x
მეტი
  • 08.09.2024
  • სტატია:136929
  • ვიდეო:351960
  • სურათი:511115
მტრის ხატის რღვევა – "პერესტროიკის" ბოლო აკორდი
imageფრანგი ისტორიკოსი ტოკვილი ამბობდა, ცუდი რეჟიმისთვის ყველაზე სახიფათო ჟამი მაშინ დადგება, როდესაც ის რეფორმირებას იწყებსო. 1986-1988 წლებში გორბაჩოვი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საზოგადოების ლიბერალური წრეები მის სახელს უკავშირებდნენ ქვეყნის დემოკრატიზაციის მოლოდინს, უკეთესი მომავლის იმედს. მისი მთავარი თანამებრძოლები იყვნენ ედუარდ შევარდნაძე და ცკ-ის მდივანი ალექსანდრე იაკოვლევი. მოწინააღმდეგე რეტროგრადთა ჯგუფს კი ეგორ ლიგაჩოვი ხელმძღვანელობდა. მთელი საზოგადოება პოლიტიკით სუნთქავდა და იკვებებოდა.
გაზეთებში მეტი თავისუფლება კი იგრძნობოდა, მაგრამ მაღაზიებში სულ უფრო ნაკლები პროდუქტი იყიდებოდა, სოციალური ფონი უარესდებოდა, მატულობდა ფასები, ხელფასები სიმბოლურ მოვლენად იქცა. დასავლეთში გორბაჩოვი საყოველთაოდ პოპულარული ხდებოდა. პირველად ისტორიაში მსოფლიომ იხილა ადამიანური საბჭოთა ლიდერი, რომელიც იღიმებოდა, თავს იფხანდა, არ იბღინძებოდა, ჰყავდა სიმპათიური მეუღლე. უბრალო ხალხს ასეთ რუსეთთან ურთიერთობა საშიშად აღარ ეჩვენებოდა, ნელ-ნელა ქრებოდა სსრკ-თან გაუცხოების შეგრძნება. იყო განცდა, რომ მსოფლიო მალე გამთლიანდებოდა. ფაქტია, რომ გორბაჩოვის დადებითი იმიჯის შექმნას დასავლეთის მედია მიზანმიმართულად უწყობდა ხელს. ასეთი პოლიტიკით სურდათ უფრო ღრმად ჩაერთოთ საბჭოთა ლიდერი დასავლეთთან დიალოგში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეთანხმებების გაფორმება პოზიტიურ საინფორმაციო ფონზე მომხდარიყო.

გორბაჩოვს დასავლეთის საზოგადოების მხარდაჭერა და მისი პერსონით აღფრთოვანება აშკარად სიამოვნებდა, იგი დამატებით ძალებს იკრეფდა შინ რთული პრობლემების მოსაგვარებლად და ოპონენტებთან საბრძოლველად. 1986 წლის დადგომა ამერიკელ ხალხს ტელევიზიით გორბაჩოვმა მიულოცა, საბჭოელებს კი რეიგანმა. გულუბრყვილოდ გვიხაროდა და გვჯეროდა, რომ მალე ჩვენც ამერიკელებივით მდიდრულად ვიცხოვრებდით. საერთო ფონი კი იცვლებოდა უკეთესობისკენ, მაგრამ რეალური პრობლემები მსოფლიოში არ მცირდებოდა. ექსპერტები უმტკიცებდნენ რეიგანს, რომ საბჭოთა კავშირი კვლავ აგრძელებდა გამალებულ შეიარაღებას და გორბაჩოვის მშვიდობიანი რიტორიკა რეალობას არ შეესაბამებოდა. დაახლოებით იგივეს ეუბნეოდნენ გორბაჩოვს მოსკოვში, ოღონდ პირიქით.
საბჭოთა კავშირი აგრძელებდა ომს ავღანეთში, აშშ კი ავღანელი მუჯაჰედების დახმარებას. საბჭოთა კავშირი ძველებურად მხარს უჭერდა ნიკარაგუის რევოლუციურ მთავრობას, რეიგანის ადმინისტრაციამ კი საიდუმლოდ მიჰყიდა იარაღი თავის არქიმოწინააღმდეგე ირანს და ამოღებული თანხა ნიკარაგუის ოპოზიციურ "კონტრას" გადასცა. ამ არაკანონიერ ოპერაციას ვაშინგტონში დიდი სკანდალი მოჰყვა, რეიგანი ბეწვზე გადაურჩა იმპიჩმენტს.

რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ ტელევიზიით დალოცვილ 1986 წელს სუკ-მა დააპატიმრა ამერიკელი შპიონები, ხოლო ამერიკულმა კონტრდაზვერვამ – საბჭოთა აგენტები. ამას მოჰყვა საბჭოთა დიპლომატების გაძევება ვაშინგტონიდან და საპასუხოდ ამერიკელი დიპლომატებისა - მოსკოვიდან. ასე რომ, ამ მხრივ ყველაფერი ისევე მიდიოდა, როგორც დაულოცავ წინა წლებში.
