x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
აშშ–ის ძლიერების ზენიტი – ერთპოლუსიანი მსოფლიო

imageსაპრეზიდენტო მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ რონალდ რეიგანს ჟურნალისტებმა სთხოვეს, ერთი ფრაზით შეეფასებინა თავისი 8 წლიანი საქმიანობა. რეიგანმა უყოყმანოდ უპასუხა: "ჩვენ მოვიგეთ ცივი ომი".

ამ ომში საბჭოთა კავშირის დამარცხებას და მის დაშლას მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე მოჰყვა იშვიათი, ზოგიერთის აზრით კი, უნიკალური შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო სარბიელზე მხოლოდ ერთი გლობალური თუ მეგასახელმწიფო მოგვევლინა. ეს გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატები.
ამგვარად, 1990_იანი წლების უნიკალური თვისება ის იყო, რომ მსოფლიოს 10 წლის განმავლობაში ერთპოლუსიან რეჟიმში მოუწია ცხოვრება.
ასე რამ უახლოეს ისტორიაში პირველად ხდებოდა. რომ არაფერი ვთქვათ "ცივ ომზე", რომელიც 45 წლის განმავლობაში ორ დაპირისპირებულ პოლუსს შორის მიმდინარეობდა, მეოცე საუკუნის პირველი ნახევარიც სხვადასხვა ძალის ბალანსისა და დაპირისპირების ისტორია გახლავთ.
ზბიგნევ ბჟეზინსკის აზრით, კაცობრიობის ისტორიაში არცერთ სახელმწიფოს არ ჰქონია ისეთი გლობალური გავლენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, როგორც აშშ_ს 1990_იან წლებში.

მაგალითად, თავისი ეპოქისათვის ზესახელმწიფო იყო რომის იმპერია, რომელიც აკონტროლებდა მთელ იმდროინდელ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზებულ სამყაროს. თუმცა, ისტორიის დაახლოებით იმავე მონაკვეთში, დღევანდელი ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში, აღმოცენდა ცინის ცენტრალიზებული იმპერია (ძვ.წ. III საუკუნის დასასრული - ახ.წ. II საუკუნე), რომელიც სახელმწიფობრივი განვითარების თვალსაზრისით ტოლს არ უდებდა რომს. მაგრამ ძველი სამყაროს ამ ორ სუპერსახელმწიფოს ურთიერთკავშირი არ ჰქონდა. ამგვარად, დღევანდელი თვალსაწიერიდან, ეს ორი იმპერია შეიძლება ჩაითვალოს მთავარ რეგიონულ ძალებად, ხოლო იმდროინდელი მსოფლიო - "ორპოლუსიან სამყაროდ".
რომის იმპერია ემყარებოდა უპირველესად, სამხედრო ძალას, რომელიც იმ დროისათვის უმაღლესი ორგანიზებულობითა და ტექნოლოგიური დონით გამოირჩეოდა. საინტერესოა, რომ თავისი ზეობის პიკზე რომის იმპერიის სამხედრო გარნიზონების პერსონალი უცხო ქვეყნებში დაახლოებით 300 ათას კაცს შეადგენდა. თითქმის ასეთივე რაოდენობის ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობდა 1990_იან წლებში აშშ_ის სამხედრო ბაზებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
გარდა სამხედრო ძლიერებისა, რომის ხანგძლივი ზეობის უმთავრესი ფაქტორი კულტურული ან ცივილიზაციური უპირატესობა იყო. რომის მოქალაქეობა უნიკალური პრივილეგია გახლდათ, რაც ნიშნავდა ადამიანის გამორჩეულობას "ბარბაროსისა" და "მეორეხარისხოვანი" ხალხებისაგან.

