x
მეტი
  • 10.09.2024
  • სტატია:136975
  • ვიდეო:351964
  • სურათი:511144
ვისაუბროთ კულტურაზე

ზაფხულის დღეებში ჩვენს ტელეარხებს ჩავუჯექი. მინდოდა იმ გადაცემებისთვის შემევლო თვალი, რომლებიც კულტურის სხვადასხვა სფეროს აშუქებს - თეატრი, ლიტერატურა, კინო, თანამედროვე ხელოვნება. ამ შინაარსის გადაცემები იმდენად ცოტაა, რომ ტოტალურ სიცარიელეს მაინც ვერ ავსებს. რა არის ამის მიზეზი? უპირველესად ალბათ ის რომ უკვე დიდი ხანია, ჩვენი მედია სივრცე სრულიად პოლიტიზებულია. ცხადია, მათ სრული უფლება აქვთ, ისეთი შინაარსი ჰქონდეთ, როგორიც დამკვეთებს მოესურვებათ, თუმცა რატომ არ ჩნდება მათ საეთერო ბადეში კულტურა? ის, რაც არის, მკაცრად მასკულტურულია - გასართობი გადაცემები, შოუები, სამზარეულო თუ მუსიკალური კონკურსები, თოქშოუები და ა. შ.

კულტურის პროცესების შესახებ სიახლეებს დილის და შუადღის შოუებში შეიტყობთ და მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ჟურნალისტები პროფესიულად აშუქებენ, კულტურა მაინც რჩება იმ განტევების ვაცად, რის ხარჯზეც მედია თავის კომერციულ რეიტინგებს წერს. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ ყველაზე კეთილსინდისიერად საზოგადოებრივი მაუწყებელი იქცევა. ეს ბუნებრივიცაა - მისი მიზანი ხომ საზოგადოების ყველა ინტერესის და მოთხოვნილების ასახვაა.

რუსეთ- უკრაინის ომმა და ბოლოდროინდელმა საომარმა კონფლიქტებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ყურადღებამ სხვა პრიორიტეტებისკენ გადაინაცვლა; კულტურა კვლავ რჩება მარგინალურ სივრცედ, და რატომღაც, ადამიანებს კვლავ ჰგონიათ, რომ ის სასიცოცხლოდ ნაკლებ მნიშვნელოვანია. ვიდრე კულტურა საინფორმაციო გამოშვებების მხოლოდ ბოლო ბლოკში გაშუქდება, როგორც ჩვენი ცხოვრების რიგითი დანამატი, მანამდე პრიორიტეტებიც სხვა იქნება და მსოფლიო წესრიგიც. წინ ახალი სატელევიზიო სეზონია, თუმცა საეჭვოა, საარცევნო ვნებათაღელვაში, ჩვენი ტელეარხების უმეტესობამ კულტურის შინაარსზე იფიქროს და საეთერო ბადე სახელოვნებო გადაცემებითაც შეავსოს.

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:ნონა ქაჩლიშვილი
ნონა ქაჩლიშვილი
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0