ასეთ წინააღმდეგობრივ ვითარებაში 1986 წლის ოქტომბერში გაიმართა გორბაჩოვ-რეიგანის მორიგი შეხვედრა ქ. რეიკიავიკში. გორბაჩოვმა შეცვალა თავისი პოზიცია და თანხმობა განაცხადა აშშ-ის "ნულოვან ვარიანტზე" ევროპის კონტინენტზე საშუალო რადიუსის რაკეტებთან დაკავშირებით. ამასთანავე, მან რეიგანს შესთავაზა ორივე მხა­რის სტრატეგიული შეიარაღების 50%-ით შემცირება, რის საპასუხოდაც აშშ-ს უნდა შეეჩერებინა SDI-ს რეალიზაცია. ამ პროექტზე მუშაობა კი მხოლოდ ლაბორატორიებში უნდა გაგრძელებულიყო უახლოესი 10 წლის მანძილზე. სწორედ ეს სიტყვა – ლაბორატორია აღმოჩნდა ფატალური, რადგან რეიგანი ამ ვარიანტს არ დათანხმდა და გორბაჩოვს SDI-ის პროექტში თანამონაწილეობა შესთავაზა. გორბაჩოვმა რეიგანის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა: "თქვენი ადმინისტრაცია საბჭოთა კავშირს უზღუდავს ნავთობის ჭაბურღილების დანადგარების, კომპიუტერული ტექნიკისა და ძროხების მოსაწველი მექანიზმების შეძენას. ნუთუ თქვენ გინდათ დამარწმუნოთ, რომ მზად ხართ გაგვიზიაროთ სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივა? ეს ხომ მეორე ამერიკულ რევოლუციას გამოიწვევს!" ასე რომ, SDI კვლავ გადაულახავ პრობლემად რჩებოდა.

პრეზიდენტები ერთმანეთს დიდი შეთანხმების გარეშე დაშორდნენ, ისტორიული გარღვევა კი სულ ახლოს იყო. რეიგანი და გორბაჩოვი უაღრესად უკმაყოფილო ჩანდნენ. ისინი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ შეხვედრის წარუმატებლობაში. "მან მხოლოდ იმ მიზნით მიმიწვია რეიკიავიკში, რათა გაენადგურებინა SDI. ეს აღმაშფოთებელი იყო" – წერდა თავის დღიურში რეიგანი. "ჩვენ რეიგანს რეიკიავიკში შევებრძოლეთ არა მხოლოდ როგორც კლასობრივ მტერს, არამედ როგორც უაღრესად პრიმიტიულ, გამოქვაბულის ადამიანს" – მოახსენა გორბაჩოვმა პოლიტბიუროს. მაგრამ მალე ორივე ლიდერმა გააცნობიერა, რომ დიალოგის შეწყვეტა არც ერთის ინტერესებს არ შეესაბამებოდა. რეიკიავიკის კრახმა ორივე მხარეს პოზიციების გადაფასებისკენ მოითხოვდა, რამაც შედეგი მალე გამოიღო. ამ თვალსაზრისით სამიტი რეიკიავიკში წარმატებული იყო.
image1986 წელს კომპარტიის XXVII ყრილობაზე გორბაჩოვი რადიკალური რეფორმების აუცილებლობისა და დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ინიციტივით გამოვიდა, რასაც მსოფლიოში დადებითი რეაქციები მოჰყვა.
მალე გორბაჩოვი მიხვდა, რომ აშშ-თან ურთიერთობები რეალურად მანამდე არ შეიცვლებოდა, სანამ საბჭოთა კავშირი არ გადადგამდა პრაქტიკულ ნაბიჯებს ადამიანის უფლებათა დაცვის და ებრაელების თავისუფალი ემიგრაციის დაშვების საკითხებში, ასევე, სანამ საჯაროობა და "პერესტროიკა" შეუქცევად პროცესად არ იქცეოდა. სსრკ-ის მიმართ ათეული წლების მანძილზე დამკვიდრებული უნდობლობის "კედლის" დანგრევას რეალური საქმეები სჭირდებოდა სხვადასხვა მიმართულებით.
1986 წლის ბოლოს გორბაჩოვმა მიიღო გადაწყვეტილება საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ლიდერის სახაროვის გადასახლებიდან მოსკოვში დაბრუნების შესახებ, რაც მან პირადად აცნობა სახაროვს. ეს ძალიან ძლიერი გზავნილი იყო საზოგადოებისა და მსოფლიოსათვის. საბჭოთა საგარეო უწყებაში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის სპეციალური განყოფილება, რომელიც ჰელსინკის აქტით აღებული ვალდებულებების შესრულებას კურირებდა. აქცენტი ისრაელში გამგზავრების მსურველთა საკითხების განხილვაზე კეთდებოდა. გაჩნდა ცნობები იმის თაობაზე, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობა სერიოზულად იწყებდა ფიქრს ავღანეთიდან საბჭოთა ჯარის გაყვანაზე. ეს ძალიან რთული საკითხი იყო და ბევრი ასპექტის გათვალისწინებას ითხოვდა. უპირველესი კი ის გახლდათ, რომ ჯარის გამოყვანა ღირსეულად უნდა მომხდარიყო, ავღანეთის მთავრობის ღალატის გარეშე.
პრესაში დაიწყო დისკუსიები საბჭოთა სამხედრო ხარჯების შემცირების აუცილებლობის თაობაზე. მზადდებოდა საზოგადოებრივი აზრი, რომ გაბერილი სამხედრო ბიუჯეტი ხალხის კეთილდღეობის ხარჯზე ინახავდა მსოფლიოში უდიდეს არმიას. "ჩვენ ოცდაათი წლის მანძილზე ვამბობდით ნახევარ სიმართლეს და ახლა ეს უნდა ვაღიაროთ. ჩვენ ვსაუბრობთ განიარაღებაზე და, ამავე დროს, თვითონ ვცდილობთ არ დავუშვათ ამ პროცესის დაწყება. ჩვენ ვძარცვავთ საკუთარ ხალხს და სამხედრო ბანაკად ვაქციეთ მთელი ქვეყანა" – ეუბნეოდა გორბაჩოვი პოლიტბიუროს წევრებს. ასეთი განცხადებები სამხედრო წრეებში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა, მაგრამ პარტიის ლიდერის წინააღმდეგ ხმას ჯერ ვერავინ იღებდა.

