x
image
ჟანა გოგინაშვილი
გვიან დაწყებული მოდელის კარიერა და მის მსოფლიოს ერთ-ერთი ნომინანტი

imageსალი ხომერიკი იმიჯ-ცენტრის მოდელია. 20 წლისაა და როგორც თავად ამბობს, სულ რაღაც ერთი წელია, რაც სამოდელო კარიერა დაიწყო. სააგენტოში მისვლიდან სამი თვის შემდეგ "მის საქართველოს" კონკურსზე ვიცე მის საქართველო გახდა. ცოტა ხნის წინ კი სალი "მის მსოფლიოს" კონკურსზე, ჩინეთში იმყოფებოდა და ტრადიციული ცეკვების 10 საუკეთესო მონაწილეს შორისაც მოხვდა.

- ბავშვობაში ძალიან ცუდი ზნის ვიყავი. სულ ვტიროდი, ვკიოდი. არავისთან ვჩერდებოდი. რომ წამოვიზარდე და სკოლაში მივედი შემეცვალა ხასიათი. ძალიან მიყვარს ცეკვა. 12 წელი ვცეკვავდი. 6 წლის ასაკიდან პიონერთა სასახლეში ავიდგი ფეხი, შემდეგ კი სუხიშვილების ოთხწლედი დავამთავრე. მოდელობა კი ძალიან მომწონდა და ყოველთვის მინდოდა, მოდელი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ ვახერხებდი, რომ მივსულიყავი რომელიმე სააგენტოში.

- სალი, ზოგადად მოდელები კარიერას პატარა ასაკიდან იწყებენ ხოლმე და შენ კი საკმაოდ გვიან დაგიწყია. მანამდე არ გირჩიეს, რომელიმე სააგენტოსთვის მიგემართა?
- იმდენად ვიყავი ცეკვაზე გადართული, რომ მოდელობისთვის ვერასდროს ვიცლიდი. ხშირად მქონდა საგასტროლო ტურნეები, მოვიარე მსოფლიო. ერთი წელია, რაც აღარ ვცეკვავ. ამ ყველაფერს კი სკოლა და კერძო მასწავლებლებთან სიარული ემატებოდა და ჩემი სამოდელო კარიერა სწორედ ამიტომ, 19 წლის ასაკში დაიწყო - დადგა ჩემს ცხოვრებაში ის მომენტი, როდესაც რაღაც ახალი უნდა გამეკეთებინა. ვიყავი new face-ის ფართიზე, სადაც იმყოფებოდა ქალბატონი ია კიწმარიშვილი. როდესაც მნახა, მოვეწონე და თავისთან სააგენტოში დამიბარა, რის შემდეგაც გავაფორმე კონტრაქტი იმიჯ-ცენტრთან. რასაც მივაღწიე, ყველაფერი ქალბატონი ია კიწმარიშვილის დამსახურებაა.
- მალევე "მის საქართველოზე" აღმოჩნდი, სადაც "ვიცე მის საქართველო" გახდი... image
- სააგენტოში მისვლიდან სამ თვეში გავედი "მის საქართველოს" კონკურსზე. მანამდე კი ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. ვერ გადმოგცემთ, როგორი გახარებული ვიყავი, როდესაც "ვიცე მის საქართველოდ" დამასახელეს. სიმართლე გითხრათ, მქონდა იმედი, რომ ხუთეულში გავიდოდი. ძალიან ვნერვიულობდი, სცენაზე გასვლამდე დამამშვიდებლებიც კი დავლიე. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.
მაშინ, როდესაც აცხადებდნენ ხუთეულში გასულ გოგონებს, ოთხი დაასახელეს, ჩემს სახელს კი არ ამბობდნენ. ვიფიქრე, ალბათ ვერ გავედი-მეთქი, რადგან ყველა ძალიან ლამაზი გოგო იყო. წინასწარ გული მწყდებოდა. როდესაც მეხუთედ ჩემი გვარი დაასახელეს, უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ჩემი მშობლები რომ დავინახე სცენიდან, ცრემლები მომადგა.
- შენს ოჯახზე მოგვიყევი. როგორ მოსწონთ შენი საქმიანობა?
- მყავს მშობლები და 27 წლის ძმა. მას არასდროს მოსწონდა ჩემი სამოდელო საქმეში ჩართვა და დღესაც არ მოსწონს. დედაჩემი მიწყობს ყველაფერში ხელს და ერთად ვაგვარებთ ხოლმე პრობლემებს. ზოგადად კი ჩემს ოჯახს ძალიან სიამოვნებს ჩემი წარმატება და გახარებულები არიან. ჩემი ძმის თქმით, საღამოს 10 საათზე სახლში უნდა ვიყო. თუ არ ვარ, მისი პირველი კითხვაა - ბავშვი სადაა?
- რა პროფესიას ეუფლები ამჟამად?
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩავაბარე. ვეუფლები ინგლისურ ფილოლოგიას. ჩემგან მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა შორსაა. ამიტომ დედამაც მირჩია, რომ ინგლისური ამერჩია. თანაც დეიდაჩემი, ჩემი დეიდაშვილები იმავე პროფესიის არიან და მეც გავყევი მათ კვალს. ჩემთვის დღეს მთავარი სწავლაა. მოდელობა მეორეხარისხოვანია. როგორც იცით, "მის მსოფლიოზე" ვიყავი წასული, ამიტომაც ვერ მოვახერხე გამოცდების ჩაბარება. ახლა მიწევს გადაბარება ძალიან მოკლე დროში. იქ იმდენად სხვა სამყაროში ვიყავი, მიჭირს გადმორთვა, მაგრამ სხვა გზა არ არის.

