x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ერთი კვარტლის პედაგოგი"-სახალისო ისტორია რამაზ ჩხიკვაძეზე
image

იხსენებს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი:

"ბატონ რამაზზე ბევრი ითქვა, ბევრიც დაიწერა, მის უკვდავსაყოფად მომავალშიც არა ერთი მკვლევარი მიუბრუნდება მსახიობის შემოქმედებით ბიოგრაფიას, თუმცა ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ იგი თეატრალური ინსტიტუტის (მაშინ ასე ერქვა) პედაგოგი და სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელი გახლდათ, 1988 წლის თებერვლიდან აპრილამდე. თავად ხუმრობდა – ერთი კვარტლის პედაგოგი ვარო. ამბავი კი ასეთი იყო…

imageკადრი ფილმიდან "ჭრიჭინა"-1954 წელი



სამსახიობო ფაკულტეტის მეორე კურსზე ერთ-ერთ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ბატონი თემურ ჩხეიძე. სწორედ 1988 წლის დასაწყისში იგი პეტერბურგში მიიწვიეს და იძულებული გახდა ჯგუფი დაეტოვებინა. დიდხანს ფიქრობდა ბატონი გიზო ჟორდანია, ვინ დაენიშნა ამ ჯგუფის პედაგოგად. ყველას ვერ დანიშნავდა… სტუდენტთა ამბიცია დიდი იყო, რადგან ამ ჯგუფში ძირითადად ჯარგამოვლილი ბიჭები სწავლობდნენ, ჯარში გაწვევამდე კი მიხეილ თუმანიშვილის ან ლილი იოსელიანის ხელმძღვანელობით ეუფლებოდნენ მომავალ პროფესიას. თემურ ჩხეიძის ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშვნა „მათ ამბიციებს“ აკმაყოფილებდა, მაგრამ ახლა ახალ რეალობაში აღმოჩნდნენ, როგორც ისინი, ისე რექტორი გიზო ჟორდანია. ბევრი ფიქრისა და ვარიანტების შერჩევის შემდეგ, ბატონ გიზოს გაუჩნდა ასეთი იდეა, რომ გამოცდილი და წარმატებული არტისტისთვის ჩაებარებინა ეს ჯგუფი.

imageკადრი ფილმიდან "წარსული ზაფხული"-1959 წელი.


თანაც ზუსტად იმ წელს, ბატონი რამაზ ჩხიკვაძე 60 წლის გახდა, ეს მაშინ მამაკაცისთვის საპენსიო ასაკს ნიშნავდა და მანაც ოფიციალურად გააკეთა განცხადება – პენსიაზე გავდივარ, თეატრში მხოლოდ გამოსვლებზე ვიქნებიო… ამ მოცემულობათა ერთიანობამ გააბედინა რექტორს „პენსიონერი“ არტისტისათვის პედაგოგიურ საქმიანობაში დებიუტანტობა შეეთავაზებინა. ეტყობა ბატონმა რამაზმაც აწონ-დაწონა შეთავაზება, სერიოზულ ახალ გამოწვევად ჩათვალა და დათანხმდა წინადადებას. თავისთავად ძალიან დიდი მოვლენა იყო ამ რანგის არტისტის ინსტიტუტის საქმიანობაში ჩართვა.

imageსცენა სპექტაკლიდან ხანუმა-1973 წელი


ლექცია-რეპეტიციები ბატონმა რამაზმა ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, დილის 9 საათზე დანიშნა. ვინაიდან ქალბატონი ლილი ძირითადად საღამოობით მუშაობდა და დილის საათები უმეტესად თავისუფალი გვქონდა ჩვენს ჯგუფს, ამ შანსის ხელიდან გაშვება როგორ შეიძლებოდა და პირველივე ლექციაზე კართან ატუზული დავხვდი „დებიუტანტ პედაგოგს“. ვისი სტუდენტი ხარო მკითხა… ეს შეკითხვა ყოველთვის მაშინებდა, რადგან როგორც კი იგებდნენ ქალბატონი ლილის სახელს, ყველა უარით გვისტუმრებდა, ლილის მერე ჩემგან რა უნდა ისწავლოო. ხომ არ მოვატყუებდი – ლილი იოსელიანის მეთქი. – ოოო, ლილი, ლილი, სულთამხუთავი, სასტიკი, მოძალადე… დაიწყო ხუმრობა. სხვათაშორის, ჩვენ რუსთაველის თეატრში ლილისთან „სამ დაზე“ ვმუშაობდით, მე ჩებუტიკინს ვთამაშობდიო… რადგან ასე კარგად აეწყო ჩვენი საუბარი, უკვე მივხვდი, რომ მის რეპეტიციებზე დასწრების უფლებას მომცემდა, გავთამამდი და ვუთხარი: – ბატონო რამაზ, სწორედ „სამ დას“ დგამს ახლა სტუდენტებთან და მე სოლიონის ვთამაშობ მეთქი. – სოლიონი ჩვენთან ეროსი იყო, გვქონდა იქ ერთი სცენა, მითხრა ბატონმა რამაზმა და ჩებუტიკინის ტექსტი წარმოთქვა… გაოგნებული ვუყურებდი, უცებ – მიპასუხე ბიჭო, ტექსტი არ იცი? – როგორ არ ვიცი მეთქი და მეც ვუპასუხე, იმან კიდე მიპასუხა და დავიწყეთ „სამი დის“ რეპეტიცია ფოიეში. ბატონი რამაზი თვითირონიით, ოდნავ ხუმრობით ჩემს თვალწინ გარდაისახა ჩებუტიკინად და პარტნიორობას მთხოვდა…