სამხედრო და კულტურულ უპირატესობას ემყარებოდა ჩინეთის "ცისქვეშეთის იმპერია" - კონფუციანისტური კულტურის კერა. ჩინეთი თავს გრძნობდა მსოფლიოს ცენტრად, ყველაზე კულტურულ და აღმატებულ სახელმწიფოდ, რომლის წინაშეც ყველას ქედი უნდა მოეხარა.
უკოდეგანო ტერიტორიების დაპყრობის თვალსაზრისით მონღოლთა იმპერია ნამდვილად იმსახურედა მეგასახელმწიფოს სტატუსს. მას მოწინააღმდეგეც თითქმის აღარ დარჩა, მაგრამ მონღოლებს მეტწილად არ ჰქონდათ კულტურული უპირატესობა დაპყრობილ ერებთან შედარებით. პირიქით, თვითონ განიცდიდნენ ასიმილაციას სხვადასხვა კულტურულ სივრცეში. ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ორასწლიანი ჰეგემონიის შემდეგ მონღოლთა იმპერია უკვალოდ გაქრა.
შუა საუკუნეების დასასრულიდან მსოფლიოს პოლიტიკურ ცენტრად ევროპა გვევლინება. აქ ძალთა ბალანსი დროდადრო იცვლებოდა ამა თუ იმ მოთამაშის სასარგებლოდ. თუმცა, ლიდერ სახელმწიფოს სწრაფადვე უჩნდებოდა საპირწონე ძალა, რომელიც აბალანსებდა მოწინააღმდეგის გავლენას ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით. კერძოდ, ესპანეთის იმპერიის ვარსკვლავი რამდენიმე საუკუნე კიაფობდა მსოფლიოს ოკეანეებსა და კონტინენტებზე, თუმცა მას მალევე გაუჩდნენ კონკურენტები პორტუგალიის, შემდეგ კი ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის სახით. ნაპოლეონის საფრანგეთმა თითქმის სრული ჰეგემონური მდგომარეობა მოიპოვა ევროპაში. ამ შემთხვევაშიც უპირატესი ძალის დაბალანსების ინსტინქტმა და ტრადიციამ აიძულა სხვა ევროპული ქვეყნები გაერთიანებულიყვნენ ჰეგემონიის წინააღმდეგ. ამ ორთაბრძოლაში გამარჯვებულმა დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთის იმპერიამ 1815 წლის ვენის კონგრესის შედეგად განსაკუთრებული პოზიციები მოიპოვეს ევროპაში. XIX საუკუნეში დიდი ბრიტანეთის დროშა აფრიალდა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, ამ იმპერიის თავზე მზე არასდროს ჩადიოდა. იმპრიული მიზნების მისაღწევად დიდი ბრიტანეთის განსაკუთრებული ოსტატობით იყენებდა სავაჭრო ეკონომიკურ ბერკეტებსა და კვალიფიციურ ბიუროკრატიას. თუმცა, არც ეს იყო ერთპოლუსიანი მსოფლიო. იმავე ეპოქაში დიდი სისწრაფით ფართოვდებოდა რუსეთის იმპერიის საზღვრები, რომელსაც საშუალოდ ყოველწლიურად დაახლოებით დღევანდელი ბელგიის მოცულობის ტერიტორია ემატებოდა.

სხვა ერებისა და ტერიტორიების დასაპყრობად დიდი ევროპული მოთამაშეები იყენებდნენ არა მხოლოდ ძალასა და იარაღს, არამედ იდეოლოგიურ და რელიგიურ დოგმებსაც. იმპერიების გაფართოების მიზანშეწონილობასა და აუცილებლობას ისინი ასაბუთებდნენ მესიანიზმით, ანუ სხვა ხალხებში ქრისტიანობის, კულტურისა და ზოგადად, "ევროპული ცივილიზაციის შეტანის კეთილშობილური სურვილით". ეს სურვილი ხშირად ცეცხლითა და მახვილით აღესრულებოდა.

რეგიონალური მოთამაშეები იყვნენ იმ ეპოქის სხვა ძლევამოსილი სახელმწიფოებიც. კერძოდ, ავსტრია_უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიები, სპარსეთი, მე_19 საუკუნის ბოლოსათვის - გაერთიანებული გერმანია. ყველანი საერთაშორისო პოლიტიკის "დიდ კონცერტში" მონაწილეობდნენ, რომლის პარტიტურა ძალთა დაბალანსების პრინციპზე იყო აგებული.
საინტერესოა, რომ 1890 წლამდე აშშ_ს შეიარაღებული ძალები თავისი პოტენციალით მსოფლიოში მე_14 ადგილზე იყო და მას ბულგარეთიც კი უსწრებდა, ამერიკის საზღვაო ფლოტი კი იტალიისას უტოლდებოდა. როდესაც 1880 წელს ოსმალეთმა, ფინანსური მოსაზრებებით, რამდენიმე ქვეყანაში თავისი საელჩოები დახურა, შვედეთსა, ბელგიასა და ნიდერლანდებთან ერთად მათ რიცხვში აშშ_ც აღმოჩნდა. ევროპელი დიპლომატები საერთოდ თავს არიდებდნენ აშშ_ში სამუშაოდ მივლინებას, ეს არაპრესტიჟულად ითვლებოდა.

