ქალი და მამაკაცი ამჯერად ქალბატონებზე... 2012, 22 ოქტომბერი, 23:31 ჩემი წინა სტატია თანამედროვე მამაკაცებზე იყო, რომელშიც აღვნიშნე, რომ ჯენტლმენების რიცხვი ძალიან იკლებს და ბევრი უკვე ზრდილობის ელემენტარულ ნორმებსაც ივიწყებს.მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებისგან საკმაოდ ცუდ რეაქციას ველოდი, გამიკვირდა, რომ ზოგიერთ რამეში დამეთანხმნენ კიდეც, თუმცა ერთი საინტერესო მოსაზრება წამოჭრეს:გოგონებმა რამდენად შეინარჩუნეს ნამდვილი ლედის იმიჯი?მამაკაცებს თუ ვთხოვთ კარგი მანერების შენარჩუნებას, წესით ისინი ხომ არც ჩვენ უნდა დავივიწყოთ?დააკვირდით ახლანდელ გოგონებს და სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ბევრმა მათგანმა მართლაც დაკარგა ქალური სახე.არ იფიქროთ, რომ გარეგნობას ან ჩაცმულობას ვგულისხმობდე(თუმცა ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ჩაცმის სტილიც საკმაოდ მამაკაცური გაგვიხდა), მინდა ყურადღება მათ საქციელზე გავამახვილო:მშვენივრად დაეუფლნენ გინებასა და უწმაწურ საუბარს, რასაც არც ბიჭებთან ერიდებიან, ყოველ კუთხეში სიგარეტს აბოლებენ და ღერს ღერზე ეწევიან, სუფრასთან მოხვდებიან და ტოლს არ უდებენ ბიჭებს სმაში...არ გეგონოთ, რომ ამით ვინმეს განსჯა მსურს, ან საკუთარ აზრს გახვევთ თავს, ვისაც როგორც სურს ისე იცხოვრებს, მაგრამ იმაზე ვერ შემედავებით, რომ ასეთი ქცევები ნამდვილად ჩრდილავს ქალურ სინაზესა და მომხიბვლელობას, რაც ასე იზიდავთ მამაკაცებს.ასეთი ქცევით ადვილია გახდეთ კაცის საუკეთესო მეგობარი, მაგრამ ვერასდროს გახდებით მისი ოცნების ქალი.რომელ ბიჭს მოეწონება ასეთი სტილის გოგო?შეიძლება ძლიერი ხასიათი გქონდეთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უხეშობაც უნდა გახასიათებდეთ.რა უნდა მოთხოვოთ მამაკაცს, როცა მის გვერდით გოგო დგას და "ჩემი დედას" ძახილით უყვება რამეს თავის დაქალს?ერთ-ერთ სპექტაკლში მოვისმინე ფრაზა-თუ ქალს არ სჯერა, რომ ქალია, ის მართლაც არ არის ქალი.ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, მგონი მართლაც აღარ გვჯერა, რომ ქალები ვართ.დარწმუნებული ვარ, თითოეულ გოგოში დიდი სინაზე იმალება და ყველას, როგორც არ უნდა ვიქცეოდეთ, მაინც ფაქიზი ბუნება გვაქვს, ამიტომ სჯობს ეს წარმოვაჩინოთ და არ დავივიწყოთ.მამაკაცი ქალს უნდა ეფერებოდეს, უფრთხილდებოდეს და იცავდეს, ამიტომ მოდით ისე მოვიქცეთ, რომ საპირისპირო სქესს ამის "საჭიროება" არ დავუკარგოთ. 218 8-ს მოსწონს
|