კინო ''იმან ერთი შეგვიკურთხა და წავიდა''-აქამდე უცნობი სახალისო ფაქტი "ჯარისკაცის მამის " გადაღების დროს 20 აგვისტო, 12:22 60 წლის წინ(1964წ) ეკრანებზე გამოვოდა რეზო ჩხეიძის ფილმი, "ჯარისკაცის მამა", რომელის მოქმედებაც მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება, ფილმმა საყოვეთაო აღიარება მოიპოვა, რაზეც აღებული პრიზები მეტყველებს მოსკოვის და რომის საერთაშორისო კინოფეტივალებზე.დღეს გთავაზობთ საინტერესო ფრაგმენტს წიგნიდან:“რეზო ჩხეიძე - კინოს დიდ გზაზე" „ერთი ასეთი ეპიზოდი გვქონდა: მახარაშვილი დაინახავს საბჭოთა ტანკს მინდორში და გაეკიდება, მისდევს და ეძახის: — გოდერძი! მინდორი მთავრდება ტყით. ამ დროს გამოჩნდება გერმანელების თვითმფრინავი და ბომბებს ყრის, ცდილობს ტანკი დაბომბოს. ბუნებრივია, ეს ბომბები ფეთქდება. მახარაშვილი თან ამ თვითმფრინავს ესვრის, თან გარბის, ტანკს მისდევს. ტანკი შეასწრებს ტყეში და გადარჩება. ვემზადებით ამ ეპიზოდის გადასაღებად, მაგრამ ვერ ვიშოვეთ გერმანული მესერშმიტის მსგავსი თვითმფრინავი, ომი დიდი ხნის დამთავრებული იყო, რაც, საბჭოთა კავშირში ჰქონდათ, ჩამოწერეს და გადაყარეს. გვითხრეს, ჩეხეთში აქვთ ამის მსგავსი თვითმფრინავი. ჩვენ კენიგსბერგში ვიყავით, იქ ვიღებდით. გამოვიწერეთ და ჩამოვიდა. მფრინავად მოვიწვიეთ საბჭოთა კავშირის გმირი, ძალიან გამოცდილი მებრძოლი. ავუხსენით, სად უნდა გადაეფრინა, სად ჩამოსულიყო დაბალ სიმაღლეზე, რომ კადრში მოხვედრილიყო და სხვა. ყველაფერი დავგეგმეთ. სტუდიაში წლების განმავლობაში მუშაობდა ერთი პიროტექნიკოსი ბომბეი. ქართულ ფილმში ყველა აფეთქება მისი მოწყობილია. ბომბეიმ ამოთხარა ორმოები, შიგ ჩააწყო ასაფეთქებელი მასალა და თვითმფრინავი რომ გადაუფრენს, მან აქედან უნდა ააფეთქოს, თითქოს ბომბები ცვივა და ის ფეთქდება. დაიწყო გადაღება, წამოვიდა თვითმფრინავი, დავუძახეთ: — მიდი ბომბეი! — იმანაც ჩართო აფეთქების რეჟიმი და... თურმე ამ ბომბეის იმდენი ასაფეთქებელი მასალა ჩაუდია, რომ ამოყარა მიწა, ქვები, ეს ქვები მოხვდა თვითმფრინავის ფრთას, დააზიანა და მფრინავმა ძლივს დასვა. ბოდიშის მოსახდელად მივედით. იმან ერთი შეგვიკურთხა და წავიდა. ეს ეპიზოდი ვეღარ გადავიღეთ, მაგრამ სერგო ზაქარიძის ერთი ფოტო, რომელიც სარეკლამო სახე გახდა, ამ ეპიზოდიდან დარჩა. ყველა რეკლამაში ამას აჩვენებდენ".
294 4-ს მოსწონს
|