ევროპულ "კონცერტში" აშშ მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში ჩაერთო. მისი საერთაშორისო დებიუტი I მსოფლიო ომის შემდეგ შედგა. 1914 წლისათვის აშშ_ის ეკონომიკური პოტენციალი უკვე მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 33%_ს შეადგენდა. ასიათასობით ჯარისკაცის გადასროლა ამერიკის კონტინენტიდან ევროპის ომის თეატრის სცენაზე უპრეცენდენტო იყო თავისი მასშტაბითა და ოპერატიულობით. აშშ_ის პრეზიდენტი ვუდრო უილსონი მიიჩნევდა, რომ ეკონომიკური აღმავლობის გზაზე მდგარი ამერიკის უსაფრთხოება მჭიდროდ იყო დაკავშირებული დანარჩენი მსოფლიოს უსაფრთხოებასთან, აშშ_ის თავისუფლება კი - მსოფლიოს ხალხთა თავისუფლებასთან. ამგვარად, ამერიკის მოვალეობა იყო წინააღმდეგობა გაეწია ნებისმიერი ჯურის აგრესორისათვის.
თუმცა I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშშ_ში იზოლაციონისტურმა განწყობილებებმა კვლავ იმძლავრა - ამერიკელების გულაცრუება ამ ომის განსაკუთრებულმა სისასტიკემ გამოიწვია. ვაშინგტონიდან ბევრი პესიმისტურად უცქეროდა ევროპელების გაუთავებელ ხოცვა_ჟლეტას. ამის გამოც შეიკავა თავი აშშ_ის კონგრესმა ახალშექმნილ ერთა ლიგაში გაწევრიანებისაგან. ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში მსოფლიოს მთავარ მოთამაშეებად კვლავ ევროპული სახელმწიფოები რჩებოდნენ და მათთან ერთად - სწრაფად განვითარებადი იაპონია.
imageაშშ_ის დიდ პრეზიდენტსა და სახელმწიფო მოღვაწეს, ფრანკლინ რუზველტს, უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, რომ დაერწმუნებინა ამერიკელები II მსოფლიო ომში ჩაბმის აუცილებლობაში. ამ ისტორიული ნაბიჯის გადადგმას ხელი შეუწყო იაპონიის ავიაციის მიერ 1941 წელს აშშ_ის სამხედრო ფლოტზე თავდასხმამ პერლ-ჰარბორში.
II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მთავარმა გამარჯვებულმა - აშშ_მა და სსრკ_მ ახალი მსოფლიო წესრიგი შექმნეს. მათი პირველობა, გარდა დიდ ომში გამარჯვებისა, იმითაც იყო ნაკარნახევი, რომ სწორედ აშშ და სსრკ გახდნენ პირველი ბირთვული ქვეყნები (1945 წელს - აშშ, 1949 წელს - სსრკ), ხოლო მომდევნო "ცივი ომის" ეპოქაში მხოლოდ მათ გააჩნდათ თვისებრივი სტრატეგიული უპირატესობა სხვა ბირთვულ სახელმწიფოებთან შედარებით. ამ ახალი გეოპოლიტიკური რეალობის პირველ ეშელონში აღმოჩდნენ აგრეთვე გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. თუმცა, მთლიანობაში ისინი ორიდან ერთ ერთ მეგასახელმწიფოზე იყვნენ ეკონომიკურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით დამოკიდებულნი. კერძოდ, ომით დასუსტებული დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი - აშშ_ზე, ხოლო ახალშექმნილი კომუნისტური ჩინეთი - საბჭოეთზე.
45_წლიანი "ცივი ომის" პერიოდში ამ კონფიგურაციამ გარკვეული ცვლილებები განიცადა. კერძოდ, კოლონიური სისტემის დაშლამ 1950-1960_იან წლებში კიდევ უფრო შეამცირა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საერთაშორისო წონა, ხოლო ჩინეთმა მოსკოვისაგან დისტანცირება და განვითარების განსაკუთრებული გზა აირჩია. მიუხედავად ამისა, მან ჯერ ვერ შეძლო დამოუკიდებელი პოლუსისა და პოლიტიკური ცენტრის შექმნა, თუმცა მისი სწრაფად მზარდი ეკონომიკური პოტენციალი უკვე XXI საუკუნის დასაწყისში სავსებით რეალურს გახდის ამგვარი ცენტრის პერსპექტივას. ამავე პერიოდისათვის გამოიკვეთება ახალი საერთაშორისო მოთამაშის - ევროკავშირის კონტურებიც, რომლის ლიდერად დღეისათვის გაერთიანებული გერმანია გვევლინება.

