ბუნება მშვენიერების სიმბოლოა. ყველაზე ლამაზი, რასაც ადამიანის თვალი ხედავს: ცას, მთას, ზღვას, ყვავილებს, ტყეებს, ცისარტყელას, მზეს და სხვა მრავალ ბუნების შემქმნელს. ადამიანმა სცადა, ეს სილამაზე თავად მოექარგა ტილოზე. ქარგვა ხელოვნების ერთ-ერთი ლამაზი სახეობაა. ქართველი ქალები ოდითგანვე გამოირჩეოდნენ ამ საქმიანობით. ქარგვა იშვიათი და გამორჩეული ნიჭია ადამიანისა. ამ ნიჭიერთა შორისაა ქალბატონი ციცო ასტამაძე. ყოფილი მათემატიკოსი, პედაგოგი, რომლის ცხოვრება წარმოუდგენელია ქარგვის გარეშე. მას 50-ზე მეტი ნამუშევარი აქვს შექმნილი. როგორც თავად გვითხრა ხშირად იღებს გამოფენაბსა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას. დამთვარიელებელი კი მის შემოქმედებას ასე აფასებს: “ფერთა სიმფონია და ჰარმონია”. “ჟამი ვერ წაშლის ამ სილამაზეს”.
“ხუთი წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა მეზობელმა, რუსმა ქალმა მასწავლა ჯვარედინი ქარგვა და თავის ნამუშევარიც მისახსოვრა. პირველი ორნამენტი ხაშის პირსახოცზე მოვქარგე. მას მერე გავიდა წლები, დავამთავრე სკოლა, მოვეწყე უმაღლეს სასწავლებელში. სამწუხაროდ სრულიად მოულოდნელად დედა ლოგინად ჩამივარდა. ლოგინთან მჯდომარეს რომ არ ჩამძინებოდა, გავიხსენე ძველი ნასწავლი და დავიწყე ქარგვა. მას შემდეგ ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა ამ საქმიანობის გარეშე. 15 წლის მანძილზე 50-ზე მეტი ნამუშევარი შევასრულე.
– თქვენს საქმიანობაში რა წინააღმდეგობების გადალახვა მოგიწიათ?
– წინააღმდეგობები რა თქმა იყო. დედის გარდაცვალების შემდეგ ჩემი დარდი და ტკივილი ნამუშევრებში გადამქონდა. ღრმა მწუხარება სწორედ ამ მუშაობამ გამიქარწყლა. ამ პერიოდში დავანებე თავი პედაგოგიკას და სრულიად უმუშევარი დავრჩი. ჩავერთე მთლიანად ამ საქმიანობაში. გავიდა დრო და მომაკითხეს წითელი ჯვრიდან. მათ მთხოვეს მონაწილეობის მიღება გამოფენაში და რა თქმა უნდა დავთანხმდი.
– უამრავი ნამუშევარი გაქვთ. ალბათ ხშირად იღებთ მონაწილეობას სხვადსხვა გამოფენებსა და ღონისძიებებში. პერსონალური გამოფენა თუ გქონდათ?
– უამრავ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ხშირად მეპატიჟებიან სხვადასხვა ღონოსძიებეზეც. 2-ჯერ უფლისციხეში მივიღე მონაწილეობა რეგიონალურ ფესტივალში, ასევე ორჯერ “ქართლის დღეებზე” გამოიფინა ჩემი ნამუშევრები. ეთნოგრაფიულ მუზეუმშიც მქონდა გამოფენა. ასევე გორის მეუფის, ანდრიას ხელმძღვანელობით გორის ციხეზე გაიტანეს ჩემი ნამუშევრები. 4-ჯერ არტ-გენის ფესტივალში მივიღე მონაწილეობა. რამდენი ერთი ჩამოვთვალო. რაც შეეხება პერსონალურ გამოფენას ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომიწყვეს.
– ალბათ გაქვთ გამორჩეულად საყვარელი ნამუშევარი თქვენი კოლექციიდან.
