მთელი რიგი კლასიკური ნაწარმოებნი, როგორც გიორგი მერჩულის ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა, თხზულებანი მთაწმინდელებისა, ძველი ქართველი ჰიმნოგრაფებისა, მემატიანე-ისტორიკოსთა და სხვანი.
საშუალო ქართული სალიტერატურო ენის ფორმირება ძირითადში დასრულებულა არა უგვიანეს მე-11 საუკუნისა; უძველესი ჩვენს დრომდე მოღწეული ლიტერატურული ნაწარმოებნი საშუალო ქართულ სალიტერატურო ენაზე მე-11–12 საუკუნეებით თარიღდება (მათ შორის მხატვრული პროზის ძეგლი რომანი „ვისრამიანი“ მე-11–12 საუკუნეთა საზღვარს ეკუთვნის, პოეტური თხზულება შავთელისა „აბდულმესიანი“ მე-12 საუკუნის პირველ მეოთხედშია დაწერილი). ხოლო საშუალო ქართული სალიტერატურო ენა უმაღლეს სრულყოფას აღწევს შოთა რუსთაველის „უკვდავს გენიალურ ქმნილებაში „ვეფხისტყაოსანში“. საშუალო ქართული თავის სტრუქტურით ახლოს დგას ახალ ქართულ სალიტერატურო ენასთან. ქართულ სალიტერატურო ენას, მისი განვითარების ყველა საფეხურზე, როგორც ძველ ქართულს, ისე საშუალო ქართულსა და ახალ ქართულს, ძირითადში საფუძვლად უდევს აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ახლოს მდგომი კილოები (ქართლ–კახური და მესხური), რომელიც ივსებოდა და მდიდრდებოდა ყველა სხვა ქართული დიალექტებისა და კილოების ენობრივი მასალით.

ქართული სალიტერატურო ენა, მისი განვითარების ყველა საფეხურზე, როგორც ძველი ქართული, ისე საშუალო ქართული და ახალი ქართული, საერთო ენაა ქართველი ხალხისა, უმაღლესი ფორმა ენისა, რომელსაც ემორჩილებიან დიალექტები, როგორც დაბალი ფორმები. სალიტერატურო ქართული ენა მთელი ისტორიის მანძილზე საერთო ენა იყო მთელი ქართველობისათვის, ყველა ქართველი ტომისათვის, როგორც ქართლელისათვის, ისე გურულისათვის როგორც კახელისათვის, ისე მეგრელისა და ჭანისათვის, როგორც თუშ-ფშავ-ხევსურისათვის, ისე სვანისათვის როგორც იმერლისათვის, ისე მესხისათვის. ცალკეა აღსანიშნავი აგრეთვე ის გარემოება, რომ ქართული სალიტერატურო ენისათვის მისი განვითარების ყველა სტადიაზე დამახასიათებელია ხალხურობა. ამით აიხსნება, რომ თვით ძველ-ქართული მწერლობის ისეთი ძეგლები, რომლებიც თხუთმეტი საუკუნით არის დაშორებული ჩვენი დროიდან, როგორც, მაგალითად, მე-5 საუკუნის ძეგლი „წამება შუშანიკისი", თითქმის დაუბრკოლებლად გასაგებია თანამედროვე მკითხველისათვის ხოლო რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ქართული იმდენად აღბეჭდილია ნამდვილი ხალხურობით, იმდენად ნათელია და გამჭვირვალე, რომ ამ ენას შერჩენილი აქვს, თვით პოეტის სიტყვები რომ გავიმეოროთ, „სილბო ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა. რუსთაველის ენა, მიუხედავად ზოგიერთი სტრუქტურული სხვაობისა, საუკუნეთა მანძილზე ცოცხლობს, იგი ინარჩუნებს თავის უჭკნობელ მშვენიერებას.

ახალი ქართული სალიტერატურო ენა თავისი ახალი სტრუქტურული წყობით თანდათანობით ყალიბდება და გზას იკვლევს ლიტერატურაში ახალ საუკუნეთა მანძილზე. მე-17–18 საუკუნეებში უკვე ჩამოყალიბებულია ამ ახალი ქართული სალიტერატურო ენის ადრინდელი სახეობა. სულხან-საბა ორბელიანის „წიგნი სიბრძნე-სიცრუისა“ (მე-17 საუკუნის ბოლო) უკვე წარმოგვიდგენს ახალი ქართული სალიტერატურო ენის ამ ადრინდელ სახეს. ხოლო დავით გურამიშვილის „დავითიანში“ (მე-18 საუკ.) ეს ადრინდელი სახეობა ახალი ქართული სალიტერატურო ენისა კიდევ უფრო სრულყოფილი სახით არის წარმოდგენილი.

ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ისტორიაში ჩვენ გვაქვს ერთგვარი ტეხილი მე-18 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში.
მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ქართული სალიტერატურო ენის ბუნებრივი განვითარების საქმე შეაფერხა ანტონ კათალიკოზის და მისი სკოლის მოძღვრებამ ენის შესახებ, ანტონ კათალიკოზმა დანერგა ქართულ ლიტერატურაში სამი სტილის თეორია და ნაცვლად ერთიანი ქართული სალიტერატურო ენისა სამი სალიტერატურო მეტყველება დააკანონა, ლიტერატურის ძირითადი დარგებისათვის მიღებული „მაღალი“ და „საშუალო“ სტილის ქართული ეს იყო ხელოვნური, სქოლასტიკური ენა, რომელთაგან პირველი ძველი ქართულის დამახინჯებულ მიბაძვას წარმოადგენდა, ხოლო მეორე საშუალო ქართულისას, ანტონ კათალიკოზის სკოლის ენა სავსებით დაშორებულია ხალხურ ენას, ხალხის ენას. ამრიგად ანტონ კათალიკოზის სკოლის მოღვაწეობის შედეგად ქართული სალიტერატურო ენა მოსწყდა ხალხურობას, რაც ყოველთვის შეადგენდა ქართული სალიტერატურო ენის საფუძველს მისი განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე.

ანტონ კათალიკოზის სკოლამ ამასთან ერთად დააკანონა რთული ორთოგრაფია ქართული სალიტერატურო ენისათვის, გადმოიტანა ხუცური დამწერლობიდან მხედრულ ანბანში ზედმეტი ასოები, რაც მხედრულში თავიდანვე არ არსებობდა, და ამას გარდა შემოიტანა ახალი ზედმეტი ასოებიც კი. ასეთი იყო ის ვითარება, რაც დამყარდა ქართულს მწერლობაში ანტონ კათალიკოზის სკოლის მოღვაწეობის შედეგად მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში. მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ქართული ენის ბუნებრივ განვითარებას უდიდესი საფრთხე შეუქმნა ახალმა პოლიტიკურმა რეჟიმმა, მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ქართული ენა უკვე აღარ არის ენა სახელმწიფოსი, სახელმწიფოებრივი ენა. ქართული ენა განდევნილია საზოგადოებრივი დაწესებულებებიდან, ქართული ენა ყოველმხრივ შევიწროებას განიცდის, ქართული ენა განდევნილია თვით სკოლიდანაც. ცხადია, ასეთ ვითარებაში, როდესაც საქართველო უუფლებო კოლონიის მდგომარეობაში გადავიდა და ქართული ენის უფლებები ყოველმხრივ შეიკვეცა, ქართული ენის ნორმალური განეითარება დიდად შეფერხდა. კერძოდ ახალ ქართულ სალიტერატურო ენას, რომელიც ამ დროს უკვე ჩამოყალიბებული იყო და რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისამდე სახელმწიფო ენის როლს ასრულებდა (იგი მიღებული იყო როგორც საქმის წარმოების ენა სახელმწიფოში) მოესპო ბუნებრივი განვითარების თავისუფალი სარბიელი. თვით ქართული ლიტერატურის ასპარეზიც დიდად შეიზღუდა, მისი დიაპაზონი შევიწროვდა.

მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ქართულ მწერლობაში გაბატონებულია ანტონ კათალიკოზის დროგადასული ენობრივი ნორმები. მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ქართული ენის ტრადიციები არ მინელებულა სავსებით; იგი თანდათანობით ისევ გზას იკვლევს მწერლობაში. მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის წამყვანი მწერლებიდან, კერძოდ, ალექსანდრე ჭავჭავაძე ანტონ კათალიკოზის სკოლის ნორმების გავლენის ქვეშაა, მაგრამ გვიანი პერიოდის ზოგ ნაწარმოებმი („გოგჩის ტბა“) იგი ნაკლებ ემორჩილება ამ ნორმებს. რაც შეეხება გრიგოლ ორბელიანს, იგი, გვიან ხანაში, „თერგდალეულებთან“ კამათის დროს, თუმცა მფარველობის ქვეშ იღებს ანტონ კათალიკოზის სკოლის მოძღვრებას, მაგრამ თავის პოეზიაში იგი არ მისდევდა მას. გრიგოლ ორბელიანის პოეზიის ენა, რასაკვირველია, ეს არ არის ანტონ კათალიკოზის სკოლის ენა, არამედ ახალი ქართულია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გრიგოლ ორბელიანის ენა მაინც ერთგვარი არქაიზაციით არის აღბეჭდილი. საუკეთესო პოეტურ ნაწარმოებში, როგორიც არის „საღამო გამოსალმებისა“, ჰიმნი მამულისადმი „სადღეგრძელოდან“ და სხვანი გრიგოლ ორბელიანის ენა, თუმცა დამძიმებულია არქაიზმებით, მაგრამ მაინც ახალი ქართულის რკალში ექცევა.

აღსანიშნავია, რომ თვით ილია ჭავჭავაძე, რომელიც ასე შეურიგებლად ებრძოდა ანტონ კათალიკოზის სკოლის ენობრივ ნორმებს, აფასებდა გრიგოლ ორბელიანს, როგორც მხატვრული სიტყვის ოსტატს და მის ენას არ გამოთიშავდა ახალი ქართულის ენობრივი წრიდან. კიდევ უფრო შორს მიდის ამ მხრივ მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის გენიოსი ქართველი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი. ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“, თუმცა ასევე აღბეჭდილია ერთგვარი არქაული ელფერით, მაგრამ იგი ახალი ქართული სალიტერატურო ენის რკალს ეკუთვნის. ხოლო ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“, ეს უდიადესი ქმნილება მე-19 საუკუნის ქართული პოეზიისა, ამავე დროს არის ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი პირველი უბრწყინვალესი ძეგლი. ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“ ისევე ვერ გამოითიშება ახალი ქართული სალიტერატურო ენის წრიდან, როგორც ვერ გამოითიშება ამავე რკალიდან ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“.

მე-19 საუკუნის 40-იან და 50-იან წლებში ახალი ქართული სალიტერატურო ენით წერს კომედიოგრაფი გიორგი ერისთავი („სამი სტილის“ თეორია, როგორც ცნობილია, კომედიისათვის ხალხურ ენას შესაწყნარებლად თვლიდა), ხოლო 50-იანი წლების დასასრულსა და 60-იანი წლების დასაწყისში, ე. ი. იმ ხანაში, როდესაც სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა ილია ჭავჭავაძე, ახალი ქართული სალიტერატურო ენით წერენ თავის მოთხრობებს დანიელ ჭონქაძე და ლავრენტი არდაზიანი. ამრიგად იმ დიდი რეფორმისათვის რომელიც მოახდინა ქართულ მწერლობაში ილია ჭავჭავაძემ ახალი ქართული სალიტერატურო ენის დამკვიდრებით, უკვე შემზადებული იყო ნიადაგი ქართული მწერლობის წინა პერიოდიდან. აქ საჭიროა ამავე დროს შემდეგიც აღინიშნოს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ქართული სალიტერატურო ენა თანდათანობით გზას იკვლევდა ქართულ მწერლობაში, მაინც მე-19 საუკუნის სამოციანი წლების კარებთან, როდესაც მოღვაწეობა დაიწყო ილია ჭავჭავაძემ და ახალმა დასმა, საერთო მდგომარეობა ქართული სალიტერატურო ენისა სავალალო სურათს წარმოადგენდა. ძველი და დროგადასული ჯერ კიდევ ჩრდილავდა ახალს, აფერხებდა ახლის დამკვიდრებას. ანტონ კათალიკოზის მოძღვრება ენის შესახებ ისევ ძალაში იყო. ფართო გავრცელებით სარგებლობდა დრომოჭმული ნორმები, გაბატონებული იყო ძველი ორთოგრაფია. ქართულ სალიტერატურო ენას აკლდა რაიმე ერთიანობა. ქართული სალიტერატურო ენა მოკლებული იყო ხალხურობას. ასეთი იყო მდგომარეობა ქართული სალიტერატურო ენისა, როდესაც სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა ილია ჭავჭავაძე და მესამოცე წლების მოღვაწეთა დასი.

ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ქართული ენის აღორძინების საქმეში განუზომელად დიდია. ილია ჭავჭავაძე არის ფუძემდებელი ახალი ქართული მწერლობისა არა მხოლოდ როგორც განმაახლებელი მისი შინაარსისა, არა მხოლოდ როგორც გადამყვანი ქართული მწერლობისა ახალ იდეურ საფუძვლებზედ, დამამკვიდრებელი ქართულ მწერლობაში რეალიზმისა, არამედ უდიდესი რეფორმატორი ქართული სალიტერატურო ენისა. საფუძველი, რომელსაც დაემყარა ილია ჭავჭავაძე და მასთან ერთად მესამოცე წლების ქართული მწერლობა სალიტერატურო ენის განახლება–გადახალისების დროს ეს იყო თვით ცოცხალი ენა ხალხისა, ეს დაუშრეტელი ზღვა ენობრივი სიმდიდრისა. ახალი ქართული სალიტერატურო ენა, რომელიც დაამკვიდრეს ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოღვაწეებმა, ეს არის ხალხური ენა, ამ სიტყვისს ნამდვილი, ღრმა მნიშვნელობით.
ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ ახალი
ქართული სალიტერატურო ენა მოსწყდა თავის ისტორიულ ძირებს. ხალხურობა სრულიადაც არ ნიშნავს ვიწრო ეთნოგრაფიულობას, პირიქით, ახალი ქართული სალიტერატურო ენის გამდიდრებასა და სრულყოფას მკვიდრი საფუძველი შეუქმნა მრავალსაუკუნოვანმა ქართულმა მწერლობამ, რომლის უმდიდრესი ენობრივი საუნჯე, საუკუნეთა მანძილზე დაგროვილი, განსაკუთრებით რუსთაველის ხანიდან ვიდრე მეცხრამეტე საუკუნემდე, ქართული ენის უძვირფასეს ფონდს წარმოადგენს; ახალმა სალიტერატურო ენამ მიიღო ეს მემკვიდრეობა, აითვისა მისი საუკეთესო მონაცემები, მისი საუკეთესო ტრადიციები.

ახალი ქართული სალიტერატურო ენის საბოლოო დამკვიდრება ქართულ მწერლობაში სამოციანი წლების დასაწყისს ეკუთვნის. უკვე აღნიშნული გვქონდა ილიას სალიტერატურო მოღვაწეობის ძირითადი თარიღები. 1859 წელს ილიამ შექმნა „გლახის ნაამბობი“, ეს პირველი სრულყოფილი ძეგლი ახალი ქართული სალიტერატურო ენისა მხატვრულ პროზაში. შემდეგ, 1859–1863 წლებში, იწერება „კაცია-ადამიანი?! –– ახალი ქართული სალიტერატურო ენის მეორე უბრწყინვალესი შედევრი. 1860 წელს ილია წერს „კაკო ყაჩაღს“; 1861 წელს –– „მგზავრის წერილებს“. 18601861 წლებს ეკუთვნის ილიას კრიტიკული წერილები, რომლებშიაც ილია ეხება როგორც ლიტერატურის ზოგად საკითხებს, ისე ენის საკითხებს. ამ წერილებში ილიამ დაარღვია ძველი ბანაკის რეტროგრადული შეხედულებანი ენის შესახებ და, კერძოდ, დაასაბუთა ახალ ორთოგრაფიაზე გადასვლის საჭიროება. ბრძოლა ახალსა და ძველს მიმართულებას შორის სალიტერატურო საკითხთა გამო საბოლოოდ გადაწყდა 1863 წელს. როდესაც დაიწყო გამოსვლა ილიას ჟურნალმა „საქართველოს მოამბემ“, ამ ჟურნალმა საბოლოოდ დაამკვიდრა ქართულ მწერლობაში ახალი ქართული სალიტერატურო ენა. დასასრულ, აქ საჭიროა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ილიას ღვაწლი ახალი ქართული ენის დამკვიდრების საქმეში უაღრესად მრავალმხრივია, უნივერსალური ხასიათისაა. ილიამ ღვაწლი დასდო ახალ ქართულ სალიტერატურო ენას არა მხოლოდ როგორც მხატვრული სიტყვის ოსტატმა, რომელმაც სრულყოფილი სახე მისცა ახალ ქართულ სალიტერატურო ენას ბელეტრისტიკაში, მხატვრულ პროზაში, პოეზიაში. ილია არის რეფორმატორი ქართული ენისა მთელის მოცულობით.

