x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ხრუშჩოვს არა მარტო ქართველების გასახლება სურდა,არამედ აფხაზეთის რუსეთთან შეერთებაც
image

11 სექტემბერი(1971წ.)სკკპ ცკ-ის პირველი მდივანის, ნიკიტა ხრუშჩოვის გარდაცვალების დღეა.ხრუშჩოვს რომ ქართველები არ ყვარებოდა ამის მიზეზი ნამდვილად ჰქონდა, ბოლო-ბოლო ამისთვის მარტო სტალინის და ბერიას პერსონებიც კმარა, რომელთა მიმართ შიში და სიძულვილი ერთდროულად ჰქონდა და პლუს ამას მათგან დამამცირებელ დაცინვასაც იტანდა.ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ იგი მუხლებზე დახოხავდა იოსებ სტალინის წინაშე და ცდილობდა დაეყოლიებინა იგი, რომ არ დაესაჯა თავისი შვილი ლეონიდი, რომელსაც უნებლიედ შემოაკვდა ოფიცერი.


ყველაფერ ამას ამყარებდა 1956 წლის სისხლიანი 9 მარტიც, ქართველები ფიქრობდნენ, რომ ხრუშჩოვმა სტალინის ქართველობის გამო მოაწყო სასაკლაო.ამიტომ გასაკვირი არაა, რომ იგი ქართველების გასახლებით იმუქრებოდა(განსაკუთრებით როცა დათვრებოდა)თუმცა როგორც ირკვევა, ხრუშჩოვის მიერ ქართველების დასჯა მარტო ამით არ შემოიფარგლებოდა, მას თურმე აფხაზეთის რუსეთთან შეერთებაც სურდა.



თავისი მმართველობის დასასრულს ხრუშჩოვი შეეცადა, რომ აფხაზეთის ასსრ გამოეყვანა საქართველოს შემადგენლობიდან და რუსეთისთვის შეეერთებინა. ამ სურვილს სსრ კავშირის ხელისუფლების სათავეში მოკალათებული რუსი შოვინისტები ფარულად ყოველთვის ელოლიავებოდნენ, ხოლო დროდადრო აშკარადაც გამოხატავდნენ.




1963 წლის აგვისტოში ზემოხსენებული სურვილი კიდევ ერთხელ გამჟღავნდა. იმხანად საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის თანამდებობაზე მომუშავე დევი სტურუა იგონებდა: “მჟავანაძემ დამირეკა და მთხოვა, მასთან მივსულიყავი. მის კაბინეტში აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი მიხეილ ბღაჟბა იჯდა. მივესალმე მათ და მისადგმელ მაგიდას მივუჯექი. მცირე პაუზის შემდეგ მჟავანაძემ მიმართა ბღაჟბას რუსულად:

- აბა, გაიმეორე ის, რა მომიყევი.

ბღაჟბა შეიშმუშნა, აშკარად არ ესიამოვნა ეს წინადადება.

- მე მხოლოდ თქვენთვის მინდოდა ამ ამბის გამხელა ვასილ პავლოვიჩ!

- არა უშავს, გაიმეორე.

- იქნებ არ ღირს, ვასილ პავლოვიჩ.

- მე გეუბნები, გაიმეორე-მეთქი!

- როგორც ბრძანებთ, ვასილ პავლოვიჩ.

აქ მომყავს თითქმის უცვლელად მიხეილ ბღაჟბას ნაამბობი:

- ამას წინათ ხრუშჩოვმა დამპატიჟა სადილად ბიჭვინთის აგარაკზე. კარგად რომ შექეიფიანდა, უეცრად მკითხა, წაიკითხე თუ არა “პრავდაში” დაბეჭდილი ანგარიში უცხოელ სტუმართან ჩემი შეხვედრის თაობაზეო. არა-მეთქი, გამოვუტყდი. ხრუშჩოვმა თანაშემწეს “პრავდის” ნომერი მოატანინა და მიმანიშნა ხსენებულ ინფორმაციაზე. მე ის უცებ გადავიკითხე.