ასეთ განსხვავებულ, პოზიტიურ ფონზე გაიმართა 1987 წლის დეკემბერში გორბაჩოვის ვიზიტი აშშ-ში. ამერიკელი საზოგადოების ინტერესი უდიდესი იყო. ვაშინგტონში დიდი ხანი არ ახსოვდათ პრესის ასეთი აჟიოტაჟი. გორბაჩოვი მეგავარსკვლავი ხდებოდა. პრესტიჟულმა ჟურნალმა "ტაიმმა" იგი 1987 "წლის ადამიანად" დაასახელა. რაც შეეხება ვიზიტის კონკრეტულ შედეგებს, იგი თავად რეიგანმა ასე შეაფასა: "ეს იყო საუკეთესო სამიტი, რომელიც ჩვენ ოდესმე გვქონია საბჭოთა კავშირთან". ვაშინგტონში ხელი მოეწერა ხელშკრულებას ევროპაში ავადსახსენებელი საშუალო რადიუსის რაკეტების განადგურების შესახებ, ანუ უნდა განადგურებულიყო როგორც "პერშინგები" და "ფრთიანი" რაკეტები, ასევე საბჭოთა SS-20. იქმნებოდა ამ პროცესის კონტროლის მექანიზმები. ამასთან დაკავშირებით რეიგანი იხსენებდა რუსულ ანდაზას "Доверяй, но проверяй" ("ენდე, ოღონდ შეამოწმე"), რის გამოც დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალზე გორბაჩოვმა მას ხუმრობით შესჩივლა კიდეც, თქვენ სულ რა ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებთო. "ეს იმიტომ, რომ იგი ძალიან მომწონსო" – ხუმრობითვე უპასუხა რეიგანმა.
არა მარტო ლიდერები, არამედ მთელი მსოფლიო ხუმრობის ხასიათზე იყო. მტრები დამოყვრებაზე იწყებდნენ ფიქრს, მსოფლიო იცვლებოდა. ერთ სენსაციას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ა.შ. გორბაჩოვის ვიზიტის დროს ვაშინგტონის ერთ-ერთ მყუდრო რესტორანში მაგიდას მიუსხდნენ СIA-ს შეფი რობერტ გეიტსი და საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ კრიუჩკოვი. ისინი მშვიდად სადილობდნენ და ერთმანეთს ყურადღებით აკვირდებოდნენ. რამდენი ქვეტექსტი იყო მათ საუბარში, რამდენი ართქმული მინიშნება... კრიუჩკოვმა აპერიტივზე ვისკი "შივას რიგალი" დაუკვეთა. ნეტავ რას ნიშნავდა ეს? რამეზე ხომ არ მიუთითებდა? – თავს იმტვრევდნენ შეხვედ­რის შემდეგ СIA-ს სპეციალისტები. ეს ყველაზე პატარა თავსატეხი იყო.
რეიგანმა საბჭოთა კოლეგას გაცნობითი ექსკურსიაც მოუწყო და რიგით ამერიკელებს შეახვედრა. ყველაფერმა ამან გორბაჩოვზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. "ეს ხალხი ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებითა და ინტერესებით ხელმძღვანელობს" – დაასკვნა გორბაჩოვმა ვიზიტის შემდეგ. მართლაც, თითქოს უცნაური დასკვნაა დღევანდელი გადასახედიდან: ამერიკელები რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ეს განა ყველასათვის ცნობილი ჭეშმარიტება არ არის? თუმცა მხოლოდ ერთი წლით ადრე გორბაჩოვი რეიგანს "გამოქვაბულის ადამიანს" და "კლასობრივ მტერს" უწოდებდა. ასე რომ, პროგრესი ძალიან დიდი იყო. უფრო მეტიც, გორბაჩოვის თავში რევოლუცია ხდებოდა.

საინტერესოა, რომ 1988 წლის მაისში, საბჭოთა კავშირში თავისი საპასუხო ვიზიტის შემდეგ, რეიგანმაც დღევანდელი გადასახედიდან ასეთივე უცნაური დასკვნა გამოიტანა: "ჩვენი მთავარი შთაბეჭდილება ის არის, რომ საბჭოთა მოქალაქეები ბევრად არ განსხვავდებიან ამერიკელებისაგან... ეს ჩვეულებრივი ხალხია." შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე წლით ადრე რეიგანმა სსრკ-ს ბოროტების იმპერია უწოდა. რა მოხდა, რამ გადაუტრიალა ტვინი რეიგანს?
1988 წელს ნათლად გამოიკვეთა, რომ "პერესტროიკა" საბჭოთა კავშირის მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტს არ გულისხმობდა. პოლიტიკურ რეფორმებს ქვეყანა მნიშვნელოვანი ცვლილებებისაკენ მიჰყავდა. სხვა საქმეა, თუ რამდენად გააზრებული იყო ამ რეფორმების კურსი და საბოლოო მიზანი. საგარეო პოლიტიკაში ეს გარდატეხა ყველაზე ხელშესახები იყო ავღანეთთან დაკავშირებით. 8 თებერვალს გორბაჩოვმა განაცხადა, რომ თუკი 15 მარტისათვის მიღწეული იქნებოდა შესაბამისი შეთანხმებები, საბჭოთა კავშირი 10 თვის განმავლობაში გაიყვანდა თავის ჯარს ავღანეთიდან. საბჭოთა მხარე ამის სანაცვლოდ მოითხოვდა, რომ აშშ-ს და პაკისტანს შეეწყვიტათ სამხედრო დახმარება ქაბულის რეჟიმის ოპოზიციისათვის, რაზედაც ვაშინგტონში აზრთა სხვაობა იყო.
ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ასეთ შემთხვევაში მოსკოვსაც უნდა შეეწყვიტა პრეზიდენტ ნაჯიბულას მთავრობისათვის იარაღის მიწოდება.
imageგაეროს ეგიდით მოლაპარაკებები ელვის სისწრაფით წარიმართა და უკვე 14 აპრილს ჟენევაში ხელი მოეწერა ისტორიულ შეთანხმებებს ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობათა პრინციპების შესახებ. მათი არსი ის გახლდათ, რომ მხარეები უარს ამბობდნენ ერთმანეთის საქმეებში ჩარევაზე. ჟენევის ხელშეკრულებათა გარანტებად გამოდიოდნენ აშშ და სსრკ. და მართლაც, 15 მაისს საბჭოთა კავშირმა დაიწყო ავღანეთიდან ჯარის გაყვანა, ორი კვირის შემდეგ კი მოსკოვს რეიგანი ეწვია. ვიზიტი საბჭოთა კავშირში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური დებატების ფონზე წარიმართა. ამ დროისათვის პარტიულმა ნომენკლატურამ უკვე ნათლად გააცნობიერა, რომ გორბაჩოვის რეფორმები საფრთხეს უქმნიდა მათ ძალაუფლებას. ამიტომ ხელმძღვანელობის ერთმა ნაწილმა ლიგაჩოვის მეთაურობით იდეოლოგიური კონტრშეტევა წამოიწყო.

მარტში გაზეთ "სოვეტსკაია როსიაში" გამოქვეყნდა სტატია, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა რეფორმატორებს და იცავდა ლენინურ პრინციპებს. ლიგაჩოვმა ისარგებლა იმით, რომ გორბაჩოვი უცხოეთში იმყოფებოდა ვიზიტად და მოუწოდა პარტიულ ორგანიზაციებს, განეხილათ გამოქვეყნებული პუბლიკაცია. ეს აშკარა გამოწვევა იყო გორბაჩოვის გუნდის მიმართ. მოსკოვში დაბრუნებულმა გორბაჩოვმა პოლიტბიუროს სხდომაზე შეძლო ვითარების თავის სასარგებლოდ შემოტრიალება, მაგრამ მის ავტორიტეტს საკმაოდ დიდი ჩრდილი მიადგა.
ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით საყურადღებო და სიმბოლური იყო რეიგანის გამოსვლა მოსკოვის უნივერსიტეტში. პრეზიდენტის უკან ლენინის დიდი ძეგლი "ბრწყინავდა", რეიგანი კი აღფრთოვანებულ სტუდენტებს ესაუბრებოდა ლიბერალური დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკის ფასეულობებზე. საბჭოთა ლიდერიც სულ უფრო მეტად იხრებოდა დემოკრატიისკენ, თუმცა ვერა და ვერ ამბობდა უარს "მის უკან მდგომ" ლენინის მემკვიდრეობაზე. "მეტი დემოკრატია, მეტი ლენინიზმი!" - ასეთი იყო გორბაჩოვის ლოზუნგი და სწორედ ეს იყო, ალბათ, მისი ერთ-ერთი დიდი შეცდომა. იგი ლენინიზმის სრულყოფაში ხედავდა გამოსავალს, მაშინ როცა სწორედ ლენინიზმი იყო საბჭოთა სისტემის ენდემური პრობლემა, ანუ გორბაჩოვის "პერესტროიკა" არ ითვალისწინებდა იმის რეფორმირებას, რაც ძირეულად იყო შესაცვლელი.
კომპარტიის დემოკრატიზაცია კი შეუძლებელი აღმოჩნდა. იგი რეფორმას არ ექვემდებარებოდა. რეფორმები ღია საზოგადოებისა და საბაზრო ეკონომიკისაკენ უნდა წასულიყო, ან შეტრიალებულიყო უკან, ლენინიზმ-სტალინიზმისაკენ. მაშინ ძალიან პოპულარული იყო გამონათქვამი, რომ მუდამ ნახევრად ორსულ მდგომარეობაში ყოფნა შეუძლებელია. რონალდ რეიგანს კი მოსკოვი ძალიან მოეწონა.
imageგორბაჩოვთან ერთად წითელ მოედანზე სეირნობისას ჟურნალისტმა მას ჰკითხა: – თქვენ ისევ თვლით, რომ საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერიაა? – არა – უპასუხა მან. – ეს სხვა დრო იყო, სხვა ეპოქა. 1988 წლის 7 დეკემბრის გორბაჩოვის სიტყვამ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო შეძრა. მან ჩამოაყალიბა თავისი ახალი აზროვნების პრინციპები და განაცხადა, რომ ნებისმიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა უცხო ჩარევის გარეშე, ანუ ე. წ. სოციალისტურ ქვეყნებს თვითონ უნდა გადაეწყვიტათ თავისი ბედი. საბჭოთა კავშირი კი საგარეო პოლიტიკაში უარს ამბობდა პროლეტარული ინტერნაციონალიზმისა და კლასობრივი მიდგომის პრინციპებზე. ეს უმაღლესი ტრიბუნიდან "ბრეჟნევის დოქტრინის" ოფიციალური უარყოფა იყო.
ამიერიდან ძალა და ძალის გამოყენებით დაშინება საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი აღარ უნდა ყოფილიყო. არჩევანის თავისუფლება უნივერსალური პრინციპია და ამ თვალსაზრისით არანაირი გამონაკლისი არ უნდა არსებობდეს". მოსკოვის ამ პოლიტიკური ნების დემონსტრირებისათვის გორბაჩოვმა განაცხადა, რომ სსრკ ცალმხრივად ამცირებდა თავის შეიარაღებულ ძალებს ნახევარი მილიონი (!) ჯარისკაცის ოდენობით და საპასუხოდ არანაირ ნაბიჯს ან დათმობას არ ითხოვდა. გორბაჩოვის ეს სიტყვები მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარებას მოასწავებდა. ეს კარგად ესმოდათ გენერალური ასამბლეის დელეგატებს, რადგან მათ ისეთი ოვაციები მოუწყვეს საბჭოთა ლიდერს, როგორიც ამ ორგანიზაციის კედლებს არ ახსოვდა.
