x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512638
შავი სტენდი

ზაფხულის დღეს, საღამოს პირზე წამოწინწკლა და ასფალტს ჩემთვის სანატრელი ნოსტალგიური სუნი აადინა. აღარც მახსოვდა ამ სუნის არსებობა. დაღლილ, რუტინაში ჩამხრჩვალ ადამიანებს მექანიკური მოქმედებების გარდა, ძნელად თუ ახსოვთ რამე.

ერთი შეხედვით, საკუთარი თავისათვის მხოლოდ საუკეთესო მემეტებოდა მუდამ, თუმცა, პროფესიაც კი ვერ ავარჩიე სწორად. სამყარო სავსეა ჩემნაირი ადამიანებით, რომელთაც ნაცრისფერმა საქმიანობებმა სიცოცხლე წაართვათ.

მთელი ჩემი დღის განრიგი თითქოს ვიღაცამ წუთებში გამიწერა და თან ისე, არც კი შემითანხმდნენ. დილის 8 საათსა და 55 წუთზე შესასვლელში ორი რიგითი ჯარისკაცი მამოწმებს. 13 წელია მამოწმებენ, 13 წელია ვხედავ აბრას, რომელზეც წითლად მრავალი აკრძალვაა. ერთი ცეცხლსასროლი იარაღით შესვლას კრძალავს, მეორე სპირტიან სასმელებს, მესამე ფოტო და ვიდეო გადაღებას... მეოთხე ნიშანს ჯერაც (13 წელია) ვერ გავუგე და არც არავის ვეკითხები. როგორც ჩანს ამ ნიშანსაც უნებლიედ ვემორჩილები. მართალია, წარმოდგენა არ მაქვს რას არ ვარღვევ, თუმცა ამას რაღა მნიშვნელობა აქვს.

8 საათსა და 57 წუთზე ჯიბიდან ვიღებ სამსახურებრივ მოწმობას, ვაფიქსირებ და ვკრეფ პირად კოდს “17-27“. ნახევარი წუთის შემდეგ გავდივარ ტურნიკეტს და მოწმობას ისევ ჯიბეში ვინახავ. ჯიბეები სეზონების მიხედვით იცვლება. ზამთარში ქურთუკის შიდა ჯიბეა, შემოდგომას პიჯაკის, ადრე გაზაფხულზე პერანგის და, ზაფხულში, როცა ჩემს მაისურებს ჯიბეები არ აქვთ, მოწმობა უკვე შარვალში გადაინაცვლებს ხოლმე.


ჩავდივარ ბაზალტის კიბეს. და ვხედავ საინფორმაციო სტენდთან დამაგრებულ მომინულ ჩარჩოს. 5 ათასი კაცი მუშაობს და ყოველ დღე ვიღაც კვდება. მერე მის გადიდებულ ფოტოსა და ერთ ყვავილს ჩარჩოში ათავსებენ. წარწერა კი ნაცნობებს აუწყებს გარდაცვლილის სამუშაო ადგილს, პროფესიას, პანაშვიდის დროსა და დაკრძალვის თარიღს. ჩვენთან თუ ერთხელ იმუშავე, წასვლას აზრი აღარ აქვს - სტენდზე მაინც გამოგაკრავენ. მოხვდები ზედ, როგორც მკვდარი საგამოფენო ექსპონატი. თუმცა, სიკვდილი როგორც ჩანს მეტად კონსპირატორი რეაქციონერია, წინასწარ ვერაფრით გაიგებ, როდის აღმოჩნდები იქ.

