x
მეტი
  • 03.09.2024
  • სტატია:136839
  • ვიდეო:351960
  • სურათი:511028
საბჭოთა "პერესტროიკის" თანაავტორი რონალდ რეიგანი – საწყისები

imageგორბაჩოვის პირველმა სატელევიზიო გამოსვლებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს იყო პირველი საბჭოთა ლიდერი, რომელსაც რკინაბეტონის გამომეტყველება არ ჰქონდა და ადამიანური ენით ლაპარაკობდა. იგი მეტყველებდა იმპროვიზებულად, არასტანდარტულად, ლოზუნგებისა და კლიშეების გარეშე.
სანამ ტერმინი "პერესტროიკა" გაჩნდებოდა, გორბაჩოვმა ჯერ ქვეყნის განვითარების დაჩქარებაზე გააკეთა აქცენტი. იგი ღიად ამბობდა, რომ საბჭოთა კავშირი ბევრი მიმართულებით ჩამორჩებოდა თანამედროვე მოთხოვნებს, ამიტომ უფრო სწრაფად უნდა გვევლო წინ. მაგრამ როგორ? აი, ეს "როგორ" ჯერ უცნობი იყო. ამის გასარკვევად გორბაჩოვმა საზოგადოებას "გლასნოსტი", ანუ საჯაროობა შესთავაზა. უნდა დაწყებულიყო დისკუსიები სწორი გზის გასაკვლევად. დისკუსიები საკმაოდ სწრაფად მოედო საზოგადოების ყველა ფენას და რაღაც ეტაპზე ნათელი გახდა, რომ განვითარების დაჩქარება საკმარისი არ იყო. საბჭოთა სისტემას ძირეული რეფორმა ჭირდებოდა.

მოკლე ხანში გაჩნდა ახალი ცნება – "პერესტროიკა", ანუ გარდაქმნა. მისი მთავარი არქიტექტორი გორბაჩოვი იყო. საბჭოთა ლიდერის პოპულარობა სწრაფად იზრდებოდა, განსაკუთრებით ინტელიგენციის წრეებში. მომსახურების სფეროში გაჩნდა კერძო მეწარმეობის პირველი მერცხალი - კოოპერატივები. გარდაქმნის აუცილებლობა, უწინარესად, ქვეყნის შინაგანმა პრობლემებმა განაპირობა. ეს გახლდათ ღრმა ეკონომიკური კრიზისი, კომუნისტური იდეოლოგიის სრული ეროზია, დისციპლინის საყოველთაო მოშლა, დამანგრეველი კორუფცია და სხვ. საერთაშორისო თვალსაზრისით, საბჭოთა კავშირის ავტორიტეტი გამოუსწორებლად იყო შელახული, საბჭოთა იმპერია და მისი გავლენის სფეროები კი მოდებული უკიდეგანო სივრცეს, რომლის მოვლა-პატრონობის რესურსები აღარ არსებობდა.
უდიდესი თანხები იხარჯებოდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში სატელიტური რეჟიმების დაფინანსებაზე. მხოლოდ ფიდელ კასტროს კუბას ყოველწლიურად 5-7 მილიარდი დოლარი სჭირდებოდა საბჭოთა ბიუჯეტიდან დოტაციის სახით. საბჭოთა ბიუჯეტს სამხედრო ხარჯები აშშ-თან შედარებით სამჯერ მეტ ტვირთად აწვებოდა, მაშინ როცა სსრკ-ის შიდა ეროვნული პროდუქტი აშშ-ის მხოლოდ ერთი მეექვსედი იყო. საბჭოთა არმია კი 5, 4 მილიონ (!) სამხედროს ითვლიდა. მიუხედავად ზესახელმწიფოს სტატუსისა და ამბიციისა, სსრკ მაინც ჩამორჩენილ ქვეყნად რჩებოდა, სადაც მოდერნიზაციის არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური რესურსები აღარ არსებობდა.
imageსაბჭოთა ეკონომიკას განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა გორბაჩოვის მიერ 1985 წელს წამოწყებულმა ანტიალკოჰოლურმა კამპანიამ, რის შედეგადაც ამ სასმელების წარმოება და რეალიზაცია ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა. მალე გაირკვა, რომ სწორედ ეს პროდუქცია იყო საბჭოთა ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მთავარი წყარო, ანუ საბჭოთა ეკონომიკა გარკვეულწილად ალკოჰოლიზმის ხარჯზე ფინანსდებოდა. ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების შემცირებამ არა მარტო ბიუჯეტი დააზარალა, არამედ საბჭოთა მოქალაქეთა ჯანმრთელობაც. რუსეთის ქალაქებსა და პროვინციებში მასობრივად დაიწყეს კუსტარულად არყის გამოხდა. გარდა ამისა, სვამდნენ ოდეკოლონებს, სამედიცინო და ტექნიკურ სპირტს, გადადუღებულ ფეხსაცმლის კრემსა და ვინ იცის კიდევ რას. საბედნიეროდ, საქართველო ამ შიზოფრენიას გადაურჩა. ყოველივე ამასთან ერთად, 1980-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა ახალი ფაქტორი, რამაც პროცესები საბჭოთა კავშირში მნიშვნელოვნად დააჩქარა. ეს გახლდათ აშშ-ის რიგით მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი.