ორპოლუსიანი "ცივი ომის" პერიოდში ზესახელმწიფოთა მიერ ძალის პროეცირება ხდებოდა არა მხოლოდ სამხედრო პოტენციალით, არამედ, როგორც ათასობით წლის წინათ, იდეოლოგიური პოსტულატებითა და დოგმებით. აშშ_ის მთავარი იარაღი თავისუფალ სამყაროში ლიბერალური დემოკრატიის გავრცელება იყო, ხოლო საბჭოთა კავშირისა - კომუნისტური იდეოლოგია.
"ცივი ომი" საბჭოთა კავშირმა პირწმინდად წააგო. დასავლეთის გამარჯვებაში ლომის წილი აშშ_ზე მოდის. ეს გამარჯვება მრავალი ფაქტორით იყო განპირობებული. მარშალის გეგმის მეშვეობით, აშშ_მა II მსოფლიო ომის შემდეგ, 1940-1950_იან წლებში, შეძლო ფეხზე დაეყენებინა დანგრეული დასავლეთ ევროპა. ნატოს სტრუქტურით ვაშინგტონმა შექმნა სტრატეგიული ალიანსი დასავლეთ ევროპასთან, რამაც ეფექტურად შეაკავა საბჭოთა ექსპანსიონიზმი. აშშ_ის სამხედრო პლაცდარმებმა დასავლეთ ევროპაში, შორეულ აღმოსავლეთსა (იაპონია, სამხრეთ კორეა) და სპარსეთის ყურეში კი ათეული წლების განმავლობაში შეინარჩუნეს სტაბილურობა და მშვიდობა. რომ არა ამერიკის ეს შემაკავებელი სამხედრო ძალა, II მსოფლიო ომის შემდეგ მთელი ევროპის "გაწითლება" თითქმის გარდაუვალი იყო. ბჟეზინსკის აზრით, უკეთეს შემთხვევაში ევროპის ქვეყნები, ისტორიული ტრადიციისამებრ, კვლავ დაიწყებდნენ გამალებულ შეიარაღებასა და მოსკოვთან პოლიტიკური ალიანსის ძიებას. შორეულ აღმოსავლეთში სამხრეთ კორეას აუცილებლად შეიერთებდა ფანატიკური ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური რეჟიმი, ხოლო იაპონია კვლავ მილიტარიზმის გზას დაადგებოდა და აუცილებლად აღიჭურვებოდა ბირთვული იარაღით. რაც შეეხება სპარსეთის ყურეს, ამ რეგიონის ქვეყნები იოლად გახდებოდნენ ფუნდამენტალისტური ძალების მსხვერპლნი.

