საზოგადოება
"ამ ფოტოს მერე, დუმილი რანაირად გამოგდით?" - რა ფოტოს აქვეყნებს ნინი შერმადინი
2024, 3 დეკემბერი, 13:55
ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი მომღერალი, ნინი შერმადინი პარლამენტის წინ, მშვიდობიანი პროტესტის დროს, პოლიციელების მხრიდან "ტვ პირველის" ჟურნალისტზე, მარიამ გაფრინდაშვილზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას განახორციელებული ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"ჟურნალისტები რომ არა, ხელოვანი ადამიანების მოღვაწეობას ხომ აზრი არასდროს ექნებოდა, ჟურნალისტებს რომ არ გაეშუქებინათ თითოეული ჩვენი წარმატებული თუ წარუმატებელი ნაბიჯი ხომ არ გეცოდინებოდათ ჩვენი არსებობა? რამდენჯერ დაგვხმარებიან ჟურნალისტები? მე ვიცნობ მარიამს, მე მადლიერი ვარ მისი… ნამდვილად გმირი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი…
მარიამ მალე გამოჯანმრთელდი გთხოვ!
ღმერთო დაიფარე საქართველო და ქართველი ხალხი!
ამ ფოტოს მერე მაინც, დუმილი რანაირად გამოგდით?" – ვკითხულობთ ნინი შერმადინის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ აქციაზე "ტვ პირველის" ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მას თავი ჰქონდა გატეხილი, უჭირდა სუნთქვა და აღენიშნებოდა გონების დაკარგვის ეპიზოდი.
მარიამ გაფრინდაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანით ინგოროყვას კლინიკაში იქნა გადაყვანილი.მოგვიანებით როგორც მისმა მკურნალმა ექიმმა განაცხადა, დაშავებულს მსუბუქი ტვინის შერყევა და ამის ფონზე თავბრუსხვევა აღენიშნებოდა, ასევე შუბლზე ჰქონდა ჭრილობა, რომლის გაკერვაც გახდა საჭირო. "ტვ პირველის" ჟურნალისტმა კლინიკა უკვე დატოვა.