აშშ-ის 1980 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლმა უძლიერესი პროპაგანდისტული შეტევა მიიტანა რეიგანზე. ჰოლივუდის ყოფილ კინოვარსკვლავს გვიხატავდნენ როგორც უპასუხისმგებლო და აგრესიულ კოვბოის, რომელსაც ხელი სულ იარაღისკენ გაურბოდა. კრემლისათვის ცნობილი იყო რეიგანის უარყოფითი დამოკიდებულება საბჭოთა კავშირისა და განმუხტვის პოლიტიკის მიმართ. იცოდნენ, რომ რეიგანი, მისივე სიტყვებით, "თავზე თმებს არ დაიპუტავდა, თუკი განმუხტვა გარდაიცვლებოდა".
რეიგანი ღრმად მოაზროვნე ინტელექტუალი არასდროს ყოფილა, მაგრამ იგი ზუსტად აცნობიერებდა, რომ ცოცხალმკვდარ მდგომარეობაში განმუხტვის შენარჩუნება მხოლოდ გაახანგრძლივებდა "ცივ ომს". ამიტომ მან გადაწყვიტა შეეცვალა არა საბჭოთა პოლიტიკა, არამედ თვით საბჭოთა კავშირი. თუმცა თავისი პრეზიდენტობის პირველ წლებში რეიგანი მაინც ცდილობდა მოსკოვთან დიალოგის გამართვას. მას გულწრფელად სჯეროდა, რომ პირადი ურთიერთობის საშუალებით იგი შეძლებდა ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობებში გარდატეხის შეტანას. სოლიდური ურთიერთობის დამყარება მან ვერც ბრეჟნევთან, ვერც ანდროპოვთან და ვერც ჩერნენკოსთან ვერ შეძლო, რადგან საბჭოთა ლიდერები ერთიმეორის მიყოლებით გარდაიცვალნენ. რეიგანს ამის თაობაზე ირონიულად უთქვამს კიდეც, "აბა, რა ჩემი ბრალია, თუ ისინი ჩემს ირგვლივ თვითონ კვდებიანო".
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რეიგანმა მისი წინამორბედი კარტერის მიერ შემოღებული ემბარგოც კი გააუქმა სსრკთვის ხორბლის მიყიდვის თაობაზე, მაგრამ ის თვლიდა, რომ დასავლეთი საბჭოთა კავშირთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე არანაირად არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული. სწორედ ამიტომ იგი დაბეჯითებით არ ურჩევდა ევროპელ პარტნიორებს დათანხმებულიყვნენ გაზსადენის მშენებლობაზე საბჭოთა კავშირიდან ევროპის მიმართულებით.

რეიგანი მალე დარწმუნდა, რომ მეგობრული უვერტიურები მოსკოვის მისამართით დროის კარგვა იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პრეზიდენტზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა СIA-ს მიერ 1981 წელს მომზადებულმა ინფორმაციამ საბჭოთა კავშირის ურთიერთობების შესახებ ტერორისტულ ორგანიზაციებთან. მასალაში მოყვანილი იყო დამაჯერებელი ფაქტები იმის შესახებ, რომ სსრკ, პირდაპირი ან ირიბი გზით, უჭერდა მხარს სეპარატისტული თუ სხვადასხვა ჯურის შეიარაღებული ჯგუფების ძალადობრივ საქმიანობას. ამ კონტექსტში დასახელებული იყო, კერძოდ, კუბა, აღმოსავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, სამხრეთ იემენი, ლიბია, ასევე სალვადორი ცენტრალურ ამერიკაში.
imageაღინიშნებოდა, რომ სუკ-ის, გრუ-სა და გენერალური შტაბის მე-19 სამმართველო მიზანმიმართულად ამზადებდნენ პალესტინელების, სამხრეთ ამერიკელებისა და აფრიკელების რევოლუციურ ჯგუფებს, აწვდიდნენ მათ იარაღს, უწევდნენ სხვადასხვა სახის დახმარებას. საბჭოთა კავშირის მხარდაჭერა ჰქონდათ ასევე მარგინალურ ტერორისტულ ჯგუფებს დასავლეთ ევროპაში, მათ შორის ბაადენ-მაინჰოფს გერმანიაში, წითელ ბრიგადებს იტალიაში და ე. წ. წითელ არმიას იაპონიაში.
იკვეთებოდა საბჭოთა სპეცსამსახურების შესაძლო როლიც რომის პაპის იოანე პავლეს მკვლელობის მცდელობაში. რეიგანის დავალებით იწყება უსაფრთხოების ახალი დოქტრინის შემუშავება, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა ექსპანსიონიზმის არა მხოლოდ შეჩერებას, არამედ მის უკუქცევას. რეიგანი იღებს გადაწყვეტილებას მკაცრი პასუხი გასცეს საბჭოთა გამოწვევას ყველგან, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. პრეზიდენტი არწმუნებს კონგრესს, რომ საჭიროა ავღანელი მუჯაჰედებისათვის დახმარების გაზრდა.
მალე მუჯაჰედები მზარდ წინააღმდეგობას გაუწევენ საბჭოთა ჯარს. მათ გაუჩნდებათ "სტინგერები", რომლებიც შიშის ზარს სცემენ საბჭოთა სამხედრო ავიაციას. 1983 წლის მარტში აშშ-მა სამხედრო ინტერვენცია განახორციელა კარიბის კუნძულ გრენადაზე, სადაც შეიარაღებული გადატრიალების გზით 1979 წელს ხელისუფლებაში მორის ბიშოფის მარქსისტული მთავრობა მოვიდა. ამ პაწაწინა კუნძულზე, რომლის მოსახლეობა სულ 90 ათასია, საბჭოთა, ბულგარელმა, ჩრდილო კორეელმა სპეციალისტებმა დაიწყეს სამხედრო-საჰაერო ბაზის მშენებლობა. 1983 წლისათვის გრენადაში 700-მდე კუბელი სამხედრო პირი იმყოფებოდა. გრენადაში აშშ-ის ინტერვენცია მკაცრად გააკრიტიკეს არა მხოლოდ საბჭოთა ბანაკის ქვეყნებმა, არამედ მოკავშირეებმაც, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ. მიუხედავად ამისა, რეიგანი კვლავ ადასტურებდა თავის პოლიტიკურ ნებას, არ დაეშვა კომუნიზმის შემდგომი გავრცელება.

აშშ-ის დახმარებით გაძლიერდა ნიკარაგუის მარქსისტული რეჟიმის შეიარაღებული ოპოზიცია. საბოლოოდ მათ აიძულეს ხელისუფლება ჩაეტარებინა თავისუფალი არჩევნები და გაიმარჯვეს კიდეც. ვაშინგტონის დახმარებით ანგოლაში გაძლიერდა ოპოზიციური "უნიტა", რამდენიმე წლის შემდეგ კი დაიწყება კუბის სამხედრო ნაწილების გაყვანა ამ ქვეყნიდან.

