მსოფლიო საბჭოთა "პერესტროიკის" თანაავტორი რონალდ რეიგანი – საწყისები 3 სექტემბერი, 4:52 გორბაჩოვის პირველმა სატელევიზიო გამოსვლებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს იყო პირველი საბჭოთა ლიდერი, რომელსაც რკინაბეტონის გამომეტყველება არ ჰქონდა და ადამიანური ენით ლაპარაკობდა. იგი მეტყველებდა იმპროვიზებულად, არასტანდარტულად, ლოზუნგებისა და კლიშეების გარეშე. აშშ-ის 1980 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლმა უძლიერესი პროპაგანდისტული შეტევა მიიტანა რეიგანზე. ჰოლივუდის ყოფილ კინოვარსკვლავს გვიხატავდნენ როგორც უპასუხისმგებლო და აგრესიულ კოვბოის, რომელსაც ხელი სულ იარაღისკენ გაურბოდა. კრემლისათვის ცნობილი იყო რეიგანის უარყოფითი დამოკიდებულება საბჭოთა კავშირისა და განმუხტვის პოლიტიკის მიმართ. იცოდნენ, რომ რეიგანი, მისივე სიტყვებით, "თავზე თმებს არ დაიპუტავდა, თუკი განმუხტვა გარდაიცვლებოდა".
რეიგანი ღრმად მოაზროვნე ინტელექტუალი არასდროს ყოფილა, მაგრამ იგი ზუსტად აცნობიერებდა, რომ ცოცხალმკვდარ მდგომარეობაში განმუხტვის შენარჩუნება მხოლოდ გაახანგრძლივებდა "ცივ ომს". ამიტომ მან გადაწყვიტა შეეცვალა არა საბჭოთა პოლიტიკა, არამედ თვით საბჭოთა კავშირი. თუმცა თავისი პრეზიდენტობის პირველ წლებში რეიგანი მაინც ცდილობდა მოსკოვთან დიალოგის გამართვას. მას გულწრფელად სჯეროდა, რომ პირადი ურთიერთობის საშუალებით იგი შეძლებდა ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობებში გარდატეხის შეტანას. სოლიდური ურთიერთობის დამყარება მან ვერც ბრეჟნევთან, ვერც ანდროპოვთან და ვერც ჩერნენკოსთან ვერ შეძლო, რადგან საბჭოთა ლიდერები ერთიმეორის მიყოლებით გარდაიცვალნენ. რეიგანს ამის თაობაზე ირონიულად უთქვამს კიდეც, "აბა, რა ჩემი ბრალია, თუ ისინი ჩემს ირგვლივ თვითონ კვდებიანო". პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რეიგანმა მისი წინამორბედი კარტერის მიერ შემოღებული ემბარგოც კი გააუქმა სსრკთვის ხორბლის მიყიდვის თაობაზე, მაგრამ ის თვლიდა, რომ დასავლეთი საბჭოთა კავშირთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე არანაირად არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული. სწორედ ამიტომ იგი დაბეჯითებით არ ურჩევდა ევროპელ პარტნიორებს დათანხმებულიყვნენ გაზსადენის მშენებლობაზე საბჭოთა კავშირიდან ევროპის მიმართულებით. რეიგანი მალე დარწმუნდა, რომ მეგობრული უვერტიურები მოსკოვის მისამართით დროის კარგვა იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პრეზიდენტზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა СIA-ს მიერ 1981 წელს მომზადებულმა ინფორმაციამ საბჭოთა კავშირის ურთიერთობების შესახებ ტერორისტულ ორგანიზაციებთან. მასალაში მოყვანილი იყო დამაჯერებელი ფაქტები იმის შესახებ, რომ სსრკ, პირდაპირი ან ირიბი გზით, უჭერდა მხარს სეპარატისტული თუ სხვადასხვა ჯურის შეიარაღებული ჯგუფების ძალადობრივ საქმიანობას. ამ კონტექსტში დასახელებული