გორბაჩოვის ინიციატივას ე. წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმაც მიბაძეს და მათაც ცალმხრივად შეამცირეს თავიანთი შეიარაღებული ძალები საერთო ჯამში 56 ათასი სამხედრო მოსამსახურით, 2 ათასი ტანკით, 130 თვითმფრინავითა და ათასამდე საარტილერიო ერთეულით. სამხედრო ხარჯები კი – თითქმის 14%-ით25. შეიძლება ვინმეს ეფიქრა, რომ გამალებული შეიარაღების პროცესი გამალებული განიარაღებით იცვლებოდა. მაგრამ, საბჭოთა კავშირს აღმოსავლეთ ევროპაში ჯერ კიდევ ჰყავდა 53 ათასი (!) ტანკი, 29 ათასი საარტილერიო დანადგარი და 4880 თვითმფრინავი. თუმცა ამ წარმოუდგენელი მასშტაბების სამხედრო ძალასაც აღარ შეეძლო კარს მომდგარი მოვლენების შეჩერება.

1980-იანი წლების ბოლოს ასეთი ანეკდოტი გაჩნდა: "პერესტროიკის" შედეგად ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გამო გორბაჩოვმა სტალინის სული გამოიძახა და რჩევა ჰკითხა, რა გავაკეთოო. სტალინმა მას ორი რჩევა მისცა. პირველი: გორბაჩოვს უნდა დაეხვრიტა მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე მთელი ოპოზიცია; მეორე: საჭირო იყო კრემლის კედლების მწვანედ გადაღებვა. გორბაჩოვი დაინტერესდა, კედლების გადაღებვა რა საჭიროაო? სტალინმა მიუგო: ასეც ვიცოდი, რომ პირველ რჩევასთან დაკავშირებით კითხვები არ გაგიჩნდებოდაო.
თუმცა უკვე გვიან იყო: რევოლუციის შეჩერება შესაძლებელია დასაწყისში, მაგრამ არა ბოლოში. მართლაც, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირისა და მისი ლიდერის საერთაშორისო ავტორიტეტი არნახულად იზრდებოდა, ქვეყნის შიგნით და მთლიანად ე.წ. სოციალისტურ ბანაკში ვითარება სულ უფრო იძაბებოდა. გორბაჩოვის საჯაროობამ ბიძგი მისცა დისკუსიების ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც მთელ საზოგადოებას მოედო. ერთიანად ალაპარაკდა დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, დაჩაგრული და პრივილეგირებული. ყველა "ერთბაშად" მიხვდა, თუ რა საშინელი ყოფილა საბჭოთა სისტემა. დაიწყო შეჯიბრი ნებადართულ ვაჟკაცობაში (საქართველოში ყველამ წვერი მოუშვა და მოღუშული სახე მიიღო). კრიტიკის სამიზნედ უმთავრესად თვით გორბაჩოვი ხდებოდა, რომელიც, კრიტიკოსთა მრავალმილიონიანი არმიის აზრით, "ვერ ხედავდა, ვერ აფასებდა, არ იცოდა, არ ესმოდა" და სხვ.
გორბაჩოვს მართლაც ჰქონდა ერთი უცნაური თვისება: იგი სიტყვების მაქსიმალური რაოდენობით აზრის მინიმალურ ოდენობას გადმოგვცემდა. ერთი კრიტიკოსი თვლიდა, რომ რეფორმები მეტისმეტად ნელა მიმდინარეობდა, მეორე კი პირიქით – მეტისმეტად ჩქარა. ყველას თავისი რეცეპტი ჰქონდა, უბადლო პანაცეა, გენიალური პროგრამა თუ კონცეფცია. ყველა ჭკუის სწავლებას მოჰყვა. აღარავის ახსოვდა შრომა, სამსახური, საქმე. "ჩვენ თავი ისე მოგვაქვს, ვითომ ვმუშაობთ, მთავრობას კი – ვითომ ხელფასს გვიხდის" – არხეინად ხუმრობდა ყველა. ქვეყნის ეკონომიკა კი უფსკრულისაკენ მიექანებოდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ სფეროში გორბაჩოვს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა.
იგი თვლიდა, რომ ეკონომიკური აღმავლობა დემოკრატიზაციის გაღრმავების შედეგად დაიწყებოდა, რაც აბსურდი აღმოჩნდა. საჭირო იყო გააზრებული, კვალიფიციური ნაბიჯები ეკონომიკური ვარდნის შესაჩერებლად. ხელისუფლება კი თვითონ უწყობდა ხელს მეურნეობის მოშლას. მაგალითად, სახელმწიფო საწარმოებში შემოიღეს მმართველობის არჩევნები, რამაც წინა პლანზე წამოსწია პოპულისტები და შარლატანები. ისინი მუშებს სწრაფ გამდიდრებას ჰპირდებოდნენ, თვითონ კი სახელმწიფო ქონებას იჯიბავდნენ.
imageმიიღეს კანონი, რაც საბიუჯეტო თანხების კოოპერატივების ანგარიშებზე გადაქაჩვის უბრალო საშუალებას იძლეოდა. ინფლაცია მძვინვარებდა, ფული ხელში დნებოდა. CIA-ს მონაცემებით, სსრკ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 1985-1987 წლებში 4-ჯერ გაიზარდა, ხოლო 1988 წლის ბოლოსათვის თითქმის 5-ჯერ და 100 მლრდ. რუბლს მიუახლოვდა. ეს ერთიანი ეროვნული პროდუქტის თითქმის 10% იყო, რაც უაღრესად საგანგაშო მოვლენა გახლდათ. აშშ-ის დაზვერვის სპეციალისტთა აზრით, უახლოესი 5 წლის მანძილზე საბჭოთა ეკონომიკაში ვითარების გაუმჯობესების ალბათობა უაღრესად დაბალი იყო. მიუხედავად ამისა, აშშ-ის დაზვერვის ვარაუდით, პროდუქტების დეფიციტის გამო შესაძლო მღელვარება ან ბუნტი ვერ შეუქმნიდნენ სერიოზულ პრობლემებს გორბაჩოვს და მის რეფორმებს.