1983 წლის აპრილში დასავლეთ ბერლინში ტერორისტებმა დისკოთეკა ააფეთქეს, რის შედეგადაც ამერიკელი სამხედროები დაიღუპნენ. აშშ-ს სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ ამის უკან ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი იდგა. პრეზიდენტ რეიგანის განკარგულებით რამდენიმე დღეში აშშ-მა სარაკეტო დარტმებით გაანადგურა ლიბიის სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის კადაფის რეზიდენცია. ამ ინციდენტსაც ბევრი კრიტიკა მოჰყვა მსოფლიოში რეიგანის მისამართით.
imageრეიგანის დოქტრინას იდეოლოგიური მიზანმიმართულება სჭირდებოდა, რაც აშკარად გამოიკვეთა მის მიერ 1982 წელს ინგლისის პარლამენტში წარმოთქმულ სიტყვაში. პრეზიდენტის გამოსვლა, თავისი სულისკვეთებითა და ჟღერადობით, ეხმიანებოდა ჩერჩილის 1946 წლის ცნობილ "ფულტონის სიტყვას", რომლითაც დიდმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა გააფრთხილა მსოფლიო საბჭოთა საფრთხისა და ევროპაში "რკინის ფარდის" შესახებ. ახლა კი რეიგანი აგრძელებდა ჩერჩილის საქმეს: "კარლ მარქსი სწორი იყო. ჩვენ მართლაც მოწმენი ვართ დიდი რევოლუციური კრიზისისა. მაგრამ კრიზისს ადგილი აქვს არა კაპიტალისტურ დასავლეთში, არამედ საბჭოთა კავშირში, ქვეყანაში, რომელიც ისტორიის დინების წინააღმდეგ მიდის, უარყოფს ადამიანის თავისუფლებასა და ღირსებას, ამასთანავე ვერ კვებავს თავის მოქალაქეებს".
იმავე 1983 წელს რეიგანი სიტყვით გამოვიდა ევანგელისტთა ეროვნულ ასოციაციაში და საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა. რეიგანის ახალ ტერმინს საბჭოთა კავშირში არნახული აურზაური მოჰყვა. კონტრშეტევისათვის საბჭოთა მედიამ აამოქმედა მთელი თავისი რესურსები. პარალელებს ავლებდნენ გებელსის პროპაგანდასთან, გვაშინებდნენ მზის დაბნელებით, წყალდიდობებით, აპოკალიფსით. მაგრამ რეიგანს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა – აშშ იწყებდა ფრონტალურ შეტევას საბჭოთა იმპერიაზე. შეტევის მთავარ მიმართულებად რეიგანმა აშშ-ის სამხედრო პოტენციალის თვისებრივი გაძლიერება შეარჩია. პრეზიდენტის ინიციატივით კონგრესმა მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ხარჯები.

1985 წლისათვის პენტაგონის ბიუჯეტი 1980 წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა. რეიგანმა განაახლა პრეზიდენტ კარტერის პერიოდში შეჩერებული პროექტები ე.წ. ძლიერი რადიაციის ("ნეიტრონის ბომბი") იარაღისა და ახალი "В-1" ბომბდამშენის შესაქმნელად. დაიწყო მუშაობა "МХ" ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტაზე. რეიგანმა ფაქტობრივად შეაჩერებინა SALT II ხელშეკრულების რატიფიკაცია ამერიკის კონგრესში და აქცენტი სსრკ-თან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ მოლაპარაკებათა დაწყებაზე (START) გადაიტანა. კრემლში დაასკვნეს, რომ რეიგანი საერთოდ უარს ამბობდა შეიარაღების კონტროლის პროცესზე. რეიგანმა შესთავაზა მოსკოვს ე.წ. ნულოვანი ვარიანტი, რომლის მიხედვით საბჭოთა კავშირს უნდა დაეშალა თავისი ცნობილი SS-20 ტიპის რაკეტები, ხოლო აშშ საპასუხოდ უარს იტყოდა დასავლეთ ევროპაში "პერშინგის" საშუალო რადიუსის რაკეტების განთავსებაზე.
კრემლმა ამ შეთავაზებას მკვახე უარით უპასუხა, რადგან, მისი გათვლით, რეიგანი ვირტუალურ რაკეტებზე ამბობდა უარს, SS-20 კი რეალობა იყო. რეიგანმა მიიღო გადაწყვეტილება საშუალო რადიუსის რაკეტების დასავლეთ ევროპაში განლაგებაზე და ამასთან დაკავშირებით ევროპის ლიდერებთან დაიწყო კონსულტაციები. ამ გეგმამ ევროპელების დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. ანდროპოვმა დაუფარავად გააფრთხილა გფრ-ის კანცლერი ჰელმუტ კოლი, რომ, თუკი იგი მიიღებდა ამერიკელების ინიციატივას, საბჭოთა კავშირის მხრიდან "სამხედრო საფრთხე დასავლეთ გერმანიის მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა". ასეთმა პერსპექტივამ გერმანიაში იმდენად წინააღმდეგობრივი ემოციები გამოიწვია, რომ სოციალ-დემოკრატების ერთი ნაწილი საერთოდ ნატოდან გასვლაზეც კი ფიქრობდა. მიუხედავად ამისა, გერმანიის ბუნდესტაგმა 1983 წლის 22 ნოემბერს თანხმობა განაცხადა ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტები განეთავსებინა.
imageამერიკელების ამ ინიციატივას ძლიერი მხარდამჭერი აღმოუჩნდა საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის სახით, რაც ვაშინგტონისათვის საკმაოდ დიდი მოულოდნელობა იყო. ფრანგების ორიგინალობა დე გოლის პერიოდში იქ კარგად ახსოვდათ. რეიგანის მთავარი სტრატეგიული მოკავშირე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კონსერვატიული პარტიის ლიდერი მარგარეტ ტეტჩერი გახლდათ. მკაცრმა, პრინციპულმა საშინაო და საგარეო პოლიტიკამ ტეტჩერს "რკინის ლედის" რეპუტაცია შესძინა. საბჭოთა კავშირის მიმართ პრემიერის დაუნდობელი გამონათქვამები კრემლში აღშფოთებას იწვევდა. ტეტჩერის მთავრობამ, ერთ-ერთმა პირველმა, მისცა თანხმობა აშშ-ს "პერშინგების" დიდ ბრიტანეთში განლაგებაზე.
1982 წლის აპრილში არგენტინის სამხედრო ხუნტამ ჯარი გადასხა ფოლკლენდის კუნძულებზე, რომლებიც დიდ ბრიტანეთთან სადავო ტერიტორიად ითვლებოდა ატლანტიკის ოკე­ანეში. ბრიტანეთის საზღვაო-სამხედრო ფლოტმა სულ რამდენიმე დღეში სასტიკად დაამარცხა რიცხობრივად უპირატესი არგენტინის ჯარი. ეს გამარჯვებაც ტეტჩერისა და მისი "უფროსი ძმის" - რეიგანის წარმატებად აღიქვეს მსოფლიოში. ვაშინგტონის გამალებული შეიარაღების ინიციატივათა საპასუხოდ მოსკოვმა მწვავე გადაწყვეტილება მიიღო – 1983 წლის 22 ნოემბერს საბჭოთა კავშირმა დატოვა აშშ-თან შეიარაღების კონტროლის თაობაზე მოლაპარაკების პროცესი.