იყო, კერძოდ, კუბა, აღმოსავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, სამხრეთ იემენი, ლიბია, ასევე სალვადორი ცენტრალურ ამერიკაში. აღინიშნებოდა, რომ სუკ-ის, გრუ-სა და გენერალური შტაბის მე-19 სამმართველო მიზანმიმართულად ამზადებდნენ პალესტინელების, სამხრეთ ამერიკელებისა და აფრიკელების რევოლუციურ ჯგუფებს, აწვდიდნენ მათ იარაღს, უწევდნენ სხვადასხვა სახის დახმარებას. საბჭოთა კავშირის მხარდაჭერა ჰქონდათ ასევე მარგინალურ ტერორისტულ ჯგუფებს დასავლეთ ევროპაში, მათ შორის ბაადენ-მაინჰოფს გერმანიაში, წითელ ბრიგადებს იტალიაში და ე. წ. წითელ არმიას იაპონიაში. იკვეთებოდა საბჭოთა სპეცსამსახურების შესაძლო როლიც რომის პაპის იოანე პავლეს მკვლელობის მცდელობაში. რეიგანის დავალებით იწყება უსაფრთხოების ახალი დოქტრინის შემუშავება, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა ექსპანსიონიზმის არა მხოლოდ შეჩერებას, არამედ მის უკუქცევას. რეიგანი იღებს გადაწყვეტილებას მკაცრი პასუხი გასცეს საბჭოთა გამოწვევას ყველგან, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. პრეზიდენტი არწმუნებს კონგრესს, რომ საჭიროა ავღანელი მუჯაჰედებისათვის დახმარების გაზრდა. მალე მუჯაჰედები მზარდ წინააღმდეგობას გაუწევენ საბჭოთა ჯარს. მათ გაუჩნდებათ "სტინგერები", რომლებიც შიშის ზარს სცემენ საბჭოთა სამხედრო ავიაციას. 1983 წლის მარტში აშშ-მა სამხედრო ინტერვენცია განახორციელა კარიბის კუნძულ გრენადაზე, სადაც შეიარაღებული გადატრიალების გზით 1979 წელს ხელისუფლებაში მორის ბიშოფის მარქსისტული მთავრობა მოვიდა. ამ პაწაწინა კუნძულზე, რომლის მოსახლეობა სულ 90 ათასია, საბჭოთა, ბულგარელმა, ჩრდილო კორეელმა სპეციალისტებმა დაიწყეს სამხედრო-საჰაერო ბაზის მშენებლობა. 1983 წლისათვის გრენადაში 700-მდე კუბელი სამხედრო პირი იმყოფებოდა. გრენადაში აშშ-ის ინტერვენცია მკაცრად გააკრიტიკეს არა მხოლოდ საბჭოთა ბანაკის ქვეყნებმა, არამედ მოკავშირეებმაც, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ. მიუხედავად ამისა, რეიგანი კვლავ ადასტურებდა თავის პოლიტიკურ ნებას, არ დაეშვა კომუნიზმის შემდგომი გავრცელება. აშშ-ის დახმარებით გაძლიერდა ნიკარაგუის მარქსისტული რეჟიმის შეიარაღებული ოპოზიცია. საბოლოოდ მათ აიძულეს ხელისუფლება ჩაეტარებინა თავისუფალი არჩევნები და გაიმარჯვეს კიდეც. ვაშინგტონის დახმარებით ანგოლაში გაძლიერდა ოპოზიციური "უნიტა", რამდენიმე წლის შემდეგ კი დაიწყება კუბის სამხედრო ნაწილების გაყვანა ამ ქვეყნიდან. და აი, 1985 წლის 1 ივლისს მოხდა საოცრება. იმ პერიოდში მადრიდში საბჭოთა საელჩოში ვმუშაობდი. დილით ელჩმა, ბრწყინვალე დიპლომატმა იური დუბინინმა თავისთან მიმიხმო და მითხრა: "გილოცავთ ედუარდ ამბროსის ძის დანიშვნას საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად!" მე ეს ჯერ ხუმრობა მეგონა, მაგრამ მაშინვე მომაგონდა, რომ ასეთ რამეზე საბჭოთა დიპლომატები არ ხუმრობდნენ. ისღა დამრჩენოდა, რომ ელჩისთვის მეპასუხა: "თქვენც გილოცავთ!" ეს ნამდვილი სენსაცია იყო.