კრემლის მთავარ გამოწვევად მოიაზრებოდა სეპარატისტული მოძრაობები და ძალადობა ეთნიკურ საფუძველზე. CIA სწორედ მზარდ ნაციონალიზმში ხედავდა "პერესტროიკის" აქილევსის ქუსლს. ერთბაშად გაიღვიძა ნახევრად მიძინებულმა ეროვნულმა შეგნებამ. საბჭოთა რესპუბლიკებში ფუძნდებოდა სახალხო ფრონტები, პარტიები, მოძრაობები. მოთხოვნები თავიდან მოკრძალებული იყო. კერძოდ, ბალტიისპირელები ჯერ მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ავტონომიის გაფართოებას ითხოვდნენ, რაზეც კრემლი ადეკვატურად არ რეაგირებდა. დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირებებიც "მოძმე რესპუბლიკებში".
პირველი მთიანი ყარაბაღი იყო. გორბაჩოვს თითქოს ბუნებაც აუმხედრდა. 1988 წლის დეკემბერში სომხეთის ქალაქ სპიტაკში მომხდარმა უძლიერესმა მიწისძვრამ 25 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
1989 წლის 9 აპრილს საქართველოში პრაქტიკულად დასრულდა საბჭოთა წყობა. ეს უკვე სხვა საზოგადოება იყო, სხვა ქვეყანა. კრემლი ხედავდა, რომ საბჭოთა კავშირში ვითარება კონტროლიდან გამოდიოდა. ამ მდგომარეობის გამოსწორებას იგი საერთაშორისო სარბიელზე გააქტიურებით ცდილობდა. ერთი მეორის მიყოლებით მოსკოვი სხვადასხვა ინიციატივებს სთავაზობდა დასავლეთსა და მეზობლებს. ისინი ერთი ინიციატივის შესწავლას ვერ ასწრებდნენ, რომ მათ უკვე კრემლის ახალი იდეა უნდა განეხილათ. ეს რაღაც მარათონს წააგავდა.
1989 წლის 20 იანვარს ვაშინგტონში აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ინაუგურაცია ჩატარდა. ბუში, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, კარგად ხედავდა, თუ რაოდენ დიდი ცვლილებები ელოდა მსოფლიოს მისი საპრეზიდენტო პერიოდის დროს. მაგრამ, როგორც შემდეგ გაირკვა, ვერც ბუშმა განსაზღვრა ამ ცვლილებების სისწრაფე და მასშტაბები.
1989 წლის აპრილში CIA-ს მიერ მომზადებულ ანალიტიკურ მოხსენებაში წარმოდგენილი იყო დასკვნა, რომ ახლო და საშუალო პერსპექტივაში საბჭოთა კავშირი კვლავ დარჩებოდა აშშ-ის მოწინააღმდეგედ, ხოლო მისი ევროპული პოლიტიკა სერიოზული გამოწვევა იქნებოდა ნატოს ერთიანობისათვის. პირადად გორბაჩოვის პერსპექტივას CIA-ს სპეციალისტები ოპტიმისტურად აფასებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ პრინციპუ­ლი ცვლილებები საბჭოთა საგარეო პოლიტიკაში მოსალოდნელი არ იყო.
ესეც შეუცდომელი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო! ორ წელიწადში საბჭოთა კავშირი საერთოდ აღარ იარსებებს! მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ გველოდა. მოსკოვში სახალხო დეპუტატთა ყრილობა გაიმართა, პირველად ჩვენს მეხსიერებაში დეპუტატები გამოთქვამდნენ ოპოზიციურ თუ ალტერნატიულ მოსაზრებებს. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა ბალტიისპირელი დელეგატების გააზრებული, ჭკვიანი გამოსვლები. შთამბეჭდავი იყო აკადემიკოს სახაროვის სიტყვა, რომელმაც საბჭოთა კონსტიტუციის ძირეული შეცვლა მოითხოვა. ყრილობაზე მწვავედ დადგა საკითხი თბილისში 9 აპრილს განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. ქართველი, რუსი, უკრაინელი, ბალტიისპირელი დელეგატები მკაცრად მოითხოვდნენ ამ მოვლენების გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას.
შეიქმნა სპეციალური კომისია ანატოლი სობჩაკის თაოსნობით. დელეგატებმა მიიღეს რევოლუციური გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირში მრავალმანდატიანი არჩევნების ჩატარების შესახებ, რაც ფაქტობრივად კომუნისტური პარტიის ერთპიროვნული მმართველობის დასასრულს მოასწავებდა. მიუხედავად ასეთი ცვლილებებისა, საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც უნდობლობით უყურებდა "პერესტროიკას". კი, დაუშვებენ მრავალპარტიულობას, მაგრამ კომუნისტები ხელისუფლებაში დარჩებიან, დანარჩენები კი ციხეში აღმოჩნდებიან, – ვარწმუნებდით ერთმანეთს. კომუნისტური რეჟიმების მოშლის პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობდა აღმოსავლეთ ევროპაში.