საბჭოთა კავშირისადმი მკაცრი მიდგომა ფორმალურ დეტალებშიც გამოჩნდა. მაგალითად, სსრკ-ის ლეგენდარული ელჩი ვაშინგტონში ანატოლი დობრინინი (მან ამერიკის 6 პრეზიდენტი "გამოიცვალა") ათეული წლების მანძილზე განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა: პირდაპირი ტელეფონი სახელმწიფო მდივანთან, ცალკე შესასვლელი სახელმწიფო დეპარტამენტში. ელჩს ეს პრივილეგიები ჩამოართვეს.
რეიგანი, როგორც ყოფილი მსახიობი, ისე ღრმად შეიჭრა როლში, რომ ყველაზე რადიკალი ამერიკელებიც გააკვირვა. ერთ-ერთი რადიოგადაცემის დაწყების წინ ოპერატორმა მას რამდენიმე სიტყვის თქმა სთხოვა ხმის შესამოწმებლად. "ახლახანს მე გავეცი განკარგულება, რათა 5 წუთის შემდეგ დაიწყოს რუსეთის დაბომბვა" – არხეინად ჩაილაპარაკა მან. აღმოჩნდა, რომ ეთერი ჩართული იყო და პრეზიდენტს მთელი ამერიკა უსმენდა. კრემლის პროპაგანდამ საბჭოთა კავშირში აკრძალულ ფროიდის თეორიასაც მოუხმო და გვიმტკიცებდა, რომ ქვეცნობიერად რეიგანი სულ ჩვენს განადგურებაზე ოცნებობდა. მაგრამ კრემლს წინ ელოდა რეიგანის ყველაზე დიდი სიურპრიზი. ეს იყო სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივა (SDI).
იგი გულისხმობდა კოსმოსურ სივრცეში ისეთი თავდაცვითი სისტემების დაყენებას, რომლებიც ჰაერში გაანადგურებდნენ მოწინააღმდეგის ბალისტიკურ რაკეტებს, ანუ ამერიკელები იწყებდნენ ფიქრს ისეთი კოსმოსური "ფარის" შექმნაზე, რომელიც არაეფექტურს გახდიდა ნებისმიერ "ხანჯალს", რაოდენ დიდიც უნდა ყოფილიყო ის. ასეთი ორიგინალური ტექნოლო­გიური მიკვლევით ინგრეოდა საბჭოთა კავშირის ისტორიული მონაპოვარი – სტრატეგიული პარიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მოსკოვი ნამდვილმა პანიკამ მოიცვა.
ნათელი ხდებოდა, რომ საბჭოთა კავშირს ტექნოლოგიურად აღარ შესწევდა უნარი პაექრობა გაეწია ამ ურთულესი და უძვირესი პროექტისათვის. "თუკი ჯერ კიდევ ვინმეს ჰქონდა მოსკოვში ილუზიები რეიგანის მიმართ, ბოლო მოვლენებმა საბოლოოდ გადაასხა მათ წყალი" – დაასკვნეს კრემლში. საბჭოთა მედია ყალყზე დადგა. გვიმტკიცებდნენ, რომ SDI არღვევდა უკვე არსებულ შეთანხმებებს, რომ ამერიკელები ომისათვის ემზადებოდნენ. პრესაში "გაჟონა" ანდროპოვის სიტყვებმა – "რეიგანი არაპროგნოზირებადია". როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს "გაჟონვა" შემთხვევითი არ იყო.
image1983 წლის ნოემბერში ნატოს წევრმა ქვეყნებმა სამხედრო წვრთნები ჩაატარეს დასავლეთ ევროპაში. წვრთნების მასშტაბურმა ხასიათმა საბჭოთა დაზვერვას შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ ნატო აპირებდა საბჭოთა კავშირზე თავდასხმას. მოსკოვში ეს საფრთხე რეალურად შეაფასეს და სამხედრო ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს. საბედნიეროდ, CIA-ს აგენტურამ დროულად მოიპოვა ეს ინფორმაცია და პრეზიდენტი რეიგანი ჩააყენა საქმის კურსში. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოპერატიულად დაუკავშირდა საბჭოთა ოფიციალურ პირებს და დაარწმუნა ისინი, რომ დასავლეთი ომს არ აპირებდა. სამხედრო წვრთნები კი დროზე ადრე დაასრულეს. ეს "ცივი ომის" ერთ-ერთი ყველაზე საშიში მომენტი იყო. ამერიკული სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივა მოსკოვს არ აძლევდა მშვიდი ძილის საშუალებას. საბჭოთა კავშირმა SDI-ის წინააღმდეგ დარაზმა თავისი ყველა მოკავშირე და მომხრე მთელ მსოფლიოში. დაიწყო სამ­შვიდობო მოძრაობა ლოზუნგით "არა ვარსკვლავების ომს!" მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართებოდა ევროპისა და ამერიკის ქალაქებში. რეიგანი უკან დახევას არ აპირებდა. პირიქით, მან კიდევ ერთი მიმართულებით შეუტია საბჭოთა კავშირს.
ეს გახლდათ ადამიანის უფლებები და დემოკრატია. რეიგანმა გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს უქადდა საბჭოთა წყობას: მან საერთოდ ეჭვქვეშ დააყენა ამ რეჟიმის ლეგიტიმურობა. ასე ღრმად საბჭოთა რეჟიმი არც ერთ მის წინამორბედს არ გაუკრიტიკებია. სამხრეთ კორეული თვითმფრინავის 1983 წლის ტრაგიკული ინციდენტი პროპაგანდისტული თვალსაზრისით აშშ-მა მაქსიმალურად გამოიყენა. მსოფლიო მედია ცალსახად მოსკოვის წინააღმდეგ იყო განწყობილი. სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებას რეიგანმა "საბჭოთა მხეცობა" უწოდა, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ეს შეფასდა როგორც დანაშაული მსოფლიოს წინაშე, რომელსაც არანაირი იურიდიული ან მორალური გამართლება არ ჰქონდა.
imageკრემლის ახალი მობინადრე – მიხეილ გორბაჩოვი ხედავდა, რომ სტრატეგიული ინიციატივა აშშ-ის მხარეს გადადიოდა, მაგრამ ამ დინამიკის შემოსაბრუნებლად საკმარისი რესურსები აღარ არსებობდა. დამატებითი სამხედრო ხარჯები საბჭოთა კავშირის კოლაფსს ან რევოლუციას გამოიწვევდა. მოგვიანებით იგი იგონებდა: "როდესაც მე სახელმწიფოს სათავეში მოვედი, უკვე ვხედავდი, რომ საქმე კარგად არ იყო... ქვეყანა იხრჩობოდა ბიუროკრატიული სისტემის მარყუჟებში. იდეოლოგიური შეზღუდვებისა და გამალებული შეიარაღების მძიმე ტვირთის გამო საზოგადოება უაღრესად დაძაბული იყო".