ყოველივე ამის გამო, ან ასეთი სცენარის ნაწილობრივ განვითარების შედეგად, დღევანდელი მსოფლიო გაცილებით არასტაბილური და ქაოსური იქნებოდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი გიგანტური გეოსტრატეგიული ვაკუუმის შევსება 1990_იან წლებში მსოფლიოს ერთპიროვნულმა ლიდერმა - აშშ_მა ითავა. აშშ_ის ისტორიაში წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ასევე ეკონომიკური სიძლიერე. II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშშ_ის წილი მსოფლიო ეკონომიკაში თითქმის 50% იყო, ხოლო 1990_იანი წლების დასაწყისში - 30%. ამ მაჩვენებლების კლება სრულებით არ ნიშნავდა აშშ_ის ეკონომიკური პოტენციალის შესუსტებას, რადგან 50 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკა მრავალგზის გაიზარდა და გამოჩდნენ ახალი ეკონომიკური ზესახელმწიფოები, უპირატესად, იაპონიის, ჩინეთისა და გერმანიის სახით.
XX საუკუნის ბოლოს აშშ_ის ეკონომიკური უპირატესობა ემყარებოდა მობილურობას, თავისუფალ და კონკურენტულ მეწარმეობას. აშშ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მაღალ ტექნოლოგიების განვითარებას, რისი ხელშეწყობისათვისაც ქმნიდა შესაბამის პირობებსა და ინფრასტრუქტურას. ამერიკა წარმატებულად იზიდავდა სხვადასხვა ქვეყნიდან ნიჭიერ და ცნობილ მეცნიერებს, უქმნიდა მათ პრივილეგირებულ პირობებს. II მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკული დოლარი ყველაზე ძლიერ საერთაშორისო ვალუტად იქცა. აშშ_ის გლობალურ, ფინანსურ და ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურებოდა მისივე ინიციატივით შექმნილი სპეციალიზებული საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძოდ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ორგანიზაცია (NAFTA).
ტექნოლოგიურმა წარმატებებმა თვისებრივად დააწინაურა აშშ_ის სამხედრო ინდუსტრია და შეიარაღებული ძალები. განსაკუთრებით გალიერდა სამხედრო_საზღვაო ფლოტი, რომელსაც მსოფლიოს ოკეანეებში კონკურენტი არ ჰყავდა. აშშ_ს შეეძლო სწრაფად მოეხდინა უზარმაზარი ძალების მობილიზება მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში.
გარდა ამისა, აშშ_მა მიაღწია გლობალურ უპირატესობას კულტურული განზომილებითაც. ე.წ. ცხოვრების ამერიკული სტილი მისაბაძი აღმოჩნდა ახალგაზრდობისთვის, მათ შორის, კომუნისტურ ქვეყნებში. ამერიკულმა კინოინდუსტრიამ და ტელევიზიამ, შემდეგ კი ინტერნეტმა, ფაქტობრივად მონოპოლისტური პოზიციები მოიპოვა. 1960_იანი წლებიდან აშშ_მა დაიწყო განათლების სისტემაში დიდი ინვესტიციების დაბანდება, რამაც მალე შედეგები გამოიღო.

1994-95 წლებში აშშ_ში 500 ათასამდე უცხოელი სტუდენტი სწავლობდა. აშშ_ის გლობალურ ინტერესებს ემსახურებოდა ინგლისური ენის გადაქცევა საერთაშორისო ურთიერთობის ენად.
აშშ_ის "კულტურული იმპერიალიზმი" ნაწილი გახდა მთელ მსოფლიოში დემოკრატიული ფასეულობების გავრცელება და ადამიანის უფლებების დაცვა. თავისი გლობალური გავლენის გაძლიერების ბერკეტს აშშ ფრიად ოსტატურად იყენებდა საბჭოთა სისტემის დეგრადაციისა და კომუნისტური იდეოლოგიის ეროზიის ფონზე. დემოკრატიისა და თავისუფლების იდეების დაცვის სფეროში აშშ ფაქტობრივად მსოფლიოს მთავარ არბიტრად იქცა.
როგორც ბჟეზინსკი აღნიშნავს, 1990_იან წლებში აშშ_მა მიაღწია თვისობრივ უპირატესობას ოთხივე წამყვან სფეროში: 1. მისი სამხედრო ძლიერების პროეცირება ხდებოდა გლობალური მასშტაბით; 2. ეკონომიკური თვალსაზრისით წარმოადგენდა მსოფლიოს განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას (ნაწილობრივ, იაპონიასა და გერმანიასთან ერთად); 3. ტექნოლოგიური მიღწევებით მნიშვნელოვნად უსწრებდა სხვა დაწინაურებულ ქვეყნებს; 4. ჰქონდა უნივერსალური კულტურული და ინფორმაციული გავლენა.
სწორედ ამ ოთხ ნიშანზე დაყრდნობით ბჟეზინსკი ასკვნიდა, რომ 1990_იან წლებში აშშ_ს რეალური კონკურენტი არ ჰყავდა.

