x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"პირველად რომ ვნახე ქართული ფილმი, მივხვდი, რომ სახით, ხასიათით ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვგავართ" - მარჩელო მასტროიანი
image

28 სექტემბერს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა გამოჩენილ იტალიელ მსახიობს, ყველაზე მნიშვნელოვანი იტალიური, ევროპული და მსოფლიო კინოპრემიების მფლობელს, მარჩელო მასტროიანს.


მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან მუშაობდა ყველაზე გამოჩენილ იტალიელ რეჟისორებთან. მისი კონცეტრირებული, თავშეკავებული და გარკვეულწილად ექსცენტრიული სამსახიობო მანერა იდეალური გახდა იტალიური კინოს მრავალი კლასიკური ნიმუშისთვის. მასტროიანის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი შემოქმედებითი კავშირი ჰქონდა ფედერიკო ფელინისთან "ტკბილი ცხოვრება (1960), "რვანახევარი" (1963), "რომი" (1972), "ჯინჯერი და ფრედი" (1986).მთლიანად მასტროიანიმ ითამაშა 100-ზე მეტ ფილმში.



მის 100 წლოვან იუბილესთან დაკავშირებით გთავაზობთ მისი თბილისური ვოიაჟის დეტალებს, რომელიც 1988 წელს შედგა.



image

მარჩელო მასტროიანი საქართველოში 1988 წლის მარტში ჩამოვიდა და სამი დღე დარჩა. იყო შეხვედრა მსახიობთან სახელმწიფო ფილარმონიაში და ფილმების ჩვენება მისი მონაწილეობით. საპატიო სტუმარს აჩვენეს ღირსშესანიშნაობანი, წაიყვანეს გორში იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმში, აიყვანეს ჯვრის მონასტერში.საუბარი იყო მისი ქართულ კინოში მონაწილეობის შესაძლებლობაზე.