ტეტჩერი პირველი დასავლელი ლიდერი იყო, რომელიც გორბაჩოვს სამი თვით ადრე შეხვდა, ვიდრე მას გენერალურ მდივნად აირჩევდნენ. "რკინის ლედიმ" განაცხადა, რომ მას გორბაჩოვი მოეწონა და მასთან შეიძლებოდა საქმიანი ურთიერთობა. მაგრამ საბჭოთა კავშირის ნომერ პირველ პოსტზე არჩევის შემდეგ გორბაჩოვი ერთხანს ძველი ინერციით უძღვებოდა საერთაშორისო საქმეებს და პრინციპულად ახალი მინიშნება დასავლეთისათვის არ გაუკეთებია. პირიქით, მისი გამოსვლა 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, წითელ მოედანზე იმდენად იყო გამსჭვალული დასავლეთის კრიტიკით, რომ ზოგიერთმა ვაშინგტონში ასეთი დასკვნაც კი გააკეთა: გორბაჩოვი კიდევ უფრო იდეოლოგიზებული ლიდერია, ვიდრე მისი წინამორბედები. მართლაც, სანამ გრომიკო საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ, მოსკოვის საგარეო პოლიტიკაში თვისებრივ ცვლილებაზე საუბარი არარეალური იყო. კრემლში გრომიკოს ხელშეუხებ ავტორიტეტად მიიჩნევდნენ. მისი მინისტრობის პერიოდში დიპლომატთა რამდენიმე თაობა გაიზარდა და გავიდა პენსიაზე. საგარეო უწყებაში გრომიკოს უკვდავ მინისტრად თუ არა, შეუცვლელად ნამდვილად თვლიდნენ. იგი იყო საბჭოთა დიპლომატიის სახე, ცნობილი თავისი მუდამ მკაცრი გამომეტყველებითა და კატეგორიული "нет"-ით.

imageდა აი, 1985 წლის 1 ივლისს მოხდა საოცრება. იმ პერიოდში მადრიდში საბჭოთა საელჩოში ვმუშაობდი. დილით ელჩმა, ბრწყინვალე დიპლომატმა იური დუბინინმა თავისთან მიმიხმო და მითხრა: "გილოცავთ ედუარდ ამბროსის ძის დანიშვნას საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად!" მე ეს ჯერ ხუმრობა მეგონა, მაგრამ მაშინვე მომაგონდა, რომ ასეთ რამეზე საბჭოთა დიპლომატები არ ხუმრობდნენ. ისღა დამრჩენოდა, რომ ელჩისთვის მეპასუხა: "თქვენც გილოცავთ!" ეს ნამდვილი სენსაცია იყო.
მთელ მსოფლიოში ჟურნალისტებმა დაიწყეს სასწრაფოდ იმის გამოკვლევა, თუ ვინ იყო შევარდნაძე, რა წარსული და გამოცდილება ჰქონდა მას, რას უქადდა ეს დანიშვნა მსოფლიოსა და დასავლეთის სამყაროს. შოკირებული იყო საბჭოთა დიპლომატიკური კორპუსი. როგორ უნდა ეხელმძღვანელა ამ ელიტარული სფეროსათვის "პროვინციელ ქართველს", რომელსაც დიპლომატიის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა? მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ არგუმენტით თვით შევარდნაძემ უპასუხა გორბაჩოვს მის შემოთავაზებაზე. მაგრამ გენერალური მდივნის პოზიცია ასეთი იყო: "შეიძლება ეს კარგიც იყოს... ჩვენს საგარეო პოლიტიკას სჭირდება ახალი შეხედულებები, გამბედაობა, დინამიზმი, ნოვატორული მიდგომები".

