საზოგადოება “მიმოწერა გვქონდა და ვიცი…”- რა ინფორმაციას ავრცელებს კესარია აბრამიძის მეგობარი 19 სექტემბერი, 13:52
ტრანსგანდერი ქალის, კესარია აბრამიძის სასტიკ მკვლელობას ეხმაურება ანა იანუშაიტიტის დედა, ნატო ხუტაშვილი, რომლის 12 წლის ქალიშვილიც 17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე გაურკვევლ ვითარებაში იქნა გარდაცვლილი. კესარიას მეგობრის თქმით, მასთან ბოლო მიმოწერის შედეგად ის ფლობდა აბრამიძის ტოქსიკურ ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას:
"ასეთ მოძალადეებს ზრდიან ქალები, რომლებიც წერენ, რომ [კესარია] აქამდე იყო მოსაკლავი და ა.შ. კესო ხშირად დადიოდა ჩემთან, ბოლო პერიოდში მხოლოდ მიმოწერა გვქონდა და ვიცი, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში იყო. ეს უნდა შეწყდეს! ასე არ შეიძლება! გაზარდეთ ქალებო კაცები, ნუ ზრდით ლაჩრებად!" – აცხადებს მოკლული არასრულწლოვნის, ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი palitravideo.ge-სთან.
ცნობისთვის, კესარია აბრამიძე ჯერ კიდევ აპრილში წერდა, რომ ის ტოქსიკურ ურთიერთობაში იყო და ამის გამო, გარკვეული პერიოდით საქართველოს დატოვებაც კი მოუწია. მოგვიანებით, მან ეს სტატუსი წაშალა...
"მოგესალმებით მეგობრებო თითქმის 2 წელია ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში, ხშირად მეკითხებიან რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან. მიზეზი სწორედ ეს იყო. გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის მსხვერპლი. მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით, რომ თავი დამეღწია შექმნილ რთულ სიტუაციას, აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისურვებ საჯაროდ ამ თემაზე არა ძალადობას!
აქვე მადლობა ჩემს კარის მეზობელს რომელმაც გადამარჩინა, როცა ბოლოს სახლში მომივარდა, თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი. სადღაც ერთი თვის წინ ტვინის შერყევით თვითონვე მიმიყვანა ღუდუშაურში, რაც დაფიქსირებულია ამ კლინიკაში. ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ვიყო სხვა ქალებისთვის მაგალითი და წლები ნუ გაატარებთ მანიპულატორ ნარცის მოძალადესთან! არა ქალთა კვლას რაც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა ფაქტია, რომ ბევრი ქალისთვის სამაგალითო ვარ და უძლიერეს ქალთან ვასოცირდები ჩემთანაც მოხდა ეს" - წერდა აბრამიძე.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელიც კესარია აბრამიძემ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა. ის ფოტოზე მამაკაცთან ერთადაა, თუმცა მისი ვინაობის შესახებ მანამდე არ უსაუბრია. გარდაცვლილი კესარია აბრამიძის მეგობრები ამბობენ, რომ ის სახლში, სადაც მოკლული იპოვეს, მეგობარ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ბოლო დროს მათ ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდათ და ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას 50-მდე სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. სამართალდამცველებმა 37 წლის ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის ფაქტზე მისი მეგობარი მამაკაცი 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს, რომელთანაც მას რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა.
|