1956 წლის უნგრეთის მოვლენების გმირის იმრე ნადის გადასვენების ცერემონიალს 1989 წლის 16 ივნისს ბუდაპეშტში ორასი ათასი ადამიანი დაესწრო, მათ შორის ქვეყნის ახალი რეფორმატორი პრემიერი მიკლოშ ნემეტი. რამდენიმე დღის შემდეგ კი უნგრელებმა დაიწყეს უნგრეთისა და ავსტრიის საზღვარზე მავთულხლართების ჩამოხსნა. ყველა მოსკოვის რეაქციას ელოდა, მაგრამ კრემლი დუმდა. ივნისშივე პოლონეთში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები და "სოლიდარობამ" სასტიკად დაამარცხა სახელისუფლებო პარტია. პოლონეთში აღმოსავლეთ ევროპის პირველი არაკომუნისტური მთავრობა შეიქმნა. ქვეყანას ახალი ლიდერი ჰყავდა – ლეხ ვალენსა. როდესაც გორბაჩოვის თანაშემწეს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა მოსკოვი ამაზე, მან განაცხადა, რომ ეს პოლონეთის შინაგანი პრობლემა იყო და თან ფრენკ სინატრას ცნობილი სიმღერის სიტყვები მოიშველია: "My way". ასე რომ, პოლონეთმა თავისი გზა აირჩია. დასავლეთში ამ კომენტარს სასწრაფოდ "კუდი მოაბეს" და მას სინატრას დოქტრინა უწოდეს.

ნოემბერში თანამდებობიდან გადადგა ბულგარელი კომუნისტების ლიდერი ტოდორ ჟივკოვი, რომელიც ქვეყანას 25 წლის მანძილზე მართავდა. მისი საყვარელი სიმღერა იყო – "რა ლამაზია ბულგარეთი, მაგრამ რუსეთი უკეთესია". ახლა ბულგარეთს უკვე კოალიციური მთავრობა ჰყავდა, რომელიც სინატრას "ჰანგებს" იმეორებდა. ასევე ხავერდოვნად, სისხლის გარეშე შეიცვალა ხელისუფლება ჩეხოსლოვაკიაში. 1989 წელს პრეზიდენტად "პრაღის გაზაფხულის" ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ცნობილი მწერალი ვაცლავ ჰაველი აირჩიეს. ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე კი ალექსანდრ დუბჩეკი გახდა. გამართლდა მის მიერ 1968 წელს წარმოთქმული სიტყვები: "ყვავილების გათელვა გაზაფხულის მოსვლას ვერ შეაჩერებს". რაც უფრო ტირანულია რეჟიმი, მით უფრო დრამატულად ხდება მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება. სწორედ ნიკოლაე ჩაუშესკუს ასეთი დესპოტური რეჟიმი მართავდა რუმინეთს 1965 წლიდან. 1989 წლის დეკემბერში ქ. ტიმიშოარაში ჩაუშესკუს წინააღმდეგ დემონსტრაციები დაიწყო. დიქტატორმა თავის ცნობილ საიდუმლო პოლიციას – "სეკურიტატეს" ბრძანება მისცა იარაღი გამოეყენებინათ, რამაც 92 ადამიანი იმსხვერპლა. პროტესტის ტალღამ ბუქარესტში გადაინაცვლა, შემდეგ კი მთელს ქვეყანას მოედო. ჩაუშესკუ მომიტინგეთა წინაშე გამოვიდა და სხვადასხვა დაპირებებით მათი დაწყნარება სცადა. მაგრამ ხალხი უკვე კარაქს კი აღარ ითხოვდა, არამედ დიქტატორის გადადგომას.
ჩაუშესკუ და მისი მეუღლე ელენა იძულებული გახდნენ ბუქარესტი დაეტოვებინათ, მაგრამ მალე ისინი დააპატიმრეს და ყოველგვარი გასამართლების გარეშე უმალვე დახვრიტეს. რა კაცთმოძულეც უნდა ყოფილიყო ჩაუშესკუ, დახვრეტის კადრებმა ჩვენში მაინც უმძიმესი განცდები გამოიწვია. ასე სისხლით იწყებოდა რუმინეთის თავისუფლების გზა. ვიღაცამ მაშინ ჩერჩილის სიტყვებიც მოიგონა: "თუკი მთელმა ქვეყანამ დაუშვა, რომ მას ტირანი მართავდა, ამისათვის მხოლოდ ტირანის დადანაშაულება არასწორია".
1989 წლის აპრილში გარდაიცვალა ჩინეთის კომპარტიის გენერალური მდივანი ხუ იაობანი, რომელიც ცოტა ხნით ადრე ქვეყნის რეალურმა მმართველმა დენ სიაოპინმა თანამდებობიდან გადააყენა ზედმეტი პოლიტიკური ლიბერალიზმის გამო. "ჩინელი გორბაჩოვის" გარდაცვალებასთან დაკავშირებით და პროტესტის ნიშნად პეკინის ტიანნამენის ცენტრალურ მოედანზე დემონსტრაციები დაიწყო. სტუდენტებს პროვინციიდან ჩამოსული ახალგაზრდებიც უერთდებოდნენ და მალე გამოსვლებმა მასობრივი ხასიათი მიიღო. დემონსტრანტები ითხოვდნენ სიტყვის თავისუფლებასა და, საერთოდ, რეჟიმის დემოკრატიზაციას. სწორედ ასეთ ვითარებაში პეკინს გორბაჩოვი ეწვია. დემონსტრაციებზე გაჩნდა ლოზუნგები: "გაუმარჯოს გორბაჩოვს!" როდესაც გორბაჩოვმა დენ სიაოპინთან დემოკრატიის შესახებ დაიწყო საუბარი, ამ უკანასკნელმა საბჭოთა კოლეგას შეახსენა, რომ ჩინეთში ერთი მილიარდი კაცი ცხოვრობდა. დასკვნები თვითონ გორბაჩოვს უნდა გამოეტანა: რა ელოდა მსოფლიოს, თუ ჩინეთი აირეოდა?
image4 ივნისს დემონსტრანტების დასაშლელად ტიანნამენის მოედანზე ჯარი და ტანკების კოლონა შეიჭრა. სასტიკი დარბევის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა (ზუსტი რაოდენობა უცნობია). კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა უცნობი ჩინელი ახალგაზრდა, რომელიც ტანკებს წინ აღუდგა ცელოფნის პარკით ხელში.