- რამდენიმე დღეა "მის მსოფლიოს" კონკურსიდან დაბრუნდი, რომელიც ჩინეთში ჩატარდა. როგორც წესი, ამ კონკურსზე "მის საქართველო" მონაწილეობს ხოლმე. წელს რა შეიცვალა, შენ რატომ გაგიშვეს?
- "მის მსოფლიოს" კონკურსი წელს აგვისტოში ჩატარდა, შარშან - ოქტომბერში. საქართველოში "მის
საქართველოს" კონკურსიც ოქტომბერში ტარდება ხოლმე და პირდაპირ გამარჯვებულს უშვებენ "მის მსოფლიოს" კონკურსზე. წელს შეიცვალა დრო და საქართველოს არ ჰყავდა "მის საქართველო 2012". ამიტომ გამიშვეს მე. ეს გადაწყვეტილება ქალბატონმა ია კიწმარიშვილმა მიიღო და მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.

- როგორ ჩაიარა "მის მსოფლიოს" კონკურსმა?image

- ჩინეთში ერთ თვეზე მეტი ვიყავი. მოვიარე მთელი ჩინეთი. სულ ექსკურსიები გვქონდა. განსაკუთრებით გობის უდაბნომ მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, აქლემზეც ვიჯექი. აღვფრთოვანდი ჩინგიზ ხანის მავზოლეუმით. დატვირთული გრაფიკი გვქონდა ძალიან. დილის 6 საათზე ვდგებოდით და ღამით გვიან ვიძინებდით. დავდიოდით საღამოებზე, გადაღებებზე, გვქონდა ინტერვიუები. სულ ფორმაში უნდა ვყოფილიყავით და აუცილებლად ღიმილიანი სახე გვქონოდა. მონაწილეები ძალიან კარგები, კომუნიკაბელური და საყვარლები იყვნენ. ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ტრადიციული ცეკვების ფინალისტთა შორის მოვხვდი. 120 ქვეყნიდან 10 საუკეთესო გამოავლინეს და ერთ-ერთი ჩემ მიერ შესრულებული ლაზური ცეკვა გახლდათ. ჩემთვის ეს იყო უდიდესი მიღწევა. ბედნიერი ვიყავი, როდესაც მსოფლიო მიყურებდა და მე მათ ჩვენი სამშობლოს კულტურასა და ტრადიციებს ვაცნობდი ჩემი მონახაზით. ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მე მოვახერხე, ჟიურისა და კონკურსანტების გული მომეგო. ძალიან ძლიერი კონკურსია, თითოეულ მონაწილეს ულამაზესი და ძვირად ღირებული კაბა ეცვა. თუმცა, არანაკლებ ლამაზი კაბები მეცვა მეც, რომელიც მოდის სახლმა "მარიონელამ" შემიკერა. ჩემი ოჯახი ძალიან გახარებულია, ახლობლები, მეგობრები მაქებენ და მეუბნებიან, რომ ვეამაყები. ჩემი სააგენტოც კმაყოფილია ჩემით და ეს ძალიან მახარებს. ჯერჯერობით არაფერს ვგეგმავ. მიხარია აქ ყოფნა და არსად წასვლა აღარ მინდა.
- ახლა პირადზეც მომიყევი. ალბათ უამრავი თაყვანისმცემელი გყავს.
- ვიცოდი, ამ შეკითხვას რომ დამისვამდი (იცინის). თაყვანისმცემლები მყავს, მაგრამ შეყვარებული არ ვარ. ისინი ნამდვილად არ მაწუხებენ. ვფიქრობ, რომ ვერც შემაწუხებენ, რადგან თუ არ მინდა, ძალიან ძნელია ჩემთან ურთიერთობის დაწყება. არ მიმაჩნია სწორად, ყველა თაყვანისმცემელს გავუღიმო და ვეკონტაქტო.

- როგორი ბიჭები მოგწონს?
- ადრე ვამბობდი, რომ ბიჭი აუცილებლად სიმპათიური უნდა ყოფილიყო. თუმცა შემდეგ, როდესაც გავიზარდე, მივხვდი, რომ მთავარი ადამიანობაა. შესაძლებელია ფიზიკურად იყოს ძალიან მაგარი, მაგრამ შინაგანი სამყარო არ ჰქონდეს ისეთი, როგორიც საჭიროა. გვერდით ისეთი ადამიანი მინდა, რომელსაც ვეყვარები, დამაფასებს და არ მომატყუებს.

2
2238
4-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
2238
  
2012, 9 ნოემბერი, 13:17
ამაზე იყო რო ხმები დამიყარეს სიმონ...
2012, 26 ოქტომბერი, 16:48
მართლაც ლამაზია ეს დამპალი
0 1 2