მთელ მსოფლიოში ჟურნალისტებმა დაიწყეს სასწრაფოდ იმის გამოკვლევა, თუ ვინ იყო შევარდნაძე, რა წარსული და გამოცდილება ჰქონდა მას, რას უქადდა ეს დანიშვნა მსოფლიოსა და დასავლეთის სამყაროს. შოკირებული იყო საბჭოთა დიპლომატიკური კორპუსი. როგორ უნდა ეხელმძღვანელა ამ ელიტარული სფეროსათვის "პროვინციელ ქართველს", რომელსაც დიპლომატიის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა? მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ არგუმენტით თვით შევარდნაძემ უპასუხა გორბაჩოვს მის შემოთავაზებაზე. მაგრამ გენერალური მდივნის პოზიცია ასეთი იყო: "შეიძლება ეს კარგიც იყოს... ჩვენს საგარეო პოლიტიკას სჭირდება ახალი შეხედულებები, გამბედაობა, დინამიზმი, ნოვატორული მიდგომები". მალე შედგა ახალი მინისტრის პრეზენტაცია – შეხვედრა საბჭოთა საგარეო უწყების წამყვან თანამშრომლებთან. შესავალი სიტყვის შემდეგ შევარდნაძემ პატივისცემით მოიხსენია გრომიკო, რომელსაც საბჭოთა დიპლომატიის დიდი ხომალდი უწოდა. "მე კი მხოლოდ ნავი ვარ" – მოკრძალებულად განაცხადა მინისტრმა და პაუზის შემდეგ ღიმილით დაამატა – "მაგრამ ნავი ძლიერი ძრავით". მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ შევარდნაძის დანიშვნა ყველაზე მძიმედ გრომიკომ გადაიტანა. პოლიტბიუროს სხდომიდან იგი სახლში სიბრაზისაგან გაწითლებული დაბრუნდა და დიდხანს ვერ გამოვიდა ამ მდგომარეობიდან. მას ესმოდა, რომ გორბაჩოვის ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად გრომიკოს მემკვიდრეობაზე უარის თქმას ნიშნავდა, თუმცა "დიდ ხომალდს" არც ის უნდა გამოპარვოდა, რომ გორბაჩოვს საგარეო პოლიტიკაში მეტი თავისუფლება სჭირდებოდა. თავის ანალიტიკურ შეფასებებში CIA ასეთ პროგნოზს აკეთებდა ახალ საბჭოთა მინისტრთან დაკავშირებით: "გაბედული, ენერგიული, ფიცხი, ჭკვიანი. აქვს პრობლემების მოგვარების გამორჩეული უნარი... იგი მნიშვნელოვან კვალს დატოვებს საბჭოთა საგარეო პოლიტიკაში და დიპლომატიის წარმოების საქმეში". როგორც ვხედავთ, CIA-ს საკმაოდ ზუსტი ანალიზი გაუკეთებია. შევარდნაძე "ცივი ომის" დასრულების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა. ახალ ამპლუაში შევარდნაძე მალე მადრიდშიც ვიხილეთ. წინა წელს ესპანეთში მყოფი პონომარიოვივით მანაც ისურვა საბჭოთა დიპლომატებთან შეხვედრა. ეს სულ სხვა შეხვედრა იყო: საინტერესო ანალიზი, ცოცხალი და ახლებური იდეები. და რაც მთავარია, ეს არ იყო დიდი შეფის მონოლოგი. საბჭოთა მინისტრს ჩვენი შეხედულებებიც აინტერესებდა. ეს მაშინ დიდ სიახლედ ითვლებოდა. მაღალ სტუმარს ესპანელებმა ცნობილი პრადოს მუზეუმი დაათვალიერებინეს. იქვე, შორიახლოს მყოფ სკოლის მოსწავლეებს საბჭოთა მინისტრმა ჩვეულებრივად ადამიანურად მიმართა: "მოგვიახლოვდით, ნუ გეშინიათ". მეორე დღეს ესპანურმა გაზეთებმა ეს სიტყვები პირველ გვერდზე გამოიტანეს. რატომღაც ამ უბრალო თავაზიანობაში მათ დიდი სიმბოლო ამოიკითხეს. მსოფლიო გორბაჩოვისა და რეიგანის პირველ შეხვედრას ელოდა, რომელიც 1985 წლის ნოემბრისათვის დაინიშნა. მოლოდინი ძალიან დიდი იყო. როგორ შეეწყობოდნენ ერთმანეთს რეიგანი და გორბაჩოვი? ისინი ხომ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული პიროვნებები იყვნენ. რეიგანი პრეზიდენტად აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანშიშესულ ასაკში აირჩიეს. იგი საშუალო შეძლების ოჯახში დაიბადა. ბავშვობისა და ყრმობის პერიოდში მას სპორტი უფრო აინტერესებდა, ვიდრე მეცნიერება. კარიერა ჰოლივუდში გაიკვალა, შემდეგ პროფკავშირული მოღვაწე იყო და საკმაოდ გვიან ჩაერთო პოლიტიკაში. გორბაჩოვი ახალგაზრდა კაცი იყო. იგი გლეხის ოჯახში დაიბადა, სტალინის კოლექტივიზაციის ურთულეს პერიოდში. ბავშვობა ომის მძიმე წლებში გაატარა. როგორც ამბობენ, თავის სარჩენად მძიმე ფიზიკური შრომა უწევდა. შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. სხვათა შორის, ლენინის შემდეგ იგი პირველი საბჭოთა ლიდერი იყო, ვისაც უმაღლესი განათლება ჰქონდა. რეიგანმა კალიფორნიის შტატის გუბერნატორობის დროს საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა ქვეყანაში. მან უცბად აუღო ალღო ამომრჩევლებთან ურთიერთობის ხელოვნებას. გორბაჩოვი კი საბჭოთა ნომენკლატურულ კარიერას ნაბიჯ-ნაბიჯ მიიკვლევდა. რეიგანი მთელი თავისი ბუნებით ანტიკომუნისტი იყო, მას სჯეროდა ამერიკული ფასეულობებისა და იდეალების; გორბაჩოვი კი მარქსისტულ-ლენინისტური იდეოლოგიის მატარებელი და მიმდევარი გახლდათ. რეიგანი დარწმუნებული იყო, რომ ამერიკა იდეალური სახელმწიფო იყო, საბჭოთა კავშირი კი – ბოროტების იმპერია; გორბაჩოვი პირიქით, აშშ-ს მიიჩნევდა აგრესიულ იმპერიალისტურ ძალად და თვლიდა, რომ საბჭოთა სისტემას მხოლოდ გაუმჯობესება სჭირდებოდა, სახელმწიფო მექანიზმის ცოტათი შეკეთება. ასე რომ, სხვაობა ძალიან დიდი იყო. მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებდა: შინაგანად ორივეს გულწრფელად სურდა, ერთმანეთთან საერთო ენა გამოენახა. ამ ფაქტორმა მომდევნო წლებში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ჟენევაში ორი ლიდერის პირველი შეხვედრა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. რეიგანზე თავიდანვე კარგი შთაბეჭდილება იქონია გორბაჩოვის კეთილმოსურნე დამოკიდებულებამ. ასევე იგონებს გორბაჩოვი აშშ-ის პრეზიდენტს. არაფორმალური შეხვედრები და საუბრები მეგობრულ ვითარებაში მიმდინარეობდა, მაგრამ ოფიციალურ მოლაპარაკებებში კვლავ იჩინა თავი პრინციპულმა უთანხმოებებმა. ნებისმიერი თემის განხილვა იდეოლოგიურ და მსოფლმხედველობრივ სირთულეებს აწყდებოდა. მაგალითად, რეიგანი საბჭოთა ჯარის ავღანეთიდან გაყვანას მოითხოვდა, გორბაჩოვი კი თვლიდა, რომ ჯერ აშშ-ს უნდა შეეწყვიტა დახმარება მუჯაჰედებისათვის. რეიგანი გორბაჩოვის წინაშე აყენებდა საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს, გორბაჩოვი კი კატეგორიულად თვლიდა, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა იყო. მაგრამ ყველაზე დიდ სირთულეებს ლიდერები სამხედრო საკითხების განხილვისას წააწყდნენ. გორბაჩოვი ვაშინგტონისაგან მოითხოვდა სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივაზე (SDI) მუშაობის შეჩერებას, რეიგანი კი თვლიდა, რომ თავდაცვითი "ფარის" შექმნა არანაირ საშიშროებას არ უქმნიდა საბჭოთა კავშირს. გორბაჩოვი ამას არ ეთანხმებოდა და ადანაშაულებდა აშშ-ს სტრატეგიული პარიტეტის დარღვევაში და ა.