ასე რომ, კომუნისტურმა ჩინეთმაც თავისებურად "სინატრას დოქტრინა", ანუ თავისი გზა აირჩია. ამ გზას მილიარდიანი ქვეყანა დემოკრატიისკენ კი არ მიჰყავდა, არამედ მოდერნიზაციისაკენ. ძნელია იმის თქმა, თუ რომელი არჩევანი უფრო სწორი იქნებოდა ჩინეთისთვის, რადგან ყველას თავისი გზა აქვს, თავისი ფილოსოფია, თავისი სამყარო. ფაქტია, რომ დღევანდელი ჩინეთი ეკონომიკური განვითარების ტემპებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. ჩინეთის ხელისუფლების მკაცრმა მოქმედებამ საკმაოდ შეაგულიანა აღმოსავლეთ გერმანიის ლიდერი ერიხ ჰონეკერი. იგი ჯერ კიდევ 1989 წლის დასაწყისში გვარწმუნებდა, რომ ბერლინის კედელი კიდევ ასი წელი იარსებებდა.

გდრ-ის პროპაგანდაც ხაზგასმული მინიშნებით აცნობდა მოსახლეობას ტიანნამენის მოედანზე ჩინეთის სახალხო არმიის "პატრიოტულ მოქმედებას ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების წინააღმდეგ". მაგრამ მას შემდეგ, რაც უნგრეთისა და ავსტრიის საზღვარი გაიხსნა, ათასობით აღმოსავლეთ გერმანელმა თავიანთი პატარა "ტრაბანტებით" ავსტრიას მიაშურა, სადაც თავშესაფარს ითხოვდნენ. "ტურისტების" რაოდენობამ სექტემბრის ბოლოს უკვე 130 ათასს მიაღწია. 3 ათასამდე გდრ-ის მოქალაქე მეზობელი ჩეხოსლოვაკიიდან ცდილობდა გფრ-ში გადასვლას.
1989 წლის 7-8 ოქტომბერს გორბაჩოვი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ბერლინში, სადაც გდრ-ის შექმნის საიუბილეო თარიღს აღნიშნავდნენ. ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ მშრომელთა დემონსტრაციაზე უცბად გაისმა ხმები: "გორბი, გვიშველე! გორბი, არ წახვიდე!" ვიღაცამ ტრანსპარანტიც აღმართა: "მოგვაცილეთ კედელი!" დემონსტრაციის შემდეგ გორბაჩოვმა გააფრთხილა გდრის ხელმძღვანელობა, რომ საჭირო იყო რადიკალური რეფორმების გატარება. საბჭოთა ლიდერის რეკომენდაციამ შედეგი გამოიღო და რამდენიმე დღეში გდრ-ს ახალი ხელმძღვანელი მოევლინა – ეგონ კრენცი. ნოემბერში ბერლინის ცენტრში, ცნობილ ალექსანდერპლაცზე უკვე ერთი მილიონი ადამიანი იდგა პროტესტის ნიშნად. დასაწყისში მათი მთავარი ლოზუნგი იყო: "აქედან გაგვიშვით", ხოლო ცოტა მოგვიანებით: "ჩვენ აქ ვრჩებით!" მთავრობამ გადაწყვიტა შემოეღო აღმოსავლეთ გერმანიიდან დასავლეთ გერმანიაში გამგზავრების გაიოლებული წესები, რომლებიც ძალაში რამდენიმე დღეში უნდა შესულიყო. ამ გადაწყვეტილების გასაცნობად შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბოვსკიმ პრესკონფერენცია მოიწვია. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როდიდან ამოქმედდებოდა ახალი წესები, მინისტრმა შეცდომით განაცხადა – "დღეიდანვეო".
ათიათასობით აღმოსავლეთ ბერლინელი საზღვარს მიაწყდა, მაგრამ მესაზღვრეებს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. ისინი ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ: პასუხისმგებლობას თავის თავზე არავინ იღებდა. მესაზღვრეებმა საბოლოოდ თვითონ მიიღეს გადაწყვეტილება და ადამიანების ეს დიდი მასა დასავლეთ ბერლინში გადავიდა. მათ იქ ყვავილებითა და ოვაციებით დასავლეთ ბერლინელები ხვდებოდნენ. გორბაჩოვს ამის შესახებ მხოლოდ მეორე დილით აცნობეს. მისი კომენტარი ასეთი იყო: "სწორი გადაწყვეტილებაა!" სწორედ ამიტომ ითვლება 9 ნოემბერი ბერლინის კედლის "დაცემის" დღედ, თუმცა ფიზიკურად იგი ოდნავ მოგვიანებით მოშალეს. დაინგრა "ცივი ომის" მთავარი სიმბოლო. საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში ჯერ კიდევ ბევრი ცვლილება იყო მოსალოდნელი, მაგრამ მთავარი უკვე მოხდა: მსოფლიო შეიცვალა!

წყარო: ზურაბ აბაშიძის ლიტერატურა – ცივი ომი-წარსული თუ დღევანდელობა?
0
6
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0