ილია პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ილია კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, ილია ეკონომისტი, სოციოლოგი, ილია მოაზროვნე–ფილოსოფოსი, ასევე სრულყოფილად სჭედს ახალ ქართულ ენას მწერლობის ყველა დარგში. უნდა აღინიშნოს, რომ სამოციანი წლების მიჯნასთან, ვიდრე ილია გამოვიდოდა სამწერლო ასპარეზზე, ქართული სამწერლო ენა ყველა ზემოდასახელებულ სფეროში დაკნინებისა და დაცემის გზაზედ იყო დამდგარი.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობამ მე-19 საუკუნის დამდეგს, საქართველოს უუფლებო კოლონიის მდგომარეობაში ყოფნამ სამოცი წლის მანძილზე, ქართული ენისათვის უფლებების აყრამ, შევიწროებამ, დევნამ, თავისი ნაყოფი გამოიღო, სამწერლო ქართული ენა გაღარიბდა, ჩამორჩა ეპოქას.
ილია ჭავჭავაძის სამწერლო ენის ყველა დარგი, ამ დიდი მასშტაბის რეფორმის დროს, მისი გადახალისება–განახლება, მისი გამდიდრებისა და შევსება ემყარება ხალხურ ენას, ამ დაუშრეტელ წყაროს ენობრივი სიმდიდრისას, ემყარება ამასთან მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობის მემკვიდრეობას. ქართული ენის მდიდარს ლექსიკურ ფონდში ილია პოულობს დასაყრდენს ახალი გამოთქმების, ახალი საჭირო სიტყვებისა და ტერმინების ჩამოსაყალიბებლად.
ახალი ქართული ენა მდიდრდება, იხვეწება, იუმჯობესებს თავის წყობას, თავის სტრუქტურას.

ასეთი იყო ეს უდიდესი მნიშენელობის რეფორმა ახალ ქართულ მწერლობაში, საბოლოო დამკვიდრება ახალი ქართული სალიტერატურო ენისა, რაც შესრულდა დიდი ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად. ამ უდიდეს ეროვნულ საქმეში, ახალი ქართული სალიტერატურო ენის დამკვიდრების საქმეში, ილია ჭავჭავაძის უახლოესი თანამოღვაწეა აკაკი წერეთელი, ეს მეორე ტიტანი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მწერლობისა. მომდევნო თაობა ქართველი მწერლებისა. განაგრძობს ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის, ახალი ქართული სალიტერატურო ენის ამ დიდი ფუძემდებლების ხაზს. ახალი ქართული სალიტერატურო ენა, აღბეჭდილი ხალხურობით, გადახალისებული და დაწმენდილი, გახდა ნათელი ორგანო ჩვენი ახალი მწერლობისა, ილიას და აკაკის მომდევნო თაობის მწერლებიდან ცალკეა აღსანიშნავი ვაჟა-ფშაველა.
ვაჟას დიადი პოეზია, აღბეჭდილი ნამდვილი გენიალობით, საქართველოს მთის ადგილობრივი ქართული კილოს ელფერით არის მოსილი; ხოლო, ამავე დროს ვაჟას მხტვრული პროზა, მისი შესანიშნავი მოთხრობები, წარმოადგენენ ახალი ზოგად-ქართული სალიტერატურო ენის, ბრწყინვალე ნიმუშს რომელიც საპატიო ადგილს იკავებს ილიას და აკაკის ლიტერატურული მემკვიდრეობის გვერდით, ქართველი მწერლების დიდ პლეადაში, რომელთაც ღვაწლი მიუძღვით ახალი ქართული სალიტერატურო ენის დამკვიდრებისა და განმტკიცების საქმეში, ცალკეა აღსანიშნავი აგრეთვე დიდი ქართველი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი, რომლის სახალხო სახელმძღვანელოებმა დიდად შეუწყვეს ხელი ერთიანი სალიტერატურო ენის საყოველთაო გავრცელებას.

წყარო: პავლე ინგოროყვას – ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი
0
69
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0