გამოჩენილ იტალიელზე, რომელიც მიჩვეული იყო ილუმინაციით გაკაშკაშებულ ევროპას, საქართველოს დედაქალაქმა თავისი მკრთალი მოყვითალო ელექტროშუქით დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა. მოღუშულმა და პირქუშმა სერგო ფარაჯანოვმაც, რომელიც თითქოს სულაც არ იყო გახარებული მეგობრის ჩამოსვლით, მისი განწყობა კიდევ უფრო დაამძიმა.
სასტუმროს უზარმაზარ ფოიეშიც ასევე ბნელოდა, და მხოლოდ სადღაც შორეულ კუთხეში ბჟუტავდა ნათურა. ლამის ხელის ცეცებით მივიდნენ მასტროიანი და ფარაჯანოვი სარეგისტრაციო დგართან. პორტიეს ეძინა. გასაღვიძებლად ფარაჯანოვს მოუწია მხარზე ხელი მოეკიდა ახალგაზრდა ბიჭისთვის და შეეჯანჯღარებინა. მან ძლივს ასწია ნამძინარევი თვალები და როცა ორი მაესტრო დაინახა, დაბნეულად ჰკითხა სიბნელეს: "მასტროიანი?" "მასტროიანი!" — უპასუხა მარჩელომ, გახარებულმა, რომ იცნეს. "მაააასტროოიიიააანიიი!!!" — იღრიალა ბიჭმა მთელი ხმით, სკამიდან წამოხტა და ხელები გაშალა.
კიდევ ერთი წამი და თვალისმომჭრელმა შუქმა გააჩახჩახა სასტუმროს დარბაზი. სტუმარს თვალწინ ასეთი სურათი გადაეშალა: პირდაპირ ფოიეში იდგა მაგიდები, რომლებზეც აუარება საუცხოო ქართული პურმარილი იყო დახვავებული, მაგიდების ირგვლივ ფეხზე მდგარი ხალხი ძვირფას სტუმარს ესალმებოდა ხელში ქარვისფერი კახური ღვინით სავსე ყანწებით. შემდეგ დაიწყო თუ დაიწყო, რაც მაესტროს შეეფერებოდა — სიმღერები, ცეცხლოვანი ცეკვები და უამრავი სიურპრიზი სერგო ფარაჯანოვის სტილში.
კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას მოგონებებიდან:
"მარჩელოს გავუმართეთ ნადიმი რეზო თაბუკაშვილთან და მედეა ჯაფარიძესთან სახლში. ჩემთანაც იყო სახლში. შემდეგ წავიყვანეთ სერგო ფარაჯანოვთან. იქ ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა. ფარაჯანოვი მთაწმინდაზე, ისეთ ადგილზე ცხოვრობდა, სადაც დიდი მანქანა ბოლომდე ვერ ადიოდა. ჩვენ ჩამოვედით მანქანიდან და გზას ფეხით გავუყევით, ამ დროს ერთ-ერთი თბილისური ეზოდან გამოვიდა ქალი, რომელსაც ხელში ვედრო ეჭირა. მარჩელო რომ დაინახა, გაჩერდა, უცებ ვედრო ძირს დააგდო და ატეხა ყვირილი: მარჩელო ჩამოვიდა, მარჩელო ჩამოვიდაო, და ასე კივილ-კივილით შევარდა ეზოში. ჩვენ შევედით სერჟიკასთან, ის საოცარი ადამიანი იყო, იყო კაცი-თეატრი. როცა სერჟიკასგან გამოვედით, ქვემოთ უამრავი ხალხი დაგვხვდა ყვავილებით. ისინი მივიდნენ მარჩელოსთან. გაოცებული იყო: ასე თბილად ხალხი იტალიაში არ შემხვედრიაო, თქვა ცრემლმორეულმა"
image
კინორეჟისორისა და სცენარისტის ირაკლი კვირიკაძის მოგონებებიდან: "მე დაკავებული ვიყავი მასტროიანის თბილისის პროგრამით, ვინაიდან გადაწყდა, რომ მე მისთვის სცენარი უნდა დამეწერა. დილით მივდივარ ფარაჯანოვთან სახლში, რათა გავაფრთხილო იტალიელი სტუმრის მომავალი ვიზიტის შესახებ. ფარაჯანოვი წარბშეკრული მხვდება, ქვედა საცვალში და შპრიცით ხელში (ის თავად იკეთებდა ინსულინის ნემსებს). მას დიაბეტის შეტევა აქვს. ცუდ ხასიათზეა.
— ვინ არის მასტროიანი?— მეკითხება და მარწმუნებს, რომ ეს სახელი არასოდეს გაუგონია (თავს მაჩვენებს, რასაკვირველია). - არ მინდა მისი ნახვა, კისერიც მოუტეხია… მე ავად ვარ!
როდესაც სასტუმროში მასტროიანთან დავბრუნდი, ძალიან უგუნებოდ დამხვდა. თურმე, ღამით ლოს-ანჯელესიდან მოვიდა ცნობა, რომ მისი ნომინაცია "ოსკარზე" ჩაფლავდა (მასტროიანი ნომინირებული იყო მამაკაცის საუკეთესო როლზე რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის ფილმში "შავი თვალები").
ესეც შენ, ვფიქრობ ჩემთვის, კარგ შარში გავეხვიე. ორივე გენიოსი ცუდ ხასიათზეა. და მაინც გავრისკე წამეყვანა მასტროიანი ფარაჯანოვთან. ის ღამე ყველასთვის დაუვიწყარი დარჩა. სტუმარი ბევრი შეიკრიბა… ფარაჯანოვის მოფამფალებული სახლის ძველი კედლები ლამის ჩამოიქცა ჩვენი სიცილ-ხარხარისგან. და ეს რომ არ მომხდარიყო, სერგომ სტუმრები ღამის ქუჩაში გამოიყვანა, რათა მეზობლებისთვის ცოცხალი მარჩელო მასტროიანი გაეცნო.
გაღვიძებული მეზობლების აღტაცებულმა შეძახილებმა მთელი სოლოლაკის უბანი ფეხზე დააყენა! ვიწრო ქუჩაზე ხალხმა დაიწყო დენა ხელში ღვინის ბოთლებით, ყველით, მწვანილით. გაიშალა გრძელი მაგიდა და დაიწყო ქეიფი. განთიადის მთვარე ანათებდა. მარჩელო უსმენდა იმპროვიზებულ ქართულ სიმღერებს, სვამდა ღვინოს, და ნამდვილად ბედნიერი იყო. ის ყვიროდა. "წყალსაც წაუღია ყველა "ოსკარი", ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს! საცხოვრებლად თბილისში ვრჩები!
image
მარჩელო მასტროიანი ნანა თუთბერიძესთან (ამონარიდი ინტერვიუდან): "ძალიან ბევრი მიამბო თქვენი ფილმების შესახებ ტონინო გუერამ (იტალიელი სცენარისტი), თქვენი ხალხი საოცარი ესთეტიკის მატარებელია, თავის ტრაგიკულ სათქმელს ისე მსუბუქად, დახვეწილად, ფერებით გადმოსცემს, რომ დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე.