მალე შედგა ახალი მინისტრის პრეზენტაცია – შეხვედრა საბჭოთა საგარეო უწყების წამყვან თანამშრომლებთან. შესავალი სიტყვის შემდეგ შევარდნაძემ პატივისცემით მოიხსენია გრომიკო, რომელსაც საბჭოთა დიპლომატიის დიდი ხომალდი უწოდა. "მე კი მხოლოდ ნავი ვარ" – მოკრძალებულად განაცხადა მინისტრმა და პაუზის შემდეგ ღიმილით დაამატა – "მაგრამ ნავი ძლიერი ძრავით". მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ შევარდნაძის დანიშვნა ყველაზე მძიმედ გრომიკომ გადაიტანა. პოლიტბიუროს სხდომიდან იგი სახლში სიბრაზისაგან გაწითლებული დაბრუნდა და დიდხანს ვერ გამოვიდა ამ მდგომარეობიდან. მას ესმოდა, რომ გორბაჩოვის ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად გრომიკოს მემკვიდრეობაზე უარის თქმას ნიშნავდა, თუმცა "დიდ ხომალდს" არც ის უნდა გამოპარვოდა, რომ გორბაჩოვს საგარეო პოლიტიკაში მეტი თავისუფლება სჭირდებოდა.
თავის ანალიტიკურ შეფასებებში CIA ასეთ პროგნოზს აკეთებდა ახალ საბჭოთა მინისტრთან დაკავშირებით: "გაბედული, ენერგიული, ფიცხი, ჭკვიანი. აქვს პრობლემების მოგვარების გამორჩეული უნარი... იგი მნიშვნელოვან კვალს დატოვებს საბჭოთა საგარეო პოლიტიკაში და დიპლომატიის წარმოების საქმეში". როგორც ვხედავთ, CIA-ს საკმაოდ ზუსტი ანალიზი გაუკეთებია. შევარდნაძე "ცივი ომის" დასრულების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა. ახალ ამპლუაში შევარდნაძე მალე მადრიდშიც ვიხილეთ. წინა წელს ესპანეთში მყოფი პონომარიოვივით მანაც ისურვა საბჭოთა დიპლომატებთან შეხვედრა. ეს სულ სხვა შეხვედრა იყო: საინტერესო ანალიზი, ცოცხალი და ახლებური იდეები. და რაც მთავარია, ეს არ იყო დიდი შეფის მონოლოგი. საბჭოთა მინისტრს ჩვენი შეხედულებებიც აინტერესებდა. ეს მაშინ დიდ სიახლედ ითვლებოდა. მაღალ სტუმარს ესპანელებმა ცნობილი პრადოს მუზეუმი დაათვალიერებინეს. იქვე, შორიახლოს მყოფ სკოლის მოსწავლეებს საბჭოთა მინისტრმა ჩვეულებრივად ადამიანურად მიმართა: "მოგვიახლოვდით, ნუ გეშინიათ". მეორე დღეს ესპანურმა გაზეთებმა ეს სიტყვები პირველ გვერდზე გამოიტანეს. რატომღაც ამ უბრალო თავაზიანობაში მათ დიდი სიმბოლო ამოიკითხეს.

მსოფლიო გორბაჩოვისა და რეიგანის პირველ შეხვედრას ელოდა, რომელიც 1985 წლის ნოემბრისათვის დაინიშნა. მოლოდინი ძალიან დიდი იყო. როგორ შეეწყობოდნენ ერთმანეთს რეიგანი და გორბაჩოვი? ისინი ხომ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული პიროვნებები იყვნენ. რეიგანი პრეზიდენტად აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანშიშესულ ასაკში აირჩიეს. იგი საშუალო შეძლების ოჯახში დაიბადა. ბავშვობისა და ყრმობის პერიოდში მას სპორტი უფრო აინტერესებდა, ვიდრე მეცნიერება. კარიერა ჰოლივუდში გა­იკვალა, შემდეგ პროფკავშირული მოღვაწე იყო და საკმაოდ გვიან ჩაერთო პოლიტიკაში. გორბაჩოვი ახალგაზრდა კაცი იყო. იგი გლეხის ოჯახში დაიბადა, სტალინის კოლექტივიზაციის ურთულეს პერიოდში. ბავშვობა ომის მძიმე წლებში გაატარა. როგორც ამბობენ, თავის სარჩენად მძიმე ფიზიკური შრომა უწევდა. შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. სხვათა შორის, ლენინის შემდეგ იგი პირველი საბჭოთა ლიდერი იყო, ვისაც უმაღლესი განათლება ჰქონდა. რეიგანმა კალიფორნიის შტატის გუბერნატორობის დროს საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა ქვეყანაში. მან უცბად აუღო ალღო ამომრჩევლებთან ურთიერთობის ხელოვნებას. გორბაჩოვი კი საბჭოთა ნომენკლატურულ კარიერას ნაბიჯ-ნაბიჯ მიიკვლევდა. რეიგანი მთელი თავისი ბუნებით ანტიკომუნისტი იყო, მას სჯეროდა ამერიკული ფასეულობებისა და იდეალების; გორბაჩოვი კი მარქსისტულ-ლენინისტური იდეოლოგიის მატარებელი და მიმდევარი გახლდათ. რეიგანი დარწმუნებული იყო, რომ ამერიკა იდეალური სახელმწიფო იყო, საბჭოთა კავშირი კი – ბოროტების იმპერია; გორბაჩოვი პირიქით, აშშ-ს მიიჩნევდა აგრესიულ იმპერიალისტურ ძალად და თვლიდა, რომ საბჭოთა სისტემას მხოლოდ გაუმჯობესება სჭირდებოდა, სახელმწიფო მექანიზმის ცოტათი შეკეთება.
ასე რომ, სხვაობა ძალიან დიდი იყო. მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებდა: შინაგანად ორივეს გულწრფელად სურდა, ერთმანეთთან საერთო ენა გამოენახა. ამ ფაქტორმა მომდევნო წლებში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
imageჟენევაში ორი ლიდერის პირველი შეხვედრა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. რეიგანზე თავიდანვე კარგი შთაბეჭდილება იქონია გორბაჩოვის კეთილმოსურნე დამოკიდებულებამ. ასევე იგონებს გორბაჩოვი აშშ-ის პრეზიდენტს. არაფორმალური შეხვედრები და საუბრები მეგობრულ ვითარებაში მიმდინარეობდა, მაგრამ ოფიციალურ მოლაპარაკებებში კვლავ იჩინა თავი პრინციპულმა უთანხმოებებმა.
ნებისმიერი თემის განხილვა იდეოლოგიურ და მსოფლმხედველობრივ სირთულეებს აწყდებოდა. მაგალითად, რეიგანი საბჭოთა ჯარის ავღანეთიდან გაყვანას მოითხოვდა, გორბაჩოვი კი თვლიდა, რომ ჯერ აშშ-ს უნდა შეეწყვიტა დახმარება მუჯაჰედებისათვის. რეიგანი გორბაჩოვის წინაშე აყენებდა საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს, გორბაჩოვი კი კატეგორიულად თვლიდა, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა იყო. მაგრამ ყველაზე დიდ სირთულეებს ლიდერები სამხედრო საკითხების განხილვისას წააწყდნენ. გორბაჩოვი ვაშინგტონისაგან მოითხოვდა სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივაზე (SDI) მუშაობის შეჩერებას, რეიგანი კი თვლიდა, რომ თავდაცვითი "ფარის" შექმნა არანაირ საშიშროებას არ უქმნიდა საბჭოთა კავშირს. გორბაჩოვი ამას არ ეთანხმებოდა და ადანაშაულებდა აშშ-ს სტრატეგიული პარიტეტის დარღვევაში და ა.შ. მოკლედ, დიალოგი ძალიან რთული აღმოჩნდა და შედეგებიც საკმაოდ პირობითი იყო: ლიდერები პრინციპში შეთანხმდნენ სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების 50%-ით შემცირებაზე. მაგრამ მიაღწევდნენ კი მხარეები ამ მიზანს, როდესაც მუშაობა კონკრეტულ დოკუმენტებზე დაიწყებოდა? ეს უცნობი იყო. თუმცა გადაიდგა ერთი სერიოზული ნაბიჯი: ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აუცილებელი იყო მხარეებს შორის ნდობის ფაქტორის გაძლიერება. ორივე დაინტერესებული იყო, ჰყოლოდა სანდო პარტნიორი. მართლაც, პოლიტიკაში ნდობის მოპოვება რთული და დიდი საქმეა. ალბათ, ქართული ანდაზის პერიფრაზიც შეიძლება: ნდობის დაკარგვას თავის დაკარგვა სჯობია.
image1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ქ. ჩერნობილში ატომური რეაქტორი აფეთქდა და რეაქტორის 32 თანამშრომელი იმსხვერპლა. რადიაციული ღრუბელი დააფიქსირეს სკანდინავიასა და დასავლეთ ევროპაში და სწორედ დასავლეთის მედიამ ატეხა განგაში. საბჭოთა კავშირი კი დუმდა: უფრო მეტიც, პირველ მაისს (მუშათა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს) კიევის ქუჩებში დემონსტრაციაც კი მოეწყო და ათასობით ადამიანი რადიაციით მოიწამლა. დასავლეთში ატეხილი ხმაურის გამო საბჭოთა კავშირი 4 მაისს იძულებული გახდა ეღიარებინა მომხდარი კატასტროფა. მაგრამ საბჭოთა პროპაგანდა ამჯერადაც დასავლეთის მედიას ადანაშაულებდა "ანტისაბჭოთა ტყუილების კამპანიის" წარმოებაში, რადგან, მოსკოვის მტკიცებით, ავარიის მასშტაბი არც ისე დიდი იყო.