აღნიშნულ ოთხ ფაქტორს, ალბათ, უნდა დაემატოს 1990_იან წლებში აშშ_ის საგარეო პოლიტიკის წარმატებები. საქმე ისაა, რომ "საბჭოთა ვაკუუმის" შევსებით აშშ_მა მონოპოლისტური პოზიციები მოიპოვა დიპლომატიური განხრით. ვაშინგტონის ნებისა და სურვილის გარეშე ამ წლებში არც ერთი საერთაშორისო თუ რეგიონალური პრობლემა არ წყდებოდა და არც კი განიხილებოდა. სწორედ 1990_იან წლებში შეიქმნა მითი იმის შესახებ, რომ მსოფლიოს საქმეები მთლიანად "თეთრ სახლში" წყდებოდა. იმ პერიოდში ეს თითქმის ასეც იყო; თუმცა, სხვა საკითხია თუ რამდენად ეფექტურად აგვარებდა სხვადასხვა პრობლემას ვაშინგტონი.
1990_იან წლებში აშშ_ის გლობალური უპირატესობა ასევე მნიშვნელოვნად განაპირობა უილიამ (ბილ) ჯეფერსონ კლინტონის უაღრესად წარმატებულმა მმართველობამ (1993-2001 წლებში);
imageსამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ბილ კლინტონმა ფრიად კარგი მემკვიდრეობა ჩაიბარა ჯორჯ ბუშისგან (უფროსი); ბუშმა ოსტატურად გაართვა თავი საბჭოთა იმპერიის დაშლის ქარტეხილს, ასევე მან შთამბეჭდავი გამარჯვება მოუტანა ამერიკელ ხალხს სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ომში.
მიუხედავად ასეთი სასტარტო მდგომარეობისა, ბილ კლინტონის წარმატებები, განსაკუთრებით აშშ_ის ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით, დღემდე აღმატებულ ეპითეტებს იმსახურებს; სხვადასხვა შეფასებით, ამ ნიშნით კლინტონის პრეზიდენტობის წლები ერთ ერთი ყველაზე წარმატებული იყო აშშ_ის ისტორიაში. მოვიყვანოთ მხოლოდ რამდენიმე ციფრი: 1998 წელს აშშ_ის სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციდმა შეადგინა 69 მილიარდი დოლარი, 1999 წელს - 126 მილიარდი, ხოლო 2000 წელს - რეკორდული 236 მილიარდი. ეს თითქმის უპრეცედენტო რამ იყო, რადგან 1971 წლიდან აშშ დიდი საბიუჯეტო დეფიციტის რეჟიმში ცხოვრობდა. უკანასკნელი ციფრი (მხოლოდ პროფიციტი) 2_ჯერ აღემატებოდა რუსეთის წლიურ ბიუჯეტს.
მომდევნო წლებში, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის (უმცროსი) კატასტროფული საპრეზიდენტო მმართველობის დროს, ეს დინამიკა არა მხოლოდ შეჩერდება, არამედ მკვეთრად უკან დაიხევს და 2009 წლისათვის აშშ არნახული ვალების, ფაქტობრივად კი ფინანსური გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
კლინტონის ადმინისტრაციის ეკონომიკური წარმატებების ნუსხა მართლაც შთამბეჭდავია:

- 8 წლის მანძილზე აშშ_ის ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდებოდა 4%_ით, რაც რეკორდული მაჩვენებელია აშშ_ის ისტორიაში;
- ამავე პერიოდში შეიქმნა 22.5 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, რაც ასევე ისტორიული რეკორდია. ამ რაოდენობის 92% კერძო სექტორს განეკუთვნებოდა;
- უმუშევრობის დონე 1993 წლის 6.9%_დან 2000 წელს შემცირდა 4%_მდე, რაც 30 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო;
- 1993 წლიდან საშუალო ამერიკული ოჯახის წლიური შემოსავალი გაიზარდა 6 ათასი დოლარით და 1999 წლისათვის შეადგინა 48950 დოლარი;
- ინფლაცია შემცირდა 4.7%_იდან 2.5%_მდე, რაც 1960_იანი წლების საუკეთესო მაჩვენებელს შეესაბამებოდა;
- საკუთარი საცხოვრებელი ფართის მფლობელთა რაოდენობა გაიზარდა რეკორდულ 67.7%_მდე;
- სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა 15.1%_იდან 11.8%_მდე, ხოლო 2000 წლისათვის აშშ_ს ჰყავდა 7 მილიონით ნაკლები ღარიბი მოქალაქე, ვიდრე 1993 წელს; მკაცრი საბიუჯეტო ზომებისა და ფისკალური პოლიტიკის შედეგად კლინტონის ადმინისტრაციამ შეძლო:
+1998-2000 წლებში აშშ_ის საშინაო ვალის შემცირება 363 მილიარდი დოლარით;
+ ფედერალური მთავრობის ხარჯების შემცირება 22%_იდან 18%_მდე;
+ კერძო ინვესტიციების გაზრდა ყოველწლიურად 13.3%_ით (1981-1992 წლებში იმავე მაჩვენებელმა შეადგინა მხოლოდ 4.7%);