- რა წერია, სად მივიღე სტუმარი? - იკითხა ხრუშჩოვმა და თვითონვე უპასუხა: აქ, აი, ამ ოთახში. გაზეთში კი რა წერია? - სოჭის რაიონშიო, მიმიხვდი?

- ვერა-მეთქი, - ვუპასუხე.

- რა მიხვედრა უნდა? - გაბრაზდა ხრუშჩოვი, - სად მივიღე სტუმარი? - ბიჭვინთაში. ინფორმაციაში კი წერია - “სოჭის რაიონშიო” («в районе Сочи»). ახლა კი წადი და მოხსენებითი ბარათი გაამზადე ჩემს სახელზე.

ახლაღა მივხვდი, რომ ხრუშჩოვი მავალებდა მოხსენებითი ბარათის წარდგენას, აფხაზეთის კრასნოდარის მხარესთან მიერთების თაობაზე. მე, რა თქმა უნდა, ამის გაკეთებას არ ვაპირებ, ვინაიდან ეს აფხაზი ხალხისთვის სიკვდილის ტოლფასია.

- რომ დაგაძალონ? - ვკითხე მე.

- არავითარ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებ.

- ვინმე ესწრებოდა ამ საუბარს?

- ხრუშჩოვის მეუღლე და მისი თანაშემწეები - ლებედევი და შევჩენკო.

- ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეინახეთ, - დაასკვნა მჟავანაძემ, - თუ დაწოლა გაძლიერდა, იმწამსვე შეგვატყობინეთ.

როცა ბღაჟბა წავიდა, მჟავანაძემ გაიარ-გამოიარა თავის კაბინეტში და მერე ქართულად მკითხა:

- გჯერა მაგი შეენ?

- ეს შეკითხვა იმით იყო განპირობებული, რომ მიხეილ ბღაჟბა სხვადასხვა მოულოდნელი იმპროვიზაციის დიდოსტატი იყო. შეიძლება ის ამუნათებდა საქართველოს ხელმძღვანელობას, - აი, რა გმირი ვარ, თვით ხრუშჩოვის ნება-სურვილს წინ აღვუდექიო. მის სიტყვებს კაცი ვერ შეამოწმებდა. ხომ არ ჰკითხავდა მჟავანაძე ხრუშჩოვს, მართლა მიეცი ბღაჟბას ეს დავალება თუ არაო. მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი რამის მოგონება თუ გამოგონება ძალზე სარისკო იყო. ვთქვათ და, თუ მაინც შეეკითხებოდა მჟავანაძე ხრუშჩოვს, თუნდაც გადაკვრით, რამდენად შეეფერება სინამდვილეს ბღაჟბას მონაყოლიო, მაშინ ხომ მისი მდგომარეობა უაღრესად დამძიმდებოდა: თანამდებობის გარდა, პარტიის რიგებსაც დასტოვებდა “ცილისწამებისთვის”...

მე პირადად მჯერა, რომ ეს დიალოგი ხრუშჩოვსა და ბღაჟბას შორის შედგა. შემდგომ რამდენჯერმე ვკითხე ბღაჟბას, განმეორდა თუ არა ხრუშჩოვის ეს შეთავაზება. ბღაჟბა ამბობდა, არაო. მაგრამ ამ წინადადებას 1967 წელს ჰქონდა გამოძახილი. სეპარატისტების დევიზი მაშინ ასეთი იყო: “ან დამოუკიდებელი რესპუბლიკა, ან კრასნოდარის მხარესთან მიერთება!”



მთავარ ფოტოზე: ნიკიტა ხრუშჩოვის ჩამოსვლა საქართველოში, 1961 წლის მაისი, წინ, მარცხნივ: ნიკიტა ხრუშჩოვი, უკან, მარჯვნიდან: გიორგი ძოწენიძე, ვასილ მჟავანაძე, ფათუშა დუმბაძე

0
339
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0