– რა თქმა უნდა რაზეც შრომას გასწევ ყველაფერი საყვარელია, მაგრამ ამორჩევით ძალიან მიყვარს ჩემი შემოქმედებიდან: “ფარშევანგები”, “კარმენი”, “ნატურმორტი”, “ვარდის სურნელი”.
– ნაქარგის შექმნისთვის საჭიროა მუზა. რა შემთხვევა უდევს ხოლმე საფუძვლად იმას, რომ შემდეგ ეს ტილოზე აღბეჭდოთ?
– ერთი ნაქარგის ისტორიას მოგიყვებით: დედაჩემი დედ-მამით ობოლი იყო. გადმოცემით მისგან ვიცი, რომ ძალიან უჭირდა. ხშირად უთქვამს, რომ ჩითის კაბაც კი მენატრებოდაო. დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო. როცა მე დავიწყე ქარგვა, დედის ნაამბობი ტილოზე გადავიტანე, ოღონდ სხვა წარმოდგენით. ის მდიდრული და ლამაზი კაბით გამოვსახე. მისი აუხდენელი ოცნება მე ავასრულე ჩემს ნამუშევარში.
ძალიან მიყვარს ასევე ერთ-ერთი ჩემი ნაქარგი რომელსაც “შტრაუსის ვალსი” ჰქვია. მას ორმაგი დატვირთვის შინაარსი აქვს. პატარა ვიყავი, როდესაც მამამ როიალი მიყიდა. ძალიან უნდოდა მუსიკას გავყოლოდი. შემდეგ ომი დაიწყო და გაჭირვების გამო გავყიდეთ ეს ინსტრუმენტი. Aამის გამო ყოველთვის გული მწყდებოდა და სულ მინდოდა როიალი მქონოდა. ჩემი როიალი, რომელიც ასე მინდოდა მთელი ცხოვრების მანძილზე ამ ნაქარგზე გამოვსახე.
როდესაც გავიზარდე მამამ მაჩვენა შტრაუსის დიდი ვალსი და მე ამ დადგმით ძალიან მოვიხიბლე. შინაარსი შემდეგნაირი იყო. მდიდარმა ქალბატონმა მოაწყო ბალი. მთავარი პერსონაჟი შტრაუსი კი ბალზე იმიტომ არ დაუშვეს, რომ არ ეცვა სერთუკი. ის მალევე გაბრუნდა და შეიძინა, რის შემდეგაც მოხვდა ბალზე. ნაქარგზე კი თქვენ ხედავთ (მაჩვენებს) ქალბატონს, რომელიც ეცეკვება მამაკაცს და როიალი არის მაესტროს გარეშე.
– თქვენზე ამბობენ, რომ არც ერთ ნამუშევარს არ ყიდისო, თუმცა ყიდვის უამრავი მსურველია.
– კი, მართალია. ჩემი სიხარული ჩემი ნამუშევრებია. მე ფული არ მაინტერესებს. მინდა შევინარჩუნო ჩემი კოლექცია. უამრვი ადამიანი მოდის ჩემთან, სახლში კითხვა-კითხვით და მთხოვენ გავყიდო ნამუშევრები. მათ არ ესმით, რომ მე აღებული ფულით ამაზე უკეთესს ვერაფერს ვიყიდი. ძალიან მინდა ერთხელ და სამუდამოდ გაიგონ, რომ არ მინდა ჩემი კოლექციის გაყიდვა.
– თუ საიდუმლო არ არის, ვის უნდა უსახსოვროთ თქვენი კოლექცია?
– ვფიქრობ, რომ ჩემი ნამუშევრები მუზეუმს დავუტოვო. მინდა შემოინახონ და არ დაფანტონ.
– იგივე ენთუზიაზმით ქარგავთ ახლაც, როგორც 15 წლის წინ?
– ეს მუშაობა სამკურნალოა ჩემთვის. სხვა შემთხვევაში მე ავად ვარ. ამ საქმიანობით წნევა მირეგულირდება.