ამავე დროს, პრეზიდენტმა კლინტონმა ეფექტური ზომები მიიღო სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის სფეროებში.
საერთაშორისო ვაჭრობის განხრით კლინტონის ადმინისტრაციამ გააფართოვა 300_მდე სხვადასხვა ხელშეკრულება, რითაც 1992-2000 წლებში ხელი შეუწყო ამერიკული ექსპორტის ზრდას 74%_ით, ამან კი ციფრობრივად რეკორდული ერთი ტრილიონი დოლარი შეადგინა; ექსპორტის არნახულმა ზრდამ ამერიკელებს მოუტანა 1, 4 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი.
პრეზიდენტ კლინტონის დროს (1993 წელს) შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე დიდი თავისუფალი სავაჭრო ზონა, რომელშიც გაერთიანდნენ აშშ, კანადა და მექსიკა (NAFTA);
კლინტონის ინიციატივით გაფართოვდა საგარეო ვაჭრობა ჩინეთთან, რომელიც მალე, ასევე ვაშინგტონის მხარდაჭერით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა; ე.წ. "ურუგვაის მრგვალი მაგიდის" შედეგად აშშ_მა შეძლო ერთიანი წესებისა და ნორმების დამკვიდრება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნისათვის.
1999 წელს აშშ_აფრიკის სამიტზე კლინტონა წამოაყენა წინადადება აფრიკის ქვეყნებისათვის საგარეო ვალების ჩამოწერის შესახებ, რამაც ერთიანად 90 მილიარდი დოლარი შეადგინა. აშშ_მა ცალმხრივად ჩამოწერა აფრიკული ქვეყნების დავალიანება 5, 7 მილიარდი დოლარის ოდენობით.
კლინტონის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეშვეობით დიდი ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა რუსეთს, რომელიც უმძიმეს ვითარებაში იმყოფებოდა. ვაშინგტონმა ასევე დახმარების ხელი გაუწოდა მეზობელ მექსიკას, რომელსაც დეფოლტი ემუქრებოდა;
სხვა წარმატებული ნაბიჯების დეტალური ჩამოთვლა და ანალიზი შორს წაგვიყვანდა. არის საკმაოდ გავრცელებული აზრი, რომ კლინტონმა ფაქტობრივად მოიმკო პრეზიდენტ რეიგანის მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგები. წარმატებები რეალურად ე.წ. რეიგანომიკის გადავადებული შედეგი იყო. თუმცა ფაქტია, რომ აშშ_ის ეკონომიკური ძლიერების სიკეთე, რასაც მოგვიანებით "ხანგძლივი ბუმი" უწოდეს (The long boom), სწორედ კლინტონის დროს იგრძნო ამ ქვეყნის თითქმის ყველა ცალკეულმა მოქალაქემ, ასევე მსოფლიოს ბევრმა სახელმწიფომ. მათ შორის იყო საქართველოც, რომელიც დამოუკიდებლობის რთულ გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამდა.
ეს თავბრუდამხვევი ციფრები და მიღწევები კლინტონმა "ხელის ერთი მოსმით" კინაღამ წყალს გაატანა. მხედველობაში გვაქვს 1998-1999 წლების სკანდალური ისტორია, დაკავშირებული პრეზიდენტის სექსუალურ ინტრიგასთან. ქალბატონი მონიკა ლევინსკით ხანმოკლე გატაცებამ კლინტონს კინაღამ პრეზიდენტის სავარძელი დააკარგვინა: კონგრესი იმპიჩმენტს ითხოვდა.
ბევრის აზრით, ამ სკანდალმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრებმა გააბუქეს, კლინტონისა და აშშ_ის ავტორიტეტს საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა. თუმცა, ზოგიერთი დღემდე ფიქრობს, რომ სკანდალმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ამერიკის დემოკრატიისა და კანონიერების სიძლიერე. ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საპრეზიდენტო მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ კლინტონის მხარდამჭერთა რაოდენობამ 68% შეადგინა; ამერიკელების ასეთი მხარდაჭერა მხოლოდ დიდ ფრანკლინ რუზველტსა და რონალდ რეიგანს ჰქონდათ.

წყარო: ედიშერ გვენეტაძის ლიტერატურიდან
0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0