დაიწყეს ჩერნობილიდან მოსახლეობის ევაკუაცია, მაგრამ ეს ძალიან დაგვიანებული იყო, რადგან ხალხი უკვე რამდენიმე დღის მანძილზე იმყოფებოდა მძიმე რადიაციულ გარემოში. ჩერნობილის კატასტროფამ ფუნდამენტური კითხვები წამოჭრა "პერესტროიკის" წინაშე: რატომ იმალებოდა ეს ინფორმაცია? თუ ეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობდა, მაშ რამდენად სწორად განისაზღვრება ეს ინტერესები? შეიძლება თუ არა სახელმწიფო ინტერესებს მასობრივად ემსხვერპლოს ადამიანების სიცოცხლე? ამ კითხვების გაჩენა უკვე ახალი ეპოქის ნიშანი იყო.
სტალინის მიერ ჩამოყალიბებულ იდეოლოგიაში ასეთი რამ არ ხდებოდა, რადგან ყველაფერი ნათელი გახლდათ: სახელმწიფო ინტერესები მთავარი იყო, ხოლო ადამიანის სიცოცხლე მეორადი. მაგრამ "პერესტროიკა" ხომ წარსულის შეცდომების გამოსწორებასა და ახალი გზების ძიებას ნიშნავდა. როგორც მოგვიანებით თვით გორბაჩოვმა აღიარა, ჩერნობილმა უბიძგა მას ახლებურად შეეხედა ბევრი პრობლემისათვის. სწორედ ამ ტალღაზე გაჩნდა ტერმინი "ახალი აზროვნება". იგი ბევრ რამეს გულისხმობდა, საერთაშორისო თვალსაზრისით კი ყველაზე მნიშვნელოვანს – საბჭოთა კავშირი თავის საგარეო პოლიტიკაში უარს ამბობდა კლასობრივ მიდგომაზე და აქცენტს უნივერსალურ ფასეულობებზე აკეთებდა. მაშინ ბევრი ვერ მიხვდა, რომ საბჭოთა დოგმისგან ამ "მცირედ გადახვევას" ძალიან შორს მიმავალი შედეგები ექნებოდა.
ფაქტობრივად, სსრკ უარს ამბობდა თავის მთავარ იდეოლოგიურ პრინციპზე – პროლეტარულ ინტერნაციონალიზმზე, რითაც იგი ათეული წლების მანძილზე ამართლებდა თავის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას, სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევას, ბრეჟნევის დოქტრინას.

წყარო: ზურაბ აბაშიძის ლიტერატურა – ცივი ომი - წარსული თუ დღევანდელობა?
3
14
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
14
  