imageკადრი ფილმიდან "სოფლის აშიკი"-1976 წელი

ამას უკვე არათუ მე არ ველოდი, არც მისი ახალი სტუდენტები, რომლებიც პედაგოგს აუდიტორიაში ელოდებოდნენ, პედაგოგმა კი „გიჟობანას თამაში“ ფოიედან დაიწყო. ნელ-ნელა მაყურებელიც შევიძინეთ, ჯერ ერთი ადამიანი გაჩერდა, მერე მეორე, მესამე… ამასობაში აუდიტორიიდანაც თავი გამოყვეს. პირველივე დღეს „დამწყები“ პედაგოგისგან დიდი ფოიერვერკი დატრიალდა ინსტიტუტის დერეფანში. რაღაც მომენტში მან გააცნობიერა მაყურებლის მატება, ყველაფერი მოულოდნელად შეწყვიტა და გამოაცხადა ლექციაზე მაგვიანდებაო, მე თვალი ჩამიკრა და თუ გინდა დაესწარი, ოღონდ ვერ ვხვდები რა უნდა ისწავლოო.

image

სცენა სპეკტაკლიდან "კაბკასიური ცარცის წრე"-1976


შევედით. მე თავს შევიკავებ რამაზ ჩხიკვაძის პირველი და უკანასკნელი სტუდენტების დასახელებისგან, თუ მათ ექნებათ სურვილი თავადვე გამოგვეხმაურებიან. მოკლედ, ბატონმა რამაზმა გვითხრა, რომ მეც არ ვიცი ეს საქმე შემიძლია თუ არა, და თუ არ შემიძლია, დიდხანს არ გაწვალებთ და მალე გაგეცლებითო. ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას არ დავიშურებ, თუ გამოგვივა რამე ხომ ავშენდით, თუ არადა, როგორც მოსვლით გაგახარეთ, ისე წასვლითაც გაგახარებთო. დაიწყო სრულიად წარმოუდგენელი ფოიერვერკი იუმორის, ნიჭიერების…

image

სცენა სპექტაკლიდან ""რიჩარდ III"-1979 წელი

თუმცა მთელი ამ სარეპეტიციო ორი-სამი თვის განმავლობაში, ბატონი რამაზი გახლდათ ის დიდოსტატი, რომლისთვისაც გინდოდა რომ სულ გეყურებინა. შთაბეჭდილებაც კი მრჩებოდა, რომ სტუდენტები განზრახ რაღაცას არ აკეთებდნენ, რომ ბატონ რამაზს ეჩვენებინა და ყოველდღე უფასო წარმოდგენების მომსწრენი ვხდებოდით. ახლა დაახლოვებით მაინც ხომ ხვდებით ჩემს მდგომარეობას, ქალბატონი ლილის სტუდენტი, რომელიც მიჩვეულია რომ გამარჯობას სამნახევარი კვირა წარმოთქვამს და მერე კიდევ სამი კვირა როგორა ხარს სათქმელად ემზადება, რა დღეში ვიქნებოდი…

თუმცა იმდენად შთამბეჭდავი იყო, სტუდენტობის წლებში ასეთი რანგის ვარსკვლავთან ურთიერთობა, (მიუხედავად იმისა – ეს ყველაფერი მალე დასრულდა და ბატონმა რამაზმა დაგვტოვა), მაინც მგონია სასარგებლო რამ მოხდა. საერთოდაც შეიძლება შეცდომა მისი ჯგუფის ხელმძღვანელობა იყო, თორემ მასტერკლასების ჩასატარებლად მოწვეული ასეთი არტისტი, ყოველ დროში და ნებისმიერ სასწავლო სისტემაში, მხოლოდ სარგებლობის მომტანია მომავალი მსახიობისათვის.