მოსკოვში დიდი ფორუმის დროს "მონანიება" ვნახე. გავიფიქრე, ნუთუ ეს ფილმი საბჭოთა კავშირშია გადაღებული საბჭოთა წარმომადგენლების მიერ-მეთქი? მითხრეს, მეგობარო, ეს ქართული ფილმია, გადაღებულია მანამდე, სანამ გარდაქმნა დაიწყებოდაო. მერე ვიფიქრე, რომ თქვენს რესპუბლიკაში მეტი თავისუფლება იყო, მეტი გასაქანის ადამიანები იყვნენ... პირველად რომ ვნახე ქართული ფილმი, მივხვდი, რომ სახით, ხასიათით ჩვენ (ქართველები და იტალიელები) ერთმანეთს ძალიან ვგავართ. იტალიური ფილმი მეგონა, ვიფიქრე, როგორ შეიძლება ეს საბჭოთა იყოს, როგორ გარდაიქმნა საბჭოთა იტალიურად-მეთქი?! აღფრთოვანებული ვარ თქვენი შემოქმედებით. ჩემი მეგობარი ტონინო გუერა საქართველოზე მიყვებოდა, რომ ეს არ არის მხოლოდ ტურისტული ქვეყანა, ეს ის ქვეყანაა, რომლის ხალხით მოიხიბლებიო. თქვენი კერძები საოცარია, იმდენად კარგი და გემრიელია, იმდენად ვარ მოხიბლული, რომ მე თქვენს ქვეყანაში უცხოელად თავი არც მიგრძნია".

image

მარჩელო მასტროანის თბილისში სტუმრობა იურა მეჩითოვის ფოტოკამერამ შემოინახა, ფოტოგრაფი იხსენებს:



– კარგად მახსოვს, 1988 წლის 13 მარტი იყო. იმ დროს, როცა მარჩელო მასტროიანი სერგო ფარაჯანოვთან უნდა მოსულიყო, მე სერგოსთან ვიყავი. კარგა ხანს ველოდეთ და ღამის პირველ საათზე მოვიდა თავისი ამალით. ოღონდ, სერგოს სახლამდე მანქანა ვერ ამოვიდა აღმართზე და ფეხით გამოაგრძელეს გზა. მარჩელოს თან ახლდა რეჟისორი, ირაკლი კვირიკაძე. კარგად შეზარხოშებული იყო უკვე მსახიობი. ჩვენ რა თქმა უნდა, გზაში შემოვხვდით და რაღაც მონაკვეთი ერთად გავიარეთ.


სერგოს მეზობელი რუსიკო შემოგვხვდა, რომელიც ადრე „სუხიშვილების“ მოცეკვავე გახლდათ და უყურებს მარჩელოს გაოცებული…

image

კინოსტუდიის დირექტორის მოადგილემ, დიმა გონგლიაშვილმა უთხრა – „ის“ არის“. დაიწყო რუსიკომ სიხარულისგან კივილი, ჩაეხუტა მარჩელოს… სერგოს ისედაც გაფრთხილებული ჰყავდა მეზობლები, რომ მარჩელო ავიდოდა მთაწმინდაზე და რუსიკოს ყვირილზე გამოცვივდნენ გარეთ. მოჰქონდათ საჭმელ-სასმელი, ღვინო, ტკბილეული და იქვე, ეზოში გაიშალა სუფრა. მარჩელო გადაირია, ასე იტალიაშიც კი არ მხვდებიანო.

თემის გაგრძელება


''- შუშანა, მე შენ მიყვარხარ!''- როგორ იპოვა მარჩელო მასტროიანმა სიყვარული ძველ თბილისში"(ნახეთ ამ ბმულზე)

image

0
211
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0