მგონი ეჭვი აღარ არის,მარა მაინც ვიტყვი,როგორც ერთმა კარგმა გენერალმა თქვა თავის დროზე. მე არც ქოცი ვარ და არც ნაცი,მე ქართველი და ყველა მტერია,ვინც საქართველოს და ქართველს ებრძვის. იმ კარგმა კაცმა ხომ იგივე თქვა,მე არც მენშევიკების და არც ბოლშევიკების გენერალი არ ვარო,მე საქართველოს გენერალი ვარო. მხოლოდ ამის გამო ებრძოდა რეჟიმი ამ კარგ კაცს,იმის გამო რო საქართველოს გენერალი იყო და არა საბჭოთა. ჩემნაირ ხალხსაც იმიტო გვებრძვიან,რადგან საქართველოს ერთგულები ვართ და არა ნაცების ან ქოცების. ერთი მხარისთვის ქოცი ხარ,ხოლო მეორესთვის ნაცი. რატომ ვარ ქოცი ან ნაცი? ფული ავიღე და რამე ისე გავაკეთე თუ რომელიმე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ვარ,მათი დროშით დამინახეთ ხელში თუ სიმღერები დავუწერე მიშას ან ბიძინას? ეს ორი ძალა არის სექტა,ყველანაირ ლოგიკურ აზროვნებას მოკლებულები არიან და მეცოდებიან ესეთი ხალხი,ვინც მიშაზე ან ბიძინიზე ასვლებს,მათზე ლოცულობენ და ლამის წმინდანად ყავთ შერაცხული.
ეს აგენტურის მიერ მოწყობილი ამბავი იყო,თუმცა მაინც შავი ლაქა არის ქოცებისთვის და რაც არ უნდა იძახონ სხვა რამე,აზრი აქვს? აგენტურა რო გყვავს გუნდში და იმის ერთი ადგილიც არ გაქვს რო გაიგო,ხომ ხარ უნიათო? მიდი და შეეწინააღმდეგე არსებულ წესრიგს,მაშინვე ნაცი ხარ და ლიბერასტობას შეგტენიან. ბევრი რო არ გავაგრძელოთ,არ ყოფილა მთავრობა სამყარშო,რომელსაც არ გაუსვრია საკუთარი ტყავის გადასარჩენად და საერთოდ,ყველა მთავრობა თავის ტყავზე ფიქრობს. ასე იყო ადრეც,დღესაც ასე არის და ხვალაც ეგრე იქნება,მხოლოდ ხალხმა ვერ დაამუღამა ეს ამბავი და ასველებს მთავრობებზე. როცა ქოცი გამოდის და სალომეს ეძახის მოღალატეს,მინიმუმ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს და უნდა წავიდეს,რადგან მას დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია,როგორც ოპოზიციას,თუმცა ჩვენ მთავრობა გვაინტერესებს. გახარია იყო და მოღალატეაო,სალომე მოღალატეაო,რესპუბლიკელები მოღალატენი არიანო,ხოდა თინა ხიდაშელს მე ჩავაბარე თავდაცვის ძალები თუ მთავარსარდალი მე გავხადე მოღალატე? შეეშვით ამ სსრკ,ის აღარ არსებობს და მიხედეთ დღევანდელობას,როცა რეჟიმი ქვეყანას ასაზრდოებს მოღალატეებით და პრესცენტრის ფუნქიციას ასრულებს მხოლოდ. ის რო მოღალატე მთავარსადალი გახდა არის ქოცების ბრალი,ბოდიში ამას არ უშველის და პასუხისმგებლიანი ძალა აქამდეც უნდა წასულიყო. მნიშვნელობა არ აქვს ნაცი მობრუნდება და თუ იგორა გიორგაძე,ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ძალა ყველაგან და არ ეტირება ძალაუფლებას. რა ვიცით,იქნებ დღესაც ყავთ მოღალატე ხელისუფლებაში,თან მაღალ თანამდებობაზე,იცით? იქნებ კობახიძე სულაც უზბეკეთის აგენტია ან ღარიბაშვული ახალი კალედონიის,თავს დადებთ მაგ ამბავზე? ქვეყანაში გქონდეს აგენტოკრატია და სსრკს ან გარბაჩოვის ამბებს არ უნდა თხზავდეთ აქ. ფეხებზე რატომ არ გკიდიათ რა გააკეთეს სსრკ გაღორებულმა ჩინოვნიკებმა და რატომ დაანგრიეს საბჭოთა კავშირი?
არანაირი ახალი აზროვნება არ ყოფილა,ელჩინი და შევარდნაძე მოისყიდეს,ხოლო გარბაჩოვი მოატყუეს დასავლელმა ლიდერებმა,შეიძლება ისიც მოისყიდეს,რას გაუგებ. რაც შეეხება იმას,რომ თითქოს სსრკ ადამიანების ხორცით იკვებებოდნენ,ეს არის დასავლური პროპაგანდის შედეგი და არა სინამდვილე. როცა დამყარდა სოციალისტური წესრიგი,ვინც ამ წესრიგის ერთგული იყო და არანაირი შავი ლაქა არ ქონდა დოსიეში,არავის შეხებიან და მხოლოდ ნადგურდებოდა ისინი,ვინც ღიად ან ფარულად ებრძოდნენ ამ წესრიგს. შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ აშშში და თქვენით შეამოწმოთ,შეეწინააღმდეგეთ არსებულ წესრიგს და ნახავთ რა მელასაც დაიჭერთ,ეგრეა საფრანგეთშიც და ყველგან თითქმის. როცა პალესტინის მოვლენებზე იყო გამოსვლები და ისრაელის წინააღმდეგ მმართული აქციები,რამდენი ადამიანი გაილახა და რამდენი დაჭირეს? თუნდაც საფრანგეთში,წიხლებით გადაუარეს სტუდენტებს და ეს ყველაფერი ამ დროში,რა გგონიათ რო 100 წლის წინ,პირზე კოცნით ეგებებოდნენ პროტესტანებს? ჩახედეთ დიდი ბრიტანეთის წარსულს,ეს ქვეყანა მთლიანად ძალადობაზეა დამყარებული. ჯერ მარტო ირლანდიელებს რა გაუკეთეს,თან რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო კონფლიქტი. თუნცაც,რა მოხდა ქალაქ ლივერპულში,როცა ადამიანები მხოლოდ იმის გამო გაწირეს შიმშილისთვის რო მათი უმეტესობა ეთნიკური ირლანდიელი იყო და ასევე,96 ადამიანს დააბრალეს მოედნის ნგრევა იგივე მიზეზით. ის რო საბჭოთა კავშირში რაღაც ხდებოდა და ნამდვილად ხდებოდა,ეს არც მხოლოდ ამ იმპერიისთვის იყო დამახასიათებელი და არც მხოლოდ მისი მთავრობის ნიშა იყო,ესე ხდება ყველა ქვეყანაში. აგენტურა კლავს ქვეყნებს და მათშორის ჩვენც. 2003-12 წლებში ეგრე არ იყო,მიდი და გეთქვა რამე რეჟიმზე,გაილახებოდი,დაგიჭერდნენ და ტუპერკულიოზით გამოგიშვებდნენ გარეთ. იმ პერიოდში თუ ვინმე იჯდა,იგივე მიზეზით მკურნალობდა. ან თუნდაც,ქოცეთის დროს,თვალები არ დასთხარეს ბავშვებს? ხოშტარიას და მისი ბანდის ჩამოთრეული კაცი ჩააბრძანეს თავჯდომარის სავარძელში,ხოლო თვალთხარიამ გაისროლა.
0 1 3