საბუნებისმეტყველო 7 წელი ციხეში გაატარა, ხოლო შემდეგ, რომის ცენტრში დაწვეს – ჯორდანო ბრუნოს ცხოვრების და მოღვაწეობის რეალური ისტორია 4 ოქტომბერი, 8:48 უმრავლესობისთვის ჯორდანო ბრუნო იყო ადამიანი, რომელმაც თავი იდეებს, მეცნიერებას შესწირა და რომ ის, სიკვდილის წინ, ყველაფრის მიუხედავად, ჯიუტად იმეორებდა: «და ის მაინც ტრიალებსო!»... სინამდვილეში, ჯორდანო ბრუნო აღორძინების ეპოქის ყველაზე დიდი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, პოეტი, არაერთი წიგნის და ტრაქტატის ავტორი იყო. ფილიპო ბრუნო 1548 წ. ნეაპოლის მახლობლად, ნოლას კომუნაში დაიბადა, დაქირავებული ჯარისკაცის, ჯოვანი ბრუნოს ოჯახში. 11 წლის ასაკში ის ნეაპოლში გაგზავნეს ლიტერატურის, ლოგიკის და დიალექტიკის შესასწავლად. 15 წლის იყო, წმ. დომინიკის მონასტერში რომ ჩააბარა. იქ 10 წელი გაატარა, ბერად აღიკვეცა და მეორე სახელი – ჯორდანო მიიღო. 1572 წელს 24-წლის ჯორდანო მღვდელი გახდა. მაგრამ, 1575 წელს, საეკლესიო მსახურების დროს, თამამი აზრების გამოთქმის გამო, სასულიერო პირებმა ეჭვი შეიტანეს, რომ ის აკრძალულ წიგნებს კითხულობდა და ერესში დაადანაშაულეს. ამის გამო, ახალგაზრდა მღვდელი იძულებული გახდა, იტალიიდან გაქცეულიყო. 17 წლის მანძილზე ბრუნო ევროპაში (შვეიცარია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია) მოგზაურობდა და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა, – წერდა წიგნებს, ლექციებს კითხულობდა და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. ბრუნო თავის გამოსვლებში კატეგორიულად უპირისპირდებოდა კათოლიკურ ეკლესიას და იმ დროს არსებულ ყველა რელიგიას. ის თვლიდა და ხმამაღლა აცხადებდა, რომ რელიგია მეცნიერების განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი იყო. 1584 წელს ლონდონში გამოვიდა მისი მორიგი წიგნი – «სამყაროების უსასრულობის შესახებ», რომელსაც მკვლევარების ერთი ნაწილი თანამედროვე მატერიალისტური ბუნებისმეტყველების საფუძვლად მიიჩნევს. მასში მოცემულია ინფორმაცია მატერიალური სამყაროს, სივრცის და დროის ერთობლიობის შესახებ. გარდა ამისა, წიგნის ავტორი ამტკიცებს, რომ მზის და მის ირგვლივ მოძრავი პლანეტების გარდა, სამყაროში სხვა ვარსკვლავების სისტემებიც არსებობს და მათი რაოდენობა, შეიძლება, «უსასრულო იყოს». იდეას სამყაროს სივრცის უსასრულობის შესახებ, ბრუნო დიდი მონდომებით იცავდა საკუთარი ბრალმდებლების წინაშეც და არ თვლიდა, რომ მისი წარმოდგენა საკითხთან დაკავშირებით, ერეტიკული იყო! ბრუნოსთვის ის ფილოსოფიას წარმოადგენდა, რასთანაც დაპირისპირება, თვით ჭეშმარიტ რწმენასაც არ შეეძლო. ბრუნოს ამგვარ სიჯიუტე მხოლოდ იდეისადმი ერთგულება კი არა, გარკვეულწილად, თავდაცვის მექანიზმიც იყო. ინკვიზიცია ფილოსოფოსებს შედარებით რბილად ექცეოდა. მაგ., ჯიროლამო ბორი ერთი წელი იჯდა ციხეში, აკრძალული წიგნების შენახვისა და სულის მოკვდაობის სწავლების გამო. მაგრამ, შემდეგ გაათავისუფლეს; ინკვიზიციამ დაჰკითხა ფილოსოფოსი ფრაანჩესკო პატრიციც. მაგრამ, არ დაუკავებია და რომის უნივერსიტეტში ლექციების ჩატარების უფლებაც კი მისცა. იყო სხვა ფაქტებიც... მაგრამ, ჯორდანო ბრუნოს ინკვიზიცია ფილოსოფოსად კი არა, კათოლიკე ბერად მიიჩნევდა, რომელმაც უარი თქვა რწმენაზე და მას ბევრად უფრო მკაცრად მოექცა. მისი შრომების შესწავლის შემდეგ, 1599 წლის 14 იანვარს, სასამართლოზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა სია, რომელიც 8 ერეტიკულ მტკიცებულებას შეიცავდა. ბრუნოს მოსთხოვეს, რომ გაშვების სანაცვლოდ, უარი ეთქვა მათზე. კონკრეტულად რა ეწერა სიაში, ცნობილი არ არის. მაგრამ ცნობილია, რომ ბრუნომ ინკვიზიციის წინადადება არ მიიღო. იმავე წლის აპრილში და დეკემბერში ისევ მიმართეს ბრუნოს ანალოგიური წინადადებით — და მან ისევ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და რომ «მოსანანიებელი არაფერი აქვს». ბოლო შეხვედრის შემდეგ, ჯ. ბრუნოს წიგნები აკრძალეს, ხოლო თავად მეცნიერი, როგორც ერეტიკოსი, ისე გაასამართლეს. სწორედ იდეების და ეკლესიასთან დაპირისპირების გამო დასაჯეს სიკვდილით ჯორდანო ბრუნო და არა იმიტომ, რომ თითქოს ამტკიცებდა, დედამიწა ბრუნავსო. ეკლესიისთვის მიუღებელი იყო მზის სისტემის გარდა, სხვა ვარსკვლავების არსებობა და ამის გამო, პროგრესულად მოაზროვნე მეცნიერმა 17 წელი დევნილობაში და 7 წელი ციხეში გაატარა, ხოლო შემდეგ, რომის ცენტრში, კამპო დეი ფიორის მოედანზე, დაწვეს. 2002 წელს რომის პაპმა, იოან პავლე II რომის კათოლიკური ეკლესიის სახელით, საჯაროდ მოიხადა ბოდიში, ინკვიზიციის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების გამო. რაც შეეხება ჯორდანო ბრუნოს, იმ ადგილზე, სადაც ის სიკვდილით დასაჯეს, ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს, მისი ძეგლი აღმართეს. არხის სხვა სიახლეები:* ატლანტიდას იდუმალი ლითონი, რომელიც ძველ ბერძნულ წყაროებშია ნახსენები* მეტად უცნაური და არაადეკვატური ფაქტები ჩვენი წარსულიდან* მათთან ერთად ცხოვრება, ნამდვილად რომ სახალისოა... (20 ფოტო)* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ403 1-ს მოსწონს
|