შ. მოკლედ, დიალოგი ძალიან რთული აღმოჩნდა და შედეგებიც საკმაოდ პირობითი იყო: ლიდერები პრინციპში შეთანხმდნენ სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების 50%-ით შემცირებაზე. მაგრამ მიაღწევდნენ კი მხარეები ამ მიზანს, როდესაც მუშაობა კონკრეტულ დოკუმენტებზე დაიწყებოდა? ეს უცნობი იყო. თუმცა გადაიდგა ერთი სერიოზული ნაბიჯი: ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აუცილებელი იყო მხარეებს შორის ნდობის ფაქტორის გაძლიერება. ორივე დაინტერესებული იყო, ჰყოლოდა სანდო პარტნიორი. მართლაც, პოლიტიკაში ნდობის მოპოვება რთული და დიდი საქმეა. ალბათ, ქართული ანდაზის პერიფრაზიც შეიძლება: ნდობის დაკარგვას თავის დაკარგვა სჯობია. 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ქ. ჩერნობილში ატომური რეაქტორი აფეთქდა და რეაქტორის 32 თანამშრომელი იმსხვერპლა. რადიაციული ღრუბელი დააფიქსირეს სკანდინავიასა და დასავლეთ ევროპაში და სწორედ დასავლეთის მედიამ ატეხა განგაში. საბჭოთა კავშირი კი დუმდა: უფრო მეტიც, პირველ მაისს (მუშათა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს) კიევის ქუჩებში დემონსტრაციაც კი მოეწყო და ათასობით ადამიანი რადიაციით მოიწამლა. დასავლეთში ატეხილი ხმაურის გამო საბჭოთა კავშირი 4 მაისს იძულებული გახდა ეღიარებინა მომხდარი კატასტროფა. მაგრამ საბჭოთა პროპაგანდა ამჯერადაც დასავლეთის მედიას ადანაშაულებდა "ანტისაბჭოთა ტყუილების კამპანიის" წარმოებაში, რადგან, მოსკოვის მტკიცებით, ავარიის მასშტაბი არც ისე დიდი იყო.
დაიწყეს ჩერნობილიდან მოსახლეობის ევაკუაცია, მაგრამ ეს ძალიან დაგვიანებული იყო, რადგან ხალხი უკვე რამდენიმე დღის მანძილზე იმყოფებოდა მძიმე რადიაციულ გარემოში. ჩერნობილის კატასტროფამ ფუნდამენტური კითხვები წამოჭრა "პერესტროიკის" წინაშე: რატომ იმალებოდა ეს ინფორმაცია? თუ ეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობდა, მაშ რამდენად სწორად განისაზღვრება ეს ინტერესები? შეიძლება თუ არა სახელმწიფო ინტერესებს მასობრივად ემსხვერპლოს ადამიანების სიცოცხლე? ამ კითხვების გაჩენა უკვე ახალი ეპოქის ნიშანი იყო. სტალინის მიერ ჩამოყალიბებულ იდეოლოგიაში ასეთი რამ არ ხდებოდა, რადგან ყველაფერი ნათელი გახლდათ: სახელმწიფო ინტერესები მთავარი იყო, ხოლო ადამიანის სიცოცხლე მეორადი. მაგრამ "პერესტროიკა" ხომ წარსულის შეცდომების გამოსწორებასა და ახალი გზების ძიებას ნიშნავდა. როგორც მოგვიანებით თვით გორბაჩოვმა აღიარა, ჩერნობილმა უბიძგა მას ახლებურად შეეხედა ბევრი პრობლემისათვის. სწორედ ამ ტალღაზე გაჩნდა ტერმინი "ახალი აზროვნება". იგი ბევრ რამეს გულისხმობდა, საერთაშორისო თვალსაზრისით კი ყველაზე მნიშვნელოვანს – საბჭოთა კავშირი თავის საგარეო პოლიტიკაში უარს ამბობდა კლასობრივ მიდგომაზე და აქცენტს უნივერსალურ ფასეულობებზე აკეთებდა. მაშინ ბევრი ვერ მიხვდა, რომ საბჭოთა დოგმისგან ამ "მცირედ გადახვევას" ძალიან შორს მიმავალი შედეგები ექნებოდა. ფაქტობრივად, სსრკ უარს ამბობდა თავის მთავარ იდეოლოგიურ პრინციპზე – პროლეტარულ ინტერნაციონალიზმზე, რითაც იგი ათეული წლების მანძილზე ამართლებდა თავის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას, სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევას, ბრეჟნევის დოქტრინას. წყარო: ზურაბ აბაშიძის ლიტერატურა – ცივი ომი - წარსული თუ დღევანდელობა? 184 1-ს მოსწონს
|