გზას, რომელსაც შესასვლელიდან სამუშაო ადგილამდე მივყავარ, 6შავი სტენდი

წუთი სჭირდება. ამ გზაზე სულ შვიდი, ზოგჯერ რვა ადამიანი მხვდება. სამმა მხოლოდ თავის დაკვრით იცის მოსალმება. ორმა სიტყვიერად და ღიმილსაც მთავაზობენ. ერთი თავჩაქინდრული, მხცოვანი კაცი მუდამ ღრმა ფიქრებშია და როცა ძაღლად არ მაგდებს ოდნავადაც არ მწყინს. ერთი გამოქანდება და ხელს ჩამომართმევს, გამიღიმებს და მომიკითხავს. ერთი კი ის მერვეა, რომელიც ზოგჯერ არის, ზოგჯერ არა.

9 საათსა და 00 წუთზე ვუახლოვდები ნაძვნარისაგან მოშორებულ, ეულად მდგარ ბებერ ჭერამს. ყოველთვის იცვლებოდა ესეც სეზონების შესაფერად - თეთრად ყვაოდა, მწვანედ ცოცხლობდა, ყვითლად ისხამდა და რუხად შიშვლდებოდა... მაგრამ, წელს მოკვდა. აღარ აყვავდა. მოკვდა ბებერი ჭერამი.

9 საათსა და 03 წუთზე ოთახში შევდივარ. ჯიბეებიდან ნივთებს მაგიდაზე ვახვავებ. საკიდიდან ვხსნი საუწყებო ფორმის ხებეს. ვიცვამ და მაგიდასთან, სკამზე ვჯდები...

მერე ყველაფერი... თუმცა, ნუ მათქმევინებთ. ღმერთო, ნუ მათქმევინებთ იმ დახავსებულ რუტინას რასაც მე გავდივარ... მრუდხარა-ბარბაცა მექანიზმები, ანჯამები, შავი და ფერადი ლითონები... ქლორიდები, მჟავები, ტუტეები...

13 საათზე ვჭამთ. ვეწევით. ზოგიც ფსამს. 13:25 -დან ჩუმად ვსეირნობთ. ვიღაცეები დომინოს თამაშობენ - ზოგი გაივლის, ზოგიც “სტავჩიკია“. მე პირადად, ვფიქრობ - “რა ჯანდაბა მინდა აქ.“ 14 საათზე დამღლელი შესვენება სრულდება.

მიდის დრო ასე და 18:00 საათის შემდეგ ყველაფერი დილანდელი უკუღმა იწყება. ჯერ ბებერი ჭერამია, რომელიც მოკვდა. შემდეგ ნაძვები. გამარჯობის ნაცვლად მემშვიდობებიან. სტენდზე ვიღაც გაუკრავთ. ვინც მოდიოდნენ, ისინი მიდიან. ვინც ცოცხლობდა მომკვდარა. კოდი - “17-27“. ტურნიკეტის გავლა. რიგითები. გაუგებარი მეოთხე ნიშანი... და ფიქრი ჩემი - “რა ჯანდაბა მინდა აქ.“

გასვლამდე, ვუახლოვდები სტენდს და ასაკოვანი ქალის ფოტოსურათს ვაკვირდები. მისი ვინაობა ჩემთვის უცნობია. მხოლოდ იმას ვიაზრებ, რომ ვიღაც დილით სამსახურში მოვიდა და მერე მოკვდა. დაითვლიან ნამუშევარ უკანასკნელ საათებს და საფასურს ოჯახის წევრებს გადაუხდიან. ჩვენი სიცოცხლე, დიახაც, ზუსტად რომ ის ტარიფია, რომელსაც ბუღალტერი განაკვეთურ საათებზე ამრავლებს. მე ვიღაცეებზე მეტად გამიმართლა - ცამეტი და ორმოცდათერთმეტი ვღირვარ.

მადლობა ღმერთს წამოწინწკლა და ასფალტს ჩემი სანატრელი, ნოსტალგიური სუნი აადინა. მე ყოველთვის არ ვიყავი აქ, მაგრამ, აზრიც აღარ აქვს წასვლას. გვითხრეს - “სტენდზე მაინც გამოგაკრავთ ყველას!“


0
12
შეფასება არ არის
ავტორი:მორის როსტიაშვილი
მორის როსტიაშვილი
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0