ამ ამბიდან გავიდა დაახლოვებით 20 წელიწადი, გივი ბერიკაშვილის ერთ-ერთ დაბადების დღეზე, თამადა გახლდით, სუფრას კი სხვებთან ერთად, ბატონი რამაზ ჩხიკვაძეც ამშვენებდა. როდესაც მის სადღეგრძელოზე მივედი, გამოვაცხადე რომ ბევრმა ალბათ არ იცით ბატონი რამაზის პედაგოგიური მოღვაწეობის ამბავი მეთქი და დავიწყე მოყოლა… იყო დიდი ჟრიამული, ერთი ეპიზოდის მოყოლისას, ყველაზე ხმამაღლა თავად ბატონი რამაზი იცინოდა… სადღეგრძელო რომ შეისვა, სამადლობელ სიტყვაში მითხრა, ჩემი მემატიანე ყოფილხარ, თავი ისედაც მომეჭრა, მაგრამ ეს ისტორია ძალიან მომეწონა და გაძლევ უფლებას ყველგან მოყვეო… ჰოდა, დღეს ვუსრულებ დანაპირებს.


image

მეორე კურსზე, ძირითადად სხვადასხვა ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები იდგმება ხოლმე. ბატონმა რამაზმაც აირჩია ორი სხვადასხვა ეპიზოდი „თეთრი ბაირაღებიდან“ და ერთი ეპიზოდი „რევიზორიდან“ – სწორედ ის სცენა, სადაც ხლესტაკოვი დედას და ქალიშვილს ერთდროულად „აბამს“. ხლესტაკოვის როლის შემსრულებელ სტუდენტს აქედან მოუარა, იქედან მოუარა ბატონმა რამაზმა და უცებ ჰკითხა: კიროვის ბაღში ყოფილხარ? – დიახ. – წარმოიდგინე რომ ხარ კიროვის ბაღში… წარმოიდგინე? – დიახ, ბატონო რამაზ… – ზიხარ სკამზე, აბა დაჯექი. სტუდენტი ჩამოჯდა. – შენს წინ ზის გოგონა, ნიავია, უფრიალებს კაბა, მოუჩანს ბაყვი… გსიამოვნებს? – დიახ… გაუბედავად წარმოთქვა დაბნეულმა სტუდენტმა. – ჰოდა, ზუსტად ასე უნდა გესიამოვნოს რეჟისორის მოცემული ამოცანა და პიესის ვითარება. ეს თქვა და ბატონი რამაზი მრავალმნიშვნელოვნად დაეშვა სკამზე. სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი ისეთი ხარხარი აუტყდა საკუთარ პედაგოგიურ მიდგომაზე და თანაც ისეთი გადამდები იყო, რომ მთელი აუდიტორია ხარხარებდა. ცალკე სანახავი იყო, როგორ თამაშობდა „შებმულ“ ქალბატონებს თავად. ამის გაძლება მართლაც რომ შეუძლებელი იყო…

image

გავიდა ბატონი გივის დაბადების დღიდან კიდევ ცოტა ხანი და (მაშინ რუსთავი 2-ის გახმოვანების სტუდიაში ვმუშაობდი) ჩემი კაბინეტის კარზე კაკუნია. მობრძანდით – დავიძახე მე. კარი იღება და ზღურბლთან ბატონი რამაზი არ დგას… – მეჩვენება თუ შენა ხარო… – რამ შეგაწუხათ, ბატონო რამაზ, რით შემიძლია დაგეხმაროთ მეთქი? – მითხრა ვისაც ეძებდა, მეც მარტივად მივასწავლე, თუმცა ამ შანსს როგორ გავუშვებდი ხელიდან და მე მიგაცილებთ მეთქი… გზაში მეკითხება – შენა და… ჩემი პედაგოგობის ამბავი აქაც იციან? და ორივეს ერთად აგვიტყდა სიცილი.

ბოლოს ვთხოვე, იქ სუფრაზე ვერ შეგბედეთ და ერთი სამახსოვრო ფოტო გადავიღოთ მეთქი. – აბა რა, მერე მოგონებებში, ჩემს პედაგოგობაზე რომ იშაყირებ, ნივთმტკიცება ხომ დაგჭირდებაო…"


17 ოქტომბერი რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალების დღეა, შეაგახსენებთ, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1980), საქართველოს სსრ-ის დამსახურებული (1961) და სახალხო (1972), სსრკ სახელმწიფო და შოთა რუსთაველის პრემიების ლაურეატი, სოციალისტური შრომის გმირი (1988), საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1998) 2011 წელს გარდაიცვალა 83 წლის ასაკში.

0
601
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
601
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0